როგორ იყენებს ფეხებს ხელების ნაცვლად გიორგი ზარქუა და როგორ მოიპოვა მან 5 ოქროს მედალი

257

გიორგი ზარქუა წარმატებული პარასპორტსმენია, პარატაიკვანდოს წარმომადგენელი, რომელმაც საფრანგეთში ახლახან უკვე მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.

გიორგი ზედა კიდურების გარეშე დაიბადა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია და არც სოციალურად აქტური ცხოვრება უჭირს. პირიქით, ურთიერთობისას გარკვეული კომპლექსების დაძლევაში სხვებს თავად ეხმარება სხვებს.

გიორგი ზარქუა: საფრანგეთში, მიმდინარე მოვლენების გამო, დაძაბული გარემო იყო. აქციები, ყოველდღე ახალი გადამწვარი შენობა და ასე შემდეგ, მაგრამ უშუალოდ ჩემპიონატმა დადებითი ემოციები მომიტანა, იმიტომ რომ მეორეჯერ შევძელი ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მოპოვება. ასევე, ჩატარდა საფრანგეთის ღია ჩემპიონატი, იგივე სოლიდარობის თასი და იქაც ოქრო მოვიპოვე. საერთო ჯამში, ხუთი ოქროს მედალის მფლობელი ვარ.

– ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რისი მომტანია ასეთი წარმატებები?

– პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე ვამტკიცებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ვარ ისეთი, როგორც ვარ და ვახერხებ იმას, რომ ევროპის ჩემპიონი ვხდები. ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა. ეს გამარჯვება მათქმევინებს ხოლმე საკუთარი თავისთვის – გიორგი, მაგარი ხარ, მიუხედავად ამ პრობლემისა, შენ შეძელი და ევროპის ჩემპიონი გახდი!

– ძალიან კარგი იუმორი გაქვს და ეს, ალბათ, გეხმარება სოციალიზაციაში.

– მე – არა, იმ ადამიანებს ეხმარება, ვინც კომპლექსებით ურთიერთობს ჩემთან. ხშირად, ახალგაცნობილი ადამიანი ვერ მეხსნება, ფიქრობს, რამე არ წამოსცდეს, რამე არასწორად არ მითხრას. მე ასეთ თემებში ყველასთან ძალიან გახსნილი ვარ და ყველა კითხვას გავცემ პასუხს. ჩემი იუმორი მათ ეხმარება იმის მიხვედრაში, რომ მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ და თავისუფლად შეუძლიათ მოქცევა და საუბარი.

– კონკრეტულად როგორ ცდილობ ამას?

– უხერხულ მომენტებში ვაგდებ ხოლმე ადამიანებს (იცინის). რომ მოდიან და ხელს მიწოდებენ ჩამოსართმევად, ამ დროს მე არაფერი არ მაქვს გასაწოდებელი და ვეუბნები, კარგი, რა გინდა ახლა, დამანებე თავი. ან ვეუბნები, ჭუჭყიანი მაქვს ან მეზარება. თუ ამანაც არ უშველა, ვეუბნები, გინდა ჯეირანი ვითამაშოთ? ეს ხუმრობა ყოველთვის ჭრის (იცინის).

– ტრანსპორტშიც გიპოვია გამოსავალი?

– ასეა. მეტროში რომ ჩავდივარ, დისპეტჩერს ვთხოვ ხოლმე, ჯიბიდან ბარათის ამოღებას და მეუბნებიან, ჯიბეში ხელის ჩაყოფის უფლება არ გვაქვსო. ვეუბნები, მე საერთოდ არ მაქვს ხელი და რა ვქნა, გადავახტე-მეთქი? მერე უკვე თავიანთი ბარათით მატარებენ. ახლა „დავამუღამე“, პირდაპირ მივდივარ და ვთხოვ, თავიანთი ბარათით გამატარონ, ვიცი, რომ ბოლოს მაინც ამას მეტყვიან. რეალურად, ამაზე საფიქრალი აქვს მერიას, გამოსავალი უნდა იპოვოს. თბილისში ჩემნაირი 4-5 კაცი თუ იქნება, მაგრამ საჭიროა, შესაბამისი პირობები გვქონდეს.

– თვითონ რა დაგეხმარა, რომ არ დასტრესილიყავი, არ ჩაკეტილიყავი და ასე შეგეხედა ამ საკითხისთვის?

– ოჯახის დამოკიდებულება და პირადად ჩემი თავი. ასეთი ადამიანი ვარ, ყველა პრობლემას პოზიტიურად ვუყურებ. ამის გარდა, ჩვეულებრივი პრობლემებიც ხომ მაქვს და ყველაფერთან მიმართებაში ასეთი ვარ. შედეგად შევძელი ის, რომ ვარ ის, ვინც ვარ. დედაჩემის დამსახურებაც ძალიან დიდია. დედას შეიძლებოდა გასჩენოდა საზოგადოებისგან ჩემი დაცვის სურვილი და სახლში ჩავეკეტე, მაგრამ ეს საპირისპირო შედეგს გამოიღებდა. იზოლირება თავისუფლებას შემიზღუდავდა, არადა, თავისუფლება ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. დედა დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მეც ვივლი თავისუფლად, ბურთიც მომხვდება, მეტკინება, გამიხარდება და ასე შემდეგ.

– საზოგადოების დამოკიდებულება ვახსენეთ, გაქვს არასასიამოვნო გამოცდილება?

– ყველაზე არასასიამოვნო, რაც, ალბათ, არასდროს შეიცვლება, არის მზერა ქუჩაში. გამორიცხულია ქუჩაში გავიდე და ვიღაცამ არ გამომხედოს. ზოგი შუა ქუჩაში გაჩერებულა და შემობრუნებულა. ერთხელ ქუჩაში სკამზე ვიჯექი, ვიღაც კაცი მოვიდა და მეკითხება, რა გჭირს ხელებზე, ბიძიკოო. არაფერი, რა თქვენი საქმეა-მეთქი, ვუპასუხე და ასე თუ მოიქცევი, მერე უკვე უზრდელი ხარ. არადა, გამაღიზიანებელია ასეთი კითხვები. არაერთხელ შემოუხედავთ არა მარტო ინტერესით, ძალიან ცუდადაც. ერთხელ, ვიღაც ქალმა მომაძახა: ვაიმე, ჩემი სიკვდილიო. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი და მივაძახე, ვაიმე, ქალბატონო, ჩემიც, რა მოხდა-მეთქი. ადამიანი რომ დაგინახავს და მოგაძახებს – ამის არსებობის აზრი გამაგებინეთო, არ არის სასიამოვნო მოსასმენი. თუმცა, რეალურად ეს არ არის ჩემი პრობლემა, ის ადამიანი ვერ მიღებს იმის გამო, რომ განსხვავებული ვარ და ეს მისი პრობლემაა.

– როგორი გარემო გქონდა ბავშვობიდან ბაღში თუ სკოლაში?

– ბაღის ასაკიდანვე ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. იდეალური ჯგუფელები მყავდნენ. არ მაგრძნობინებდნენ, რომ განსხვავებული ვიყავი. ამას თვითონ ვხვდებოდი, მაგრამ ისე პოზიტიურად იყო აღქმული ეს ყველაფერი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. სკოლაში კიდევ უფრო მარტივი იყო და არის. არასდროს ჰქონიათ მასწავლებლებს არათანაბარი დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ამას ხელები არ აქვს და გაკვეთილი არ ვკითხოთ ან ბავშვებმა რამე თუ დააშავეს, ამას არ მოვთხოვოთ პასუხიო, ეს დამოკიდებულება არასდროს ყოფილა. რამე არასასიამოვნო თუ მოხდებოდა, მეც ისევე მთხოვდნენ პასუხს, როგორც სხვას. რაც შეეხება სწავლას, საბედნიეროდ, კარგი მეხსიერება მაქვს და ჩაწერის გარეშეც ვიმახსოვრებ.

– სკოლაში თავიდან ბებია დაგყვებოდა, თუმცა ახლა უკვე მარტო დადიხარ..

– თავიდან ბებიას ეშინოდა დამოუკიდებლობის მოცემის, მაგრამ ბოლოს გადადგა ეს ნაბიჯი. სხვათა შორის, მე არ ვყოფილვარ ამის ინიციატორი. პირველად რომ დამჭირდა მარტო წასვლა, ვამბობდი, ხალხო, სად მიშვებთ მარტო, წამომყევით-მეთქი (იცინის). არადა, 15 წლის ვიყავი. თუმცა, როგორც კი წავედი, მივხვდი, რა მაგარი ყოფილა, თურმე, რას „ვმაზავდი“ (იცინის). ახლა სახლში ვეღარ მაბრუნებენ (იცინის).

– როგორი მოსწავლე ხარ?

– შემდეგი კითხვა თუ შეიძლება… (იცინის). ცუდი მოსწავლე არ ვარ, მაგრამ იმას ვსწავლობ, რაც ვიცი, რომ დამჭირდება. ზუსტად ვიცი, რომ ბიოლოგია არ დამჭირდება იმ დონემდე, რა დონეზეც მასწავლიან. ვსწავლობ ისტორიას, რაც ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი საგანია აწმყოსთვის. ინგლისურადაც შემიძლია საუბარი და ვფიქრობ, რომ თუ ეს ენა არ იცი, თანამედროვე სამყაროში ძალიან გაგიჭირდება. ინგლისური თუ იცი, აქედან წასვლის საშუალება გაქვს და მე მინდა აქედან წასვლა.

– სად და რა მიზნით?

– როგორც იტყვიან, ევროპებში (იცინის). მიზანი, პირველ რიგში, ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაა. კი ვამბობ, რომ არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ როცა იუსტიციის სამინისტროც კი პრობლემებს გიქმნის პირადობის მოწმობის აღებისას, როცა ხელის ნაცვლად, ფეხით მოწერის საშუალებას არ გაძლევს, ხვდები, რომ უნდა წახვიდე. პოლიკლინიკაში გამაგზავნეს ცნობისთვის, რომ ხელები არ მქონდა, რათა უფლება მიეცათ სხვა პიროვნებისთვის, ხელი ჩემ ნაცვლად მოეწერა. ადამიანს რომ ხელები არ გაქვს და სანამ ასაკი არ ამოგეწურება, ჯარში გიწვევენ, არ ვიცი, ამას რა ჰქვია. ჩემი გუნდელი ყოველ წელს მიდიოდა კომისარიატში შემოწმებაზე. ხელები ხომ არ ამოგსვლია? არა? – კარგი. მეც ასე მომიწევს. პენსიის გამო ყოველ ექვს თვეში მიწევს საბუთის შეცვლა იმის დასადასტურებლად, რომ ხელები არ ამომისვლია. თუ იციან წამალი, რომელიც ხელებს ამომიყვანს, მეც მითხრან, გამიხარდება. ყველგან ასეთი პრობლემებია.

– პრაქტიკულ ამბებზეც ვისაუბროთ, როგორ ართმევ თავს ყოველდღიურ საჭიროებებს, რომელთა შესრულებაც სტანდარტულად ხელებთან ასოცირდება?

– მაგალითად, დილით რომ ვიღვიძებ, ყავას თვითონ ვიკეთებ და ჩემს თავს ვეუბნები, საღოლ გიო, მაგარი ხარ (იცინის).

– მინახავს ანალოგიური მდგომარეობის მქონე არაქართველი ადამიანების ვიდეოები, ფეხები იმდენად მოქნილი აქვთ, რომ ავტომობილსაც მართავენ…

– კი, მეც ვმართავ, თუმცა, ძირითადად, სოფელში. მერე რა, რომ ხელები არ მაქვს, ფეხები მაქვს, რომელიც შემიძლია ისე გამოვიყენო, როგორც ხელები, გინდ – ქუჩაში, გინდ – სახლში და გინდ – ვარჯიშზე.

– პროთეზი, გადანერგვა – ამ მხრივ არის მოლოდინები?

– ყველაზე კარგი, ალბათ, ტრანსპლანტაცია იქნება. რკინის კონსტრუქციას ჯობს, ადამიანური ხელი გქონდეს, რომლის გაკეთებაც ერთხელ უკვე სცადეს, მაგრამ არ მიიღო ადამიანის ორგანიზმმა, თუმცა, რადგან გაკეთდა იმედი მაქვს, რომ მალე ბოლომდე დაიხვეწება.

– რა პროფესიაზე ფიქრობ, რა გეგმები გაქვს მომავალთან დაკავშირებით?

– ჟურნალისტიკაზე ვაპირებ ჩაბარებას. ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის სწავლა მინდა, ასევე, პროგრამირების. რეალურად ძალიან ბევრ პროფესიაში მინადა განვითარება.