რატომ იყო განსაცდელები საჭირო თაკო მელიქიშვილისთვის და რის გამო არ ჩუქნიან მას ყვავილებს

348

ბოლო პერიოდში რადიოწამყვანი და მომღერალი თაკო მელიქიშვილი საგრძნობლად გახდა და საოცრად გალამაზდა. როგორც თავად ამბობს, ეს დიეტის დამსახურებაა, რომლის შედეგებით თავადაც კმაყოფილია და ბევრ ადამიანსაც უზიარებს. ჭორი აგორდა, თითქოს თაკოს პირად ცხოვრებაში სიახლეა, გამოჩნდა მამაკაცი, რომელზედაც შეყვარებულია და მომღერლის ასეთი გალამაზებაც სწორედ მას უკავშირდება. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ამ ამბის გადამოწმება თავად თაკოსთან ვცადეთ და სხვა თემებზეც ვისაუბრეთ.

თაკო მელიქიშვილი: პრანჭია ბავშვი ვიყავი. პირველი კლასიდან დავიწყე პრანჭიაობა. სამეჯლისო ცეკვებზე შემიყვანეს, ცოტა პუტკუნა ვიყავი, დავჯექი დიეტაზე, მარტო ვაშლს ვჭამდი, საგრძნობლად დავიკელი და კონკურსებზეც დავიწყე მონაწილეობის მიღება და პარალელურად სიმღერაც. მთელი ბავშვობა უბანში კონცერტებს ვმართავდი. თან, ფოთლებს ვყიდიდი, ვითომ ბილეთები იყო. ხალხი რომ მოვიდოდა, ხომ მინდოდა გამოპრანჭვა და დედის ტუჩსაცხითა და „რუმიანით“ გამოვდიოდი სადარბაზოს სცენაზე (იცინის). რომ წამოვიზარდე, ხშირად მიწევდა სცენაზე დგომა და თინეიჯერობის ასაკიდან დავიწყე მაკიაჟის კეთება.

– პირველი სიყვარული თუ გახსოვს?

– ბაღში ერთი კვირა დავდიოდი და შესაბამისად, შეყვარებული არ მყავდა (იცინის). არც სკოლაში მახსოვს, შეყვარებული მყოლოდა. თუმცა, მყავდა თაყვანისმცემლები და ყვავილებსაც მიგზავნიდნენ. სხვათა შორის, მე ის ადამიანი ვარ, ვისაც არ უყვარს ყვავილი, თან, ძალიან არ მიყვარს, რადგან ჩემთვის სიკვდილთან ასოცირდება – ვაზაში მოწყვეტილი ყვავილი ორ დღეში კვდება. ჩემთვის ყველა ყვავილს ერთი სურნელი აქვს. ასე რომ, ადრე მჩუქნიდნენ ყვავილებს, ახლა აღარ მჩუქნიან. ცოტა თემას გადავუხვიე და გავაგრძელებ: დღევანდელი გადასახედიდან, პირველი სიყვარული, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. მე ასე ვფიქრობ. როცა შემიყვარდა, გავთხოვდი, 18 წლის ვიყავი. გავაჩინე შვილი, ცოტა ხანს ვიცხოვრეთ ერთად და ფაქტობრივად, ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული.

– თაკო, გავიგე შენს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვინც გიყვარს. ასეა?

– გადავწყვიტე, პირად ცხოვრებაზე აღარ ვისაუბრო, რადგან მერე ისე არ ეწყობა ხოლმე, როგორც მინდა. თუმცა, მე სულ ვცდილობ, სიყვარულით ვიცხოვრო. სხვათა შორის, თვალისცემის მჯერა, ამიტომ, მირჩევნია, ჩუმად ვიყო და სიყვარულის თემაზე არ ვისაუბრო.

– ანუ, არც უარყოფ და არც მიდასტურებ?

– გეტყვი, რომ ჩემთვის ყოველი დღე სიყვარულით თენდება. და, ზოგადად, მარტო ადამიანი ცოდოა, ყველას უნდა ჰყავდეს გვერდით ადამიანი, ვისაც გაუზიარებ შენს ბედნიერებას, განცდებს, პრობლემებს. წლებმა და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ცხოვრება მარტივი არ არის. რომ გგონია, ადამიანი შენიანია, საბოლოოდ აღმოჩნდება, არაა შენიანი და ზოგ შემთხვევაში, შენი ცუდად ყოფნა უხარია. ამიტომ, ჩემი ცხოვრებიდან ძალიან ბევრი ადამიანი გაიფილტრა და ასაკის მატებასთან ერთად, ნელ-ნელა კიდევ მცირდება მათი რაოდენობა. ძალიან ძვირფასი ადამიანი ცოტა დარჩა, ვისთვისაც ხარ პოზიტიური, ლაღი და გულღია. რთულია, შეინარჩუნო პოზიტივი, როცა უამრავი პრობლემის წინაშე დგახარ. თუმცა, ერთს მივხვდი – ძალიან ძლიერი ვარ. ორი შვილის დედა ვარ და არ მაქვს უფლება, დავეცე. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე კი – არ ვიყო პოზიტიური და უდარდელი. ვთვლი, ცხოვრებაში რასაც გავცემთ, ის აუცილებლად გვიბრუნდება. რა გამოცდილებაც მივიღე ამ ცხოვრებაში და რა იმედგაცრუება და განსაცდელიც მქონდა, ტყუილად არ ყოფილა, რადგან უფრო სხვანაირი და ძლიერი გავხდი. ახლა რომ ბავშვობის თაკოს და ახლანდელ თაკოს ვადარებ, საერთოდ არ ვართ ერთნაირები და იმ თაკოს, ვერც ვუგებ და არც მომწონს. დღევანდელი დღისთვის მე ვარ ჩემი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. განსაცდელები ჩემს ცხოვრებაში საჭირო იყო, რომ დღეს ასეთი თაკო ვყოფილიყავი, ძლიერი და შემდგარი. თუმცა, ისევ ვაგრძელებ ბრძოლას და ვიცი, რასაც გავცემ, უკან დამიბრუნდება – ჩემთან, ჩემს შვილებთან, ჩემს ახლობლებთან. ამიტომ, ვცდილობ, სიყვარულით სავსე ვიყო. რადიოში არ ვჩანვარ, მაგრამ სულ ვიღიმი. სულ ვამბობ, ამდენი განსაცდელი რომ არ მქონოდა, ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. სულ ერთი წუთი გრძელდება ჩემი სევდა, წნევასაც გაღიმებული ვიზომავ (იცინის). რა თქმა უნდა, არის განსაცდელები, რომელსაც სიცილითა და კისკისით ვერ ვხვდები, მაგრამ მაინც ვცდილობ, დადებითად შევხედო. ვფიქრობ, ჩემი პოზიტივი ბევრ ადამიანს გადაარჩენს და ის, რომ ცხოვრება ბრძოლაა, ეს ტრაგედია არ არის, უბრალოდ, არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო და აუცილებლად ნახავ გამოსავალს ნებისმიერი პრობლემიდან.

– საგრძნობლად დაიკელი წონაში და ეს მხოლოდ დიეტის ბრალია?

– ბოლო პერიოდში რომ დავიკელი ბევრმა მომწერა, როგორ მოახერხე ასე დაკლებაო და ჩემს გამომწერებს „ტიკ-ტოკზე“ გავუზიარე ის დიეტა, რომლის წყალობითაც, უმოკლეს დროში, დაახლოებით 18 კილო დავიკელი.

– ჩვენი ჟურნალის მკითხველებსაც ხომ არ გაანდობ ამ დიეტას?

– დიდი სიამოვნებით: 12 საათზე მაწვნიანი წყალი ან აირანი და ორი მოხარშული კვერცხი. 3 საათიდან 4 საათამდე მიირთმევთ ყველაფერს, სასურველია, არ იყოს ცომეული და ტკბილეული. 18 საათზე – შოკოლადი და ყავა, 20 საათზე კი – მაწვნიანი წყალი. სულ ესაა.

– დილიდან გვიან ღამემდე დაკავებული ხარ – სამსახურები, შვილები, მეგობრები… თუმცა, სულ ფორმაში ხარ და ამას როგორღა ახერხებ და ასწრებ?

– ვცდილობ, სულ მოწესრიგებული ვიყო. ვისაც სამსახური აქვს და არ აქვს, ყველა უნდა ფიქრობდეს საკუთარ თავზე. აუცილებელია საკუთარ თავზე ზრუნვა, სულ მოწესრიგებული უნდა იყო. იმ ქმარსაც მოწესრიგებული და მოვლილი სჭირდები, მეგობარსაც, შვილსაც და მეზობელსაც. მე ისეთ სფეროში ვარ, სხვანაირად არ გამოვა, ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. რომ გითხრათ, ტუჩსაცხის გარეშე პურის საყიდლად არ გავდივარ მაღაზიაში-მეთქი, მოგატყუებთ. ვერ ვიტან ქუსლიან ფეხსაცმელს და კლასიკურ ჩასაცმელს. თუ სცენაზე არ ვდგავარ, ყოველდღიურად, ძირითადად, სპორტულად ჩაცმული დავდივარ, დახეულ ჯინსებსა და ბოტასებში ძალიან კომფორტულად ვარ.