რატომ არ ჰქონდა პირადი ცხოვრება ზინაიდა კვერენჩხილაძეს

350

პირადი ცხოვრება არ მქონია!

ზინაიდა კვერენჩხილაძე რელიგიური სულის ადამიანი იყო და ცდილობდა, გულით ცდილობდა „ათი მცნების“ დაცვით ეცხოვრა. თითქმის შეძლო, აღასრულა უფლის შეგონებები, გარდა ერთისა — მან საკუთარი შვილის კერპი შექმნა. გიორგი მისთვის იყო ხელშეუხებელი, სათაყვანო, რაღაც სიწმინდის რანგში აყვანილი. დღესაც ანეკდოტად დადის მისი მზრუნველობა შვილის მიმართ: დმანისში ათასგვარი ორგანიზაციული თუ შემოქმედებითი დეტალების მოსაგვარებლად ჩასული ზინა კვერენჩხილაძე შუადღისას თბილისში გამოიქცეოდა, გიორგის სადილი უნდა დავახვედროო. ჩამოვიდოდა და საღამოსთვის უკან, ისევ დმანისში ბრუნდებოდა. ედიშერ მაღალაშვილი მსგავს ფაქტს ასე იხსენებს: „მსახიობების ერთი ჯგუფი თელავში ვიმყოფებოდით. ერთ დღეს მოულოდნელად ზინა დაიკარგა. სასტუმროს რესტორანში არც საუზმეზე გამოჩნდა და არც სადილობისას. შევშფოთდით. თანაც საღამოს თეატრში ღონისძიება იყო დანიშნული, რომელიც მე და ზინას უნდა წაგვეყვანა. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ღონისძიების დაწყებამდე გამოჩნდა ზინა. გახარებული და გაოცებული შემოვეხვიეთ. გვაინტერესებდა, სად იყო. დილაადრიან თბილისში წავედი, გოგის სადილი მოვუმზადე და აი, დავბრუნდიო. რამდენ რამეზე თქვა უარი ცხოვრებაში — ჩემმა ასეთმა ნაბიჯმა რამე ჩრდილი არ მიაყენოს მის ვაჟკაცობასო; ‘თუკი რამე მიკეთებია ცხოვრებაში, ამოსავალი წერტილი მუდამ ჩემი შვილი ყოფილა, ჩემს პირადს საქმეშიც ისაა პირველი… ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ ჩემ გამო მას არ შერცხვეს. ცხოვრებაში ისეთი მომენტებიცაა, როცა შვილის სასარგებლოდ ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. ისე იცხოვრა, შვილისთვისაც კი არ უთხოვია რამე. ერთხელ ახლობლებმა დაუჟინეს, კინომსახიობთა თეატრში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ ნახვა გვინდა და შენს გოგიას მოსაწვევები გამოართვიო. შეწუხდა. შვილს ამას ვერ ეტყოდა. ბილეთის საყიდლად თეატრში რომ მისულიყო, უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა მას, ამიტომ ფული გამატანა, მთხოვა, ბილეთები აიღეო. მერე ეს ნაყიდი ბილეთები მეგობრებს გადასცა, მოსაწვევებია და წადით, უყურეთ სპექტაკლსო… როცა შვილი თეატრალური ინსტიტუტის რექტორი გახდა და კადრების ოპტიმიზაციის სახელით, ბევრი ასაკოვანი თანამშრომელი დაითხოვეს ინსტიტუტიდან, თავად ბედნიერი იყო: ჩემმა ბიჭმა ჩემს გათავისუფლებას რომ ხელი მოაწერა, აბა, რა უნდა ექნა. ახლა საქმეს ასე სჭირდებაო. თუ ვინმე ეტყოდა, გიორგიმ რამე დაგიდგას და გათამაშოსო — წონასწორობას დაკარგავდა: რა ვქნა, ვერ ვაგებინებ ამ ხალხს, რომ ასე არ შეიძლება, ჩემს შვილთან როგორ ვიმუშავებ, სალაპარაკოს როგორ გავხდი, დედამისს სპექტაკლი დაუდგაო… თავის უკანასკნელ ინტერვიუში თქვა: „ორი ბედნიერება მქონდა ცხოვრებაში — თეატრი და გიორგი, პირადი ცხოვრება არ მქონია!“

სულს დაჩნეული

…ცხოვრებამ მნიშვნელოვნად განაპირობა მსახიობის ხასიათის სირთულე, მაგრამ არ იქნება ურიგო, გენეტიკური ფაქტორიც გავითვალისწინოთ… საერთოდ, არ საუბრობდა წარსულზე. თუ საგანგებოდ არ ჩაეძიებოდი, თავისით არაფერს იტყოდა. დაფიცებით კი „მამის სულს“ იფიცებდა. იხსენებდა მამის ნაყიდ წიგნებს წარწერებით. მოფერებით „დოდოჩიას“ მეძახდაო. როცა „ვარსკვლავად“ დაიბადა ლელას როლში, შვილს ახლო მეგობრები დაუპატიჟა და რესტორანში აღნიშნა მისი წარმატება. პატარა ზინაც ბავშვობას მამისეულ სოფელში, მამიდებთან ატარებდა… დედას იშვიათად ახსენებდა. კახეთიდან იყო, სოფელ იყალთოდან. ხანდახან დეიდებიც მოაგონდებოდა, თუმცა ახლო ურთიერთობა არავისთან ჰქონდა. დედამისი უცნაური ხასიათის ქალი იყოო, — ამბობდნენ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები. თავად მსახიობი ასე იგონებდა: „სუფთა, კარგი მეოჯახე, გემოვნებიანი მზარეული იყო, მოწესრიგებული და მომთხოვნი. ხასიათი განსაკუთრებით ასაკში მყოფს დაუმძიმდა, კაპრიზულიც გახდა“. რაღაც ულტიმატუმებით ესაუბრებოდა შვილს. იცოდა, სახალხო არტისტის დედა რომ იყო და თავისი ქალიშვილის ამ ტიტულის შესატყვის პირად ცხოვრებას რომ ვერ ხედავდა, ალბათ, ესეც აღიზიანებდა. იგონებენ, ერთხელ აუხირდა შვილს, პიანინო მიყიდეო. ქალბატონმა ზინამაც შეუსრულა თხოვნა, თუმცა არც უკითხავს, რისთვის სჭირდებოდა მოხუც დედას ფორტეპიანო. 1992 წელს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ საქართველოს სახალხო არტისტმა ზინაიდა კვერენჩხილაძემ პიანინო აჩუქა იზოლდა ფაჩულიას ოჯახს, ქალბატონს, რომელმაც ბავშვთა სახლიდან წამოიყვანა ბავშვები და ზრდიდა. სწორედ ეს იყო ის ინსტრუმენტი, დედის სურვილის გამო რომ შეიძინა. ასეთი წვრილმანი, ალბათ, მრავალი იყო, მაგრამ მასზე არ ლაპარაკობდა. ერთ თავის ინტერვიუში კი ასე იგონებდა დედასთან დამოკიდებულებას: „ძალიან რთული ბავშვობა მქონდა. მე და დედა ერთმანეთთან სულ წინააღმდეგობებში ვიყავით, სულ მიკვირდა მშობლებისა და შვილების ურთიერთმეგობრობის ამბავი… ნახეთ, რას ამბობს ემილი დიკინსონი: დედას ჩემი არასოდეს ესმოდა. როცა იგი თვითონ გადაიქცა ჩვილ ბავშვად, სიყვარულიც მერე გაჩნდა, რომელიც ადრე არ მქონიაო… როცა სცენაზე ტექსტის ამ ნაწილს ვამბობდი, ყოველთვის ცრემლები მახრჩობდა – ეს ის ჭეშმარიტებაა – „რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე“… დედის მკაცრი ხასიათი, ქმრის მიმართ ეჭვიანობის კომპლექსი „ცხოვლად დააჩნდა“ მსახიობის სულს. მამა სახლიდან წავიდა… თუმცა შვილებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია.

მონასტრული ცხოვრება

…ზინაიდა კვერენჩხილაძე ებრძოდა გარემოს, რომელშიც იმყოფებოდა. აუცილებელი გახდა, მიეგნო საჭირო დღევანდელობისთვის, პიროვნებას რომ გადაარჩენდა, თვითჩაღრმავების საშუალებას რომ მისცემდა… ჭეშმარიტების ძიებამ და მიგნებამ ლოცვის, სინანულისა და ფიქრისთვის ზინაიდა კვერენჩხილაძე მონასტერში მიიყვანა!.. ის მზად იყო მონასტრული ცხოვრებისთვის… ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე სიონში განმარტოვდებოდა, იშვიათად თანაკლასელებთან ერთად, უფრო ხშირად კი მარტო შედიოდა ტაძარში. მოსწონდა, სიამოვნებდა იქ ყოფნა. თითქოს მეორე სამყაროს ეხებოდა, განსხვავებულ ნეტარებას გრძნობდა… მსახიობი გახდა და ისეთი როლები ითამაშა, ისეთი ტრაგიზმით განიცადა არაერთი ქალის ბედი, რომ სულიერი განწმენდისა და კათარზისისათვის ესეც საკმარისი იყო. უყვარდა ბუნება, მთა, მწვერვალი. ერთხელ, გაზაფხულზე გადაღებაზე თუშეთში მოხვდა. შესვენებისას სოფლის მთაზე წამომდგარ მწვანეში ჩაფლულ მთას გასცქეროდნენ. რა ბედნიერებაა ახლა იმის წვერზე ასვლა და იქიდან გადმოხედვაო, – ინატრა ერთმა. ზინაიდა ფეხზე წამოდგა და განაცხადა, მივდივარო! თავდაპირველად ეს ყველას ხუმრობა ეგონა, მაგრამ მსახიობი მალე თვალს მოეფარა…

მოფარიკავე ქალი

რამ მიიყვანა 20 წლის ზინაიდა კვერენჩხილაძე თეატრალურ ინსტიტუტამდე, რატომ აირჩია მან მსახიობის პროფესია?.. მაშინ, როცა თეატრალური ინსტიტუტის დირექტორის, აკაკი ხორავას სახელზე განცხადებას წერდა, პირველთანრიგოსანი იყო, საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ფარიკაობაში… საქმე ისაა, რომ ზინაიდა კვერენჩხილაძის ადრეულ ბავშვობაშიც კი არაფერი ყოფილა ისეთი განსაკუთრებული, მსახიობობაზე ოცნება რომ დაეწყო. სკოლაში სწავლის განმავლობაშიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სცენური აქტიურობით… არც მღეროდა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური სმენის პატრონი იყო, არც ცეკვავდა — რცხვენოდა, ერიდებოდა. არც ისეთი აქტიური იყო… ახტაჯანა მამიდაშვილი რა როლსაც დააკისრებდა, იმას შეასრულებდა. ჩამოვუშვებდით ვითომ ფარდას, მე შემოვიტანდი გრძელ დაბალ მაგიდას, სუფრას გავშლიდი და, ძირითადად, ეს იყო ჩემი როლი სოფლის წარმოდგენებშიო, — იგონებდა მოგვიანებით. სპეციალური მუსიკალური განათლება არ მიუღია. არც ცეკვაზე დადიოდა. შრომა უყვარდა. ისე დაუზარელად კრეფდა ჩაის, რომ დათიკო ბიძია ქებას არ იშურებდა. მეც სოციალისტური შრომის გმირობაზე ვოცნებობდიო, — ხუმრობდა მსახიობი… თბილისის კომიტეტის მდივანმა, ეთერ სალუქვაძემ, სურვილი გამოთქვა, ბავშვთა რაიონულ ოლიმპიადაზე ზინას ლექსი წაეკითხა. ბავშვს პირველად მოუხდა თეატრში, დიდ სცენაზე გამოსვლა და იგი შიშმა შეიპყრო, მაყურებლებით გადაჭედილმა დარბაზმა დააფრთხო და უმალ მხედველობა, სმენა დაეკარგა, ხმა ჩაუვარდა და აცრემლებული სცენიდან გაიყვანეს… კრახით დამთავრდა ზინაიდა კვერენჩხილაძის სცენასთან პირველი შეხება, მაგრამ მისმა დაუდეგარმა, მშფოთვარე ხასიათმა მაინც თავისი ქნა. ახლა გადაწყვიტა პიონერთა სასახლის დრამატულ წრეში მისვლა. გადაწყვეტილება მალევე მოიყვანა სისრულეში, მივიდა… მაგრამ დაიწუნეს, არ მიიღეს. მასში ვერც ნიჭი დაინახეს და ვერც მონდომება. არ მენდნენო, — ღიმილით იხსენებდა შემდეგში, თუმცა მის თვალებში ღრმად იკითხებოდა ის ტკივილი, რომელიც მაშინ განიცადა. კვლავ არ მოისვენა და დრამატული წრისთვის დაწუნებულმა მომავალმა მსახიობმა ახლა სხვა გამოსავალს მიაგნო — პიონერთა სასახლში მხატვრული კითხვის კაბინეტს მიმართა. პირველი ადამიანი, რომელმაც ნდობა გამოუცხადა, რომელმაც დაინახა, შეამჩნია და ირწმუნა მისი, სერგო ზაქარიაძე იყო. ასე შედგა ფეხი ხელოვნების საუფლოში 14 წლის ზინა კვერენჩხილაძემ… საქართველოს ორგზის ჩემპიონი ფარიკაობაში მკვირცხლი ბავშვი იყო, რაღაც ფარული მამაკაცური ძალის პატრონი, მაღალი, გამხდარი, მსუბუქი, სწრაფი მოძრაობა ჰქონდა, უყვარდა სპორტი. მართალია, დასაწყისიდანვე სცენას ვერ შეჰბედა. ჯერ ტანვარჯიშით იყო გატაცებული… „ეზოს ბიჭები ტანვარჯიშის სექციაში ჩაეწერნენ. დაღონდა პატარა ზინიკო, მათთან დღენიადაგ თამაშს შეჩვეული მარტო დარჩა; სხვებზე რა ნაკლები ვარო და ისიც გაჰყვა საწვრთნელად მიმავალ თანატოლებს.

… ოთხი წელი იარა ტანვარჯიშის სექციაში, არაჩვეულებრივი მომავალი ჰქონდა, სხეულს კარგად ფლობდა და მიზანსწრაფულიც იყო. ახლა რესპუბლიკური მასშტაბის შეჯიბრებაში უნდა ეცადა ძალა, მაგრამ ბრმა შემთხვევამ ყველაფერი არივ-დარია – ვარჯიშის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო. სამი წელი დასჭირდა გამოჯანმრთელებას. ამის შემდეგ კალათბურთის სექციაში ჩაეწერა, სრული სიზუსტით აგდებდა ბურთს კალათში, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. თავად ასე იგონებდა: „ჩემთვის დღესაც ყველაზე დიდი განცდაა, კალათბურთი რომ არ გამომივიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მივედი ერთ-ერთ ულამაზეს სპორტში. ფარიკაობა — ეს ისეთი სათუთი და ნაზი გრძნობაა, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს თავმოყვარეობა“… ფარიკაობა ძალიან კარგად მოერგო მის ხასიათსაც. ცხოვრებაში ხშირად ჰგავდა მოფარიკავეს, რომელიც წუთისოფლის ჭუჭყისა და სიბინძურისაგან ფარით იცავდა თავს… ომის შემდგომ წლებში თბილისელ გოგო-ბიჭებს ერთი დიდი გატაცება გაუჩნდათ – ფარიკაობა. ბავშვებმა თითქოს დაივიწყეს, რომ ქვეყნად სპორტის სხვა სახეობაც არსებობდა და დაშნა დაიჭირეს ხელში… ფარიკაობის „ციებ-ცხელებას“ ვერც ზინა გადაურჩა და ბურთი მახვილმა შეცვალა“… მსახიობი ასე იგონებდა: „ჩემი ბავშვობის უტკბესი მოსაგონარი საწვრთნელ დარბაზში ბატონ აკაკი მეიფარიანის ფარიკაობის გაკვეთილზე გატარებული დღეებია. იქ და მხოლოდ იქ ვისწავლე სწრაფვა გამარჯვებისკენ, იქ ვიგემე პირველად პატიოსან ორთაბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების სიტკბო. მეგობრობაც იქ ვისწავლე და პარტნიორის პატივისცემაც, საკუთარი ხელწერაც. ბრძოლის წარმართვის ჩემეული მანერაც იქ გამომიმუშავდა. იმასაც მივხვდი, რომ „ჩემეულის“ დაკარგვა ადვილი იყო, დაბრუნება – ძალზე ძნელი, შენარჩუნებას კი, ღმერთო ჩემო, რა დაძაბული შრომა სჭირდება!“… ბუნებით რომანტიკოსი ქალიშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-10 კლასში საკუთარი თავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქვრივად გამოაცხადა, რომელსაც გენიოსი პოეტის სურათი თავქვეშ ედო, რომელიც ისევ მთვარესა და ღამეს ანდობდა საკუთარ ფიქრებს, ტექნიკურ პროფილს აირჩევს – უნდა, რომ „გეპეის“ სტუდენტი გახდეს. სამი გამოცდა ჩააბარა, მეოთხეზე კომისიის ერთმა წევრმა იცნო: ეს ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონიაო. ზინამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მასში ჩვეულმა უცნაურობამ ისევ ამოხეთქა, მიატოვა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგამოცდო მიმღები კომისია. თინა ელბაქიძეც შეუჩნდა, აქ რა გინდა, შენი ადგილი თეატრშია, თავი დაანებე ამ „გეპეისო“ და, რადგან მაშინ თეატრალური ინსტიტუტი ყველაზე ბოლოს, სხვა უმაღლეს სასწავლებელეში მისაღები გამოცდების დამთავრდების შემდეგ, აცხადებდა აბიტურიენტთა მიღებას, სამსახიობო ფაკულტეტზე შეიტანა განცხადება. მაშინაც და ახლაც თეატრალური განათლების მიღება და სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა გარკვეულ სპეციფიკას ითვალისწინებდა: აბიტურიენტს უნდა მოემზადებინა ლექსი, იგავ-არაკი, პროზაული ნაწარმოები, შეუმოწმებდნენ სმენას, პლასტიკას, რიტმს, შესთავაზებდნენ ეტიუდს…

და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას — ასეთი მონაცემების ადამიანი უნდა ჩაირიცხოს თუ არა სამსახიობო სპეციალობაზე. გამოცდები დაეწყო 1952 წლის 19 აგვისტოს, დაუმთავრდა 23 აგვისტოს. ზინაიდა კვერენჩხილაძე კომისიის წინაშე თითქმის მოუმზადებელი წარდგა. ეტიუდი შესთავაზეს, მაგრამ თავი არ გამოუჩენია, არც მისი წაკითხულით მოხიბლულა კომისია. არ მიიღეს. ახლა ლამის შეიშალა თინა ელბაქიძე, „გეპეიდან“ საბუთები ძალით გამოვატანინე, გზა ავურიე, აქაც არ იღებენო… მისი დაბეჯითებული თხოვნით, ზინა ხელმეორედ გაიყვანეს გამოცდებზე და, რადგან მასში განსაკუთრებული სამსახიობო მონაცემები ვერ დაინახეს, როგორც წარმატებული სპორტსმენი, ინსტიტუტში ჩარიცხეს. — ამ გოგოს მე მოვუვლი! — უთქვამს დოდო ალექსიძეს. ალბათ, იფიქრეს, სპორტული აღნაგობა აქვს და მასიურ სცენებში მაინც გამოგვადგებაო. მაშ ასე, ზინაიდა კვერენჩხილაძე უკვე სამსახიობო ფაკულტეტის I კურსის VI ჯგუფის სტუდენტი გახდა… როცა დიმიტრი ალექსიძემ „ბახტრიონი“ დადგა, სცენაზე ხევსურულ ფორმაში გამოწყობილი ლელა შემოდიოდა, ხმლით ხელში. გავა დრო და მეოცე საუკუნისის 70-იან წლებში, როცა ზინაიდა კვერენჩხილაძე ტრაგედიის მწვერვალზე ავა, იმ ფიზიკურ დატვირთვას, რომელიც მაშინ მას ჰქონდა, მხოლოდ სპორტული კარიერის პატრონი თუ გაუძლებდა. 55 წლის ასაკში მსახიობმა მერი პოპინსი ითამაშა. „დღეს ჩემი პოპინსი სწორედ სპორტის დამსახურებაა. წინა სპექტაკლს ჩემი მწვრთნელი და უსაყვარლესი პიროვნება, აკაკი მეიფარიანი დაესწრო – კაცი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ჩემი თამაშით გაკვირვებული დარჩა. არ ეგონა, თუ კიდევ მქონდა შემორჩენილი ის ძალა და ენერგია, საფარიკაო ბილიკზე გამარჯვებები რომ მოჰქონდა ჩემთვის, მაგრამ თურმე, წლებს ყოველთვის არ მიაქვთ თავისი. წლებმა ვერ წაიღეს ის, რაც სპორტმა მომცა და სპორტმა მასწავლა — შრომა, მობილიზება, დროის გამოყენება. აი, სწორედ ეს უკანასკნელი — დროის მაქსიმალურად გამოყენება არის ჩემი ცხოვრების არსი“. კიდევ ერთი და არსებითი, ის, რაც შეკრავს ზინაიდა კვერენჩხილაძის სპორტული და თეატრალური კარიერის გვირგვინს: „ყოველთვის ლამაზი ბრძოლის მომხრე ვიყავი. საფარიკაო ბილიკზე ჩემთვის მთავარი ესთეტიკური მხარე იყო — ამის გამო ბევრჯერ დავმარცხებულვარ, მაგრამ მე ყოველთვის ლამაზი დამარცხება მირჩევნია უხეშ გამარჯვებას“, — ამბობდა მსახიობი… მუდამ ფორმაში ყოფნის აუცილებლობამ, გამარჯვებისკენ, ჩემპიონობისკენ სწრაფვამ დიდად განსაზღვრა მსახიობის მომავალი. ფაქტია, რომ სპორტიდან გაქცევით შეწყდა ზინაიდა კვერენჩხილაძის კარიერა…