“თუ გინდა, ხალხმა დაიჯეროს, ადამიანს ისეთი რამ უნდა დააბრალო, რაც მასთან კავშირში არ არის”

417

ვანო იანტბელიძის „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის ვანო იანტბელიძე?

ვანო იანტბელიძე: მსახიობი, ოჯახის უფროსი, მამა და პაპა.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– მინდა, ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდეს, რომ კაცს წყნარად შეგეძლოს ცხოვრება, ბევრი სიკეთის კეთება და ადამიანების გახარება.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ვარ. ყველა მეცოდება, მარტივად მომდის ცრემლი, ყველას ვეფერები. რა ვქნა, ასეთი ვარ (იცინის). ბოროტება შორს არის ჩემგან, სიყვარულით ვარ სავსე. უკვე 70 წელს მივაღწიე და ერთხელაც არ გავბოროტებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა მიზეზი. ყოველთვის გვერდზე ვდებ ცუდს და აღარასდროს ვუბრუნდები. სიკეთისა და სიყვარულისკენ მივდივარ.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ამ თემაზე იმდენი მიფიქრია, ბოლოს დავასკვენი, რომ ვერასდროს მოვიგებ (იცინის). ღმერთმა მითხრა, არ ხარ არაფრის მოგების ღირსი, კარგად იყავიო (იცინის). არც ერთი მილიონი მყოფნის და არც ხუთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უნდა ვიკმარო, რაც მაქვს (იცინის). დახარჯვა რა პრობლემაა. თუ ადამიანს სიკეთის კეთების სურვილი გაქვს, ზღვარი არ არსებობს. ტელევიზორში ან „ფეისბუკზე“ რომ მესმის ვინმეს დახმარება სჭირდება, თუ არ მაქვს საშუალება, გული მისკდება და შეიძლება, ბოლო ასი ლარი გადავურიცხო. კაცი ღმერთისა და ადამიანის წინაშე მართალი უნდა იყო.

– გინდათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი იყოთ?

– პოპულარობა არ მაკლია, მაგრამ გავლენიანობას რაც შეეხება, ეს ძალიან რთული და მძიმე თემაა. თავის დიდი მინუსები აქვს. საშიშიც კია. მილიონებზე ყველა ოცნებობს, მაგრამ მილიონერ ადამიანს იმდენი მტერი და მოშურნე ჰყავს, ალბათ, ღამე მშვიდად ვერ იძინებს. მე მირჩევნია, საშუალოდ ვიცხოვრო. სხვები იყვნენ გავლენიანები და მე ვიქნები ჩემთვის (იცინის).

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?

– რომ შეგიძლია, ადამიანს გვერდში დაუდგე და არ დაუდგები, ეს არის ყველაზე ცუდი საქციელი. მომხდარა ასე ჩემს ცხოვრებაში. პოსტფაქტუმ მიფიქრია, ხომ შემეძლო ახლა რამე გამეკეთებინა და რატომ არ გავაკეთე? რატომ არ დავეხმარე ადამიანს-მეთქი? საქმე ისაა, რომ იმწუთას ვერ მოვტვინე, რომ მისი დახმარება შემეძლო. მერე, რომ დაჯდები და დაფიქრდები, მიხვდები, მაგრამ უკვე გვიანია.

– რას ნანობთ?

– ბევრ რამეს ვნანობ. ვნანობ, რომ დედას სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე და ნაადრევად გამომეცალა ხელიდან. ვნანობ, რომ ვიღაცების მიზეზით სულ რაღაც უსიამოვნებაში ვეხვევი. ვიტყვი ხოლმე, ბოლოა, ასეთ რამეს აღარ ვიზამ, აღარც ასაკი მაქვს შესაბამისი-მეთქი, მაგრამ… ახალგაზრდობაში განსაკუთრებით ბევრი იყო ასეთი და ამის გამო ბევრი დავკარგე. ვნანობ იმასაც, რომ არასდროს ვცდილობ ნაცნობების გაჩენას რაღაც მიზნებისთვის. მაგალითად, ვიღაცები ადამიანს რომ გაიცნობენ, გაიგებენ ვისი ვინ არის, ნომერს გამოართმევენ და რამეში რომ დასჭირდეთ, იციან, სად ეძებონ. მე არ ვარ ასეთი ტიპი. უამრავ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ არც არავის ნომერი მაქვს და არც მაშინ ვეძებ, როცა რამე დამჭირდება. არ მგონია, სწორი ამის რაღაც მიზნით გაკეთება. ყველას ვეფერები, ყველა მეფერება, მაგრამ რამე რომ დამჭირდეს, ვერავის ვერაფერს ვთხოვ. ერთხელ ჩემი შვილისთვისაც კი ვერ ვითხოვე რაღაც მნიშვნელოვანი. ეს, ალბათ, ცუდი მამობაა, მაგრამ ჩემმა შვილმაც მითხრა, ჩვენ მაგ ჯიშის ხალხი არ ვართ და დაანებე თავიო. ისიც ჩემნაირია. ჩვენ თვითონ უნდა გავიკვალოთ გზა.

– მგონი, ეს სანანებელი კი არა, კარგია. ადამიანთან გამორჩენისთვის ურთიერთობა, მაინცდამაინც მისასალმებელი არ არის.

– შეიძლება, ის ადამიანი სულ არ ფიქრობს, რომ რაღაც მიზანი მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, ახლა ამან არ იფიქროს, რომ მაგალითად, ტელეფონის ნომერს იმიტომ ვართმევ, რომ მისგან რაღაც მინდა. ეს მბოჭავს. თუ რამე მაგდაგვარი ხდება, ვკვდები, ცხრა პირი ოფლი მასხამს. ოღონდ რამე არ მათხოვნინო და ათასმა კაცმა მთხოვოს აქეთ, რაც უნდათ.

– მოგიპარავთ რამე?

– მომიპარავს. ახლა აღსარებას ჩაგაბარებთ (იცინის). გორის გზაზე, მაღაზიაში რაღაც ვიყიდე და მოლარეს 20-ლარიანი მივაწოდე. ის ადგა და 90 ლარი დამიბრუნა. რომ გამოვდიოდი, ამ ფულს შევხედე და ვფიქრობ, 100-იანი ხომ არ მივეცი-მეთქი, მაგრამ ჯიბეში ჩავიყავი ხელი და ჩემი 100-ლარიანი იქ იყო. მივხვდი, რაც მოხდა. მანქანასთან რომ მივედი, პაუზა გავაკეთე, ვიფიქრე, უნდა დავუბრუნო და ვუთხრა, რომ შეეშალა-მეთქი. მერე უცებ გადავიფიქრე: უფ, არა უშავს-მეთქი და ჩავჯექი მანქანაში. წამოვედი და მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი. ვერ ვისვენებდი. სანამ თელავში ჩამოვედი, 200 ლარის ჯარიმები მქონდა აკიდებული (იცინის). მერე ჩემს თავს ვეუბნებოდი, მეტის ღირსი ხარ, რაც შენი არ არის, არ შეგერგება, ხელი არ უნდა მოჰკიდო და თუ მოჰკიდებ, დაისჯები კიდეც-მეთქი (იცინის).

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– მაშინ, როცა მართალი და აუტანლად შეურაცხყოფილი ვიყავი. ბევრჯერ პოლიტიკურ ამბავს ეხებოდა საქმე, ბევრჯერ პიროვნული იყო. ვიღაცას მოუწერია რაღაც ტყუილი ჩემთვის, ისეთი, რისი გამკეთებელიც არ ვარ და ამის გამო გავმწარებულვარ. ასეთ დროს ძალიან მკაცრი და მძიმე ვარ. საერთოდ, მე არ ვჩხუბობ. მხოლოდ ათასში ერთხელ და ამით ვამთავრებ კიდეც ადამიანთან ურთიერთობას. „შენ შემოგევლე, შენი ჭირიმეთი“ ვცხოვრობ, დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ თუ ფიალა ამევსო, ვეღარაფერი შემომაბრუნებს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– ბევრი მარცხი ყოფილა, მაგრამ ყველაზე დიდი, ალბათ, ერთი იყო: თავის დროზე თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი. მაშინ თეატრი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო. მერე მოვიდა სააკაშვილის მთავრობა და დაიწყეს ჩემთვის ნერვების მოშლა. ბოლოს ისე მოხდა, რომ უარი ვთქვი ხელმძღვანელობაზე. დღესაც ვწუხვარ მომხდარის გამო. არ უნდა წავსულიყავი ხელმძღვანელობიდან. პირველი არტისტი ვიყავი, ყველა ჩემზე მუშაობდა, რეჟისორები საუკეთესო როლებს მაძლევდნენ და ასე შემდეგ. თეატრისთვის ბევრს ვაკეთებდი, თორემ ხელმძღვანელობიდან მე არანაირი მოგება არ მიმიღია. უფრო მეტიც, რომ წამოვედი, მაღაზიაში ვალები დამრჩა. მარცხი არ ვიცი რამდენად, მაგრამ დიდი შეცდომა იყო. მერე ათასი სიბინძურე გაურიეს ამ მოვლენებში. რომ წამოვედი, ჟურნალისტები დამხვდნენ, ელოდნენ, რომ რამეს ვიტყოდი თეატრზე ან იმ მთავრობაზე. არაფერი მითქვამს, მაგრამ ის, რაც მოხდა, ლაქად დარჩა ჩემს ცხოვრებაში. თეატრში ახლა ისევ ისე ვარ – „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე“, მაგრამ გულში ტკივილი მაინც დარჩა.

რაც შეეხება გამარჯვებას, პროფესიულ საქმიანობაში ასეთი ძალიან ბევრი მქონდა. საუკეთესო როლები მაქვს ნათამაშები და თეატრალურ სამყაროში არ არსებობს პრემია და ჯილდო, რომელიც მე არ ამიღია – ეს ჩემთვის იმ ტკივილის კომპენსირებაა. ამას დაუმატეთ ხალხის სიყვარული. მაყურებლით გაძეძგილი დარბაზი, შენი დანახვა რომ ძალიან ახარებთ – ეს დიდი ბედნიერებაა.

– გავიხსენოთ კარგიც და ცუდიც, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ.

– ცუდს პირში არ მეუბნებიან, თუმცა ზურგს უკან შეიძლება, ვინმე რამეს ამბობს. ხელმძღვანელი რომ ვიყავი, მაშინ ვიღაცებს უთქვამთ, მილიონი მოიპარა თეატრიდანო. როგორც ხდება, ჭორების გავრცელება დაიწყო. ისიც ითქვა, ეკლესია დაშალა და სახლი ააშენაო. ისეთი სისულელეები გავიგე, არაფერთან კავშირში რომ არ იყო. თუ გინდა, ხალხმა დაიჯეროს, ადამიანს ისეთი რამ უნდა დააბრალო, რაც მასთან კავშირში არ არისო, გამსახურდიას აქვს ნათქვამი, მაგრამ არა მგონია, ეს სისულელეები დაეჯერებინათ ჩემზე, მაშინ ამხელა სიყვარულს ვეღარ ვიგრძნობდი ხალხისგან. კარგს რაც შეეხება, ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი. ვიტყვი იმას, რომ არ მაკლია მოფერება და კომპლიმენტები. ეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს?!

– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

– ყინვა იყო. ბავშვი კიბეზე ჩამომყავდა და ფეხი დამიცურდა. ბავშვი მაღლა ავისროლე და დავეცი. დავეცი და გულზე დავიგდე. ხომ წამები გაგრძელდა, მაგრამ საშინელება განვიცადე. მეგონა, ბავშვს დავახტებოდი ზემოდან და ვერ გადარჩებოდა. შიში ადამიანური თვისებაა, რომელიც ძირითადად, მაინც ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლებსა და ძვირფას ადამიანებს უკავშირდება. ერთხელ, აბაზანაში შევიხედე და ვხედავ, ჩემი მეუღლე დაბლა გდია. მეგონა, დავიღუპეთ, მაგრამ საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა, გადარჩა. მე თუ რამე მიჭირს, მაგრად ვდგავარ, პირიქით, ძლიერი ვარ, მაგრამ როცა საყვარელ ადამიანებს ეხება საქმე, შიში მიპყრობს.