“მასწავლებლები ძალიან ცუდად მეპყრობოდნენ, ოროსანსა და უნიჭოს მეძახდნენ. ხატვა რომ დავიწყე, შემდეგ დამიახლოვდნენ”

409

ლაზარე გელაშვილს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. სკოლაში საკუთარი ნიჭის აღმოჩენა ვერ მოახერხა და მასწავლებლებმა ოროსან, უნიჭო მოსწავლედ შერაცხეს. თუმცა, დამოუკიდებლად და ბევრი შრომის შედეგად საკუთარ ნიჭს მაინც მიაკვლია და დღეს საკუთარ თავსაც და სხვებსაც უმტკიცებს, რომ უნიჭო ადამიანები არ არსებობენ და ამით ბევრ ახალგაზრდას მაგალითს აძლევს.

ლაზარე გელაშვილი: ხატვა 15 წლის ასაკში დავიწყე. მინდოდა, ერთი გოგონას პორტრეტი დამეხატა და მისთვის მეჩუქებინა. ყოველღამე, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები იძინებდნენ, მე ვდგებოდი და ხატვას ვიწყებდი. ამას ყველას ვუმალავდი, რადგან ვფიქრობდი, რომ არ გამომდიოდა. ყოველღამე მუშაობის შედეგად, ერთი წლის შემდეგ ისეთ დონეზე მივედი, რომ ყველა, ვისაც ჩემი ნახატი ვაჩვენე, გაოცდა. ჩემგან ამას არავინ მოელოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ამ საქმისთვის ხელი სერიოზულად მომეკიდა.

– პირველი ნახატი დაგიკუჭავთ და გადაგიგდიათ…

– კი, არაერთი, ძალიან ბევრი ნახატი დავკუჭე და გადავაგდე. მხოლოდ იმის გამო, რომ არავის ენახა. დღეს აღარ ვიქცევი ასე, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ მაინც ძალიან კრიტიკული ვარ. ამიტომაც ვხატავდი ღამე ჩუმად, არ მინდოდა, ვინმეს გაეგო. როცა გავამხილე, თავიდან გაუკვირდათ. არ იცოდნენ, რომ ვხატავდი და გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ ჩემი ნახატები იყო. მერე, როცა გაოცებამ გადაუარათ, ჩემი გულშემატკივრები გახდნენ.

– საიდან გაგიჩნდათ ხატვის სურვილი?

– არ ვიცი. გოგონა, რომელიც დასაწყისში ვახსენე, ძალიან მომწონდა. მინდოდა, მისთვის ორიგინალური საჩუქარი გამეკეთებინა. ვიფიქრე, რომ ყველაზე კარგი საჩუქარი ნახატი იქნებოდა, მაგრამ მინდოდა, ჩემი დახატული ყოფილიყო. ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მეგონა, მაშინვე გამომივიდოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც არ ვაჩვენე იმ გოგოს.

– ანუ, ერთი წელი ყოველ ღამე საკუთარ თავს ასწავლიდით ხატვას?

– ასე იყო. მაგალითს არსაიდან ვიღებდი. უბრალოდ, ვიჯექი და ვხატავდი. პირველი რამდენიმე წელი ვცდილობდი, რაც გამომივიდოდა, ის დამეხატა. დრომ მაჩვენა, რომ სხვების გამოცდილებაც უნდა გავიზიარო. ეს აუცილებელია განვითარებისთვის. ამაში სოციალური ქსელები დამეხმარა და გარკვეული ტექნიკები ვისწავლე.

– როგორ გახდა თქვენი ნახატები პოპულარული სოციალურ ქსელებში?

– ოჯახის წევრებმა მირჩიეს, რომ ჩემი ნახატები სოციალურ ქსელში გამომექვეყნებინა. მე ეს არ მინდოდა, ძალიან ჩაკეტილი ვიყავი, მაგრამ მათი რჩევით, ხელის კანკალით გამოვაქვეყნე. დავინახე, რომ ყველა აღფრთოვანდა. ძალიან მოეწონათ. თან, ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მეკითხებოდნენ, შენი ნახატებიაო? მერე და მერე, ყოველდღიურად დავიწყე ჩემი ნახატების გამოქვეყნება და ამას გამომწერების რაოდენობის ზრდაც მოჰყვა, ჩემი ნახატებისადმი ინტერესიც გაიზარდა.

– ყველაზე მეტად პოპულარული რომელი ნახატებია?

– ბოლო ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ცნობადობა მოიპოვა მარიამ ელიაშვილის პორტრეტმა. მარიამმა ეს ნახატი საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა, რაც ძალიან გამიხარდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო ბევრმა გამიცნო. შემდეგ სხვა ცნობილი ადამიანებიც დავხატე: ბაბი კირკიტაძე, თათა გიორგობიანი და მათაც გააზიარეს თავიანთ გვერდებზე ეს ნამუშევრები. კიდევ უფრო გაიზარდა მოთხოვნა ჩემს ნახატებზე. პატრიარქის ნახატიც მაქვს შესრულებული. ეს კერძო შეკვეთა იყო, პატრიარქისთვის საჩუქრად გადასაცემად და აჩუქეს კიდეც დაბადების დღისთვის.

– რატომ ხატავთ, ძირითადად, შავ-თეთრ ფერებში?

– ხატვა რომ დავიწყე, მხოლოდ ფურცელი და უბრალო ფანქარი მქონდა. ნელ-ნელა, მუშაობის პროცესში, მივხვდი, რომ შემეძლო სხვა მასალებიც დამემატებინა და ასეც მოვიქეცი. მხოლოდ ორ ფერს – თეთრსა და შავს ვიყენებ. რადგან არავის ვეუბნებოდი, რომ ვხატავდი და ფულიც არ მქონდა მასალების საყიდლად, პირველ რიგში, ამან განაპირობა, რომ ფერებში არ გავაგრძელე ხატვა და მხოლოდ შავ-თეთრით შემოვიფარგლებოდი. თან, ფანქარში მუშაობა ძალიან შემიყვარდა. უმეტესობა ფერადში მუშაობს და შავ-თეთრში განსხვავებულია. თან, ასე უფრო აღქმადია, რომ ნახატია და არა ფოტო, თუმცა მაინც რეალისტურია. ჩემი თავი ხატვაში ვიპოვე, ამ პროცესში განსაკუთრებული ემოციები მეუფლება. ხატვა ყველანაირად დამეხმარა. ხატვის დაწყების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ თავისით აეწყო.

– შეკვეთების მიღება როდის დაიწყეთ?

– თავიდანვე ბევრი მთხოვდა, რომ მისთვის ნახატი დამეხატა, თუმცა უფასოდ და მეც სიხარულით ვხატავდი ყველას, ვისაც უნდოდა. მერე ნელ-ნელა სხვა ტიპის შემოთავაზებებიც მივიღე. მწერდნენ, მე დამხატე და თანხას გადავიხდიო. მე არ დამიწყია განზრახ შეკვეთებზე მუშაობა, ინიციატივა სხვებმა გამოიჩინეს და მეც ავყევი. მალე მივხვდი, რომ შემეძლო, ამით თანხა გამომემუშავებინა და აქტიურად დავიწყე შეკვეთებზე მუშაობა. მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ შესაბამისი გვერდი „ფეისბუკზე“. ორივე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდით.

კარგი მეგობრები ვიყავით და გვინდოდა, ერთად გვესწავლა და გვემუშავა. დავიწყეთ შეკვეთების მიღება, მაგრამ თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ბევრი გვატყუებდა, ჩვენც პატარები ვიყავით და არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. შეკვეთებს გვაძლევდნენ და თანხას არ გვიხდიდნენ. უარყოფითი გამოხმაურებებიც იყო. არ მოსწონდათ ჩვენი ნახატები. იმდენად რთული იყო, რამდენჯერმე თავიც დავანებეთ, მაგრამ მერე ისევ თავიდან ვიწყებდით. რაღაც მომენტში ჩემმა მეგობარმა შეწყვიტა ხატვა, მე განვაგრძე. ახლა საკმაოდ ბევრი შეკვეთა მაქვს.

– ძალიან ჩაკეტილი ვიყავი და ხატვამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაალაგაო, რას გულისხმობდით?

– სკოლაში კარგად ვერ ვსწავლობდი ან არ ვსწავლობდი. მასწავლებლებს და მათგან გამომდინარე, კლასელებს არ ჰქონდათ ჩემ მიმართ კარგი დამოკიდებულება. მასწავლებლები ძალიან ცუდად მეპყრობოდნენ, ოროსანსა და უნიჭოს მეძახდნენ. ჩემი ძმა ათოსანი იყო, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და მუდმივად მას მადარებდნენ. იმდენად მოქმედებდა მასწავლებლების დამოკიდებულება ჩემზე, რომ იმ სკოლიდან გადავედი. ხატვა რომ დავიწყე, ის მასწავლებლები და ჩემი კლასელები ძალიან დამიახლოვდნენ. აღფრთოვანებულები იყვნენ ჩემი ნიჭით და ვგრძნობდი, რომ ჩემ მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუჩნდათ. როდესაც ბავშვი ვიყავი და უნიჭოს მეძახდნენ, მჯეროდა, რომ ასეთი ვიყავი. ამიტომ დღეს, როცა სხვას იმავე მდგომარეობაში ვხედავ, ვცდილობ, გავამხნეო და დავარწმუნო, რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. ნიჭი ყველას გვაქვს და ის უნდა აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში.