როგორ უმასპინძლა ნინო ლეჟავას საფრანგეთში პრეზიდენტის ძმის ოჯახმა და რა სიახლეა მსახიობის ცხოვრებაში

მსახიობ ნინო ლეჟავას ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა. მასთან საუბარი პარიზული გასტროლიდან დავიწყეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა.

ნინო ლეჟავა: პარიზში წავიღეთ ხათუნა ვაშაძის გადაღებული ფილმი – „ტყვია“. ის ჯერჯერობით მხოლოდ საფესტივალო ფილმია, ოფიციალურად ეკრანებზე არ გამოსულა. ეს იყო დახურული ჩვენება, რომელსაც მხოლოდ ქართველები კი არ ესწრებოდნენ, ბევრი ფრანგი მაყურებელიც გვყავდა და დიდი კმაყოფილება გამოთქვეს. მოეწონათ თემა, მოეწონათ იდეა და მთლიანობაში ყველაფერი კარგი იყო.

– თქვენც თამაშობთ ამ ფილმში?

– მე მეორეხარისხოვან როლს ვთამაშობ – მთავარი გმირის მეუღლეს. მთავარ გმირს გიორგი მეგრელიშვილი ასრულებს. ჯერ დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია, მაგრამ ამ ფილმში კარგად ჩანს, ადამიანების გაუთვალისწინებლობამ და დაუდევრობამ, რამხელა ტრაგედიამდე შეიძლება, მიიყვანოს სხვა ადამიანი. წამიერი სიამოვნებისთვის არ შეიძლება, არ გაითვალისწინოთ, რომ ამას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პრობლემა ფრანგებისთვისაც, რადგან ეს საერთო პრობლემაა. ადამიანები უნდა დაფიქრიდნენ, რა შეიძლება, მოჰყვეს მათ თითოეულ ნაბიჯს. მადლიერი ვარ ნატა დარჩიაშვილის, ჩვენი პარიზში ვიზიტი მან აიღო თავის თავზე.

ძალიან კარგი დრო ვატარეთ. გავიცანით ჩვენი პრეზიდენტის ძმა, არაჩვეულებრივი პიროვნება, ბატონი ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეა. მას არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, ძალიან ნიჭიერი მოქანდაკე და მხატვარი. მეორე დღეს დაგვპატიჟა გამოფენაზე, რომელიც ქართული სულით იყო გაჟღენთილი.

– პირველად იყავით საფრანგეთში?

– პირველად 1998 წელს ვიყავით ორი სპექტაკლით. მაშინდელი მოგონებებიც დაუვიწყარია. არაჩვეულებრივ ადამიანებს შევხვდი და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. არანაკლები შთაბეჭდილებები დამიტოვა რომმაც, მაშინ 16 წლის ვიყავი და ჩემთვის იტალიური რიტმი ძალიან ახლობელი აღმოჩნდა. საფრანგეთში მაინც ცოტა სხვანაირად ვგრძნობდი თავს, პარიზი ისეთი ქალაქია, თითქოს ქუსლებიდან არ უნდა ჩამოხვიდე.

– ქართველებს თუ შეხვდით?

– რა თქმა უნდა, სრულიად შემთხვევით დიდი ხნის უნახავი მეგობრის ქალიშვილიც კი აღმოვაჩინე და საოცარი შეხვედრა გვქონდა. ძალიან გამახარა თავისი მოსვლით უსაყვარლესმა და უნიჭიერესმა მომღერალმა – ელგა ფორჩხიძემ, ის ჩემი მეგობარია. სამეგობროს სამეგობროები გავერთიანდით და ქართულ რესტორანში წავედით. ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, ფოტოები გადავიღეთ და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ადამიანებთან შეხვედრით. ხშირად გვესმის ხოლმე, რომ სხვა ქვეყნებში ქართველები შეცვლილები არიან და თანამემამულეებს კარგად არ ხვდებიან, მაგრამ აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა ეს მოსაზრება – უდიდესი სითბოთი და პატივისცემით მიგვიღეს და გამოგვისტუმრეს. ყველას დიდი სიყვარულით მოვიკითხავ აქედან!

– ფილმმა და თქვენმა შესრულებამ როგორი შეფასებები დაიმსახურა?

– კარგის მეტი არაფერი მოგვისმენია. ბევრმა მითხრა, ჟრუანტელმა არაერთხელ დამიარაო, ცრემლიც იყო, კმაყოფილი სახეებიც, საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული იყვნენ და ძალიან კარგი შეფასებები არ დაიშურეს.

– თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. დედამთილი გახდით. როგორ შეხვდით ამ სიახლეს?

– ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინება. სიახლეს მადლიერებით უნდა შეხვდე, მაგრამ შემდეგ ჩვეული რიტმით უნდა მიჰყვე ცხოვრებას. სიმართლე გითხრათ, სტატუსი მხოლოდ სტატუსად რჩება, ანუ არც მე ვარ დედამთილი და არც ის არის რძალი. ჩვენ ვართ ძალიან დიდი მეგობრები და მადლიერი ვარ განგების, ღმერთის, რომ ასეთი კარგი ადამიანი შემახვედრა და ახალი მეგობარი შემძინა.

– ერთად ცხოვრობთ?

– არა, ჩემი შვილი ცოლთან ერთად ცალკეა. საერთოდ, მე მივესალმები ამას და ღმერთს ვთხოვ, მომცეს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა შვილი ცალკე გავუშვა. ტრადიცია ტრადიციაა, მაგრამ ყველა ქალი თვითონ უნდა იყოს თავისი სახლის დიასახლისი. მე ასე მიმაჩნია სწორად. არასოდეს ვიქნები მესამე თვალი და მესამე ყური. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში მესამე არ არის საჭირო, ყველაფერი მათ შორის უნდა რჩებოდეს. ერთმანეთს ესიყვარულებიან თუ კამათობენ, ეს მხოლოდ მათი საქმეა.

– არ ხართ ეგოისტი დედა?

– არავითარ შემთხვევაში. ეს ყველაზე მეტად მძულს და ჩემთვის მიუღებელია, ერთი წამით ვერ დავუშვებ. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ალბათ, ისე არ უყვარს შვილიო და ძალიან გთხოვთ, ნურავინ შემეჯიბრება შვილების სიყვარულში, მაგრამ ყველას თავისი ადგილი აქვს. ჩემს შვილებს ყოველთვის ამას ვასწავლიდი. სულ ვეუბნები, არასდროს ეძებოთ დედისნაირი ქალი, ეს ყველაზე დამღუპველია, დედა არასდროს უნდა ეძებონ ქალებში. მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, გადაწყვეტილება მხოლოდ ორმა ადამიანმა უნდა მიიღოს. მე შეიძლება, ჩემს შვილს მხოლოდ ის ვუთხრა, რომ კარგად დაფიქრდეს. დაფიქრება საჭიროა, იმიტომ რომ მერე ოჯახის დანგრევა რთულია. მით უმეტეს, თუ შვილი გყავს და მაშინ ხდება ასეთი რამ, ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. 25 წლის ოჯახებიც დანგრეულა, არაფრისგან ვართ დაცული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კარგად დაფიქრებაა საჭირო. ჩემს შვილებს იმასაც ვეუბნები, რომ უნდა დაიცვან ცოლიც და ქალის უფლებებიც. დედას თუ ეგოისტური დამოკიდებულება აქვს შვილის მიმართ, ბიჭი ძალიან ცოდოა – სერიოზულად იბოჭება და კომპლექსდება. ამიტომ ის ორ ცეცხლს შუა არ უნდა ჩააყენო არც დედამ და არც ცოლმა.

– წინასწარ გაიცანით?

– ვიცოდი, რომ შეყვარებულები იყვნენ. მე არ ვიჩენდი გაცნობის ინიციატივას. ქალი ყოველთვის ღელავს, როდესაც ბიჭის ოჯახს უნდა შეხვდეს. ამიტომ ჩემს შვილს ვუთხარი, როცა მეტყვით, მე მზად ვარ. არც იჩქაროთ, არ ინერვიულოთ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია; რა იქნება და როდის და მე თქვენ გვერდით ვარ-მეთქი. ჩემს შვილებს ჩემი მხრიდან ყოველთვის აქვთ მხარდაჭერა.

ჩემს სარძლოსთან პირველივე შეხვედრა ძალიან მეგობრული მქონდა. ყველაზე მეტად იმიტომ ამყავს ცაში ეს გოგო, რომ ისიც ისეთივე უბრალო ადამიანია, როგორიც მე და როგორიც მე მიყვარს. ასეთია ოჯახიანად, ძალიან კარგი ოჯახი აქვს, საყვარელი ადამიანები არიან. რაც მთავარია, არცერთი მხარე არ ვერევით მათ ბედნიერებასა და მათ ოჯახურ ცხოვრებაში. ორივე მუშაობს, უყვართ მოგზაურობა და ბედნიერები არიან. ძალიან მიხარია მათ გამო.

– ბოლოს სოფლის სახლზეც გკითხავთ, შეიძინეთ?

– კი, სახლი რამდენიმე წლის წინ შევიძინეთ. ყოველთვის მინდოდა, სადღაც რამე მქონოდა. ჩემს უფროს შვილს გავუკეთე საჩუქარი და პირდაპირ მის სახელზე გავაფორმე, რომ მერე არ დამჭირვებოდა გადაფორმება-გადმოფორმება. ადამიანს თუ რამეს ჩუქნი, თუ ეუბნები, რომ მისია, ესე იგი, მან უნდა მოიხმაროს, მის სახელზე უნდა იყოს. შვილებს რომ ეუბნებიან: მე რომ მოვკვდები, მერე დაგიტოვებ და გადაიფორმე, ეს ჩემთვის მიუღებელია. სხვის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მე ასე მირჩევნია. ახლა საშუალება რომ გამიჩნდეს და მეორე ვაჟისთვის შევიძინო რამე, ისევ ასე მოვიქცევი. არავინ ვიცით, როდის რა გველის და რატომ უნდა ვაწვალო მერე. მე თქვენ გეტყვით, ბიუროკრატია არ არის ჩვენს ქვეყანაში… სიკეთეს თუ აკეთებ, ბარემ მარილიც მოაყარე და საქმე ბოლომდე მიიყვანე. ეს სახლი სიღნაღის ერთ-ერთ სოფელში შევიძინე და ხშირად ჩავდიოდი ხოლმე, მაგრამ ახლა ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო ვეღარ ვახერხებ. ორი წელია, ზაფხულობით ურეკში ვმუშაობ, ამიტომ არდადეგებს იქ ვეღარ ვატარებ. მანქანა რომ მყავდეს, ცოტა დრო რომ გამომიჩნდება, გავიქცეოდი მაშინვე, მაგრამ ასე არ არის. ახლა მით უმეტეს შეზღუდული ვარ დროში, სტუდია მაქვს, ბავშვებთან ვმუშაობ, ახლახან სპექტაკლი დავდგით და მოკლედ, საქმე ბევრია.

– აქტიური სეზონის ბოლო გაქვთ.

– ყოველ დილით მადლიერებას გამოვხატავ უფლის მიმართ ყველაფრისთვის. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ შვილები ჯანმრთელები მყავს, კარგი მეგობრები მყავს, ჩემს საქმეს ვაკეთებ, ბავშვებთან ვმუშაობ, მაყურებელი მიბიძგებს ფორმაში ვიყო – უფლებას არ მაძლევს მოვეშვა, არ ვიყო ჯანმრთელი და გამოვიყურებოდე მოუვლელად. ახლა მით უმეტეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებული თეატრალური ბავშვთა სტუდია „პერსონაჟს“ წარმატებული პრემიერა გვქონდა. ძალიან გამახარეს ჩემმა ბავშვებმა. ეს ჩემთვის დებიუტი იყო, აქამდე სპექტაკლი არასდროს დამიდგამს. ბავშვებთან ერთად, მეც ვიზრდები პედაგოგიური კუთხით. ვცდილობ, მათ, პროფესიასთან ერთად, ცხოვრება და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაც ვასწავლო. ვურჩევ, რაც შეიძლება, მადლიერები იყვნენ უფლის და შეძლებისდაგვარად ბევრი სიკეთე აკეთონ. ის აუცილებლად დაუბრუნდებათ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად დასჭირდებათ. ჩემი ცხოვრებისეული პრაქტიკიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ოდნავი სიკეთეც კი არ იკარგება. თუმცა, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ არც ცუდი ჩაივლის უკვალოდ. გამორიცხულია, არ დაგიბრუნდეს უკან ის, რაც გააკეთე. როცა შენი გაკეთებული სიკეთე გიბრუნდება, ესე იგი, მაშინ გჭირდებოდა ყველაზე მეტად.

ასევე იხილეთ