“დედაჩემს არ უნდოდა ჩვენი ქორწინება, ამბობდა, ასეთი ხალხი ცოლებს ხშირად იცვლიანო” – ომარ და ციმი კელაპტრიშვილების 22 ბედნიერი წელი და ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე

279

1943 წლის 1 იანვარს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში, თამარ და მიშა კელაპტრიშვილების ოჯახში მესამე შვილი, ბიჭი დაიბადა, ომარი დაარქვეს. მამა მთელ რაიონში ცნობილი მუსიკოსი იყო, თავისი ჯგუფი ჰყავდა. ჭირი თუ ლხინი ამ ჯგუფის გარეშე არ ჩაივლიდა. პატარა ბიჭი 3 წლიდან თითქმის ყველა სახის ხალხურ საკრავზე უკრავდა, განსაკუთრებით სალამური უყვარდა, რომელიც მის ხელში მწყემსის უბრალო საკრავიდან ჯადოსნურ ინსტრუმენტად გადაიქცა.

ომარმა თანდაყოლილი ღვთიური ნიჭისა და უდიდესი შრომის შედეგად შეძლო სალამურზე არა მხოლოდ ხალხური ჰანგები, არამედ კლასიკური მუსიკის შედევრები შეესრულებინა, რითაც დაიპყრო და დაატყვევა მსმენელი მთელ მსოფლიოში ანსამბლ ,,რუსთავთან” ერთად მრავალჯერადი გასტროლების დროს.

მსოფლიო პრესა ათასნაირი ეპითეტით ამკობდა მუსიკოსს – “ფანტასტიკურია, შეუდარებელია, განსაცვიფრებელია, ნამდვილი ვირტუოზია!”. ხანგრძლივ ოვაციებს უმართავდნენ და უამრავ საჩუქარს უძღვნიდნენ.

2023 წლის 1 იანვარს ლეგენდარულ მუსიკოსს, ომარ კელაპტრიშვილს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. სამწუხაროდ, ის ნაადრევად, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მადლიერმა საზოგადოებამ მუსიკოსს დიდუბის პანთეონში მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

ომარ კელაპტრიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, აგრეთვე საიუბილეო ღონისძიებებზე ჟურნალ ,,სარკეს” ხელოვანის ცოლი, ციმი კელაპტრიშვილი უამბობს.

– ქალბატონო ციმი, თქვენ არა მარტო მეუღლე ბრძანდებოდით ბატონი ომარისა, არამედ მისი დიდი მეგობარი და მემატიანეც. გაიხსენეთ მნიშვნელოვანი მომენტები მისი ცხოვრებიდან, პირველ რიგში, შემოქმედებითი გზის დასაწყისი.

– კელაპტრიშვილებს გენეტიკურად მოსდგამთ მუსიკალური ნიჭი. ომარის მამა, მიშა, შესანიშნავი მუსიკოსი ყოფილა, თავისი დასტა ჰყავდა. რაიონში ლხინი და ჭიდაობა არ ჩაივლიდა, მათ რომ არ დაეკრათ. როცა მშობლიურ კავთისხევში მარო თარხნიშვილი ჩამოდიოდა, პირველ რიგში, მიშას მოიკითხავდა თურმე, ხშირად კონცერტებზეც დაჰყავდა ისინი. ასეთ ოჯახში დაიბადა ომარი, სადაც უკვე იზრდებოდა მისი უფროსი ძმა, გერისო, რომელიც მართლა საოცარი ნიჭის პატრონი იყო. უკრავდა კარგად, მღეროდა არაჩვეულებრივად. შემდგომში სამხატვრო აკადემია დაამთავრა. სიცოცხლის ბოლომდე კასპის კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

იზრდებოდნენ ძმები და თანდათან ოსტატდებოდნენ. იმ დროისთვის გამორჩეული, განათლებული ახალგაზრდები იყვნენ. ომარი თითქმის ყველა საკრავზე უკრავდა. კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი დაამთავრა. კონსერვატორიაში ჩაირიცხა და ორი კურსი ისწავლა. ფლეიტას ეუფლებოდა. როგორც თავად ამბობდა, გული სალამურისკენ მიუწევდა, როგორც ანდამატი, ისე იზიდავდა ეს საკრავი, თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები.

პირველი ტრიო და-ძმა კანდელაკებთან ერთად გააკეთა. ამავე პერიოდში უკრავდა გამოჩენილი ლოტბარის, კირილე ვაშაკიძის, ხალხურ საკრავთა ორკესტრში და უცხოურ გასტროლებზეც დადიოდა.

ომარი ყოველთვის გრძნობდა, რომ სალამურზე უფრო მეტის დაკვრა შეიძლებოდა, ვიდრე მარტივი მწყემსური მელოდიები იყო. პირველი კლასიკური ნაწარმოები, რომელიც სალამურისთვის დაამუშავა, ზაქარია ფალიაშვილის ,,დაისიდან” იყო. ეს ხდებოდა 1964 წელს.

ოპერის თეატრში ტარდებოდა ხალხური შემოქმედების ფესტივალი, რომელსაც ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდა. ილიკოს დაჟინებული თხოვნით პროგრამაში შეიტანეს ომარის ნომერი. მე ამ დროს მეათე კლასში ვიყავი. მოგეხსენებათ, ტელევიზორი ახალი ხილი იყო იმ წლებში, ამიტომ ყველას არ ჰქონდა. ნაძალადევში ვცხოვრობდით, დიდი საერთო ეზო იყო ბევრი მეზობლით. ეს კონცერტი ტელევიზიით გადმოიცემოდა. ჩვენ გვქონდა ტელევიზორი და ჩვენს სახლში მთელი სამეზობლო შეიკრიბა. გამოაცხადეს, სალამურზე ქართულ საცეკვაო “დაისიდან” შეასრულებს ომარ კელაპტრიშვილიო.

დაკვრა რომ დაამთავრა, დარბაზი ფეხზე იდგა, არნახული ოვაცია გაუმართეს. მახსოვს ჩემი გაკვირვება და ემოცია. ვერ წარმომედგინა, მსგავი რამ თუ შეიძლებოდა სალამურზე დაკრულიყო. მთელი სამეზობლო ტაშს უკრავდა და ყვიროდა, შვილო, ვინ ხარ, გაეზარდე შენს მშობლებსო. რას წარმოვიდგენდი, მეათე კლასში ტელევიზორში ნანახი ყმაწვილი ჩემი მეუღლე თუ გახდებოდა.

– განსაკუთრებით აღფრთოვანებით ხვდებოდა მსმენელი რუმინელი კომპოზიტორის, ენესკუს, “ტოროლას” შესრულებას. ხომ არ იცით, თავად რუმინელებს თუ მოუსმენიათ?

– ჯერ კიდევ კირილე ვაშაკიძის ხალხურ საკრავთა ორკესტრში უკრავდა, როცა 1967 წელს რუმინეთში მიიწვიეს ანსამბლი. თავად კირილე არ გაუშვეს საზღვარგარეთ, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ნამყოფი იყო. კირილემ ომარს სთხოვა ანსამბლის ხელმძღვანელობა. გასტროლზე მას ძმა გერისოც ახლდა.

შემდგომში ამ ამბავს გერისო მიყვებოდა. რუმინელი მსმენელისთვის ომარმა სპეციალურად მოამზადა ენესკუს “ტოროლა”. იქ, ზუსტად არ ვიცი, ალბათ ფესტივალის მსგავსი ღონიძიება იყო, სადაც მასპინძლებმა ანუ რუმინელებმა შეასრულეს ეს ნაწარმოები, რა თქმა უნდა, სხვა საკრავებით. ამიტომ ომარმა გადაიფიქრა დაკვრა. ბევრი ეხვეწა თურმე გერისო, აფიცა დედ-მამა, მაგრამ ვერ დაითანხმა. შემდეგ უთქვამს, თუ არ დაუკრავ, იცოდე, დაგიმტვრევ მაგ სალამურსო და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკრა. დაინგრა თურმე დარბაზი, 20 წუთი გაუჩერებლად უკრავდნენ ტაშს. საბჭოთა კავშირის ოფიციალურ წარმომადგენელს უთქვამს, რაც ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა ამ რამდენიმე წუთში, ამას დიპლომატები წლები უნდებიანო.

– ამის შემდეგ მალე მიიწვიეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “რუსთავში”.

– დიახ, ეს იყო 1968 წელს. მაშინ ანსამბლს “სალხინო” ერქვა, “რუსთავი” შემდეგ დაარქვეს. დაარსების დღიდან ამ ანსამბლის წევრი იყო სიცოცხლის ბოლომდე. ინსტრუმენტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა და უცვლელი სოლისტი იყო. ომართან ერთად “რუსთავმა” ტრიუმფით შემოიარა მთელი მსოფლიო.

იტალიაში კონცერტის დროს აღფრთოვანებული ადრიანო ჩელენტანო სცენაზე აჭრილა ექსცენტრული შეძახილებით – “ფანტასტიკ!”. მოუხსნია მზის სათვალე და საკუთარი ხელით გაუკეთებია ომარისთვის. ახლა ის სათვალე მისი სახელობის მუზეუმში ინახება, მშობლიურ კავთისხევში.

ესპანეთში იმყოფებოდნენ. დიდ, ღია ესტრადაზე იყო კონცერტი. სიცხის გამო ღამის 12 საათზე დაიწყო, გარშემო უამრავი ხე იდგა. ომარმა სალამურის დაკვრა რომ დაამთავრა, ხეებიდან უცნაური მელოდიური სტვენა მოესმა. თავიდან ვერ მიხვდა რა იყო, ეგონა ხეზე ასული ახალგაზრდები უკრავდნენ. აუღია სალამური და ის მელოდია გაუმეორებია. ხეებიდან ისევ გაეპასუხნენ. ასე გაგრძელდა მუსიკალური პაექრობა ხეებზე დაბინადრებულ ჩიტებსა და მუსიკოსს შორის. მსმენელში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ორ სალამურზე ერთდროულად უნაკლოდ შესრულებული ნაწარმოებები. აქაც პირველი იყო, ვინც ორ სალამურზე დაუკრა.

გერმანია-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების ხელმძღვანელი იყო ჰერმან ვედეკინდი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო, მოხიბლული იყო ქართული კულტურით, ხალხური შემოქმედებით. მეგობრობდა ანსამბლ ,,რუსთავთან”. ზაარბრიუკენში გასტროლების დროს იქ რუსთაველის თეატრიც იყო და საქართველოს კამერული ორკესტრიც. ერთი სიტყვით, მრავალრიცხოვანი დელეგაცია.

ჰერმანმა თავის ვილაში დაპატიჟა ქართველები. უთქვამს, ახლა კონკურსს ვაცხადებ და ვინც ყველაზე მეტად მომაწონებს თავს, ჩემს საგვარეულო სასმისს ვაჩუქებო. ომარი გასულა ეზოში, მოუხურავს ნაბადი და მთვარის შუქზე ისეთი გრძნობით შეუსრულებია ერთ-ერთი მელოდია, დატყვევებულ ჰერმანს უთქვას, აღარ გავაგრძელოთ, ეს სასმისი უცილობლად კელაპტრიშვილს ეკუთვნისო. ვედეკინდის ვილის კარზე ეწერა: “ჰერმან ვედეკინდიშვილი”. თურმე სულ ამბობდა, რომ გარდავიცვლები, ჩემი ფერფლი საქართველოში წაიღეთო.

– ომარ კელაპტრიშვილის სახელს უკავშირდება ხალხურ საკრავთა ორკესტრის შექმნა საქართველოს ტელევიზიაში, რომელსაც შემდეგ ქალთა ვოკალი დაემატა და “იავნანა” ეწოდა.

– დიახ. 1983 წელს ნუგზარ ფოფხაძის თხოვნით ომარმა შექმნა ხალხურ საკრავთა ორკესტრი. 6 წელი ეძებდა ისეთ ხმებს, რომლებიც ჰარმონიულად შეკრავდა ანსამბლს. ასე იპოვა ანა ბაჯიაშვილი, ლია ხუნწარია, იზოლდა ფიფია, მარინა გიორგაძე და სხვები. ყოველთვის ამბობდა, “რუსთავი” არის ჩემი პირველი სიყვარული, “იავნანა” არის ახალი სიცოცხლე ჩემს შემოქმედებაშიო. მართლაც მისი შემოქმედების გვირგვინად იქცა ეს ანსამბლი, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ, მთელი ანსამბლის გადაწყვეტილებით, “კელაპტარი” დაერქვა.

– როგორი იყო თქვენი გაცნობისა და სიყვარულის ამბავი?

– უნივერსიტეტს ვამთავრებდი. უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ სოციოლოგიის კათედრაზე დავიწყებდი მუშაობას. არც შეყვარებული მყავდა, არც გათხოვება მქონდა გეგმაში, მაგრამ ყველაფერი ბედია.

ჩემი ძმა ფეხბურთელ ალიკა როგავას მეჯვარე იყო. ალიკას მეუღლის დაბადების დღე გახლდათ. ჩემი ძმა არ იყო თბილისში, ამიტომ ალიკამ მთხოვა, იქნებ შენ მაინც მოხვიდე, ახალშეძენილ ნათესავებს, მინდა, ჩემი ახლობლები დახვდნენო.

სწორედ იქ გავიცანი ომარი, რომელიც მოგვიანებით მოვიდა და ზუსტად ჩემ წინ დაჯდა. ომარს “რუსთავის” ბიჭებიც ახლდნენ. ისე მღეროდნენ, რომ იტყვიან, ჭერი ახადეს სახლს. მერე გავიგე, რომ ალიკას მისთვის უთქვამს, ერთი კარგი გოგო უნდა გაგაცნო, წესიერი, ჭკვიანი, განათლებულიო. ომარმა ქათმის მკერდის ძვალი გამომიწოდა, ვინც წააგებს, სუფრაზე დაპატიჟოს მეორე მხარეო. მე წავაგე ეს სანაძლეო და, რა თქმა უნდა, დამავიწყდა.

მალე ალიკა მოვიდა ჩვენთან სახლში და მითხრა, როდის უნდა შეასრულო დანაპირებიო. გამეცინა – ნეტა, ასეთ სისულელეებს ვინ ასრულებს-მეთქი. ჩემმა მშობლებმა კი – თუ ალიკას ახლობლები არიან, მოვიდნენ, დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთო. მამაჩემს ძალიან უყვარდა სუფრაც და სტუმრებიც.

ასე მოვიდნენ ჩვენს ოჯახში. ომარს თავისი ძმა გერისოც ახლდა. შემდეგ მირეკავდა, მხვდებოდა, ვსაუბრობდით. მოვიხიბლე მისი მოკრძალებით, ინტელექტით, საუკეთესო ადამიანური თვისებებით. ენაწყლიანი საუბარი იცოდა, საინტერესოდ ყვებოდა საქართველოს ისტორიას. ხშირად დავდიოდით თეატრში. გამაცნო მსახიობები – გივი ბერიკაშვილი, ზურა ქაფიანიძე, ელენე ყიფშიძე, მეცნიერები, მხატვრები, მწერლები. უამრავი მეგობარი ჰყავდა, გამოჩენილი ადამიანები. ყველა აღტაცებული იყო მისი ნიჭიერებით. კირილე ვაშაკიძემ მითხრა, მე ასეთი კარგი ახალგაზრდა, თან ასეთი ნიჭიერი, არ მინახავსო.

კონცერტებზე დავყვებოდი. მისი სალამურები მე მქონდა მობარებული. დედაჩემს არ უნდოდა ჩვენი ქორწინება. ამბობდა, ასეთ პოპულარულ ხალხს, რომელიც სულ ყურადღებით არის გარემოსილი, ხშირად ენგრევათ ოჯახები, ცოლებს იცვლიანო. სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა. დედას ომარი ძალიან შეუყვარდა. როცა ხელი მოვაწერეთ და ჯვარიც დავიწერეთ, ომარმა ჩვენი ქორწინების მოწმობა დედას ჩააბარა და უთხრა, თქვენი შვილი სიკვდილამდე მეყვარებაო.

უბედნიერესი 22 წელი გავატარეთ ერთად, ყველაფერი ერთად შევიძინეთ – თბილისში სახლი, კავთისხევშიც, რომელიც უზომოდ უყვარდა. თავისი გემოვნებით ააშენა სახლი, სადაც უამრავი სტუმარი დადიოდა.

– თქვენი ვაჟიშვილი, ომარ კელაპტრიშვილი უმცროსი, პატარაობიდან მამის გვერდით იყო, ისიც კარგად უკრავდა სალამურს. რატომ არ გააგრძელა მამის გზა?

– ომარი ყოველთვის ამაბობდა, ჩემს შვილს სულ რომ არ ჰქონდეს სმენა, მაინც ვასწავლი დაკვრასო. ომარიკოს კარგი სმენა აღმოაჩნდა, მამის გვერდით იყო ანსამბლში. მისი გარდაცვალების შემდეგაც კარგა ხანს იყო “რუსთავის” სოლისტი, ბოლოს კი თავი დაანება. შინაგანად არ იყო მოწოდებული. მერე გამიმხილა, მე მინდოდა, მიკროქირურგი გამოვსულიყავი, მაგრამ მამას ხათრი ვერ გავუტეხეო.

ომარიკოს საუკეთესო ოჯახი აქვს. შესანიშნავი რძალი მყავს, თამარ აბსნაძე – კეთილშობილი, სათნო გოგო. მიყვარს, როგორც საკუთარი ქალიშვილი. სამი შვილიშვილი მაჩუქა. სალომე ,,საქართველოს ბანკში” მუშაობს, მარი “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტია, ლუკა კომაროვს ამთავრებს. გული მწყდება, რომ ომარი ვერ დატკბა თავისი შვილის ბედნიერებით. ძალიან იამაყებდა, ასეთი შთამომავლები რომ ჰყავს.

– 2023 წელი ომარ კელაპტრიშვილის საიუბილეო წელია. რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?

– დიდი ხანია, ვმუშაობ წიგნზე, სადაც ომარ კელაპტრიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე იქნება მოთხრობილი. წიგნში შესულია მისი ბიოგრაფია, უცხოური და ქართული პრესის გამოხმაურებები, მისადმი მიძღვნილი ლექსები, გარდაცვალების დროს ცნობილი ადამიანების სამძიმრის წერილები, თავად ომარის ლექსები, ჩანახატები, გამოკვლევები, მოგზაურობის დღიურები და ჩანაწერები.

შევეცადე, ყველაფერი საინტერესოდ, ქრონოლოგიურად დამელაგებინა შესმაბამისი ილუსტრაციებით. მინდა, წიგნის პრეზენტაცია კავთისხევში, სახლ-მუზეუმში ჩატარდეს. ჩამოვლენ სხვადასხვა ანსამბლები, მისი თანამედროვეები, ახალგაზრდა თაობა, მისი შემოქმედების დამფასებლები.

უნდა ავღნიშნო, რომ ამ მუზეუმის გახსნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კასპის რაიონის მუნიციპალიტეტს. მათ გამოყვეს თანხები რემონტისა და კეთილმოწყობისთვის. დღეს მუზეუმს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს.

ომარის სახელს ატარებს კასპის რაიონის კულტურის სახლი, რომლის წინ დგას მისი ბიუსტი, ასევე მისი სახელობისაა კავთისხევის საშუალო სკოლა, თბილისის ერთ-ერთი ქუჩა. სახლზე არის მემორიალური დაფა, სახლის წინ მისივე სახელობის სკვერში არის ომარის ბიუსტი. ასევე მისი ბიუსტი დგას თეატრის, კინოსა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმის უკვდავთა ხეივანში.

დამაგვირგვინებელი ღონისძება კი შემოდგომაზე თბილისში ჩატარდება. ომარმა სიცოცხლეში დაწერა ლექსი, რომელიც მისივე ეპიტაფიად იქცა.

“სალამურს ენა ჩავუდგი

ბულბულის ყელის დარადა,

სული ჩავბერე, ამღერდა

ქართველთა გასახარადა,

ღმერთო, ეს ჰანგი მიკურთხე

მიცოცხლე აწ და მარადა”.