რა სასწაული მოხდა ნინო ძოწენიძის მამის გარდაცვალების შემდეგ და რატომ მოუწია მას თბილისის ყველა უბანში ცხოვრება

259

მომღერალი ნინო ძოწენიძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. გამორჩეული ხმის ტემბრის გამო მას ადრეული ასაკიდან შეამჩნიეს მუსიკალური მონაცემები. მუსიკის ნიჭი, გენეტიკურად ერგო. ის ბავშვობაში კარატეზეც დადიოდა და საკმაოდ კარგადაც იბრძოდა. ბევრი მეგობარი ჰყავდა და უბანშიც პატივს სცემდნენ. მამისგან გათამამებულ გოგონას, დღეს მისი მეუღლე, გიგა კუხიანიძე ათამამებს და როგორც თავად ამბობს, გიგა ის მამაკაცია, რომელიც სულ მის გვერდით იდგა და დგას.

ნინო ძოწენიძე: ბავშვობაში ძალიან მხიარული და ცელქი ვიყავი. ქუჩა და ბირჟაც მიყვარდა, იმავდროულად, კარგადაც ვსწავლობდი და ვიოლინოზეც დავდიოდი. ერთი სიტყვით, უბნის ცხოვრება სხვა ისტორია იყო ჩემთვის. არ დამავიწყდება, უბანშიც სულ ვმღეროდი, განსაკუთრებით უიტნის სიმღერებს და „ჩვენი ვიტნიო“ – ასე მეძახდნენ. ჩემი უბნელები სულ დადიოდნენ ჩემს კონცერტებზე და ამაყობდნენ ჩემით. მე რომ ბირჟაზე ვიყავი, ჩემი ძმა სახლში იჯდა, ან სწავლობდა და ან ჭადრაკს თამაშობდა (იცინის). სხვათა შორის, ჩემი ძმა კარატეზეც დადიოდა და ძალიან კარგად ჩხუბობდა. ვიფიქრე, მეც მივალ, ვისწავლი კარატეს-მეთქი. თან, მაშინ, ბრუს ლი მომწონდა. მივედი კარატეზე, საკმაოდ კარგად ავითვისე, სწრაფი ვიყავი და ჩემი სიმაღლის ბიჭებს, ყველას ვერეოდი. დღემდე მკლავში სასწაული ძალა მაქვს და არ არსებობს ქალი, ვინც ხელს გადამიწევს, ერთადერთი, ჩემი პედაგოგის, მზია ღამბაშიძის გამოკლებით. ასე რომ, ბავშვობიდან ძლიერი მკლავი მაქვს.

– ამბობენ, მამასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა გქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ აღარ გინდოდა დედაქალაქში დაბრუნება და კარიერის გაგრძელება, რომ არა ერთი მისტიკური ფაქტი… შეგიძლია, მოგვიყვე, რეალურად რა მოხდა?

– მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა, სხვა ემოციური ბმაა. მამა ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. განსაკუთრებულად მიყვარდა, განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. ვეჭვიანობდი მამაჩემზე, მის გვერდით ვერავის ვერ ვიტანდი. მასზე უცნაურად ვიყავი ჩაბღაუჭებული. ისიც ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო და ყოველთვის ამაყობდა ჩემით. სულ ვამბობდი: ავთოს გოგომ, მამაჩემის შვილმა, რაღაცას უნდა მივაღწიო, რაღაც უნდა გავაკეთო ცხოვრებაში და ჩემი სიტყვა და სათქმელი ვთქვა-მეთქი. მამა, ერთ კვირაში, მენინგიტით გარდაიცვალა. მე თბილისში ვიყავი. მისი ავადმყოფობა სერიოზულად არ აღვიქვი, მეგონა, გაციებული იყო და მალე გამოჯანმრთელდებოდა. მარტო მე კი არა, ყველას ასე ეგონა. რომ მითხრეს, უნდა ჩამოხვიდეო, ამხელა ტრაგედიას, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მამას სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებაც კი აღარ მინდოდა. ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ არ ვიყავი მის გვერდით. მე უფრო ვიგრძნობდი, რა სჭირდა, რამდენად სერიოზული იყო ეს დაავადება. იმდენად განვიცადე, მის გვერდით რომ არ ვიყავი, ვიფიქრე, მე იქ უნდა დავრჩენილიყავი. იქ იყო მამის საფლავი და მეც იქ, იმ სახლში უნდა ვყოფილიყავი. თბილისისკენ გამოხედვაც არ მინდოდა. თუმცა, მოხდა უცნაური ფაქტი – მამის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, ვსხედვართ ოთახში ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები, ვსაუბრობთ. ჩემი ძმა გავიდა ლოჯში და რას ხედავს? მამაჩემის საწოლი იწვის. საკმეველი და სანთელი კი ენთო, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, ვერაფერს ვუკავშირებ. საწოლზე მისი გიტარა და სხვადასხვა ინსტუმენტიც ეწყო და ყველაფერი დაიწვა. ჩავთვალე, რომ მამამ იმქვეყნიდან მაგრძნობინა, შენ უნდა დაბრუნდე, შენ უნდა იმღეროო. ის ოცნებობდა, წარმატებული მომღერალი ვყოფილიყავი და არ დაუშვა, მისი სიკვდილის მერე სცენას ჩამოვშორებოდი. მეც ასე მოვიქეცი.

– მართალია, რომ შენი მეუღლე, გიგა კუხიანიძე მამას სასიძოდ თავიდანვე მოსწონდა?

– მე და გიგა ცხრა წელი მეგობრები ვიყავით, თუმცა ეს მეგობრობა საბოლოოდ სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახიც შევქმენით. საბავშვო მუსიკალური თეატრიდან, ცხრა წლიდან, ერთად მოვდივართ. სხვათა შორის, მამა მეუბნებოდა: შვილო, ნინიკო, არ ვიცი, შენ რას ფიქრობ, მაგრამ ეს ის კაცია, რომელმაც შენი ფასი იცისო. მამა რომ აღარ იყო, ეს სიტყვები სულ მახსენდებოდა. ზოგადად, გიგას უყვარს, როცა ზრუნავს შენზე, ცდილობს, შენ მაგივრად აკეთოს რაღაცები. კიდევ კარგი, იმ ასაკში ამ ყველაფერს მივხვდი და ის ავირჩიე ჩემი ცხოვრების მეგზურად. არადა, ყველას ვეუბნეობდი: გიგა მხოლოდ მეგობარია, ხომ არ გაგიჟდით, რა სიყვარული, რა ცოლად გაყოლა-მეთქი. გიგამ ერთხელ მითხრა, მიყვარხარო და მერე აღარ მეუბნებოდა, საქმით ამტკიცებდა. სხვათა შორის, როცა მის ცხოვრებაში სხვა გამოჩნდებოდა, ყველას ნინო ერქვა (იცინის), ვეჭვიანობდი და არ მომწონდა ეს ფაქტი. ჩემს თავთანაც დისბალანსში ვიყავი, ვფიქრობდი, თუ მეგობარია, რატომ ვეჭვიანობ-მეთქი. და, მივხვდი, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით.

– უკვე ოცი წელია, ერთად ხართ. მაშინ შენ 22 წლის იყავი, გიგა 23-ის, ბინა არ გქონდათ და ქირით გიწევდათ ცხოვრება. თუ არ ვცდები, საკმაოდ ბევრი ბინა გამოიცვალეთ. ხომ ასეა?

– დიახ, მაშინ ბინა აქ გვქონდა დედაქალაქში, ქირით ვცხოვრობდით. მგონი, ყველა უბანში ვიცხოვრე, მინიმუმ, ოცდაათი ბინა გამოვიცვალეთ. ბავშვთან ერთად, თოთხმეტი წელი ბინიდან ბინაში დავდიოდით. ახლა, მადლობა ღმერთს, საკუთარი ჭერი გვაქვს.

– ნინო, ერთ-ერთი სატელევიზიო მუსიკალური შოუს გამარჯვებული რომ გახდი, ბინა ხომ გადმოგეცა საჩუქრად? ის ბინა კიდევ გაქვს თუ გაყიდე?

– მართალია, მოვიგე ბინა ჭონქაძეზე, მაგრამ სამწუხაროდ, აღარ მაქვს. ამ ბინასთან დაკავშირებით, საოცარი ისტორია დაგვემართა მე და გიგას: მოკლედ, ნიკა გრიგოლიამ დამირეკა, „ფარულ კამერაში“ გვინდა გიგას გახვევაო. გიგა გავაფრთხილე, აპირებენ „ფარულ კამერაში“ მოხვდე და ეცადე ან არ შეიგინო, ან რამე ისეთი არ თქვა, გაწონასწორებული იყავი, მერე რომ შეგრცხვეს-მეთქი. ეს ჩარჩა გიგას ტვინში. დაახლოებით ერთ თვეში, ურეკავს მამულიჩა გიგას და ეუბნება: ეს კორპუსი გაიყიდა, ინვესტორმა იყიდა, კლინიკა კეთდება და მხოლოდ თქვენი ბინაა დარჩენილი და იქნებ გაყიდოო. გიგას „ფარული კამერა“ ეგონა. ჩემთანაც მოვიდა ცოლ-ქმარი მოლაპარაკებაზე, რა ფასიც გინდათ, თქვით და მოგცემთ ბინის სანაცვლოდო. გიგას ვუთხარი, რეალური ხალხია და გავყიდოთ-მეთქი. არა, რა რეალური, ღადაობაა, გვატყუებენო. ერთი სიტყვით, ბოლო წუთამდე, სანამ თანხა ანგარიშზე არ დაჯდა, გიგას ეგონა, რომ ეს იყო „ფარული კამერა“. მაშინ კი მიხვდა, არ იყო „ფარული კამერა“. თუმცა, ეს ფული ლარში გადმოირიცხა, ორ დღეში კი მოხდა საოცრება – ლარი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა დოლართან მიმართებაში. ასე გავყიდეთ, მოვტყუვდით, დავკარგეთ ბინა და სანანებელი გაგვიხდა.