“შვილი რომ დავკარგე, ერთი წელი მუნჯი ვიყავი, საერთოდ არ ვლაპარაკობდი”

254

დიზაინერ ნანა მელქაძის წარმატების ისტორია განსაკუთრებულია. საერთოდ, მისი ცხოვრებაა გამორჩეული. უდიდესი ტრაგედიის შემდეგ ფეხზე წამოდგომის ძალა ზუსტად საყვარელმა საქმემ მისცა და მას შემდეგ ამ საქმისთვის აღარ უღალატია.

ნანა მელქაძე: ჩემი საქმე ურთულესია, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს და მასში უდიდესი შრომა მაქვს ჩადებული. ღამისთევა, თავდაუზოგავი მუშაობა და მიზნამდე დაუღალავად სვლა – ეს თვისებები გულსა და სულში მაქვს გამჯდარი, მაგრამ მიღწეულით ჯერ კიდევ არ ვარ კმაყოფილი. კიდევ ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი. მეტი შემიძლია და გავაკეთებ კიდეც. ეს საქმე ბავშვობიდან მიყვარდა, სამი წლის ასაკში უკვე თოჯინებს ვაცმევდი და სილამაზის საოცარი აღქმა მქონდა, მაგრამ მშობლების სურვილით, სამედიცინოზე ჩავაბარე. სამსახური მქონდა, ჩემი პროფესიით კლინიკებსა და აფთიაქებში ვმუშაობდი, მაგრამ პარალელურად, ყოველთვის ამას ვაკეთებდი. მერე, როცა ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი დამიდგა, ვიგრძენი, რომ ამ საქმის კეთება დიდ შვებას მგვრიდა. ამიტომ გადავწყვიტე, მთლიანად მასზე გადავრთულიყავი და საქმიანობა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მე ამ საქმემ გადამარჩინა. მან უდიდესი ტკივილი დამიამა. როდესაც ადამიანი ძალიან ცუდადაა, ის შვებას ეძებს და მე ის ამ საქმეში ვიპოვე. ჩემს ტკივილს ვერაფერი დამავიწყებს, მაგრამ მან ცხოვრების ღირსეულად გაგრძელების საშუალება ნამდვილად მომცა. ამიტომაცაა, რომ არავის უგრძნია ნანა მელქაძის წუწუნი.

– თან საკმაოდ პატარა იყავით, როცა ეს მოხდა…

– 28 წლის ვიყავი, როდესაც ეს ტრაგედია თავს დამატყდა. მაშინ უკვე მშობლებიც აღარ მყავდა, დედ-მამა იქამდე გარდამეცვალა. მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, როცა მშობლები დავკარგეთ. 28 წლის ასაკში კი 10 წლის შვილი დავკარგე. ერთი წელი მუნჯი ვიყავი, საერთოდ არ ვსაუბრობდი. მერე, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ცხოვრება.

– ამ მდგომაროებიდან გამოსავალი როგორ იპოვეთ?

– ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ეს რომ მოხდა, მაშინვე გამიელვა აზრმა: მორჩა, ყველაფერი დასრულდა. ჩემთვის ეს დასასრული იყო. ვფიქრობდი, რომ მე, ნანა მელქაძე, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი. ოდესმე თუ გავიცინებდი ამას როგორ წარმოვიდგენდი?! არაფერი მაინტერესებდა. დავმუნჯდი. მდუმარებაში ვიყავი. არც სახლიდან გავდიოდი. ჩემთვის მხოლოდ ტაძარი არსებობდა. მან გადამარჩინა. თითქმის ერთი წელი ასე გავატარე. ერთი წლის შემდეგ ბავშვის ყველა ფოტო ავიღე. ადამიანი მაინც ეგოისტი არსებაა – აღარ მინდოდა, ცუდად ვყოფილიყავი. გავაპროტესტე ჩემი მდგომარეობა და გარეთ გავედი. თავიდან დავიწყე სიარული, საუბარი და ასე შემდეგ.

მანამდე არც ვსვამდი, არც ვჭამდი და 39 კილოგრამი ვიყავი. ძალიან დავსუსტდი, ძლივს დავდიოდი. მერე ძალიან ბევრი გადასხმა დამჭირდა, რომ მოვძლიერებულიყავი. მებრძოლი სული აღმომაჩნდა და მარტო დარჩენილმა, თვითონ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა.

– მეუღლე, ძმა, ახლობლები?

– მეუღლეს დაშორებული ვიყავი. ძმა ამ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. მე მარტო ვიყავი ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში. სამეგობრო, სანათესავო – კი, ბატონო, მოდიოდნენ და მნახულობდნენ. თუმცა, ბოლოს უკვე ადამიანებიც მაღიზიანებდნენ და მერჩივნა, მარტო ვყოფილიყავი. ყველას ვთხოვე, რომ რაღაც პერიოდი აღარ ვენახე. ჩავიკეტე. ასე ჯობდა. ახლანდელი გადასახედიდანაც ვხვდები, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მარტო ყოფნა მჭირდებოდა. უნდა გამეგო, რა მინდოდა სამომავლოდ. თავი ვერ მოვიკალი. მწარე რეალობის წინაშე რომ დავდექი, გავქვავდი. ვერაფერი გავაკეთე. მერე კი ვეძებდი ჩემს თავს იმისთვის, რომ ცხოვრება ღირსეულად გამეგრძელებინა.

ქუჩაში რომ გამოვედი, ჩემთვის უკვე ყველაფერი უცხო იყო. ძალიან მიკვირდა, რომ ვხედავდი, როგორ მოძრაობდნენ ადამიანები. იღიმოდნენ, ბედნიერებას ასხივებდნენ. თურმე, ცხოვრება გრძელდებოდა. ერთი წელი არ არის დიდი დრო, მაგრამ მე სახლში ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დასრულდა. ჩემთვის აღარაფერი არსებობდა და რატომღაც ვფიქრობდი, რომ გარეთაც ასე იყო. აღმოვაჩინე, რომ – არა, თურმე, ცხოვრება გრძელდებოდა. თავიდან ქუჩაში ძალიან დამფრთხალი დავდიოდი. გზაზე გადასვლაც კი ძალიან მიჭირდა. ადამიანები რომ მიახლოვდებოდნენ ვჩერდებოდი და ვაკვირდებოდი. რამეს რომ მეკითხებოდნენ, ჩუმად ვიყავი, ხმას არავის ვცემდი. უდიდეს დეპრესიაში ვიყავი, თუმცა, ეს არავისთვის მიჩვენებია.

– დღეს?

– დღეს მე ძალიან კარგი შვილები მყავს, მადლობა ღმერთს. უფროსი 20 წლის ხდება, პატარა 13-ისაა. შვილები რომ გავაჩინე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ისინი ჩემს ტრაგედიასთან არაფერ შუაში იყვნენ. მათ ეს სიმძიმე არ უნდა ეგრძნოთ. ყველას ვუღიმოდი და დღემდე ასე ვარ. ძალიან ბევრმა არც იცის ჩემი ისტორია. არ მიყვარს ამაზე საუბარი და არც ვსაუბრობ ხოლმე. მე ვიცი, რაც გამოვიარე და ჩემი შვილის ჩემთან ყოფნას მუდმივად ვგრძნობ, ეს მყოფნის. უბრალოდ, ეგ არის, რომ ძალიან მენატრება. ჩემმა შვილებმა იციან, რომ ძმა ჰყავდათ და ძალიან უყვართ. ალბათ, ეს ჩემი დამსახურებაცაა. თუმცა, ისინი არასდროს დამიმძიმებია ჩემი განცდებით. პატარები რომ იყვნენ, არაფერს ვეუბნებოდი. შემდეგ, აღდგომის ერთ დღესასწაულზე, უფროსს ვუთხარი, შენი ძმის საფლავზე მივდივართ-მეთქი. მაშინ 7-8 წლის იქნებოდა. ბავშვს გაუკვირდა, მაგრამ ჩვეულებრივად მიიღო. დღეს ტაძარში რომ შევდივართ, ჩემი შვილები, პირველ რიგში, ძმას უნთებენ სანთელს. ვგრძნობ, რომ ძალიან უყვართ და ეს მიხარია.

მე ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს. რომ დაიბადა, იქიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილი ჩემთან დიდხანს არ იქნებოდა და ამის გამო სულ შიშები მქონდა, ფეხებში ვუყურებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა, მაგრამ ყველაფერი ღმერთის ნებაა.

– ამ ტკივილის განცდის შემდეგ შეგხვდათ ადამიანი, ვისაც ცხოვრება დაუკავშირეთ, ორი შვილი გაგიჩნდათ. ალბათ, ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი.

– წინასწარ არაფერი დამიგეგმავს. ჩემს ცხოვრებაში საოცარი მოვლენები ხდება, მაგრამ ყველაფერი დაუგეგმავად. ამაზე არც მიფიქრია. უფროსი ბიჭი მომხდარიდან ოთხი წლის შემდეგ გამიჩნდა. ანუ, ოჯახი სამი წლის შემდეგ შევქმენი. ამ სამი წლიდან, როგორც გითხარით, ერთი წელი ჩაკეტილი ვიყავი. შემდეგ ჩემი საქმე დავიწყე და ამან სიცოცხლეში დამაბრუნა.

იცით საქმე როგორ დავიწყე? ჩემმა პირველმა მომხმარებელმა ორი გოგონა მოიყვანა, მათ კიდევ – უფრო მეტი. მომხმარებლები გამიმრავლდა და ხუთი მკერავი დავიმატე. არ ვიცი, სად მქონდა ძალა. ალბათ, ღმერთი მაძლევდა – ამას სხვა ახსნა არ აქვს. 40 კილოგრამამდე ვიწონიდი, მაგრამ ჩემი საქმე მაძლიერებდა, შვებას ვგრძნობდი და დღითიდღე ძალა მემატებოდა. სახლ-კარი არ მქონდა, ქირით ვიყავი. ჩემი მომხმარებლებით ერთოთახიანში რომ ვეღარ დავეტიე, სხვაგან გადავედი, ოროთახნახევრიან ბინაში და იქ გავაგრძელე ჩემი საქმის კეთება. მერე ოჯახი შევქმენი. ამ დროს უკვე უამრავი მომხმარებელი მყავდა და ბავშვის გაჩენამდე საკუთარი სალონიც გავხსენი. მას შემდეგ საერთოდ არ გავჩერებულვარ.

– იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარეთ, დღეს დედის ამპლუაში როგორი ხართ?

– უფროსზე ძალიან შეშინებული ვიყავი. როგორც გითხარით, გული მიგრძნობდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ბავშვს რომ ეძინა, მაშინაც კი რაღაც ცუდის მოლოდინი მქონდა. ტრაგედიის წინა დღეებში ხილვა მქონდა…

ამათთან ძალიან ჩვეულებრივად ვიქცევი. მგონია, რომ ჩემი შვილებისთვის კარგი მეგობარი და დედა ვარ, მრჩეველი, დამრიგებელი და მათი აზრების გამზიარებელი. ტკივილი ტკივილია, მაგრამ სიხარულს თავისი ადგილი აქვს. ამ ბავშვებს თავისი ცხოვრება აქვთ და მე ისინი მაბედნიერებენ. ჩემი ტკივილი ჩემთან არის, ძალიან ხშირად ვგრძნობ განსაკუთრებულ მონატრებას და ეს მე ვიცი, რას ვაკეთებ მაგ დროს, მაგრამ ვიტყვი, რომ ლაღად ვცხოვრობ. ვერავინ გრძნობს და ვერავინ წარმოიდგენს ამის მიღმა რა დგას. მე რაღაც მაძლევს შინაგან ძალას.

– შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება როგორ მოახერხეთ?

– პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყო. თუ ადამიანი არ ხარ, რასაც არ უნდა აკეთებდე, ხალხს არ ეყვარები. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ მე ადამიანების სიყვარულს ვგრძნობ. ისინიც გრძნობენ ჩემგან სითბოსა და სიყვარულს. ჩემთვის თანხა არ არის მთავარი, ყველაზე ძვირფასი ურთიერთობებია. ჩემგან მოტყუებულ ადამიანს ვერ იპოვით, იმიტომ, რომ სიმართლე და გულწრფელობა ყველაფერს მირჩევნია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბევრს ვმუშაობ ახალ კოლექციებზე და რეიტინგიც შესაბამისია. მუდმივად გაფართოების პროცესში ვარ და ეს ძალიან შრომატევადია, თუმცა, როგორც გითხარით, შრომა არ მეზარება, პირიქით. მე უფრო მეტის კეთების სურვილი მაქვს და ამ სურვილს მივყავარ წინ და წინ. ახლახან მილანიდან მივიღე მოწვევა. აქამდეც უამრავი ქვეყნიდან და ქალაქიდან მიმიღია, მაგრამ მილანი ამოჩემებული მქონდა. ძალიან მინდოდა, მოწვევა მოდის ეპიცენტრიდან მქონოდა და მართლაც, სასწაული მოხდა. კულტურის სამინისტრომ მიმიწვია და ნოემბრის ბოლოს მივდივარ – მილანის ცენტრში სამდღიანი გამოფენა-გაყიდვა მექნება, რისთვისაც სერიოზულად ვემზადები და უფლის მადლობელი ვარ იმ ყველაფრის გამო, რაც მაქვს.