“ერთი პერიოდი დეპრესიაც ისეთი მქონდა, სახლიდან გამოსვლა არ მინდოდა, სიმღერის ხალისიც კი დავკარგე”

307

მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ცხოვრებაში ტკივილიც ბევრი იყო და სიხარულიც. რადგან პოპულარობა არ აკლდა, მის ცხოვრებას ყოველთვის გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ. ასეთ დროს ძნელია, შეინარჩუნო წონასწორობა, არ შეიმჩნიო მოდარაჯე, ცნობისმოყვარე მზერა, არ უპასუხო ათასგვარ კომენტარს შენი მისამართით… ავად თუ კარგად დაძლია ეს მომენტი და გადატანილი ქარტეხილების შემდეგ თავის დიდ ოჯახს უძღვება, აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას.

მის კონცერტს მსმენელი კარგა ხანია ელის. მომღერალი უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს, ემზადება, მაგრამ არ ჩქარობს.

რა ეტაპი დგას ახლა მომღერლის ცხოვრებაში, როგორ აღიქვამს გარშემო არსებულ რეალობას, ამაზე თამრიკო ჭოხონელიძე “სარკეს” ესაუბრება.

– თამრიკო,  ხომ არ გაქვთ დაკონკრეტებული, როდის შეხვდებით მსმენელს სოლო კონცერტით?

– სოლო კონცერტს დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ჩემს ძვირფას მსმენელს ერთი ხელის წამოკვრით გაკეთებულ კონცერტს ვერ შევთავაზებ, ამიტომ აქამდე გვქონდა დიდი შუალედებით სულ სამი კონცერტი – 1998, 2010 და 2016 წლებში. ეს უკანასკნელი ჩემი ვარსკვლავის გახსნის დროს იყო. ახლა თუ ჩავატარე, ისეთი უნდა იყოს, წინა კონცერტებს არ ჰგავდეს, სრულიად ახალი პროგრამა უნდა შევთავაზო მსმენელს.

– ამბობენ, სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო. თქვენი ნათქვამი სიმართლის გამო ალბათ ბევრის დამოკიდებულება შეიცვალა თქვენ მიმართ და თქვენც ბევრის მიმართ გადააფასეთ თქვენი შეხედულებები ახლო თუ შორეულ მეგობრებსა და ნაცნობებში.

– გადაფასება რბილი ნათქვამია, უფრო ცუდი რამ დამემართა, რწმენა დავკარგე. ადამიანში უფრო მეტი პირუტყვი დავინახე, ვიდრე ადამიანი. რაც შეეხება ცხენის შეკაზმვას, ნამდვილად არ ვაპირებ არსად წასვლას. ეს ჩემი საქართველოა, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. ვერც იმაზე დავხუჭავ თვალს, რომ ამ ისტორიაში ბნელი მომენტებიც არის, რომელშიც ლომის წილი ისევ ჩვენ, ქართველებს, მიგვიძღოდა. ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. თუ ქვეყნის გულშემატკივარი ხარ, მისი ისტორიის ცუდიც უნდა იცოდე და კარგიც, ეცადო ცუდის გამოსწორება.

აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ვისწავლეთ ისტორიის გაკვეთილები, ხოლო ვინც ვისწავლეთ და გვაქვს უნარი, შევაფასოთ კარგი და ცუდი, არ გვაქვს უფლება, ჩვენი მიწა-წყალი დავტოვოთ. ვის უნდა დავუტოვოთ, მათ, ვინც სოციალურ ქსელში ასეთ უმსგავსოებას წერენ და მხოლოდ სხვის ცხოვრებას ჩხრეკენ?!

ბევრი წინაღობა მქონდა. საბედნიეროდ, ისე ვიცხოვრე, ისე მოვდივარ, რეაგირება არ მოვახდინე ბევრ რამეზე, რამაც გული მატკინა. ერთი პერიოდი დეპრესიაც ისეთი მქონდა, სახლიდან გამოსვლა არ მინდოდა, სიმღერის ხალისიც კი დავკარგე. მერე მივხვდი, რომ ვღალატობდი საკუთარ თავს. გავაანალიზე, რომ არ ვარ უღირსი ადამიანი, ამიტომ საკუთარი ღირსების გრძნობით, საკუთარი თავის პატივისცემით გადავლახე რთული დრო.

ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულს, მხარდაჭერას დიდი ნაწილისგან, ხოლო იმ მცირე ნაწილს, ვისაც გამიზნულად უნდოდა ჩემი გულისტკენა, პასუხი არ გავეცი და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი.

– ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები გქონდათ, დღეს როგორ გრძნობთ თავს?

– თავის დროზე არ მივაქციე ჩემს ჯანმრთელობას ყურადღება და სერიოზული პრობლემა შემექმნა. ქართველმა ექიმებმა უდიდესი ყურადღებით და ძალისხმევით მომხედეს, მომიარეს, გამომაჯანმრთელეს და თითიც დამიქნიეს, ყოველთვის სხვებზე ნუ ფიქრობ, ცოტა საკუთარ თავზეც იფიქრეო. იმ ორი-სამი წლის განმავლობაში, როცა ლამის სიკვდილს ჩავხედე თვალებში, დავინახე ჩემი ამქვეყნად მოსვლის მნიშვნელობა, მივხვდი, როგორ ვჭირდები გარშემომყოფებს, განსაკუთრებით – ჩემი ოჯახის წევრებს. ამიტომ შევეცადე და დავიწყე ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.ზოგჯერ ცუდი იმიტომ ხდება, რომ კარგი დაინახო და დააფასო. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა.

– ორი ნიჭიერი შვილი გაზარდეთ. როგორ აგრძელებენ ისინი შემოქმედებით ცხოვრებას?

– ორივე მუდმივად ძიების პროცესშია საკუთარი თავის, საკუთარი პროფესიით. მუდმივად სრულყოფაზე, სწავლაზე ფიქრობენ. ყველაზე მეტად მიხარია, რომ ისინი შედგნენ მოქალაქეებად, საზოგადოების წევრებად, კარგ ადამიანებად. მე გავაჩინე ისინი, გავზარდე. როცა მივხვდი, რომ უკვე უნდა გასულიყვნენ სახლის ზღურბლიდან, არ ჩავეჭიდე, არჩევანის თავისუფლება მივეცი და გავუშვი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადასადგმელად. აქ ყველაზე ნაკლები შეცდომა მაქვს დაშვებული, თორემ, როგორც ყველას, მეც მაქვს შეცდომები, პირველ რიგში, საკუთარი თავის საზიანოდ.

ყველაზე საამაყოა, რომ ისინი ჯერ კარგი ადამიანები არიან და შემდეგ პროფესიონალები. კოკომ დიდი და საინტერესო ნაბიჯები გადადგა თეატრში არა როგორც მსახიობმა, არამედ რეჟისორმა. ჩემი შვილების კოლეგები, მეგობრები, ნაცნობები და ზოგჯერ უცნობებიც მეკითხებიან, როგორ მოახერხე, რომ ასეთი კარგი შვილები გაზარდეო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორც დედას, როგორ მიხარებს გულს ასეთი შეფასება!

ორივე წიგნიერია, განსაკუთრებით – კოკო. მშობლებიც საუკეთესოები აღმოჩნდნენ. კოკოს მეუღლე ანაც შესანიშნავი გოგონაა, ფანტასტიკური დედა. შემდგარი, თბილი ოჯახი აქვთ. მართალია, მარიამს ამ მხრივ ხელი შეეშალა, მაგრამ ელენეს ზრდის დიდი მზრუნველობით და ყურადღებით. საკუთარი თავის მიმართ მარიამი ძალზედ მომთხოვნია. არა მარტო ესტრადასა და კლასიკურ ჟანრში, ფოლკლორის შესრულებაც შესანიშნავად შეუძლია. პანდემიამ დახია უკან მარიამის კარიერა, მაგრამ მუშაობა მაინც არ შეუჩერებია, აქტიურად მეცადინეობს.

– თქვენი ქმარი, მსახიობი გია როინიშვილი, რომელიც დიდი ხნით ჩამოცილებული იყო თეატრს და პოლიტიკაში აქტიურობდა, დაუბრუნდა შემოქმედებით პროცესს.

– 12-წლიანი წყვეტის შემდეგ კოკოს მიერ დადგმული სპექტაკლით დაბრუნდა. კოკომ ვუდი ალენის მოთხრობების მიხედვით დაწერა სცენარი და თავადვე განახორციელა მისი დადგმა, სადაც გია მთავარ როლს ასრულებს.

მართალია, გია გარკვეული დროის განმავლობაში პოლიტიკაში იყო, მაგრამ ამავე დროს სხვა მიზეზებიც არსებობდა თეატრიდან მისი გამოშვებისა. ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა თეატრში დაბრუნება, რადგან ნამდვილად კარგი მსახიობია და პოლიტიკაში დროს კარგავდა. აქტიურად არის დაკავებული რამდენიმე სპექტაკლში.

– თქვენი დედიკო ხომ არის ჯანმრთელად?

– დედა კარგად არის. ბოლო დროს ზოგჯერ მაბრაზებს, რადგან ისევ ძველებურად დატვირთვით აგრძელებს საქმიანობას. მე კი მინდა, ცოტა თავი დაზოგოს, გაუფრთხილდეს ენერგიას, რომ დიდხანს მყავდეს.

ყოველთვის ლამაზი იყო, ის მომხიბვლელობა ახლაც აქვს. როცა სადმე წასასვლელად გამოიპრანჭება, სამივე ქალიშვილს გვჯობნის სიკეკლუცითა და სილამაზით.

– რას ნიშნავს თქვენთვის ასაკი, ქალები ხომ მტკივნეულად განვიცდით წლების მატებას?

– წელს გავიაზრე, რომ ბოლო დაბადების დღე იყო, როცა ჩემი ასაკი ციფრი 5-იანით იწყება, მომავალ წელს უკვე 6-იანი დამეწერება. ამან, ცოტა არ იყოს, ხასიათი გამიფუჭა, დავსევდიანდი. მერე მაინც გავმხნევდი. ჩემთვის კარგი მაგალითი იყო ჩემს გადაცემაში ნაჩვენები 92 წლის რუსთაველი ქალბატონის, თინას, ცხოვრება და ის ხალისი, რაც მას ამ ასაკში აქვს.

კარგად ვიცი, რომ, რაც გავიარე, იმდენი დრო აღარ დამრჩა, მაგრამ წლებმა გამოცდილებაც შესაბამისი მომიტანა, ამიტომ დარჩენილ წლებს აუცილებლად ნაყოფიერად, საინტერესოდ გავატარებ პროფესიაშიც და ოჯახშიც.