რა ეხმარება ნუკა მარგველაშვილს მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში, რა მტკივნეული გაკვეთილისგან ისწავლა მან ყველაზე მეტი და როგორ ცდილობს საკუთარი თავის სრულყოფას, ამას მისგან გავიგებთ.
ნუკა მარგველაშვილი: ვგრძნობ, რომ ღმერთი არასდროს მტოვებს. ძალიან ხშირად ზუსტად ისეთ დროს გამმართლებია, როცა ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის წყალობა. ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ „ჩამოვარდნილა ციდან“ კარგი ამბები. გადაუჭრელი პრობლემების დროს აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს გამოუწვდიათ ხელი. ასეთ მომენტებში ვხვდები, რომ მანამ, სანამ ადამიანი ცოცხალია, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
– რა წვლილი მიუძღვის შრომისმოყვარეობას სირთულეების გადალახვასა თუ წარმატების მიღწევაში?
– შრომა ყველაზე მთავარია. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ არ იშრომებ, არაფერი გამოგივა. მარტო ნიჭიერება, თუ მას არ განავითარებ და შრომას არ დაახმარ, გვერდზე დაგრჩება. მე ეს გამოცდილებამ მასწავლა. სანამ ცოტა პატარა ვიყავი, მეგონა, რომ ნიჭის ხარჯზე მარტივად „გავძვრებოდი“. ახლა სულ პატარა საქმეც რომ მქონდეს გასაკეთებელი, იმისთვისაც კი ვცდილობ, ძალიან კარგად მოვემზადო. ტელევიზიაში მუშაობას, კორპორატიული საღამოების წაყვანასა თუ სიმღერას, ანუ იმ საქმეებს, რითაც მე ვარ დაკავებული, ნამდვილად დიდი შრომა და რეპეტიცია სჭირდება. მომზადებული ადამიანი ბევრად უფრო თავდაჯერებულია და ინფორმაცია რომ დიდი ძალაა, ამის თქმით ვერავის გავაკვირვებ.
– ყველაზე მეტი რისთვის გიშრომიათ?
– ჩემი თავის გაუმჯობესებისთვის. გარეგნობით – 45 კილოგრამის დაკლებით დაწყებული და შინაგანი მდგომარეობის გაძლიერებითა და მეტის სწავლით გაგრძელებული. ისიც არაჩვეულებრივად ვიცი, რომ ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი შეცდომა გამოცდილებაა. ჩემს წარუმატებლობაში სხვებს არასდროს ვადანაშაულებ, მიზეზს საკუთარ თავში ვპოულობ და მის გამოსწორებას ვცდილობ.
– დაკლებული 45 კილოგრამი ვახსენეთ და როგორც ვხვდები, ძალიან ძლიერი ნებისყოფა გაქვთ.
– მგონია, რომ ყველაფერს სწორი მიდგომა სჭირდება. მიზანს რომ მიაღწიო, შრომასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულების საკითხი. იმდენი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც წონაში დავიკელი, მგონი, ჰგონიათ, რომ ასეთი დავიბადე, მაგრამ ვისაც ძველი ნუკა ახსოვს, ხშირად მეკითხება, თუ როგორ შევძელი ეს. ერთადერთი, რაც მე გავაკეთე, სწორედ დამოკიდებულების ცვლილებაა. როდესაც გადავწყვიტე, რომ მინდოდა, გამხდარი ვყოფილიყავი, მივხვდი, რომ ამ შედეგის მისაღწევად, მთელი ცხოვრება დიეტა კი არ უნდა დამეცვა, დამოკიდებულება უნდა შემეცვალა საჭმლისადმი. დღეს ვჭამ მხოლოდ იმიტომ, რომ გული არ წამივიდეს და იმ პროდუქტებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. ზოგიერთი კერძი ძალიან მიყვარს და ხანდახან თავს უფლებას ვაძლევ, მივირთვა, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. რთულია, მაგრამ გააჩნია, რამდენად გინდა. მე მთელი ცხოვრება დიეტაზე ვიყავი. ხან ვხდებოდი, ხან ვსუქდებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო სწორი გზა და მას შემდეგ, რაც კვებისადმი დამოკიდებულება შევცვალე, სასურველ შედეგს მივაღწიე. და ეს არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა მაშინ მექმნება, თუ ხანდახან რაღაც არასასურველს შევჭამ. ორგანიზმი იმდენად გადაჩვეულია, ვხუმრობ ხოლმე, საჭმლის ნაბახუსევზე ვარ-მეთქი.
– საკუთარ თავზე სასწაულის ძალა გიგრძნიათ?
– როგორ არ მიგრძნია, თან, საკმაოდ ხშირად. მე ზოდიაქოთი მორიელი ვარ, აქედან გამომდინარე, ენერგიების არსებობის მჯერა. სასწაულები მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და არაერთი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანები ფიქრის დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენს სურვილებს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ისინი აუცილებლად ახდება. თუკი იმის ვიზუალიზაციას მოვახდენთ, რაც გვინდა, ის აუცილებლად იქცევა რეალობად. ამიტომ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა გვინდა. როდესაც გონებაში აზრებს შესაბამისად ალაგებ, მერე ყველაფერი გამოდის. როცა იცი, რა გინდა, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია.
– ინტუიცია და წინათგრძნობა როგორ გაქვთ განვითარებული?
– 100 პროცენტით. იმდენად ძლიერად, რომ ზოგჯერ ძალიან მეშინია. ამ მხრივ ძალიან ვუფრთხი საკუთარ თავს. შეიძლება, ბევრჯერ აღმოვჩნდე მართალი, მაგრამ რაღაც მომენტში, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ინტუიციამ მიმტყუნოს. თუმცა, ვაღიარებ, საკმაოდ მძაფრი შეგრძნებები მაქვს და იშვიათად ვცდები. არ მინდა, ამას ძალიან სერიოზულად შევხედო, რადგან ეს დამოკიდებულებას იწვევს. თუმცა, ფაქტია, რომ ხშირად რაღაც აზრი გამივლია თავში და იმწამსვე მიფიქრია, რა სისულელეა, მსგავსი არაფერი მოხდება-მეთქი, მაგრამ ცოტა ხანში მართლა მომხდარა. მერე მივხვდი, როცა გონებაში კარგი აზრი გამკრავს, თუ მას განვავითარებ, აუცილებლად რეალობად იქცევა, ცუდს კი მომენტალურად ვბლოკავ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეშინია.
– რას მიიჩნევთ საკუთარი თავის სისუსტედ?
– ადამიანებისადმი ნდობას. როდესაც სხვებს შენი გადმოსახედიდან აფასებ, მერე ხშირად გიცრუვდება იმედი. აქედან გამომდინარე, ადამიანებისადმი ნდობა ცოტა შემერყა. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ნდობის ღალატს მიჰყავხარ აქამდე და მერე შეიძლება, იმასაც ვეღარ ენდო, ვინც ნამდვილად იმსახურებს. ამიტომაც ვეთანხმები გამოთქმას: ენდე, მაგრამ გადაამოწმე. ჩემი სისუსტეა ჩემი ემოციურობაც. როცა რამე ხდება, იმხელა ემოციებით ვხვდები, რომ ვინგრევი. ერთადერთი, რაც ვისწავლე, ისაა, რომ არასდროს უნდა გააკეთო ის, რაც პირველი მოგივა თავში. ეს ყველაზე აფექტური და არასწორი ნაბიჯი იქნება. მხოლოდ რამდენიმედღიანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მიხვალ ლოგიკურ აზრამდე და მეტ-ნაკლებად სწორ ნაბიჯს გადადგამ.
– შეცდომა, რომელმაც ყველაზე მეტი გასწავლათ.
– ისევ ნდობას დავუბრუნდები. ყველაზე ბევრი ძალიან ახლობელი ადამიანის მხრიდან იმედგაცრუებამ მასწავლა. ეს რამდენადაც მტკივნეულია, იმდენად ჭკუის მასწავლებელია. ვგულისხმობ ძალიან დიდი ნდობის ბოროტად გამოყენებას და არაერთხელ იმ ადამიანებისგან, ვისგანაც ამას ვერაფრით წარმოიდგენ. გტკივა, მაგრამ დრო გადის და ხვდები, რომ ამით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი მიიღე.