როგორ გადაწყვიტა ხუთი შვილის დედამ ნინო ეგნატაშვილმა სტუდენტობა და რით ამაყობენ მისი შვილები

222

ხუთი შვილის დედა, 29 წლის ნინო ეგნატაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და დროის სიმცირისა, ნინომ მოახერხა, ოცნება აესრულებინა და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განეგრძო.

ნინო ეგნატაშვილი: სწავლის გაგრძელება ყოველთვის მინდოდა და უმაღლესში ჩაბარებაზეც სულ ვფიქრობდი, მაგრამ დრო გადიოდა და სხვადასხვა პრობლემის გამო ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი. ერთი წლის წინ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ოცნება ამეხდინა და ვიპოვე აბიტურიენტების მოსამზადებელი სასწავლებელი. მათ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე იმ აბიტურიენტების სია ჰქონდათ გამოქვეყნებული, ვინც უკვე ჩააბარა უნივერსიტეტში და ისე გამიტაცა მათი სიხარულის გაზიარებამ, კიდევ უფრო მეტად მომინდა, უკან არ დამეხია. ვფიქრობდი, ხომ შეიძლება ერთი წლის შემდეგ მეც ერთ-ერთი ამათგანი ვიყო–მეთქი. დავუკავშირდი ცენტრის ხელმძღვანელს და ვუთხარი ჩემი მდგომარეობის შესახებ, ანუ ის, რომ ხუთი შვილი მყავდა და დროის პრობლემა მქონდა. ბუნებრივია, ყველა ცდილობს მის ცენტრს კარგი რეიტინგი ჰქონდეს და თუ რომელიმე მოსწავლე დაბალ ქულას აიღებს, ეს მათ იმიჯზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ შეიძლება, უარი ეთქვა ჩემთვის იმის გამო, რომ იყო შანსი, კარგად ვერ მესწავლა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, დამთანხმდნენ. გადავწყვიტე, სამართალზე ჩამებარებინა. ეს სპეციალობა ბავშვობიდან განსაკუთრებულად მაინტერესებდა. ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება მეც გამომადგება, ჩემს შვილებსაც და იმედი მაქვს, რომ საქართველოსაც რამეს შევმატებ.

– როგორი იყო მოსამზადებელი პერიოდი?

– ძალიან რთული. მე არ მქონდა ისეთი პირობები, რომ გაკვეთილებს ფიზიკურად დავსწრებოდი, ამიტომ ონლაინ ვერთვებოდი. როცა ბევრი შვილი გყავს, უცებ შესაძლოა, რაღაც პრობლემამ დაუგეგმავად იჩინოს თავი და ხშირად მიხდებოდა გაკვეთილის გაცდენა. შემდეგ ვცდილობდი დანაკლისი ბევრი მეცადინეობით მე თვითონ ამენაზღაურებინა. დღის განმავლობაში კი საერთოდ ვერ ვახერხებდი წიგნის ხელში აღებას. ბავშვები სკოლაში დამყავს, შემდეგ სხვადასხვა წრეებზე და ოჯახშიც ბევრი საქმეა, ამიტომ დრო ფიზიკურად აღარ მრჩებოდა. საღამოს, ყველას რომ დავაძინებდი, ფაქტობრივად, მერე იწყებოდა ჩემი დღე, მაშინ ვსწავლობდი, რომ მერე დღისთვის კარგად ვყოფილიყავი მომზადებული. ჩავარდნებიც მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, კარგი ქულები ავიღე და იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა.

– ფიზიკურად არ გიჭირდათ?

– კი, დღის ბოლოს ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ იმხელა მონდომება მქონდა, იმდენად მთელი გულითა და სულით მინდოდა მესწავლა, რომ დაღლა საერთოდ მავიწყდებოდა. რამეს თუ ვერ გავიგებდი, დამატებით ინფორმაციას ინტერნეტში ვეძებდი და ვცდილობდი, ყველაფერში კარგად გავრკვეულიყავი. ძალიან მინდოდა, ყველაფერი სრულყოფილად მესწავლა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან გადაჩვეული ვიყავი სწავლის პროცესს. ვკითხულობდი და აზრი ვერ გამომქონდა, კონცენტრირებას ვერ ვახდენდი, თუმცა არ ვნებდებოდი.

– როგორი რეაქცია ჰქონდათ გარშემო მყოფებს, როცა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ თქვით?

– უმეტესად – დადებითი, თუმცა, იყო რამდენიმე არასასიამოვნო შემთხვევაც. ვითომ მიფრთხილდებოდნენ და მეუბნებოდნენ, არ გინდა, ძალიან დაიღლები და ჯობს, თავს მიხედო, სანამ ბავშვები პატარები გყავს და სკოლაში და ბაღში არიან, შენ დაისვენეო. კი, საქმე მართლა ბევრი მაქვს. ხუთი შვილი მყავს და სახლში სულ მარტო ვარ. მეუღლე სამსახურშია, დამხმარე საერთოდ არავინ მყავს და ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. დილით ხუთ ბავშვს რომ ვამზადებ და სკოლასა თუ ბაღში მიმყავს, ესეც კი ძალიან შრომატევადია. ამ წელს კი, დილით ბავშვებს რომ სკოლასა და ბაღში მივიყვანდი, მერე იქიდან ისევ სახლში მოვრბოდი და ონლაინგაკვეთილებზე ვჯდებოდი. მისი დასრულების შემდეგ ისევ ბავშვებთან გავრბოდი და ან სახლში მომყავდნენ, ან სხვადასხვა წრეებზე მივდიოდით.

– რა ასაკის არიან?

– ბადრი 11 წლისაა, დეაკო 9–ის, ნია 7–ის, დაჩი 4–ის, თამარი 1.8 თვის. არასდროს მოვიქცევი ისე, რომ ჩემს თავს დრო ბავშვების ხარჯზე დავუთმო. მათ არასდროს არაფერს მოვაკლებ.

ამ ერთი წლის განმავლობაში არცერთს არ უგრძნია უყურადღებობა, არაფერი მოჰკლებიათ დედისგან, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მე თუ მკითხავთ, მთავარი მონდომებაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მარტივად გამომივიდა, მთელი წელი მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ როგორღაც შევძელი.

– მეუღლე როგორ ცდილობდა თქვენს გამხნევებას?

– მეუღლეს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს სასწავლო დაწესებულებასთან. ის თავდაცვის აკადემიაში მუშაობს, საგამოცდო ცენტრის უფროსია. დიდი სიამოვნებით ჩავაბარებდი თავდაცვის აკადემიაში, მაგრამ ასაკი არ მიწყობდა ხელს. რთული პერიოდი მქონდა იმის გამოც, რომ მეუღლე თბილისში იყო წასული მთელი წლით. ჩვენ გორში ვცხოვრობთ. მხოლოდ შაბათ–კვირას ახერხებდა ჩამოსვლას და აქედან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ მეხმარებოდა. თუმცა მთელი ეს დრო მამხნევებდა და ძალას მაძლევდა, რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა.

– ახლა როგორ ემზადებით სტუდენტობისთვის?

– განსაკუთრებული გრძნობაა. ბავშვები უკვე გავიცანი, ჩემს ასაკს დადებითად შეხვდნენ და იმედი მაქვს, რომ მეც მათ ტოლად ვიგრძნობ თავს (იცინის). რეალურად კურსზე ყველაზე უფროსი ვარ – 29 წლის. ძალიან დიდი შემართება მაქვს. რა დაბრკოლებაც არ უნდა შემხვდეს, აუცილებლად კარგად ვისწავლი – ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი უნდა ვიყო.

– უნივერსიტეტში სიარულს როგორ მოახერხებთ?

– კარგია ის, რომ დღის საათებში ბავშვები სახლში არ არიან და მეც თავისუფლად შევძლებ ლექციებზე დასწრებას. სწავლას რაც შეეხება, როგორც აბიტურიენტობისას, იგივე გრაფიკი მექნება, ანუ ღამე ვიმეცადინებ.

– გამოცდებზე როგორ გრძნობდით თავს?

– ერთ-ერთ გამოცდაზე საკმაოდ ცუდად ვიყავი. საქმე ისაა, რომ შვილები საავადმყოფოში მეწვნენ. ვირუსი შეხვდათ და რა თქმა უნდა, მეც მათ გვერდით ვიყავი. პირდაპირ საავადმყოფოდან გამოსული შევედი გამოცდაზე. ძალიან ვღელავდი, გადაღლილი და ნანერვიულები ვიყავი, მაგრამ ჩემი ცოდნის იმედი მქონდა, სულ მინიმუმ, ბარიერს მაინც გადავლახავდი – ამის მჯეროდა. წერა რომ დავიწყე და მივხვდი, რომ არ მიჭირდა კითხვებისთვის პასუხის გაცემა, სტრესიც მომეხსნა. საერთოდ, წინასწარ უფრო ვნერვიულობდი ხოლმე, მაგრამ უშუალოდ გამოცდაზე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ აუცილებლად სტუდენტი უნდა გავმხდარიყავი და ამას მთელი ჩემი ცოდნის მობილიზება სჭირდებოდა. სხვა გზა არ მქონდა (იცინის).

– ახლა როგორი რეაქციები აქვთ როცა თქვენს ამბავს იგებენ?

– უამრავი ადამიანი მწერს. მრავალშვილიანი დედების ჯგუფში დავწერე ჩემ შესახებ, რომ სხვებიც წამეხალისებინა და მათგან ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის. ბევრს უნდა სწავლის გაგრძელება. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა გრძნობ, რომ უცებ სხვებისთვის ხდები მოტივაცია. ბევრი მწერდა, ბავშვების გამო სახლიდან ვერ გავდივარო და რომ გაიგეს, რომ მეც მარტო ვცხოვრობ და დამხმარე არ მყავს, თვითონაც იმედი გაუჩნდათ.

– აქამდეც დაეუფლეთ ერთ პროფესიას…

– მაშინ სამი შვილი მყავდა. უმცროსი ძალიან პატარა, ერთი წლის იყო. მაშინ დროებით დედამთილი მეხმარებოდა. ბავშვები ბაღში რომ მიდიოდნენ, დრო მქონდა და იმდენად არ მიყვარს მისი გაფლანგვა, რომ გადავწყვიტე, ეს პერიოდი გამომეყენებინა და მასაჟისტის პროფესიას დავეუფლე. მეოთხე შვილი რომ გავაჩინე, სამუშაოდაც გავედი და სამი წელი ვიმუშავე. ლაზეროთერაპევტობაც ვისწავლე და ამ პროფესიითაც ვმუშაობდი. სახლში არასდროს ვმჯდარვარ. თან, ჩვენთან თუკი რამე წრე არსებობს, ბავშვები ყველგან დამყავს მათი სურვილების გათვალისწინებით. ნაცნობები სულ მეკითხებიან, ამდენს როგორ ახერხებო, მაგრამ ენერგიის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. საერთოდ, მივეჩვიე ყველაფრის სწრაფად კეთებას და მიჭირს იმ ადამიანების გაგება, ვინც ნელა მოქმედებს, ნელა დადის ან ნელა საუბრობს (იცინის). ძალიან დაჩქარებულია ჩემი ცხოვრების რიტმი.

– 16 წლის დაქორწინდით?

– კი, მეათე კლასი რომ დავასრულე, მაშინ გავთხოვდი და აქამდე ატესტატიც კი არ მქონდა სკოლიდან გამოტანილი. ესეც პრობლემა იყო, თუმცა მოვაგვარეთ. წელს ჩვეულებრივად დავდიოდი მეთორმეტე კლასში, რომ ატესტატი ამეღო. ამ ბოლო ერთ წელიწადში ძალიან ბევრი რამ მოხდა (იცინის). თუმცა, უფალი არასდროს გამოგიგზავნის ისეთ სირთულეებს, რომელსაც ვერ გადალახავ.

– პატარებმა დედის სიხარული გააცნობიერეს?

– ბევრი ჟურნალისტი გვესტუმრა და უხარიათ. სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდზე რომ ჩემს ფოტოებს ნახულობენ, ძალიან ამაყობენ. უფროსი ბიჭი მორბის ხოლმე და მეუბნება, დედი ნახე, აქაც შენი ფოტოაო, ძალიან უხარია (იცინის). თუმცა მე მაინც ვისურვებდი, მე ვიამაყო შვილებით და მჯერა, რომ ასეც იქნება.

– სიყვარულის ისტორიაც გამორჩეული გაქვთ.

– ყველაფერი შემთხვევითობის წყალობით დაიწყო. აგარაკზე ვისვენებდი, ბებიასთან, ატენის ხეობაში. ჩვენთან ახლოს სამხედრო ასეული იყო დაბანაკებული. ბებოს იქ ყველა კარგად იცნობდა, მაგრამ მე – არა, რადგან გარეთ იშვიათად გამოვდიოდი. ჩვენთან შუქი არ იყო და ბებოს ჩვენი ტელეფონები დასატენად სამხედრო ასეულთან მიჰქონდა ხოლმე. ერთხელაც ერთად წავედით. რომ მივედი, მეთაური ვიკითხე, რადგან ვიფიქრე, რომ ჯარისკაცისთვის რომ მიგვეცა ტელეფონები, მერე მისი პოვნა გაგვიჭირდებოდა, რადგან ჯარისკაცი ბევრია, მეთაური კი – ერთი. ზუსტად ეს მეთაური აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა. მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და ბიჭებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ის ყველასგან განსხვავდებოდა. მისგან ინტერესი ვიგრძენი, ეტყობა, ეფექტი მოვახდინე (იცინის). ჯერ ერთი, რომ ცხენით მივადექი ამ ტყეში და პირდაპირ მეთაური მოვითხოვე და თან ბებოს გამომცხვარი ხაჭაპურები მივიტანე საჩუქრად. ბებოს არ უყვარს ვინმესთვის რამის თხოვნა, თუ თვითონაც რამით არ დაასაჩუქრა (იცინის).

ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე აეწყო. ჩემი მეუღლე ჩემზე 12 წლით უფროსია და თვითონ უკვე იმ ასაკის იყო, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, მალე დაოჯახებულიყო. ერთმანეთი შეგვიყვარდა და სამ თვეში ვიქორწინეთ. ბედნიერებაა, რომ დღესაც ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც მაშინ გვქონდა.