“არასასურველ ადამიანს შევხვდი იძულებით პაემანზე და ნერვიულობისგან იმდენი დავლიე, რომ ბრეტ პიტად მომეჩვენა და მერე მასთან ერთად 4 წელი ვიყავი”

216

ლიკა ყაზბეგის „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის ლიკა ყაზბეგი?

ლიკა ყაზბეგი: პირველად უნდა გავცე ამ კითხვას პასუხი. მიკვირს, მაგრამ ასეა. ვინ ვარ მე – გამოუსწორებელი რომანტიკოსი და მეოცნებე. ემპათიის გრძნობა იმაზე მაღალ სკალაზე მაქვს, ვიდრე ვისურვებდი და ვგრძნობ, რომ ეს აზიანებს ჩემს ჯანმრთელობას. ხშირად ვარ სიკეთის კეთების ხასიათზე, მაგრამ ამ ბოლო დროს ვცდილობ, თავი შევიკავო. ყაზბეგი (ასე მეძახიან მეგობრები) არის ინფანტილური. ეს ერთგვარი საჩუქარიც არის და სასჯელიც. ბევრჯერ გამომიჩენია მოხეური სიმკაცრე, ზომაზე მეტადაც. ბევრს ცივი ვეჩვენები, მაგრამ მე თავი თბილი მგონია. ძალიან ბუტია ვარ, ესეც ჩემი ინფანტილობის ბრალია, ისე სწრაფად მწყინს, რომ ჩემს ემოციებს ძლივს ვეწევი. სამართლიანი ვარ? ასე მგონია, როგორც ყველას მეც თავი ყოველთვის მართალი მგონია. მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ეცადა, ისტორია შეექმნა ქართულ სამოდელო სფეროში. მგონია, რომ გამომივიდა. მე მწერალი ვარ ჯერ კიდევ დაუწერელი წიგნით…

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– რომ ავიღოთ სამი სხვადასხვა ლიკა, სამ სხვადასხვა საოცნებო ცხოვრებას მივიღებდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა მსურდა და რაზე ვოცნებობდი თინეიჯერობის ასაკში, მეცინება. ალბათ, ყველა ასეა. ასეც უნდა იყოს, ოცნებებიც უნდა იცვლებოდეს, ვითარდებოდეს, თორემ მოსაწყენი იქნება. მახსოვს, რამდენი ვიტირე, 18 წლის რომ გავხდი. მეგონა, უკვე ბებერი ვიყავი და ეს მატირებდა. ახლა უფრო არ მაღელვებს ჩემი ასაკი, ვიდრე მაშინ… რა უცნაურია?!

ჩემი ახლანდელი საოცნებო ცხოვრება, პირველ რიგში, მშვიდობას ეხება. ბუნება და პოლიტიკოსები თუ მშვიდად ცხოვრების საშუალებას მოგვცემენ, ბედნიერი ვიქნები. ახლა უკვე ვიცი, რა მინდა. 40 წელს გადაცილებული თავდაჯერებული ქალის ფრაზებით სამყაროსგან ვითხოვ სრულ სიმშვიდეს და ჰარმონიას, რომ უფრო სრულყოფილი ცხოვრება შევძლო. თითქოს, ახლა მოვიდა გემო რაღაც-რაღაცების.

ჩემს საოცნებო ცხოვრებაში გარკვეული ტიპის ადამიანებიც შედიან. მე ლოცვაში ვითხოვ, რომ განგების ძალამ მხოლოდ პოზიტიურ, სიკეთით სავსე ხალხს შემახვედროს. ესეც ასაკმა მოიტანა და სურვილების პრიორიტეტებმა გადაინაცვლა. ბევრი ზიანი მომაყენეს ტოქსიკურმა ადამიანებმა. ცხოვრება მართლა მშვენიერი მაშინ ხდება, როცა ყველა მოგწონს, ვინც შენ გარშემოა.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– მეც სტატისტიკის ნაწილი ვარ და მიკეთებია საქმე, რომელიც მძულს. ამას ყოველდღე ვაკეთებ. დღესაც გავაკეთე ის, რაც ძალიან რუტინულია და მეზარებოდა, მაგრამ საოჯახო საქმეა და მინდა თუ არ მინდა, უნდა ვაკეთო. მძულს, როდესაც უნიჭოდ მატყუებენ და მე მიწევს თავის მოკატუნება და მოსმენა. ამ დროის დეფიციტში, წარმოიდგინეთ, რამდენი დრო იკარგება და რამდენი ენერგია იხარჯება ფუჭად. ვიღაც გატყუებს (რა მიზეზით, რა მნიშვნელობა აქვს), შენ უნდა მოირგო გულუბრყვილო ადამიანის როლი და ბოლომდე მიაყვანინო სათქმელი. ამ დროს თავშივე იცი, რომ ზღაპრებს ისმენ. მძულს ამის გაკეთება, მათი მოსმენა და სულ თავს ვიკავებ, რომ ადამიანებს არ ვუთხრა – ზოგჯერ ფიქრებს ვკითხულობ და ნუ მაკარგვინებთ ძვირფას დროს-მეთქი.

ზოგადად, იმდენად თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ, ის რომ არ მაკეთებინონ, რაც მე არ მსურს, 24 წლიდან საკუთარი კომპანია შევქმენი და საძულველი საქმის კეთებისგან თავი დავიზღვიე. ამას ხომ ვერავინ ავცდებით, თუ სხვის დაქვემდებარებაში ვართ?! აი, მაგალითად, თქვენ, ალბათ, გიყვართ წერა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, არ იყოთ განწყობაზე, ამ დროს კი მასალა გაქვთ ჩასაბარებელი და უნდა წეროთ… იძულებით. იმედია, ეს ჩემთან ინტერვიუს არ შეეხება (იცინის).

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?

– ჩემი ყველაზე ცუდი საქციელი ერთი არ არის, ბევრია და იმიტომ მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, რომ ეს ყველაფერი გადავფარო, რა თქმა უნდა, კარგი საქციელებით.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…

– უხერხული საქცილებიდან ამწუთას ის მახსენდება, ერთდროულად სამ ადამიანს რომ ვწერდი და მესიჯები ამერია (იცინის). მიწა მინდოდა, გამსკდომოდა.

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?

– გუშინ მოვატყუე ერთ ადამიანს, დრო მქონდა, მე კი ვუთხარი რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ შევხვდებოდი. ასეთი „ტყუილები“ ათასობით მაქვს ნათქვამი და ამას უფრო ზრდილობიან უარს ვეძახი, ვიდრე ტყუილს.

– სახალისო შემთხვევა პაემანზე…

– კურიოზი პაემანზე არ მქონია, გარდა იმისა, რომ პაემანზე არასასურველ ადამიანს შევხვდი იძულებით და ნერვიულობისგან იმდენი დავლიე, რომ ბრედ პიტად მომეჩვენა და მერე ამ ბრედთან ერთად 4 წელი ვიყავი.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– ყოველი ურთიერთობა, რომელმაც ტკივილით განშორება გამოიწვია, მარცხია. ყოველი არშემდგარი სიყვარული თუ დაკარგული მეგობრობაც მარცხია. აი, ახლა გამახსენდა პროფესიული მარცხი: ჩემი სამოდელო სააგენტოს პირველი იუბილე. გამოუცდელი ვიყავი და იმდენი შეცდომა დავუშვი, მერე რომ ვაანალიზებდი, თვლას ვერ ავუდიოდი. წარმოუდგენელი სტრესი გადავიტანე. იმის მერე არც მეგონა, თუ გავბედავდი და ამხელა პროექტს შევეჭიდებოდი. თან, ყველაფერს მარტო ვაკეთებდი და მახსოვს, ვეღარ ვმართავდი მოვლენებს. უცებ იქიდან გაქცევა მომინდა (ხშირად ასე ვიქცევი ხოლმე ჩემთვის სტრესულ სიტუაციებში) და… გავიქეცი კიდეც. დაახლოებით ერთი საათი ვერ მპოულობდნენ. გამარჯვებად იმას მივიჩნევ, რომ ასეთი წარუმატებელი პირველი ნაბიჯის მერე მრავალი წარმატებული პროექტი განვახორციელე. მათ შორის, წარმატებული ქალი პოდიუმზე, რომელიც 10 სეზონი იყო და ასე შემდეგ. ასევე, გამარჯვებად ვთვლი, რომ ჩემს თავს გადავაბიჯე, სიტყვა გავტეხე და კიდევ ერთხელ ავიყვანე ქუჩის ძაღლი, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ დავიფიცე, აღარასოდეს მეყოლებოდა ძაღლი, მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი რომ აღარ გადამეტანა. ახლა კი მოლი მყავს და მიხარია, ამ პატარა არსების სიცოცხლე რომ გადავარჩინე.

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი და ცუდი?

– ბოლოს ცუდი ჩემს თავზე ის მოვისმნე, რომ ზარმაცი ვარ. დედაჩემმა შემამკო დღეს დილით ამ მშვენიერი სიტყვებით (იცინის). კარგი კი ის შეკითხვა იყო, ერთ–ერთი ღამის ბარში ფეისკონტროლზე რომ დამისვეს, ასაკი მკითხეს და მხოლოდ მაშინ შემიშვეს, რომ ვუთხარი 40 წელს რომ ვიყავი გადაცილებული. ამაზე კარგი ვის რა უნდა ეთქვა და ეკითხა, როცა არასრულწლოვანი ჰგონიხარ ბალზაკის ასაკის ქალი (იცინის).

– რომ გაიგოთ, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, რას გააკეთებდით?

– რომ გავიგო, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, არ ვეტყოდი. ჩვენს სამეგობროში იყო ასეთი შემთხვევა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ეს ადამიანი დედა გახდა და ბედნიერი იყო თავის გოგონასთან ერთად. წყვილი, ვისზეც ვსაუბრობ ზრდასრულები იყვნენ, მამაკაცს ჰყავდა შვილები პირველი მეუღლისგან, ჩემი დაქალი კი იმ ასაკში იყო, რომ შეყვარებულს რომ დაშორებოდა, შვილს ვეღარასოდეს გააჩენდა. სამეგობროდან ერთ–ერთს უნდოდა ამ ღალატის გამჟღავნება, მაგრამ დანარჩენები არ დავეთანხმეთ. ასე რომ მოვქცეულიყავით, უბედურ ქალთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შეემატებოდა. გარდა ამისა, რამდენი შემთხვევა ყოფილა, მეგობრებმა ქალს რომ თვალები „აუხილეს“, ის კი მაინც ქმარს ირჩევს. ასე რომ, ვფიქრობ, სხვის ურთიერთობაში ჩარევა კარგს არაფერს მოგვიტანს. უნდა ჩავერიოთ მხოლოდ მაშინ, თუ ძალადობაა წყვილში. ამას მდუმარედ არ უნდა ვუყუროთ.

– რას ამბობენ მეგობრები თქვენზე – რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ?

– ამ ეტაპზე მხოლოდ ისეთი მეგობრები მყავს გვერდით, რომლებიც ჩემში მხოლოდ დადებითს ხედავენ. მოსამართლე საკუთარი თავიც მეყოფა.

– საკუთარი ქმედება, რომლის გახსენებაზე ახლაც გრცხვენიათ…

– ჩემს შეყვარებულს არ დავშორდი ისე, როგორც ცივილურად დაშორება ჰქვია და ისეთი რამ ვუთხარი, რომ ვნანობ, არ ვამაყობ ჩემი საქციელით.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ…

– ვამაყობ ჩემი პროფესიით, იმით, რომ თაობებია გაზრდილი ჩემს სააგენტოში და არავის ეგონოს, რომ ეს მარტო სიარულისა და მანერების სკოლაა. ბევრჯერ ვყოფილვარ ჩემი ბავშვებისთვის ფსიქოლოგი და უფრო მეტიც. ვინც დამიჯერა, დღეს ყველა კარგად არის. ვამაყობ იმით, რომ ჩემს მოსწავლეებთან, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან გაფანტული, დღემდე მეგობრული და კარგი ურთიერთობები მაქვს და ერთმანეთის ლხინი გვიხარია.

ვამაყობ, ქართველობით, მოხევეობით. იმით, რომ ვახტანგ ყაზბეგიდან მეხუთე თაობა ვარ.