როგორ გადაარჩინა კახა ხინველი ჯაბა იოსელიანმა და ვინ შეიძინა მისი 90 ნახატი

277

მხატვარი კახა ხინველი საინტერესო შემოქმედი და, ასევე, საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანია. მისი ცხოვრებისა და ხელოვნების შესახებ, ჩვენი ინტერვიუდან ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს გაიგებთ.

კახა ხინველი: მამაჩემისგან ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა დედის და მამის ნაცვლად „ფანქარი“ ყოფილა, ხატვა კი წლინახევრიდან დამიწყია. მამაჩემს ჩემი იმდროინდელი ნამუშევრები შენახული აქვს, ყველა დათარიღებულია. წლისა და 7 თვისას ნათლიაჩემის პორტრეტი დამიხატავს. ის თვითონაც მხატვარი იყო და ჩემი ნახატი საკუთარ სახელოსნოში კედელზე ჩამოუკიდია. თურმე, გახარებული ყველას აჩვენებდა და ეუბნებოდა, ჩემი ნათლული ორი წლისაც არ იყო, რომ დამხატაო (იცინის).

90-იან წლებში პრიმიტივიზმი შემოიჭრა მხატვრობაში. მანამდე ამ სტილის მხატვრობას მასხრად იგდებდნენ. არადა, მას უდიდესი საფუძველი ჰქონდა და ამ მიმდინარეობაში დიდი მხატვრები მუშაობდნენ. მეც მქონდა მცდელობები, იმ პერიოდში მოსკოვში გამოფენებსაც ვაკეთებდი. მერე შემეცვალა ხელწერა და უფრო მეტად საეკლესიო თემატიკაზე დავიწყე მუშაობა. შემდეგ მრავალფიგურულ კომპოზიციებზე გადავედი: მუსიკოსები, გოგონები, ბიჭები, თამაში… მოკლედ, ნახატებზე ბევრი მოქმედება ხდებოდა.

– თქვენი ნათელი და მხიარული ფერები, ადამიანების სიმრავლე, მოქმედებები და დადებითი განწყობით სავსე ნახატები განსაკუთრებით იტაცებს მნახველებს. ეს სტილი როგორ დაიბადა?

– რაღაც მომენტში, რატომღაც მომინდა ძველი თბილისის ხატვა და ქალაქის პატარა მინიატურებს ვაკეთებდი. დიდი ხნის განმავლობაში ქვებზეც ვხატავდი. ამ მინიატურებზეც ბევრი მოქმედებაა: ზოგი მირბის, ზოგი ველოსიპედით მიდის და უ

კან პატარა ბიჭები მისდევენ, ზოგი თამაშობს და ასე შემდეგ. ყველას ძალიან უკვირდა, პატარა ზომის, მაგალითად, 15 სანტიმეტრის ქვაზე როგორ ვატევდი ამდენ მოქმედებას. ბრტყელ ქვებს ზღვაზე ვაგროვებდი ხოლმე და სიმართლე გითხრათ, ჩაწყვეტილი მქონდა გვერდები ქვით სავსე „მეშოკების“ თრევით (იცინის). მეგობრები მეხუმრებოდნენ, ბათუმში სანაპირო პატარავდება, ზღვა შემოიჭრა იმდენი ქვა გამოზიდეო. ხან ერთ მეგობარს ჩავუგდებდი მანქანაში „მეშოკს“, ხან მეორეს. ზოგი ქუჩაშიც რომ იპოვიდა ლამაზ ქვას, ჩემთან მოჰქონდა. კარგა ხანი გაგრძელდა ეს პერიოდი და ვხუმრობდი, ქვის ხანაში ვარ-მეთქი. ქვებზე, ძირითადად, ძველ ქალაქებსა და ხატებს ვხატავდი. მერე კვერცხებიც შემომაპარეს და რაღაც პერიოდი მასზეც ვმუშაობდი.

– განსაკუთრებით ის აოცებდათ, რომ ამ მცირე ზომებშიც ბევრ ადამიანს ატევდით.

– ყველას ეს უკვირდა. მე თვითონ აზრად არ მომსვლია, დამეთვალა, რამდენ ადამიანს ვხატავდი ერთ ქვაზე. ერთ-ერთ გალერეაში მქონდა გამოფენილი ჩემი ქვები და გალერეის პატრონი ერთხელ სიცილით მეუბნება, ცნობილი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე იყო და კარგა ხანს ჩაცუცქული უკირკიტებდა შენს ნახატს, თურმე, მასზე ადამიანების რაოდენობას ითვლიდაო. დაახლოებით, 120 ყოფილა (იცინის). ამის შემდეგ მეც დავინტერესდი და დავიწყე თვლა. შეიძლება, ყველა ბოლომდე დახვეწილი არ იყო, მაგრამ თითოეული ადამიანის მოქმედებები და სახის მიმიკებიც კი ბოლომდე მქონდა დახატული. დაახლოებით, სანტიმეტრნახევრიანი ფიგურები იყო. ვიღაც მეხუმრებოდა ამაზე: ბიჭო, პერანგზე ღილებიც დაგიხატავსო და მართლა ასე იყო (იცინის). ხატვისას ამაზე წინასწარ არ ფიქრობ, თავისთავად ხდება. მერე გამადიდებელი შუშით ვათვალიერებდი ხოლმე და მეც ისეთ დეტალებს ვამჩნევდი, რომ თვითონაც მეცინებოდა.

– ნახატების ჩუქებას არ გთხოვენ ხოლმე?

– ახლა აღარ გამომდის ნახატის გაჩუქება. არა იმიტომ, რომ მენანება. ასაკმა მაჩვენა, რომ გაჩუქებულ ნახატს არ აქვს ისეთი ფასი ადამიანისთვის, როგორიც ნაყიდს, როგორც არ უნდა მოსწონდეს ის. რომ აჩუქებ ისე არ უფრთხილდება, როგორც ნაყიდს. რაც უფრო მეტს გადაიხდის, მით უფრო ფასეულია მისთვის – ეს გამოცდილებამ მიჩვენა.

– ნამუშევრების რეალიზების საკითხი ჩვენს ქვეყანაში პრობლემურია?

– გაგიკვირდებათ და, მე და არამარტო მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გაყიდვები საქართველოშია. მოგეხსენებათ, ქართველები ცოტა პრანჭია ხალხი ვართ და გვიყვარს, თუნდაც, სხვის დასანახად რამის შეძენა. ეს ფაქტორი ჩვენთვის დადებითად მუშაობს. პანდემიის დროს საოცარი ბუმი იყო. იმ პერიოდში ახალი კოლექციონერები გაჩნდნენ. ერთმა ქალბატონმა, რომელსაც უკვე ჩემი 80 ნახატი აქვს შეძენილი და ათი კიდევ გადადებული (საქართველოში არ ცხოვრობს და რომ ჩამოდის, მერე მიაქვს ხოლმე), მითხრა, პანდემიამდე თავისუფალი დრო რომ მქონდა, მოგზაურობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ სახლში რომ ჩავიკეტეთ, არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ინტერნეტში თქვენი ნახატები მომხვდა თვალში, მომეწონა და დავინტერესდიო. ალბათ, ასე მხოლოდ მას არ დამართნია და ამიტომაც იმატა შეკვეთების რაოდენობამ. თავიდან რომ მომწერა 15-20 ნახატი მინდა და იქნებ გადამიდოთ საქართველოში ჩამოსვლამდეო, არასერიოზულად მივიღე. ნახატები რეალურადაც კი არ ჰქონდა ნანახი, არადა ათასებზე იყო საუბარი, ამიტომ გამიჭირდა დაჯერება, თუმცა, შევცდი და სიმართლე გითხრათ, თვალებს არ ვუჯერებდი, მართლა რომ წაიღო ამდენი ნახატი. თუმცა, მას შემდეგაც კიდევ ბევრი შეიძინა.

– ამის დათვლა, ალბათ, რთულია, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, რამდენი ნახატი გექნებათ შესრულებული?

– ბოლო წლებში – რამდენიმე ათასი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მაშინ ვერც დავითვლიდი, იმდენს ვხატავდით და იმდენი იყიდებოდა. მაშინ აბანოთუბანში გააკეთა კომკავშირმა ღია გამოფენა-გაყიდვა. მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. შაბათ-კვირას იმართებოდა არტ-ბაზრობა და სავსე იყო ეს ტერიტორია ნახატებით. უამრავ ნახატს ვყიდდით სტუდენტები თუ უფროსი ასაკის მხატვრები. იმდენი ხალხი მოდიოდა, ტევა აღარ იყო. ისეთი საოცარი გარემო იყო, მთავრობას უცხოელი სტუმრებიც კი იქ მოჰყავდა. მახსოვს, მარგარეტ ტეტჩერიც რომ ჩამოვიდა, იქ მოიყვანეს და ვინ იცის კიდევ, რამდენი პრეზიდენტი თუ მინისტრი სწვევია სტუმრად იმ ადგილს. ნახატებს იქ რომ ვეღარ ვატევდით, მშრალ ხიდზე გავედით. ძალიან კარგად მახსოვს, პირველად რომ წავედით მშრალ ხიდზე მე და ჩემი ჯგუფელი, მანქანა გავაჩერეთ და საბარგულიდან ვალაგებდით ნახატებს. სამაგრებს ვაწყობდით ნახატების განსათავსებლად, როცა ვიღაც დამადგა თავზე და მეუბნება, ნუ წვალობ, ვყიდულობო. გამეცინა, ფასიც არ გიკითხავთ-მეთქი. ახლა გეკითხები, თან ყველა მინდაო. 5 თუ 6 ნახატი მქონდა. ამოიღო თანხა და იმწუთას მომცა იმდენი, რამდენიც ვუთხარი. იქიდან პირდაპირ რესტორანში წავედით (იცინის).

– მამათქვენი – ნოდარ ხინველი წლების განმავლობაში „პირველი არხის“ მთავარი მხატვარი იყო და მთელი ისტორია შექმნა. შემთხვევით არ დაგიწყიათ ხატვა წლინახევრის ასაკში.

– მამა ოზურგეთში დაიბადა და სკოლის ასაკში გადმოვიდა თბილისში. აკადემიაში ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი. იქ რომ უკითხავთ, სად უნდა ჩააბაროო და უთქვამს, აკადემიაშიო, ვაა, აკადემიკოსი უნდა გამოხვიდეო?! – ხუმრობით იხსენებდა ხოლმე ამ ამბავს (იცინის). მას ძალიან მაგარი ხელი ჰქონდა. მე ალბათ ვერასდროს შევძლებ მის დონემდე მივიდე. აკადემია რომ დაამთავრა, იმ წელს გაიხსნა საქართველოს ტელევიზია და იქ დაიწყო მუშაობა.

მამას ბავშვობიდანვე დავყავდი ტელევიზიაში. მაშინ ძალიან ელიტარული იყო ტელევიზიაში მუშაობა, თუმცა, მე რომ აკადემია დავამთავრე, არანაირი სურვილი არ მქონდა ტელევიზიაში წასვულიყავი. მამას კი ძალიან უნდოდა და ცდილობდა, დავეთანხმებინე, მაგრამ მე სამრეწველო ნაწარმის დიზაინი მქონდა დამთავრებული და მინდოდა, ამ მიმართულებას გავყოლოდი. მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რთული პერიოდი იყო: არეულობა, ომი, გაჭირვება. მე „დაბრაკული“ ვიყავი და ჯარში არ ვყოფილვარ, მაგრამ ომი რომ დაიწყო, მივედი და განვაცხადე, წამოსვლა მინდა-მეთქი. ჯაბა იოსელიანი ჩვენი უბნელი იყო, ეგ კრებდა ბატალიონს. შემომხედა და მითხრა, შენ რა გინდა ომში, წადი და ხატეო. მიცნობდა და იცოდა, რომ მხატვარი ვიყავი. თან, ჯარშიც არ ხარ ნამყოფი და იქ რა უნდა გააკეთოო, დააყოლა. რომ იტყვიან, გამომაგდო. მერე კიდევ რომ დაიძაბა მდგომარეობა, ორჯერ მივედი, მაგრამ ისევ გამომაგდო, არაფრით არ ჩამწერა. ბოლოს დამიყვირა კიდეც, თავს არ დამანებებო?!

– ჯაბა იოსელიანის დამსახურება ყოფილა ასეთი ნაყოფიერი მხატვარი რომ ხართ, კაცმა არ იცის, რომ წასულიყავით როგორ წარიმართებოდა ცხოვრება.

– კი, ჯაბას დიდი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩემთვის. მე მისი მადიდებელი არ ვარ, ბევრი დაღუპა, მაგრამ მე პატიოსნად მომექცა და ბევრჯერ მითქვამს ამის შესახებ.