თეონა ცირამუას „უცნობი მხარე“ 👇
– ვინ არის თეონა ცირამუა?
თეონა ცირამუა: გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– საქართველოში იყოს ისეთი პირობები, რომ ადამიანს ერთი სამსახურით შეეძლოს თავის რჩენა. მაგალითად, როდესაც ხარ გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, შეიძლება, მილიონერი არ იყო, მაგრამ თავი ადამიანად იგრძნო. ხუთ ადგილას მუშაობა არ უნდა გჭირდებოდეს იმისთვის, რომ ცხოვრება შეძლო. და კიდევ, თბილისში ბინა მაქვს, მაგრამ ვოცნებობ, რომ სამეგრელოში, ჩემს საყვარელ კუთხეში ჩავდგა მეგრული ოდა და ასაკში რომ შევალ, მიწასთან ურთიერთობით ვისიამოვნო.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– ალბათ, უფრო სკოლის პერიოდში. ბავშვობაში სწავლა არ მიყვარდა და მთელი ცხრა წელი ყველაფერს ძალით ვაკეთებდი. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მუსიკა არ ავირჩიე. მაშინ დავისვენე, როცა მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. არც ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა და არც ტექნიკური. ამ დროს მამა მათემატიკოსია და ამბობდა ხოლმე, რომ ვუხსნი, ყველაფერს იგებსო. რა მექნა, არ მინდოდა სწავლა და არ ვსწავლობდი, თუმცა, მიწევდა საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა. მაგალითად, კვადრატული განტოლების ამოხსნა მასწავლეს იმისთვის, რომ მასწავლებელს სამიანი დაეწერა. სხვა რა გზა იყო?! (იცინის).
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ბევრისგან გამიგია, ასაკთან ერთად გულჩვილები რომ ხდებიან და მეც იმ ადამიანთა რიგს შევემატე, რამდენიმე დღის წინ მარტო ვუყურებდი ფილმს და გულის ამაჩუყებელ მომენტზე თვალიდან ცრემლი წამომივიდა. ვიჯექი მარტო და ვტიროდი. მერე ჩემს თავზე გამეცინა და ასაკს მივესალმე (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?
– ბავშვობაში შუშის ლამაზი ლარნაკი მომეწონა ძალიან. ისე ლამაზად ბრჭყვიალებდა, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი, ხელი მოვკიდე და სახლში წავიღე. მიხვდებოდით, ალბათ, ჩემი არ იყო (იცინის). მახსოვს, როგორ ვებრძოდი ჩემს თავს, ვიცოდი, რომ არ უნდა ამეღო, მაგრამ სულმა მძლია და ხელი ვტაცე, რასაც, რა თქმა უნდა, ვნანობ.
– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?
– ზოგადად, ვცდილობ, რომ არ მოვიტყუო, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე. ბოლოს სუფრაზე მეპატიჟებოდნენ და მოვიტყუე რაღაც, რომ არ წავსულიყავი. საერთოდ, ტყუილი, რომელიც ვინმეს ზიანს მიაყენებს, ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, პატარ-პატარა და უვნებელი ტყუილები მითქვამს. საერთოდ, მე არ მიყვარს ხალხმრავლობა. ალბათ, სულ გუნდს რომ ვუყურებ და ბევრ ხალხთან მაქვს საქმე, დიდად აღარ მომწონს ხალხმრავალი თავყრილობები. თუ არ ვიცი, რომ ძალიან ახლობლები იქნებიან, ვცდილობ, თავი ავარიდო.
– პაემანზე სახალისო შემთხვევა თუ გადაგხდენიათ?
– სასიამოვნო და სახალისო იყო ჩემს მეუღლესთან შეხვედრები. ნერვების მომშლელი პაემანიც მქონია. ჩემი პირველი პაემანი იყო ზუსტად ასეთი, დაახლოებით, 10-15 წლის წინ. ადამიანმა თავი გაიგიჟა, უნდა შეგხვდეო და ესე იგი, როდის სად დათვრა, რამდენი აქვს დალეული, სად დაკარგეს გონება მან თუ მისმა ძმაკაცებმა, ყველა ასეთი ისტორია მომიყვა. რა თქმა უნდა, პირველი და ბოლო პაემანი იყო ამ ადამიანთან (იცინის). არადა, ისეთი ენთუზიაზმით მიყვებოდა, ეგონა, რომ ძალიან მაგრად მაწონებდა თავს.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ჩემს გუნდთან მუშაობისას – არც თუ ისე იშვიათად. რეპეტიციებზე ხშირად მიწევს ამ თვისების გამოვლენა. როცა ვხედავ, რომ ადამიანი გათიშულია, ინტერესს არ ავლენს, მაშინ, როცა მე ამ საქმეში მთელ სულს და გულს ვდებ, რთულია. თან, მე თბილისიდან გორამდე თითო წასვლა-წამოსვლაზე 170 კილომეტრს ვფარავ და ბოლომდე ვიხარჯები. ამ დროს ვინმე გათიშული თვალებით თუ მიყურებს, ჩემი ახსნილი არ ახსოვს და ასე შემდეგ, ჭკუიდან ვიშლები. ჩემი უფროსი მეგობარია ანზორ შომახია, ვოკალის მასწავლებელია ჩვენს გუნდში და ძალიან კარგ რჩევებსაც მაძლევს. მითხრა, ამით საკუთარ თავს აზიანებო, რადგან მსგავს მომენტებში მართლა გიჟს ვემსგავსებოდი ხოლმე. ასე მალე გამოიფიტები და არ გინდა, რომ ენერგია დიდხანს გაგყვესო?! მივხვდი, რომ მართალს მეუბნებოდა, ამიტომ ვეცადე, თავის ხელში აყვანა მესწავლა. ახლა ვცდილობ, ჩხუბში მთელი გული და ემოციები არ ჩავდო და ნერვები არ დავიზიანო. დირიჟორს ისედაც დიდი ენერგია სჭირდება. თუ ძალიან გამოვედი წყობიდან, ახლაც სასტიკი ვარ, მაგრამ უფრო მეტად ვცდილობ, არასწორი ქცევის გამო ადამიანი სინდისზე შევაგდო და მე აღარ გავინადგურო ნერვები.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ერთ მშვენიერ დღეს მარცხსაც ველოდები. აღმართს დაღმართი მოსდევს და ალბათ, ჩემთანაც ასე იქნება. მე ამისთვის ვემზადები და როგორც კი შევატყობ, რომ დამარცხებების პატარა ნიშნები გაჩნდა, ვეცდები, ყელში არ ამოვუყვანო ჩემი თავი არც კოლექტივს, არც საზოგადოებას და თუ რამე ისე აღარ გამოვიდა, როგორც საჭიროა, მშვიდად წავალ სახლში.
არ მინდა, თავის მოწონებად გამომივიდეს, მაგრამ ჩვენს გუნდს ჯერ მარცხი არ ჰქონია. ამდენი წელია, აქ ვარ და ჯერჯერობით პროცესი სულ უფრო საინტერესო ხდება.
პირად ცხოვრებაშიც არ მქონია განსაკუთრებული მარცხი და ტრავმები. შეიძლება, ზედმეტად ჭკვიანურად ვუდგები რაღაც საკითხებს და ეს ამანაც განაპირობა. ზოდიაქოთი ქალწული ვარ და სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, იმდენნაირ ქვაბში ვხარშავ, იმდენს ვფიქრობ, რომ ალბათ, ესეც ბევრს განაპირობებს.
– რა მოისმინეთ ბოლოს საკუთარ თავზე როგორც კარგი, ისე ცუდი?
– პირადად მეც და მთელი გორის ქალთა გუნდი განებივრებული ვართ კომპლიმენტებით. სასიამოვნო კომენტარები ხშირად მესმის. ცუდს რაც შეეხება, ჩემი ძმა არის ჩემი მენეჯერი და ცოტა ხნის წინ მოვისმინე, რომ ბოროტმოქმედი და-ძმა ცირამუები ვიყავით და ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე. ერთ ადამიანს უნდოდა, რაღაც მის ჭკუაზე გაგვეკეთებინა. არ გავყევით, რადგან აბსოლუტურ უსამართლობას ითხოვდა. ვერ მოგვერია, ყოველგვარი ჯაჯღანისა და ზედმეტობების გარეშე მოვუგეთ იურიდიულად და მერე ბოროტმოქმედებად მოგვნათლა. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ გულზე საერთოდ არ მომხვედრია, ძალიან ვიხალისეთ. როცა იცი, რომ სრულ აბსურდს გაბრალებენ, გულთან ახლოს არც უნდა მიიტანო. სისულელეზე რატომ უნდა ვინერვიულო?! ამიტომ კარგად ვიხალისეთ მეც და ჩემმა „ბოროტმოქმედმა“ ძმამაც (იცინის).
– ყოფითი საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ და რისი არ?
– არ მიყვარს ჭურჭლის რეცხვა. ჭურჭლის სარეცხი მანქანაც მაქვს, მაგრამ ხელით რეცხვაც საჭიროა ხოლმე და ეს ყველაზე უაზრო საქმე მგონია. არადა, როცა სახლში ხარ, გაინძრევი თუ არა, უკვე რაღაც არის გასარეცხი. ყველაზე მეტად ამაში დახარჯული დრო მენანება. სახლის დალაგება უფრო მიყვარს. ზოგადად, სისუფთავეზე ვგიჟდები. რომ ვიცი, ყვავილების ლარნაკი ასე უნდა იდგეს, ოდნავ მოტრიალებული თუ დავინახე, მორჩა, ჩემთვის სახლი უკვე არეულია. ძალიან მიყვარს სოფელში, მიწასთან მუშაობა. ჩემს ბინაში ახალი გადასული ვარ და აქაც კი მინდა, ქოთნებში რეჰანი და პიტნა დავთესო. გაგიკვირდებათ და ძალიან მიყვარს ნაჯახით მუშაობა და შეშის ჩეხვა. კაცური სამუშაოები მირჩევნია ჭურჭლის რეცხვას (იცინის). კიდევ ძალიან მიყვარს სპორტული თამაშები, სადაც მოძრაობაა საჭირო და ენერგიას ხარჯავ.
– ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ?
– მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ მიყვარს დალევა. ჩემ გარშემო გადაჭარბებული სმა თუ მიდის წითელი მენთება. ამის გამო მაკრიტიკებენ და მტარვალს მეძახიან (იცინის). ჩემს მამობილს დიაბეტი ჰქონდა და რომ დავინახავდი ხელში ტკბილეული ეჭირა და პირისკენ მიჰქონდა, ჰაერში ვაცლიდი. ისიც მტარვალს მეძახდა და თავის მეუღლეს ეუბნებოდა ხოლმე, სანამ ის მტარვალი მოვა, ორი „პეჩენია“ მომეციო (იცინის). ახლა იუმორით ვყვები, მაგრამ ასეთ მომენტებში სერიოზულად ვბრაზდები. როცა ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას ვნებს, როგორ არ უნდა გაბრაზდე?! ორ ჭიქას მეც დავლევ, ვაჟკაცურად სადღეგრძელოსაც ვიტყვი, მაგრამ ზღვარს რომ სცდები, წრეზე მიდიხარ და უკვე სადღეგრძელოებს იგონებ, მაგ სიტუაციაში მინდა, რომ იქიდან გავიქცე. ქებას რაც შეეხება, მაქებენ იუმორის გრძნობის გამო, გახსნილობის გამო. ურთიერთობაში მარტივად შევდივარ და ბევრ ახალგაცნობილს უთქვამს, მგონია, რომ ბავშვობიდან გიცნობო. ტრაბახად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ბევრი მეუბნება, რომ გორის ქალთა გუნდის წარმატებიდან გამომდინარე, ცოტა სხვანაირი ვეგონე და შეცდა. ზოგს მართლა უვარდება თავში წარმატება, სიარულის მანერაც კი ეცვლებათ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია.