რა სიურპრიზი გაუკეთა გიორგი მეტრეველს მეუღლემ დაბადების დღეზე და როგორ შეცვალა ის სიყვარულმა

234

„მისტერ პლანეტა“ და „პრაიმჰაუსის“ მონაწილე გიორგი მეტრეველი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. 2 სექტემბერს გიორგის დაბადების დღე ჰქონდა და მას საყვარელმა ადამიანმა საოცარი საჩუქარი გაუკეთა.

გიორგი მეტრეველი: საოცარი დაბადების დღე მქონდა. ველოდი, რომ ჩემი მეუღლე საჩუქარს გამიკეთებდა. მეკითხებოდა, რა მოგეწონებოდაო და თეორიულად რაღაც ვარიანტებს ველოდებოდი (იცინის). თუმცა, საჩუქარი ისეთი რამ აღმოჩნდა, წარმოდგენაც რომ არ მქონდა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შინ რომ დავბრუნდი, ჩანთა გადმომცა, ჩავხედე და ვხედავ მაისურია. ჯერ ზომა ვერ გავარკვიე, მაგრამ რომ ვუყურებდი ჩემს ზომას ნამდვილად არ ჰგავდა (იცინის). ამოვიღე და ვხედავ – აშკარად ბავშვის სამოსია. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი. ერთი წამის განმავლობაში უამრავმა რამემ გამიელვა გონებაში, წარმოუდგენლად სასიამოვნო მომენტი იყო. არაფერია იმაზე მაგარი, როცა იგებ, რომ საყვარელი ადამიანისგან შვილს ელოდები. მაშინ კიდევ უფრო კარგად ვიგრძენი, როგორ ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე. ეს ამბავი რომ ასეთი ფორმით და ამ დღეს მითხრა, განსაკუთრებით დავაფასე. ასეთი სიურპრიზები დაბადების დღისთვის ფილმებშიც არ მინახავს და ბედნიერებისგან შოკირებული ვიყავი.

– როდის უნდა დაიბადოს პატარა?

– მარტი-აპრილისკენ. ძალიან მოსიყვარულე მამა ვიქნები. ჩემი ოჯახისთვის ბოლომდე დავიხარჯები, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის. სანამ ოჯახს შევქმნიდი და მის მნიშვნელობას გავიაზრებდი უფრო სხვა რამეებზე ვიყავი ორიენტირებული. ძალიან ბევრს ვერთობოდი, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემობრუნდა. ჩემმა მშობლებმა კარგად იციან, როგორი გზა მაქვს განვლილი. აქამდე გართობის მოყვარული ბიჭი ვიყავი, მეგობრები ბევრს ვმოგზაურობდით, აქტუალური იყო თავგადასავლები გოგონებთან და მსგავსი ამბები. მაგრამ, როდესაც ეს ადამიანი შემიყვარდა, ჩემში სრულიად სხვა პიროვნება აღმოვაჩინე. საერთოდ ყველა გოგონა ჩამოვიშორე. სულ სხვა ეტაპზე გადავედი, ძალიან მეოჯახე გავხდი და ოჯახის უფროსობაც ჩავიბარე.

– ესე იგი, ძალიან შეგცვალა სიყვარულმა.

– ძალიან ბევრჯერ მქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა შევცვლილიყავი, როგორ უნდა მეთქვა უარი ამ ყველაფერზე და მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონოდა ურთიერთობა, მაგრამ, როგორც კი ეს ადამიანი გავიცანი და შემიყვარდა, მალე გავაცნობიერე, რომ მისთვის ყველაფრის გაკეთება შემეძლო. აბსოლუტურად სხვა განცდები გამიჩნდა და ქცევებიც შევიცვალე. ყველაზე კარგად ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს ჩემი ცვლილება. მართლა დღიდან დღემდე ვიცვლებოდი და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ეს ადამიანი გამომიგზავნა. ამ სიყვარულს სიცოცხლის ბოლომდე მოვუფრთხილდები.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია შენი პარტნიორი. ბაბუა ამბობს ხოლმე ხშირად, პარტნიორმა შეიძლება, აგაშენოს ან დაგაქციოსო. ბევრს შეუქმნია ოჯახი, მაგრამ ურთიერთობაში ბევრ სირთულეს გადასწყდომია და ვერ გაუძლიათ. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ერთმანეთს ყველაფერში გვერდით ვუდგავართ და ვეხმარებით. ახლა იმაზე მეტად ვარ ორიენტირებული წარმატებაზე, ვიდრე ოდესმე. მინდა, ბევრს მივაღწიოთ მეც და მანაც და ერთად ვიყოთ ბედნიერები. არ მაქვს მომენტი, ოჯახის შექმნით „ყველაფერი გავინაღდე“ და ახლა შემიძლია, მოვდუნდე-მეთქი. არა, პირიქით, უფრო მეტი მოტივაცია მაქვს. ვიცი, რომ წინ დიდი წარმატებები გველოდება.

– ვინ არის შენი მეორე ნახევარი?

– თამარ გენგაშვილი. პროფესიით ადვოკატია. თავის საქმეში წარმატებული ადამიანია.

– რა არის თაკოში ისეთი, რამაც ყველა სხვა გოგო დაგავიწყა?

– ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიზუალურად საოცარი გოგოა, თუმცა, ვიზუალსაც რომ შევეშვათ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ თაკო საოცარი ადამიანია. ძალიან ერთგულია, რაც არ უნდა გიჭირდეს, ყველაფერში გვერდით დაგიდგება. თუ შეცდომას დაუშვებ, თავზე ხელს არ გადაგისვამს და არ გეტყვის, რომ შენ გიორგი მეტრეველი ხარ და შეგიძლია, თავს ყველაფრის უფლება მისცე, აუცილებლად გეტყვის, გიორგი, ძალიან მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე, მაგრამ აქ გეშლება და რაღაც უნდა შევცვალოთო.

– ახსენე, რომ ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა გქონდა. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ეჭვიანობა თუ გახასიათებთ რომელიმეს?

– კი, ორივე პოპულარულები ვიყავით და ვართ კიდეც, მაგრამ რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ორივემ ჩამოვიშორეთ ის, ვინც ჩამოსაშორებელი იყო. არიან თავხედი ადამიანებიც. მაგალითად, ადრე თაკოს სწერდნენ, გიორგის შეეშვი, გიორგი ჩვენიაო. ეგონათ, რომ ამით ჩემს მეუღლეს ნერვებს მოუშლიდნენ. მასთან მართლა განუსაზღვრელი რაოდენობის წერილები მოდიოდა, უკვე ჩემი მეუღლე იყო, მაგრამ მაინც. მაქსიმუმი გააკეთეს, რომ ჩვენ შორის კონფლიქტი გაეღვივებინათ, მაგრამ პირიქით, უფრო დავახლოვდით. თაკო არ აჰყვა რაღაც ჭორებს. იცოდა, ის გოგონები როგორი ტიპის ადამიანები იყვნენ და მათი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. როდესაც ადამიანისთვის ცუდი გინდა და ცდილობ, ურთიერთობა დაუნგრიო, ესე იგი, პრობლემა შენშია. ვერ შედექი ან ვერ ხვდები, რომ მასთან შენი ურთიერთობა დასრულდა და ახლა ეს ადამიანი სხვაგან და სხვასთან არის. ჩვენ ასეთი ადამიანებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია.

– თვითონ თუ ხარ ეჭვიანი?

– თაკოს არასდროს მოუცია ამის მიზეზი, ბოლომდე ვენდობი, მასში დარწმუნებული ვარ. მასთანაც მოსულა შეტყობინებები და შეკითხვები, ქმარი გყავსო? მაგრამ როცა გაიგეს, რომ მას მეუღლე ჰყავს, ზედმეტად აღარ შეუწუხებიათ. ეს პრობლემა დაქორწინებამდე, შეყვარებულობის პერიოდშივე მოგვარებული იყო.