“ასე იცოდა ხოლმე მოკითხვა: როგორ ხარ ჩემო ბატონო ძმაო, უთქვენოდ ცუდად ბატონო თენგიზ“

347

მუსიკოსი გია ბაღაშვილი, მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს:

„კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა!… ძალიან მიმძიმს ბატონ თენგიზზე წარსულ დროში საუბარი.

გარდა იმისა, რომ ძალზე ახლობელი და ძვირფასი პიროვნება იყო, ის გახლდათ ყოველმხრივ შემკული ქართველი ვაჟკაცი… დიდი არტისტი… დიდსულოვანი… ყველასგან გამორჩეული… გარდასულ ეპოქათა გმირი, ჩვენს პირქუშ დროში, თითქოს, შემთხვევით მოხვედრილი…

არ მახსოვს რეპეტიციაზე შევსულიყავი და ამხელა, ბუმბერაზი პიროვნება ფეხზე არ წამომდგარიყო…ასეთი იყო მისი შინაგანი კულტურა, ასეთი გახლდათ ყველასთან – დიდთანაც და პატარასთანაც…

საუცხოო მანერებით გამორჩეულს, მართლაც ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა.

ზედმიწევნით კარგად იცოდა დასავლეთ ევროპული, განსაკუთრებით ფრანგული ლიტერატურა… ხშირად გვისაუბრია ამ თემებზე და თავის ყოველ თეზას, როგორც წესი, ვრცელი ციტატით გაუმაგრებდა ხოლმე ზურგს… თხემით ტერფამდე ქართველი იყო… უზომოდ შეყვარებული სამშობლოზე…

ფეხით ჰქონდა მოვლილი მთელი საქართველო, ვერც ერთი პროფესიონალი ექსკურსიამძღოლი ვერ შეედრებოდა.

საუკეთესო ქართული თვისებების განსხეულება გახლდათ სცენაზეც, ეკრანზეც და რეალურ ცხოვრებაშიც!..

ნაბახუსევზე ასე იცოდა ხოლმე სიყვარულით მოკითხვა: „როგორ ხარ ჩემო ბატონო ძმაო?!.“ უთქვენოდ ცუდად ბატონო თენგიზ!.. დაგვტოვეთ და აღარავინ დაგვრჩა თქვენი დარი!…“