როგორ დაკარგა ელენე საბაშვილმა 13 წლის ასაკში ბავშვობის ოცნება

243

ელენე საბაშვილი ევროპაში მოღვაწე წარმატებული საოპერო მომღერალია. მისი ცხოვრება მრავალფეროვანი ინტერესებითა და მნიშვნელოვანი გარდატეხებით გამოირჩევა, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს.

ელენე საბაშვილი: შემოქმედებით ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ ბავშვობიდან ვხატავდი და ვმღეროდი, განსაკუთრებით ბალეტი მიტაცებდა. დედა პიანისტია და იმ პერიოდში კონცერტმაისტერად მუშაობდა ოპერის თეატრში. აქედან გამომდინარე, ოპერა ჩემი მეორე სახლი იყო. სამი წლის ასაკიდან ბალერინებს ვუყურებდი და უბედნიერესი ვიყავი. ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი, როდესაც დედამ ფრანკო ძეფირელის ფილმი-ოპერა „ტრავიატას“ ვიდეოფირი მომიტანა და ამ ფილმმა მულტფილმები შემიცვალა. იტალიური არ ვიცოდი, მაგრამ მოგეხსენებათ, მუსიკას საოცარი ძალა აქვს და თითქოს ენის გარეშეც ყველაფერს იგებ. ფილმი რომ მორჩებოდა, ემოციებისგან ვტიროდი ხოლმე და მაშინვე თავიდან ვრთავდი. ძალიან მალე უკვე მეც ვყვებოდი პლასიდო დომინგოს და ტერეზა სტრატას სიმღერებს. ისინი ტელევიზორში მღეროდნენ, მე – სახლში და მოკლედ, ჩემი თეატრი მქონდა (იცინის).

ფორტეპიანოსა და ბალეტზე მიმიყვანეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხმა მქონდა და სიმღერაც ძალიან მიყვარდა, ეს ჩემთვის უფრო ჰობი იყო. ვოცნებობდი, ბალერინა გამოვსულიყავი და 13 წლამდე სხვადასხვა სპექტაკლში ვცეკვავდი, მაგრამ ამ ასაკში უკვე თითქმის ის სიმაღლე მქონდა, რაც ახლა, ანუ, 175 სანტიმეტრი ვიყავი. უცებ გავიზარდე და ეს ჩემთვის ძალიან ტრავმული იყო, რადგან ბალეტში ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. ჩემი პედაგოგი მარინა ალექსიძე გახლდათ და მახსოვს, გვითხრა, ცოდოა ბავშვი ბალეტში ამ სიმაღლითო. მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება დავკარგე.

თეატრის ყველა კუთხეს ვიცნობდი, ჩემთვის სცენა იყო ყველაზე კომფორტული ადგილი, ამიტომ ძალიან გამიჭირდა, რთულად გადავიტანე ეს ამბავი. აგრესია გამიჩნდა იმ ყველაფრის მიმართ, რაც მანამდე მაინტერესებდა, იქნებოდა ეს კლასიკური მუსიკა თუ ბალეტი. თან, მოგეხსენებათ, გარდატეხის პერიოდი ისედაც რთულია. დედა სახლში რომ უკრავდა, ვეუბნებოდი ხოლმე, ნუ უკრავ ამ საშინელ მუსიკას, როცა მე სახლში ვარ-მეთქი. კარს გამოვიხურავდი და თუფაქს ვუსმენდი (იცინის). ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ადგილი დავკარგე.

– მერე როგორ ფორმირდა თქვენი ინტერესები?

– სკოლას რომ ვამთავრებდი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდი, რა მინდოდა, მაშინვე უნივერსიტეტში ჩაბარებაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მშობლებმა მითხრეს, რომ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა და რადგან კარგად ვხატავდი, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ტანსაცმლის დიზაინზე. მოდის სამყარო ბავშვობიდან მიყვარდა, ვმოდელობდი კიდეც, მაგრამ მოდელირებაზე სწავლისას მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმის კეთება სიამოვნებას ვერ მომანიჭებდა და არქიტექტურულზე გადავედი. თუმცა, იქაც მალე დავკარგე ინტერესი, აკადემიური წელი ავიღე და პარიზში წავედი. მეგობრებს ვუთხარი, მივდივარ იმისთვის, რომ ჩემი თავი ვიპოვო-მეთქი. გაეცინათ, რადგან როცა ხან ერთი რამ გაინტერესებს, ხან მეორე და დიდხანს გულს ვერცერთს უდებ, რატომღაც, ჩვენს ქვეყანაში ისე გიყურებენ, როგორც არასერიოზულ ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ ასაკს გააჩნია. იმ პერიოდში მე ძიების პროცესში ვიყავი და მგონია, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. საფრანგეთში ცოტა ხანი სორბონის უნივერსიტეტში ფრანგულ კულტურასა და ხელოვნებას ვსწავლობდი, ასევე, ფრანგულ ენას და მალევე, არქიტექტურულ სკოლაშიც ჩავაბარე. ესეც დედის დამსახურება იყო, მეუბნებოდა, ბოლომდე უნდა მიიყვანო დაწყებული საქმეო. თუმცა, მე ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ძალიან განვიცდიდი და მახსოვს, სულ ვლოცულობდი – ღმერთს ვთხოვდი, ჩემთვის ისეთი საქმე ეპოვნინებინა, რომელსაც არ აღვიქვამდი, როგორც ვალდებულებას და სიამოვნებით გავაკეთებდი.

მე დედისერთა ვარ. ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში დედისერთა შვილს როგორ ევლებიან თავზე და პარიზში უცებ მარტო აღმოვჩნდი. დედა იქ არის გათხოვილი, მაგრამ მე ცალკე ვცხოვრობდი, უნივერსიტეტთან ახლოს. ცოტა გამიჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რომ ჩემი თავი უკეთ გამეცნო. რომ არა პარიზი, ვერასდროს მივხვდებოდი, რომ ჩემი მოწოდება ოპერაა.

ერთ ჩვეულებრივ დღეს გამეღვიძა და ვგრძნობ, რომ გონებაში საოპერო არიები მიტრიალებს. არადა, წლები იყო გასული, რაც ოპერას და საერთოდ, კლასიკურ მუსიკას აღარ ვუსმენდი. მოულოდნელად ბავშვობის მელოდიები ამომიტივტივდა და ძალიან მომინდა სიმღერა. მარია კალასის კონცერტი ჩავრთე და ვცდილობდი, ავყოლოდი. სიმღერის სურვილს იმდენად ძლიერად ვგრძნობდი, რომ მაშინვე გადავწყვიტე, რამე მომემოქმედა და საფრანგეთში ძალიან წარმატებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ქალბატონ ნონა ჯავახიძეს მივწერე, ვთხოვე, გაესინჯა ჩემი ხმა და ეთქვა, მქონდა თუ არა სასიმღერო მონაცემი. მან გამისინჯა ხმა და მითხრა, რომ კარგი მონაცემები მქონდა. სამწუხარო იქნება, თუ სიმღერას არ გაჰყვები, თუმცა, ეს ძალიან რთული პროფესიაა. სწავლას ბევრი წელი და თავდადებული შრომა სჭირდება, უცებ ვარსკვლავი ვერ გახდები. თუმცა, ხმა გაქვსო, ეს რომ მითხრა, იმის მერე აღარაფერი გამიგონია (იცინის).

მაშინვე დედასა და მის მეუღლეს, რომელიც მელომანია, ვუთხარი, მივხვდი, რისთვისაც დავიბადე, მე ოპერის მომღერალი უნდა გავხდე-მეთქი. დედამ სიცილი დაიწყო, არასერიოზულად მიიღო, რადგან იმ პერიოდში სულ სხვა ინტერესები და ცხოვრების წესი მქონდა, თუმცა დედას მეუღლისგან დიდი მხარდაჭერა მივიღე.

ჩემი სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერი გავაკეთე მისი რეალიზებისთვის. პარიზს დავემშვიდობე და თბილისში ჩამოვედი. ვგრძნობდი, რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა და მოსალოდნელი ცვლილებები მაბედნიერებდა. 19-20 წლის ასაკში, ცხოვრებაში პირველად, ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში, მანამდე უფრო დინებას მივყვებოდი. თბილისშიც ყველა გაოცდა ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემს მეგობრებსაც არ აღუქვამთ ჩემი სურვილი სერიოზულად. ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ მე ვმღეროდი, მაგრამ ყველას ვუთხარი, ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ-მეთქი (იცინის).

ჩამოვედი თუ არა, მეორე დღესვე კონსერვატორიაში მივედი რექტორთან – მანანა დოიჯაშვილთან და ვუთხარი: გამარჯობა, მე ელენე ვარ, გუშინ ჩამოვედი საფრანგეთიდან და ოპერის მომღერალი უნდა გავხდე. რა გავაკეთო ამისთვის-მეთქი?! მას გაეღიმა და მკითხა, მღერითო? ვუპასუხე, არა, მაგრამ ვიმღერებ-მეთქი (იცინის). ალბათ, მოეწონა ჩემი გულწრფელობა, ძალიან გამიმართლა, რომ მას შევხვდი. საქართველოში ხომ მანამდე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, გამოცდები ჩავაბარე და მობილობით კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი გავხდი, დაახლოებით სამ თვეში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა მერე სირთულეებსაც შევეჯახე. მე მქონდა ხმა, მაგრამ არა ტექნიკა. ჩემს კურსზე იყვნენ ბავშვები, რომლებმაც ჩემგან განსხვავებით, წლების განმავლობაში კარგი განათლება მიიღეს და შესაბამისი ბაზაც ჰქონდათ. გამიჭირდა, მივხვდი, რომ ნამდვილად ბევრი სწავლა მჭირდებოდა და თავისუფლად ვიტყვი, რომ ამისთვის თავი გადავდე. მესამე კურსიდან სასიმღერო ტექნიკის დასახვეწად იტალიაში გადავწყვიტე წამოსვლა. მაშინ გავიცანი ჩვენი ასევე ძალიან წარმატებული ტენორი მიშა შეშაბერიძე, რომელმაც მილანში თავის პედაგოგთან წარმადგინა. მითხრა, ძალიან მკაცრი ქალბატონია, თუ არ მოეწონები, არ აგიყვანს, ჯერ საცდელი პერიოდი უნდა გაიაროო. მახსოვს, მაშინ თანხა მქონდა შეგროვებული მანქანის საყიდლად და ის მილანში გასამგზავრებლად გამოვიყენე. საბედნიეროდ, ამ ქალბატონმა ჩემთან მუშაობის სურვილი გამოთქვა, რაც ძალიან გამიხარდა, თუმცა იქ ყოფნა მომთხოვა, რომ ინტენსიურად გვემუშავა. დედამ რომ დაინახა, უკვე ამდენი წელი მივდევდი ჩემს სურვილს გვერდით დამიდგა და ყველაფერში ხელი შემიწყო. დაახლოებით, 3-4 წელი მაქსიმუმს ვაკეთებდი სწავლისთვის. საერთოდ, არტისტს ერთი სული აქვს, როდის გავა სცენაზე, მაგრამ ჩემი მიზანი იყო, სცენაზე მაშინ გავსულიყავი, როდესაც ძალიან კარგი პროფესიონალი ვიქნებოდი და ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. მთელი გულით მინდოდა, ერთ-ერთი საუკეთესო ვყოფილიყავი. მოთმინება არასდროს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ ამჯერად ჩემმა თავმა გამაკვირვა. ყოველდღე დაუღალავად ვშრომობდი, აგურს აგურზე ვდებდი, რომ როგორც პედაგოგმა მითხრა, თეატრში ცოდნითა და საკუთარი თავის რწმენით შეიარაღებული მივსულიყავი.

– როდის მოვიდა სცენაზე დგომისა და წარმატებების დრო?

– პირველად სცენაზე ქალაქ ტრიესტის, ჯუზეპე ვერდის სახელობის სახელმწიფო თეატრში დავდექი. ეს იტალიის ერთ-ერთი წამყვანი თეატრია. ძალიან ბევრი სპექტაკლი ვიმღერე. შემდეგ კოვიდი დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა. მე კი არა, ყველა სახლში იჯდა, როცა უცებ მივიღე შემოთავაზება, რომ გამეკეთებინა დებიუტი აიდას როლით. „აიდა“ ჯუზეპე ვერდის ერთ-ერთი ურთულესი და ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაა. ამ ასაკში იშვიათად ხდება ასეთი რამ და დაჯერებაც კი მიჭირდა. დავთანხმდი და ჩემი დებიუტი ქალაქ პავიაში, ღია ამფითეატრში შედგა. ამ სპექტაკლში ყველაზე პატარა და გამოუცდელი მონაწილე ვიყავი, თან მთავარ როლში. დაუვიწყარი ემოცია იყო. სხვათა შორის, სულ მქონდა მოთხოვნილება, რომ პირველხარისხოვანი როლები შემესრულებინა. ვფიქრობდი, რომ მეორეხარისხოვან როლს არ ვიმღერებდი და დაველოდებოდი, სანამ პირველხარისხოვანს არ შემომთავაზებდნენ. საბედნიეროდ, ასე მოხდა და ამას ძალიან დიდი წარმატება და ახალი შემოთავაზებები მოჰყვა. ჩემთვის ზუსტად ახალი შემოთავაზებებია იმის საზომი, თუ როგორ ვიმღერე. შემდეგ იყო სხვა ოპერებიც, არაერთი წარმატებული დებიუტი. ამას მოჰყვა დებიუტი საქართველოშიც, შემდეგ სიმღერა გერმანიის თითქმის ყველა დიდ და ასევე, პატარა ქალაქებში.

– ახლა რა მიზნები გაქვთ?

– რა თქმა უნდა, ყოველდღიური სიმღერა, მეცადინეობა, სწავლა. ალბათ, ნელ-ნელა ოჯახიც (იცინის). თუმცა, „დრო მოვიდას“ შეგრძნება არ მაქვს. 32 წლის ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ უნდა გავთხოვდე იმისთვის, რომ გავთხოვდე.

– მოდელობაზეც მინდა ვიკითხო, საკმაოდ პატარა ასაკიდან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მნიშვნელოვანი აქტივობები იყო…

– სამოდელო სააგენტოში დედამ მიმიყვანა. მაშინ „ნატალი“ იყო ყველაზე ცნობილი სააგენტო. გარდატეხის ასაკში ცოტა არაგოგოური სტილი მქონდა, რასაც დედა განიცდიდა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო (იცინის). მერე მეც მომეწონა მოდელობა, რადგან რეკლამაში გადამიღეს, ჩვენებებზე გამოვედი, პირველი შემოსავალი გამიჩნდა და ასე შემდეგ. ბასა ფოცხიშვილთან, ავთანდილთან და ბევრ დიზაინერთან მითანამშრომლია. 2008 წელს „მის საქართველოზე“ გამოვედი. ფინალისტი ვარ, „მის ფოტოგენურობა“ გავხდი. შემდეგ ცოტა ხანი პაუზა მქონდა, რადგან აბიტურიენტი ვიყავი, მაგრამ პარიზში გადასვლის შემდეგ ისევ განვაგრძე მოდელობა. იქაც გამოვდიოდი ჩვენებებზე, ვმონაწილეობდი გადაღებებში და საკმაოდ საინტერესო და სახალისო პერიოდი მქონდა, თუმცა, ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო. კარგი გარეგნობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ერთხელ მამამ მითხრა, შენ ბევრად მეტი შეგიძლია, შინაგანადაც ისეთი ლამაზი უნდა იყო, როგორიც გარედან ხარ და შენში არსებულ სხვა ნიჭებსაც აუცილებლად უნდა მისცე გასაქანიო.

– სილამაზის გამო სტერეოტიპული დამოკიდებულება არ შეგხვედრიათ?

– კი, ყოფილა ასეთი რამ თეატრშიც და დღემდე არის. საკუთარ თავზე საუბარი ცოტა მეუხერხულება, ამიტომ ზოგადად ვიტყვი, რომ თუ ადამიანი ვიზუალით გამოირჩევა, ბევრად მეტი მუშაობა უწევს იმის დასამტკიცებლად, რომ პირველ რიგში, პროფესიონალია და მერე – ყველაფერი დანარჩენი. გარეგნობა რაღაც შემთხვევებში გეხმარება კიდეც, მაგრამ მე, მაგალითად, ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ არ აღვექვით მხოლოდ ლამაზ გოგოდ და არ ეფიქრათ, რა ლამაზია და კარგადაც მღერისო. პირიქით, მინდა, პირველ რიგში, პროფესიონალად აღმიქვამდნენ და ვინმე თუ ჩათვლის, რომ ლამაზი ვარ, რა თქმა უნდა, ესეც სასიამოვნოა.