“რატომ ატყდა აჟიოტაჟი არ ვიცი… დედაჩემი რომ არა, შეიძლება ვიღაც ძველი ბიჭის ცოლი გავმხდარიყავი, მან მაქცია ცნობილ ადამიანად“
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ქართველი სოპრანო, თამარ ივერი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემას ესტუმრა, სადაც ბავშვობის წლებსა და დედასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ივერის მიერ მოყოლილ ისტორიას, რომ დედა მკაცრად ზრდიდა, უმრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც თამარ ივერმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, დედამ მის ცხოვრებაში უზარმაზარი დადებითი როლი შეასრულა და არ თვლის, რომ ის რამეს არასწორად აკეთებდა.
„ეს ამბავი სიცილით გავიხსენე. ვთქვი, რომ მკაცრად და დისციპლინირებულად მზრდიდნენ, ამაში საგანგაშო არაფერია. გაუგებარია, ამხელა აჟიოტაჟი რამ გამოიწვია. 5-6 ქამრით რომ ბავშვს არ სცემენ, ყველა უნდა მიხვდეს. ეს ყველაფერი ხუმრობით მოვყევი. გაოგნებული ვარ, ნათესავებიც კი მირეკავენ, მერი ასეთი როდის იყოო… მართლა რაღაც ტრაგიკული რომ ყოფილიყო, ამას სიცილით და ამ ფორმით ხომ არ მოვყვებოდი?!
რთული თინეიჯერული წლები მქონდა. შეიძლება, სულ სხვა გზით წავსულიყავი და სულ არ ამერჩია სიმღერა. დედაჩემის სიმკაცრე რომ არა, შეიძლება, უბნის ვიღაც ძველი ბიჭის ცოლი გავმხდარიყავი და არ გავყვებოდი იმ საქმეს, დედამ მაქცია ცნობილ ადამიანად...“ – ამბობს თამარ ივერი.