როგორ გადაარჩინა ედუარდ შევარდნაძემ პატიმრობას ზურაბ ცინცქილაძე და რა ურთიერთობა ჰქონდა მას ზვიად გამსახურდიასთან

354

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პირველი ქართულ-თურქული ფილმის, „ხიდის“, პრემიერა გაიმართა. მხატვრული ფილმის დასრულება რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ოპერატორ თამაზ გოგინაშვილის გარდაცვალების გამო დაგვიანდა. სცენარი ნამდვილ ამბავს ეფუძნება და მასში ცნობილ ქართველ მსახიობებთან ერთად, თურქი არტისტებიც თამაშობენ. უფრო დაწვრილებით პრემიერისა და ფილმის შესახებ ზურაბ ცინცქილაძე გვესაუბრა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებს.

ზურაბ ცინცქილაძე: ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს დედაქალაქში, სტამბოლში, შედგა პირველი ქართულ-თურქული, მხატვრული ფილმის პრემიერა. ფილმი გადაღებულია აჭარის კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და ასევე, თურქეთის თანადგომით. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და სიუჟეტების უმეტესი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზეა გადაღებული. ჩემი გმირი 30-იან წლებში გაურბის „კაგებეს“ და დიდი წვალებით გადადის თურქეთის საზღვარზე. თავიდან ფიქრობენ, რომ საქართველოდან ჩასული აგენტია, მაგრამ იქ შეხვდება მისი მოგვარე და ყველაფერი იცვლება. 10 წელზე მეტია, რაც ამ სცენარის შესახებ გვქონდა საუბარი. მასში განხილულია ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უშუალოდ ქართულ-თურქულ ურთიერთობას ეხება. იქაურ ქართველებს უამრავი კითხვა აქვთ, მათ შორის: რატომ ვცხოვრობთ აქ? არავინ საუბრობს ამაზე, არავინ ასწავლის ამ თემას, ჩვენც არ ვიცით, რატომ ცხოვრობს 5 მილიონზე მეტი ქართველი თურქეთში, მაშინ, როცა საქართველოში ბევრად ცოტანი ვართ. რა არის მუჰაჯირობა რეალურად? ეს არის გასული საუკუნის დასაწყისში, რომ თავისი მამულებიდან აჰყარეს ადგილობრივები და მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოების გამო თურქეთში გადაასახლეს. ეს ყველაფერი იყო პროვოცირებული – ვიღაცებს უნდოდათ ასე.

– ფილმს და თქვენს გმირს რომ დავუბრუნდეთ, რომელ ამბავზე დაყრდნობითაა სცენარი დაწერილი?

– მოხდა ისე, რომ კაცი იძულებული იყო, გაქცეულიყო საქართველოდან და გადასულიყო თურქეთში, იქ ნათესავებს შეაფარა თავი და სამშობლოში დაბრუნებას საშველი აღარ დაადგა. რომ დაბრუნებულიყო, დახვრეტდნენ, ამიტომ დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის იმედად. როცა ჩვენი ქვეყანა დატოვა, აქ ჰყავდა ცოლი და პატარა შვილი. თურქეთს შემორჩენილმა მოიყვანა მეორე ცოლი და კიდევ შეეძინა შვილი. 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, ის შვილის მოსაძებნად საქართველოში ჩამოდის, თუმცა მაშინდელი არეული პერიოდიდან გამომდინარე, შვილის ძებნაში მოკლავენ – მანქანაში ჩაცხრილავენ. მერე მეორე შვილი ჩამოდის საქართველოში, რომ გაიგოს, რა მოუვიდა მამას. მის როლს თურქი კინოვარსკვლავი ემრე კიზილმაკი ასრულებს. აქ ნახულობს თავის სიყვარულს, რომელსაც კონცერტზე შეხვდება. ამ გოგონას როლში ნინი ბადურაშვილია. ფილმში გადმოცემულია ყველა ის უკუღმართობა და მავნებლობა, რაც იმ პერიოდში იყო.

– რეალური ისტორია ვინ გიამბოთ?

– ეს ამბავი ნამდვილად მოხდა, ჩემი მოყვარეც კი არის ის კაცი, ვის როლსაც ვთამაშობ. ამბავი ცნობილმა ქართული წარმოშობის თურქმა ექიმმა, ისმედ დინდერ-მიქელაძემ მოგვითხრო. მას ამ კაცის საფულეც კი ჰქონდა, სადაც ქართული ოჯახისა და შვილის სურათი ედო. პირადად ისმედთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ორივენი ერთად მივედით კინოსტუდიაში და ბატონ ერეკლესთან ერთად დავიწყეთ ამ ამბის გასცენარება. ერეკლე ისე გულიანად მიუდგა ამ ისტორიას, ყოველი სცენარის გადაღების დროს თვალებზე ცრემლი ადგებოდა. მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ფილმი გიორგი ხარებავამ დაასრულა. ფილმში ასევე თამაშობს ქართული წარმოშობის ცნობილი თურქი ბიზნესმენი, მეცენატი ისმედ აჯარი (ვაჭარაძე). პრემიერაზე იქაური ქართველებიც იყვნენ, რომლებსაც უზომოდ უხაროდათ ეს ამბავი.

– როგორც ვიცი, ფილმის გადაღება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა.

– გადაღებები ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა, როგორც ფილმში პერსონაჟებს გადახდათ ათასი უბედურება, თვითონ ფილმსაც მსგავსი ბედი ეწია. გარდაიცვალა ფილმის რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობები: ვანო გოგიტიძე, სოსო ლაღიძე. მეშინია, მეც არ მეცეს თვალი (იცინის). პრემიერაზე ხომ დიდი ზეიმი იყო, მაგრამ ყველას რაღაცნაირად დამძიმებული გვქონდა გული, იმის გამო, რომ თავად ერეკლე ვერ ესწრებოდა – ალბათ, ზეციდან განიცდიდა დიდ სიხარულს. სამომავლოდ ამ თემატიკაზე გადაღებულ ყველა ფილმს ერეკლეს მივუძღვნით.

– იმ პერიოდის საქართველოში ხელოვან ხალხს ხშირად ჰქონდა პრობლემები იმდროინდელ უშიშროების სამსახურთან. თქვენ თუ გქონიათ შეხება „კაგებესთან“?

– ცხადია, ეს პრობლემები ყველას შეეხო, თეატრში თუ წარმატებული იყავი, ცდილობდნენ, მათთან გქონოდა ურთიერთობა – ავი თუ კარგი. 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც ქართული ენის დასაცავად მომიტინგეები ვიყავით შეკრებილი, პირდაპირ აქციიდან ამიყვანეს და „კაგებეს“ ოთახში აღმოვჩნდი. ჩემთან ერთად იყო მსახიობი კაკო ხიდაშელიც. ვისხედით და ველოდებოდით სასჯელს. ოთახში რადიო იყო ჩართული და გავიგონეთ შევარდნაძის სიტყვები: ისე, როგორც კონსტიტუცია არ შეიცვლება, სახელმწიფო ენადაც დარჩება ქართული.

– როგორ დასრულდა ეს ამბავი?

– შემოვიდა ოფიცერი ოთახში და გვეკითხება, რა არ მოგწონთო. კაკომ უპასუხა, რაც არ მოგვწონდა გასწორდა, შევარდნაძემ თქვა უკვეო. ვახ, თქვენ გენაცვალეთო! – შესძახა ოფიცერმა. კაცს ისე უხაროდა, გაგიჟდა ლამის. თურმე, რეალურად, როგორ წუხდა და იძულებული იყო თავისი საქმე შეესრულებინა. შევარდნაძეს ეს სიტყვები რომ არ ეთქვა, ციხეში ჩავჯდებოდით. მქონდა ასეთი დღეებიც, უფრო მეტიც, პირველი არაფორმალური საზოგადოება რომ შეიქმნა – ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრების ოფიციალური სია დავბეჭდეთ და გამოვაქვეყნეთ, პირადად მე სიაში მე-17 გახლდით. ასეთი რამეები მაშინ იატაკქვეშ ხდებოდა, ჩვენ კიდევ პირდაპირ დავბეჭდეთ. ზვიადი გახლდათ ჩემი თეოლოგიისა და რუსთველოლოგიის მასწავლებელი, თავიდანვე ვმეგობრობდი მასთან.