როგორ აღმოაჩინა ვახუშტი კოტეტიშვილმა მეგობრის დედა საკუთარ დედად და ვის მოსთხოვა მან სახლის წილი

288

უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორია ხალხით იყო გადაჭედილი. ლექციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი – ქართველ მეცნიერთა ბრწყინვალე პლეადა, რომელიც უნივერსიტეტისთვის ახალი, ნიჭიერი ძალის შემატებას ხარობდა.

დროთა განმავლობაში კი არტისტული ნატურის წყალობით იმდენი თაყვანისმცემელი მოიზიდა, რომ მის ლექციაზე მოხვედრა არცთუ იოლი იყო. ეს იყო ვახუშტი კოტეტიშვილი. ძალიან დიდი ოჯახის დიდი კაცი. 1937 წელს უეროვნებო ჩეკისტებმა დახვრიტეს 44 წლის ვახტანგ კოტეტიშვილი, ხოლო 55 წლის შემდეგ, 1992 წლის 2 იანვარს (ხალხის რწმენით, ბედობის დღეს) „ეროვნულობისთვის მებრძოლებმა“ სამჯერ გაძარცვეს ვახტანგ კოტეტიშვილის სახლი და, ვინაიდან თვით ვახტანგ კოტეტიშვილი აღარ იყო ცოცხალი, საგულდაგულოდ დაცხრილეს მისი პორტრეტები. სახლს, თურმე, სამჯერ გაუჩინეს ხანძარი, სამჯერვე ჩააქრეს მეზობლებმა, რომლებსაც ბოლოს ავტომატები მიუშვირეს და უბრძანეს: შეეშვით, ეს სახლი უნდა დაიწვასო. 90-იანებში, თბილისის ომის დროს, კოტეტიშვილის სახლი მაინც დაწვეს. სახლთან ერთად, რა თქმა უნდა, დაიწვა არქივი, უნიკალური ხელნაწერები. მისი დღიურებიც ამ სახლიდან იწყება:

მისთვის სამყარო სარკმლიდან იწყება

„ამ ქუჩას ადრე პეტრე დიდის ქუჩა რქმევია. მე იმ დროს არ მოვსწრებივარ. ბოლშევიკებმა, რასაკვირველია, „პეტრე არა, პავლეო“ თქვეს და პირსისხლიანი ჩეკისტების ბელადის, ძერჟინსკის ქუჩა დაარქვეს. ჩვენი ოჯახების უფროსი თაობის წარმომადგენელნი კომუნისტების ჯიბრზე მაინც პეტრე დიდის ქუჩას ეძახდნენ და ჩემს ბავშვურ მეხსიერებაშიც ამ სახელით არის აღბეჭდილი. ჩემი სახლი პეტრე დიდის ქუჩის თამადააო, – ასე ამბობდა თურმე მამაჩემი, ვახტანგ კოტეტიშვილი, როცა უნდოდა, ვინმესთვის მიენიშნებინა ჩვენი სახლის ადგილმდებარეობა, რომელიც, თუმც მაშინდელი მთაწმინდის ქუჩაზე იდგა, მაგრამ ფასადის სარკმლებითა და მოჩუქურთმებული ულამაზესი აივნით სწორედ პეტრე დიდის ქუჩას გაჰყურებდა და აგვირგვინებდა. ბავშვებისთვის სამყარო ხომ სარკმლიდან იწყება. მით უმეტეს, როცა ჯერ არც ეზოში გიშვებენ და ქუჩაში ბურთაობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ჰოდა, ვიჯექ სარკმლის რაფაზე იდაყვდაყრდნობილი ან, კიდევ, აივნის მოაჯირს ნიკაპჩამოდებული და გავცქეროდი გაძერჟინსკებულ პეტრე დიდის ქუჩას. სად იყო მაშინ მანქანები? კვირაში ერთი-ორჯერ თუ აივლ-ჩაივლიდა ბორტებმორღვეული სატვირთო მანქანა და იმასაც ჟივილ-ხივილით ეკონწიალებოდნენ ქუჩაში მოთამაშე ბალღები. ამიტომაც იყო ქუჩა ბავშვების მიერ ეზოდ ქცეული. ტროტუარი გოგოების ასპარეზს წარმოადგენდა. საგულდაგულოდ ჰქონდათ „კლასობანას“ სათამაშოდ დახაზული და იმათ ასკინკილა პარტყაპურტყს ხომ ბოლო არ ჰქონდა. თანაც, რა გრაციოზულად გაიქნევდნენ ბაფთიან ნაწნავს და ტაკოგაბზეკილები, ვითომ სასხვათაშორისოდ, მაინც ბიჭებისკენ გააპარებდნენ ხოლმე მოჭუტულ თვალებს. შუა ქუჩა კი ბიჭებს საფეხბურთო მოედნად ჰქონდათ ქცეული. გამოლაგდებოდნენ უბნელი ბიჭები: გაიოზა, ლორიკა, ვანო, ალბერტა, იეზიდი რეზო და ვინ აღარ, გაიყოფოდნენ ორ გუნდად და გასდიოდა ბურიანგელი ბურთად წოდებულ, ჩვარ-ჩურებით გამოტენილ გაურკვეველ საგანს. მე ქუჩაში სათამაშოდ, რასაკვირველია, არ მიშვებდნენ. დიდედაჩემს, ფოფოდია ეკატერინეს, ამის თქმას, აბა, ვინ გაუბედავდა? ეტყოდი რამეს და სათანადო პასუხსაც მიიღებდი: – მააშ, ჩემს საამაყო შვილებს ქუჩა-ქუჩა რო ერბინათ, განა იმდენ წიგნებს დაწერდნენ?! მტრედების ფშტვენა-ფშტვენაში იქნებოდნენ იაკინთეს პიანიცა ცოლისძმებივითა. საოცარი ის იყო, რომ უბნელ ბიჭებში „სირისტიანის“ სახელი მაინც არ მქონდა. ალბათ, იმიტომ, რომ გრძნობდნენ, იმათაც ჩემი დიდედასნაირი ბებიები რომ ჰყოლოდათ, ასეთსავე დღეში იქნებოდნენ. ფოფოდიას სუსხი ყველას თავის კანზე ჰქონდა ნაგრძნობ-ნაწვნევი. ამიტომაც ბიჭები ჩემს მდგომარეობაში შედიოდნენ და ჩემდა სანუგეშოდ, მსაჯობას შემომთავაზებდნენ ხოლმე. ვიყავი აივანზე გადამდგარი და იქიდან ჩუმად ვმსაჯობდი, რომ დიდედას არ გაეგო, თორემ დაუყოვნებლივ შინ შემაგდებდა და ცხვირს გაშლილ წიგნში მიტაკებდა. ერთ მშვენიერ დღეს ისეთი რამ მოხდა, რამაც შეძრა მთელი ჩვენი მყუდრო უბანი. ჩვენი მეზობელი ქალიშვილი, ზიზი, რომელიც ძერჟინსკის ქუჩის ბოლო ეზოში ცხოვრობდა, ახალგაზრდა კაცმა თავისი მსუბუქი მანქანით მოაცილა. ზიზი მანქანიდან ღაწვებშეფაკლული გადმოცქრიალდა, ხელში ლამაზი ყვავილების თაიგულით, თავის კავალერს ხელის დაქნევით დაემშვიდობა და ეზოში შესრიალდა. უბნის დედაკაცებმა თვალები სჭყიტეს, ერთმანეთს რაღაც-რაღაცები გადაუჩურჩულეს და მრავლისმთქმელად გაისუსნენ. მაგრამ საოცარი ის გახლდათ, რომ დედაკაცებს ჯერ ჩურჩულით, შემდეგ კი უკვე ღავღავით კაცებმა და ბიჭებმა გადააჭარბეს. – ტო, ნახე, ვინ იყო? – ვიზე ამბობ? ვერ დაინახე, ზიზი ვინ მოაცილა? – როგორ უნდა დამენახა, ტო, ტიპი მანქანიდან არც გადმოსულა. – ბიჭო, რა გადმოსვლა უნდოდა? ნაღდი ბასა იყო, ტო. – რომელი ბასა? – ღოღობერიძე, გორსალ, თვალები ტ-ში გქონდა? ეს ამბავი იმ საღამოს, რასაკვირველია, არ გარკვეულა. მეორე საღამოს იგივე სცენა რომ განმეორდა, მთელ უბანს უკვე ათასი თვალი გვქონდა გამოსხმული და ყურები ხომ ფიანდაზებად გვეფინა. – ჰო, ბასაა ღოღობერიძე, ზიზის თხოულობს ცოლად, – დაგვიდასტურა გაიოზამ, რომელიც ამ საქმეში დიდი ავტორიტეტი იყო, როგორც ჩვენზე უფროსი და ზიზის კარის მეზობელი. გავიხარეთ, მაგრამ რა გავიხარეთ. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი, მეორე ბორია პაიჭაძე, ჩვენი უბნის სიძე ხდებოდა. გაგვიჩნდა სატრაბახო კლასში თუ სხვა უბნელებში. და მარტო ჩვენ, ბიჭ-ბუჭებს, კი არ გვიხაროდა, დიდებიც ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას. – ზიზი კაი გოგოა, წესიერი, ზრდილი, პატიოსანი და საბედოც კაი მისცა ღმერთმა. იხარონ, იმრავლონ და იბედნიერონ, მაგათზე ყველაფერი ალალია. ასე დაასკვნა მთელმა მთაწმინდის უბანმა და ალალი სიხარულითა და ზარ-ზეიმით გაისტუმრა საქორწილო მაყრიონი.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემთვის ძერჟინსკის ქუჩა ბოლოდან ანუ ჩემი სახლიდან იწყებოდა და, ძირითადად, მეცნიერებათა აკადემიამდე გრძელდებოდა, სადაც ჩემი და, ლეილა, მუშაობდა მათემატიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. მე ეს მანძილი, რასაკვირველია, გაზომილი მქონდა. ჩვეულებრივ თუ ვივლიდი, ორას ნაბიჯამდე იყო, მაგრამ თუ რაიმეს ჩავიფიქრებდი, რისი ასრულებაც ძალიან მინდოდა, ასორმოცდაათ ნაბიჯში უნდა გამევლო, რასაც ვაივაგლახით, მაგრამ მაინც როგორღაც ვახერხებდი ხოლმე. ჩემი სახლიდან რომ დავეშვებოდი, იქვე ტატიშვილების სახლი იდგა. ბელეტაჟის დიდი ფანჯარა კარგ ამინდში ყოველთვის ღია იყო. ვიცოდი, იქ მამაჩემის მეგობარი ერეკლე ტატიშვილი ცხოვრობდა. თუ მოპირდაპირე სადარბაზოს პატარა კიბეზე ფეხისწვერებზე დადგებოდი, თვითონ ძია ერეკლესაც დაინახავდი, საწერ მაგიდასთან მჯდომს და სქელტანიან წიგნებში ჩაფლულს. ოთახის კედლებზეც სულ წიგნებით გაჭედილი თაროები იყო. ეს იყო მთელი მისი ავლა-დიდება. ვინ იცის, იქნებ სწორედ მაშინ უღრმავდებოდა იგი საკია მუნის სიბრძნეს ან კიდევ გულდასმით აყურადებდა, თუ რას ამბობდა ზარატუსტრა. მე მაშინ არც ერთისა გამეგებოდა რაიმე და არც მეორისა. ხოლო როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრე და გავისიგრძეგანე ამ დიდი პიროვნების ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე, ბატონი ერეკლე უკვე აღარ ბრძანდებოდა ცოცხალი…

მომდევნო სახლში ცხოვრობდა ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელი, ხიდაშელ-ვირსალაძეების ულამაზესი ოჯახი: შალვა ხიდაშელი, ელენე (ლოლოტა) ვირსალაძე და მათი შვილი, მანანა. ძია შალიკო და დეიდა ლოლოტა მამას ნასტუდენტარები იყვნენ და მისი დიდი თაყვანისმცემლები. ამ ოჯახში ვინ ვის სჯობდა შინაგანი თუ გარეგანი სილამაზით, ვერ გაარკვევდით. დეიდა ლოლოტა დედაჩემთანაც მეგობრობდა და როდესაც ორივენი ფეხმძიმედ იყვნენ, დედაჩემი – ჩემზე და დეიდა ლოლოტა – მანანაზე, ერთად სეირნობდნენ თურმე პეტრე დიდის, ანუ ძერჟინსკის ქუჩაზე. დეიდა ლოლოტა ჩემთვის იყო ხატი სადედოფლო ქართველი მანდილოსნისა. უჭკვიანესი, უგანათლებულესი, დიდებული და, ამავე დროს, კდემამოსილი, თავის ირგვლივ საოცარ აურას ქმნიდა. შემდგომ, როდესაც მე მისი სიძე გავხდი, ღამეები თეთრად გვიტეხია 1937 წლის ამბების გახსენებებით, როდესაც იგი ოცდაოთხი წლის ასაკში დააპატიმრეს და სასწაულად გადაურჩა დახვრეტას… ელენე ვირსალაძეს ეს წიგნი დასაწერი დარჩა. მის ამ დაუწერელ მოგონებებს მეღა შემოვრჩი ერთადერთ მემატიანედ. ეს იქნება „ჩემი წუთისოფლის“ მეორე წიგნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავი…

კომუნისტური რეჟიმის სასიკვდილო კონვულსიისას ქალაქის მერიაში გამომიძახეს, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე. დღის წესრიგში იყო ქუჩების სახელების გადარქმევა. თბილისის ბევრ ქუჩას აღუდგა მაშინ წართმეული სახელი ან, კიდევ, უღირსი ღირსეულით შეეცვალა. დაისვა აგრეთვე, ძერჟინსკის ქუჩის საკითხიც. კომისიის აზრი იყო, რომ მას მიკუთვნებოდა მამაჩემის, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელი. ბუნებრივია, ჩემი აზრის მოსმენაც ისურვეს. მე გამოვედი და ვთქვი: კომისიას დიდ მადლობას მოვახსენებ მამაჩემის ხსოვნისადმი პატივის მიგებისათვის, მაგრამ უმჯობესია, რომ ამ ქუჩას პავლე ინგოროყვას სახელი ეწოდოს, ვინაიდან ეს წმინდა პიროვნება აქ ცხოვრობდა-მეთქი. რაც შეეხება ვახტანგ კოტეტიშვილს, თუ მისი სახელის მიკუთვნება გნებავთ რომელიმე ქუჩისათვის, უმჯობესია ობოლაძის ქუჩას მიაკუთვნოთ, ვინაიდან ძერჟინსკის იმდენი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამდენიც პირსისხლიანმა ჩეკისტმა ობოლაძემ მიაყენა-მეთქი. კომისიის ზოგიერთმა წევრმა სინანულით აღნიშნა, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელისთვის ობოლაძის ქუჩა მეტისმეტად ვიწროა და მოკლეო. ამაზე მე ვუპასუხე, ქუჩის სივიწროვეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვახტანგ კოტეტიშვილის სახლს თავის სახელობის ქუჩაზე, ალბათ, უფრო ემყუდროვება-მეთქი. ასე მიენიჭა ერთმანეთს ჩახუტებულ ქუჩებს ძმადნაფიცი შავჩოხოსნების პავლე ინგოროყვასა და ვახტანგ კოტეტიშვილის სახელები…

უცხო შვილი

ხალხური სიტყვების ძიებაში უამრავი ადამიანი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი. მათზე ბევრი მოგონება შემომრჩა. არაგვისპირეთში მომხდარ ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩემს მეგობარ გოგი წიკლაურთან ვქეიფობდი. მეგობრის დედამ, 90 წელს მიღწეულმა ხოშია გოგოჭურმა რომ გაიგო, ვახუშტის დედ-მამა არ ჰყავსო, ძალიან შეწუხდა, მოთქმა-ტირილი დაიწყო. მე ვუთხარი, რადგან ასეა, მოდი, დედა-შვილად გავიფიცოთ, მიშვილეთ-მეთქი. მართლაც იმ დღეს, როგორც ფიცვერცხლით ძმებად იფიცებოდნენ, დედა-შვილად გავიფიცეთ. ამ რიტუალს გოგი წიკლაური ხელმძღვანელობდა. რიტუალის შემდეგ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რადგან შენი ძმა ვარ, სახლის ნაწილიც მეკუთვნის-მეთქი და ყველაზე ლამაზი ოთახები ამოვირჩიე. ამ დროს მოხუცი ხოშია ზის და ტირის. შვილმა უთხრა, დედი რა გატირებს, მოხუცებულობაში უშრომ-უზრუნველად პირდაპირ პროფესორი შვილი დაირტყიო. მოხუცმა უთხრა, შვილო, უკვე ოთხმოცდაათ წელს ვუახლოვდები, საცაა მოვკვდები და ვახუშტი რომ ისევ დაობლდება, იმაზე ვტირიო. მე როგორც ერთხელ დაობლებულს, მის ნათქვამზე ცრემლი მომადგა, ალალმა შვილებმა კი კარგად იხალისეს.“

ტანჯვაა, როცა მამა ელის აჩრდილს შვილისას

ფშაური ხასიათის სილბოც იცოდა, იუმორის მუღამიც… ქომაგიც იყო, ჭირის შემმსუბუქებელი თუ ლხინის მოზიარე, თუმცა თავად დიდ ტკივილს დაატარებდა, რომელსაც მზის ქვეშეთში შემსუბუქება არ ეწერა. მამამ უდროოდ სიყრმისშვილი, ცნობილი კინომოღვაწე, ტატო კოტეტიშვილი დაკარგა… „დილით მე გავუარე მანქანით. ის ჰოლანდიელი კოლეგების გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო გაჩერებული ფალიაშვილის ქუჩაზე. ყველანი სხვა მანქანებში ჩასხა. მე მამაჩემთან ჩავჯდებიო და მთელი გზა აეროპორტამდე ქართულ და რუსულ ლექსებს კითხულობდა ჩემი ხმით.

მამა, ნუ ხარ დაღონებული, ფილმს დავამონტაჟებ და მალე დავბრუნდები. ამასობაში სახლიც დამთავრდება და საბოლოოდ დავბრუნდები სამშობლოშიო. გამომემშვიდობა და გაფრინდა. აეროპორტიდან ლექციებზე წავედი. შემდეგ სტუდენტური დღეების გამო ჩვენი ინსტიტუტის მიერ გამართულ კონცერტს დავესწარი, სახლში მობრუნებულს ჰოლანდიიდან დამირეკეს, ტატო ინფარქტით გარდაიცვალაო. ეს მოხდა 1997 წლის 16 მაისს. მთელი ცხოვრება ღმერთს იმას ვთხოვდი, ჩემიანის სიკვდილს ნუ შემასწრებ, პირველი, დაე, მე ვიყო მეთქი. არც ამაში გამიმართლა…“ – („მართალს ვიტყვი“).

მეუღლემ მითხრა: „იცი, წუხელ ტატო მესიზმრა, შეწუხებულმა შემომჩივლა, მამას უთხარი, ფანჯრიდან ცხვირში ნუ მაბოლებს, ნუ მაწუხებსო…“ ეს რომ გავიგე, მოვუხშირე სარკმელში წევას და შიგ ცხვირ-პირში გაფუილებ მხრჩოლავ სიგარეტს. რა მოხდა, შვილო, უბედური მამის გულისთვის უნდა გაუძლო, მას ხომ სხვა გზა არ დარჩენია შენთან შეხვედრის და მდუმარე მასლაათისა. ახლაც სარკმელი გამოვაღე, გამოვყავ თავი, შენ შემეხე და დამიარე ტანში ჟრუანტლად…“