ელისო გრძელიძე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი იუმორისტის ჯიმი აბესაძის მეუღლე გახლავთ. მათი ისტორია ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო და დღემდე დიდი სიყვარულით გრძელდება.
ელისო გრძელიძე: პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჯიმის ცოლობა მარტივი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დადებითი და მხიარული ადამიანია. როგორსაც ეკრანზე ხედავთ, სახლშიც აბსოლუტურად იდენტურია. ძალიან მხიარული და ენერგიული. ცდილობს, ოჯახში დილიდანვე მხიარული განწყობა შექმნას. სახლში მისთვის მე ვარ დასაყრდენი. სჯერა, რომ როცა რამეა გადასაწყვეტი, ყველაფერს სწორად გავაკეთებ, ამიტომ, ამ მხრივ, თვითონ მოდუნებულია. მე რომ საოჯახო საქმეებში ასეთი აქტიური არ ვიყო, დარწმუნებული ვარ, თვითონ აიღებდა უფრო მეტ პასუხისმგებლობას. ბავშვებთან ურთიერთობაშიც ბოლომდე ჩემზეა მონდობილი. რამდენიმე დღის წინ ვხუმრობდი კიდეც, იმდენად პატარა ბავშვივით არის ჩემზე დამოკიდებული, ფაქტობრივად, სამ ბავშვს ვზრდი-მეთქი (იცინის). ოჯახში რამის შეძენაც რომ გვინდა, მეტყვის ხოლმე: ელო, როგორც შენ გინდა, ისე იყოს. ზოგჯერ მითქვამს, რაღაც ჩემ გარეშე გადაწყვიტე-მეთქი (იცინის). როცა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება საქმე, ძალიან მშიშარაა. ამ მხრივ, რომელიმეს რამე პრობლემა რომ შეგვექმნას, ჯიმი ისეთი უსუსური ხდება, რომ არაფრის ძალა აღარ შესწევს. ოღონდ ვინმე ავად არ გახდეს და ყველაფერს გააკეთებს.
– თვითონაც უთქვამს, როცა ვინმე ცუდად არის, მირჩევნია, საერთოდ გავიქცე სადმეო.
– კი, ყველანაირად ცდილობს ასეთ პრობლემებს გაექცეს. სანდრო წლისა და 5 თვის გვყავდა, როცა შუბლი მიარტყა კედლის კუთხეს და წარბი გაიხეთქა. მაშინ მთელი ჩვენი სამეზობლო გაოცებული იყო ჯიმის მდგომარეობით – ადამიანი თვალსა და ხელს შუა, როგორ გაილიაო. გაუცნობიერებლად არბოდა და ჩარბოდა კიბეებზე, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ასეთ დროს ყველაფერს მე მეკითხება ხოლმე. მაგალითად, კოვიდის დროს, სულ მეკითხებოდა: ელო, ახლა კოვიდს ხომ არ ავიკიდებთ, ელო, ხომ ყველაფერი კარგად იქნებაო და ასე შემდეგ, თუმცა, მერე მაინც ავიკიდეთ კოვიდი (იცინის).
– ძალიან ემოციურია, ხომ?
– თვითონ რომ დასჭირდა სტენდის ჩადგმა, ძალიან განიცადა. ექვსი თვე გავიდა და დღემდე იტყვის ხოლმე, აუ, ელო, როგორ გადავრჩი, არაო.. მერე მეც რაღაც ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ბიჭები იხსენებენ, იმ პერიოდში ჯიმი ჯიმი არ იყო – ხმას არ იღებდა და წელში მოხრილი დადიოდაო. ერთადერთი, ეს უფუჭებს განწყობას, სხვა ვერაფერი.
ჩემი ქმარი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ, მაგრამ ძალიან საიმედო ადამიანია, რომელსაც შეგიძლია, ბოლომდე და მშვიდად დაეყრდნო. იცი, რომ არ გიღალატებს და არ გიბოროტებს. ერთმანეთს რომ თვალებში ჩავხედავთ, ყველაფერი გასაგებია ხოლმე.
– ქართველი კაცების უმეტესობას აქვთ სურვილი, ოჯახში ყველაფერი ისე იყოს, როგორც მათ უნდათ. ამ მხრივ როგორია ჯიმი?
– აბსოლუტურად არ არის ასეთი. რა თქმა უნდა, ყველა წყვილის თანაცხოვრებას ახლავს კამათი და აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჯიმი არის ის ადამიანი, რომელიც ასეთ დროს პირველი თმობს. ოღონდ კამათი არ მოგვივიდეს და ყველაფერში ხელს შეგიწყობს. უკვე 16 წელია, ერთად ვცხოვრობთ და ერთი დღე არ მახსენდება, რომ ეთქვას: კაცი ვარ და როგორც მე მინდა და როგორც მე ვიტყვი, ისე უნდა იყოსო. მე უფრო მიჭირს ამ მხრივ ნაბიჯის გადადგმა, მაგალითად, ბოდიშის მოხდა ძალიან მირთულდება. ჯიმის – პირიქით, მეც რომ ვიყო მტყუანი, ერთ წამში შეუძლია მობრუნდეს და ბოდიში მოიხადოს. მერე მე თვითონ განვიცდი ხოლმე სინდისის ქენჯნას, სინანულით ვფიქრობ: მე ვიყავი მტყუანი და ბოდიში მან მომიხადა-მეთქი. მაშინვე ჩამეხუტება და შუბლზე მაკოცებს ხოლმე. შვილებსაც სულ იმას ასწავლის, რომ დამთმობი და მიმტევებლები იყვნენ, ყველაფრის რქებით გატანას არ ეცადონ და ასე უფრო მოიგებენ.
– თქვენ რა პროფესიის ხართ და რას საქმიანობთ?
– პროფესიით ფილოლოგი ვარ, ახლა საბავშვო ბაღში ვმუშაობ სპეცპედაგოგად. უმეტესად ჩემი შვილების აღზრდითა და ოჯახის საქმეებით ვარ დაკავებული. ნუცა უკვე დიდი გოგოა, 15 წლის და სკოლაში დადის, სანდრო საბავშვო ბაღში დადის და დილით ერთად მივდივართ ხოლმე სამსახურში, ორივე ერთად „ვმუშაობთ“ (იცინის). იქიდან დაბრუნებული ოჯახს ვაწესრიგებ, რომ ჯიმის მოსვლისთვის ყველაფერი მზად გვქონდეს.
– თვითონ თუ ახერხებს, საოჯახო საქმეებში წაგაშველოთ ხელი?
– ხომ არსებობს მამაკაცების კატეგორია, ოჯახში ქალის საქმეს რომ ვერ ხედავენ, ჯიმი – პირიქით, ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე, რომ უამრავ რამეს ვაკეთებ. რამდენიმე დღის წინ, საღამოს მეუბნება თვალს გადევნებ და თავბრუ დამეხვა, იმდენ რამეს აკეთებ, ცოტა ხანს დაჯექი და დაისვენეო. მერე რომ ჩამოვუთვალე, ჩემი დაჯდომით რამდენი რამე დარჩებოდა გაუკეთებელი, კარგი, კარგიო (იცინის). არასდროს მიგრძნია, რომ ჩემს შრომას ვერ ხედავს და ვერ აფასებს. როცა ძალიან დაკავებული ვარ და რამის გაკეთებას ვერ ვასწრებ, როგორც შეუძლია, მეხმარება.
– სიურპრიზების გაკეთება თუ გამოსდის?
– ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ გამორჩეულია. ძირითადად, მეუბნება ხოლმე, ელო, მითხარი რა გინდა და გიყიდიო. ზოგჯერ ვეტყვი ხოლმე: ხომ შეიძლება, ერთხელ შენ თვითონაც მოიფიქრო რამე, თუნდაც, სულ მცირედი-მეთქი, განა რამე განსაკუთრებული მინდა-მეთქი. ხომ იცი, არ გამომდის ეგეთებიო, მპასუხობს. ერთხელ, ალბათ, ისე ვუთხარი, რომ მასზე ძალიან იმოქმედა და გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა (იცინის). რვა მარტი იყო, მაგრამ განსაკუთრებულს არაფერს ველოდი. მე ხომ ვიცი, რომ ყვავილებით სიარული მისი სტილი არ არის, მაგრამ მოდის და ეღიმება. ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა. ჯიბეში ხელი ჩაიყო და ოქროს ბეჭედი ამოიღო. ძალიან გამიკვირდა, შენ თვითონ წახვედი და აარჩიე-მეთქი? კი და ახლა არ მითხრა, რომ არ მოგეწონაო (იცინის). მთელი „ოქროს ბირჟა“ შემოვიარე და ყველას ვთხოვდი ძალიან სადა და დახვეწილი ბეჭდის შერჩევაში დამხმარებოდნენო. მართლა ძალიან მომეწონა მისი არჩევანი და დღემდე ვატარებ. თუ მოინდომა, შესძლებია, მაგრამ ძირითადად ურჩევნია, კონკრეტულად უთხრა, რა გინდა და აუცილებლად გიყიდის ან გაგიკეთებს. ოღონდ უთხარი და ყველაფერს იზამს, თუმცა, ქალს ზოგჯერ სიურპრიზიც გჭირდება (იცინის).
სხვათა შორის, სულ ვცდილობთ საყიდლებზე ერთად ვიაროთ, რადგან მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამეს რომ ვყიდულობ, რამდენმა ადამიანმაც არ უნდა მითხრას კარგია ან ცუდიო, ჩემთვის ჯიმის ერთი სიტყვა არის გადამწყვეტი – მის აზრს ძალიან ვენდობი.
– ფაქტობრივად, მთელი ცხოვრებაა, ერთმანეთს იცნობთ. როგორ გახსენებათ ის წლები, როცა თქვენი ურთიერთობა დაიწყო?
– მე ვფიქრობ, რომ გაგება არის ყველაზე მთავარი საერთოდ ყველანაირ ურთიერთობაში. ჩვენ ეს ყოველთვის გვქონდა. ჯიმი ჩვენთან, ბაღდათში მეცხრე კლასში გადმოვიდა, თუმცა, მანამდე რამდენიმე წლით ადრეც ვიცნობდი. ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს და ვმეგობრობდით. მისი სახით საუკეთესო მეგობარი მყავდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, მე ქუთაისში ჩავაბარე, ჯიმი თბილისში წამოვიდა და სულ ერთმანეთის მოკითხვაში ვიყავით, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ სიყვარული როდის გაჩნდა, ამაზე კონკრეტული პასუხი არცერთს არ გვაქვს. უნივერსიტეტს რომ ვამთავრდებდით, მაშინ მითხრა, მიყვარხარო და ვუპასუხე, ვიცი-მეთქი. არა, არა, ეს სხვა სიყვარულიაო, მითხრა. ახალი წელი იყო, ჯიმი ცოტა ნასვამი იყო და გული მეტკინა, სიმთვრალეს დავაბრალე მისი სიტყვები. მეორე დღეს უკვე სერიოზულად მითხრა, რომ ვუყვარდი. ვერ მივხვდი, რა უნდა მეპასუხა. მაშინ ძალიან კატეგორიულად მითხრა, ჩვენი მეგობრობა ვეღარ გაგრძელდება, ან ერთად ვიქნებით, ან საერთოდ აღარ ვიქნებით „ჩვენო“. ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო ჯიმის გარეშე, ეს რომ მითხრა, მივხვდი, რომ ასე არ შემეძლო და ვუთხარი, რომ მეც მიყვარდა. ექვსი თვე ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ ჩუმად წამოვედით თბილისში. დედას ვუთხარი, რომ დიპლომების წასაღებად მოვდიოდით და მას შემდეგ ჯიმისთან ვარ (იცინის).
– გაიპარეთ?
– კი, თბილისში გამოვიპარეთ. მერე ჯიმიმ ჩემს ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, ელო დღეს სახლში აღარ დაბრუნდება, ჩვენ უკვე ერთად ვართო. ჩვენი სიყვარულის შესახებ კარგად იცოდნენ და ყველა კარგად შეხვდა ამ ამბავს, რომელიც დღემდე გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის სიყვარულით გაგრძელდება.