როგორ გახდა ნია ბათიაშვილი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის სტუდენტი სრული დაფინანსებით და რის გამო თქვა მან უარი მაღალ ანაზღაურებაზე

175

ნია ბათიაშვილი წარმატებული ქართველი სტუდენტია ამერიკაში, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში, სადაც ის სრული დაფინანსებით სწავლობს და საუკეთესო მომავლისთვის იქმნის საფუძველს, თუმცა, მანამდე გასავლელი გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ის ამაზე თავად გვიამბობს.

ნია ბათიაშვილი: ბაკალავრიატი თბილისში დავამთავრე. კონსერვატორიაში ვსწავლობდი ვიოლინოს განხრით. სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ კი გადავწყვიტე, დუბაიში წავსულიყავი, სადაც სკოლაში ვმუშაობდი. ბავშვებს ვიოლინოს ვასწავლიდი და ასევე, ვუკრავდი ცნობილ კომპანიაში, სადაც სხვადასხვა პერფორმანსებს ვდგამდი. დუბაიში 7-8 თვე ვმუშაობდი და პარალელურად, მუდმივად ვეძებდი სასწავლებელს ევროპაში, სადაც მაგისტრატურაზე სწავლას გაგრძელებას შევძლებდი. მინდოდა, სხვა ქვეყანაში სწავლის გამოცდილება მიმეღო და ახალ პროფესორებთან მემუშავა. ძალიან ბევრ პროფესორს დავუკავშირდი ესპანეთსა და საფრანგეთში, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ მათ უნივერსიტეტებს ასპროცენტიანი სტიპენდიები არ ჰქონდათ, სწავლის ღირებულების ნახევარი სტუდენტს უნდა გადაეხადა, რაც საკმაოდ რთულია.

ძებნის პროცესში საკმაოდ რთული გზა გავიარე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ძალიან გამიმართლა, რადგან მირჩიეს ჩემი მონაცემები საკმაოდ პოპულარული ბრაზილიელი პროფესორისთვის გამეგზავნა, რომელიც ამერიკაში ასწავლის, ეს გახლავთ კარმელო დე ლოს სანტოსი. თუ მას მოვეწონებოდი, ინტერვიუს დამინიშნავდნენ ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში და მისთვის თავის გართმევის შემთხვევაში, იქ სწავლის შანსი მექნებოდა. ეს ადამიანი იმდენად დაკავებულია, ნამდვილი სასწაული იყო, რომ შეტყობინებაზე მიპასუხა. ნახა ჩემი ვიდეო და მითხრა, რომ მოსწონს ჩემი შემოქმედება. მითხრა, რომ გამეგზავნა აპლიკაცია ამ უნივერსიტეტში და ინგლისურის ტესტიც ჩამებარებინა. ამის შემდეგ გავიარე ინტერვიუ პროფესორებთან და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღეს, გარდა იმისა, რომ ამ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მათივე შემოთავაზებით, ასისტენტ-სტუდენტი ვარ. რაც იმას ნიშნავს, რომ ვეხმარები ჩემზე დაბალი საფეხურის, ანუ ბაკალავრიატისა და უმაღლესი სკოლის სტუდენტებს. ანუ, მასწავლებელიც ვარ და როგორც ასისტენტს, ჩემი ხელფასიც მაქვს, რითაც საცხოვრებელ ხარჯებსაც სრულად ვფარავ. საბედნიეროდ, სწავლაც სრულად დამიფინანსეს. მისი ღირებულება, დაახლოებით, 48 ათასი დოლარი იყო. ამ შედეგის მიღწევაში დამეხმარა ვიდეო, რომელიც მე მათ გავუგზავნე ჩემი შესრულებით, ინგლისურის სერტიფიკატი და ინტერვიუ. დაფინანსება ამ ყველაფრის შედეგებზეა დამოკიდებული და რომ არა ეს, მე ამერიკაში ვერ წამოვიდოდი, რადგან აქ სწავლა, როგორც ხვდებით, ძალიან ძვირია. იქამდე ამერიკაზე არც მიოცნებია. ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან დიდ მასშტაბთან იყო დაკავშირებული და უფრო ევროპისკენ ვიხრებოდი, მაგრამ მოვლენები იმაზე კარგად განვითარდა, ვიდრე მე წარმომედგინა.

– თუმცა, დუბაიში საკმაოდ დიდი ცდუნება გქონია კარგი ანაზღაურების სახით. არ გაგიჭირდა ამაზე უარის თქმა?

– სხვათა შორის, არა. დუბაიში მე ეს მიზანი მქონდა – უნდა მეპოვა უნივერსიტეტი, სადაც სწავლას გავაგრძელებდი. სამწუხაროდ, დუბაიში არ არის ასეთი უნივერსიტეტი მუსიკის განხრით. მე კი ძალიან მინდოდა ჩემი თავის განვითარება. თუმცა, დუბაიშიც ძალიან განვავითარე საკუთარი თავი. მაგალითად, ეს ქვეყანა ძალიან დამეხმარა სასაუბრო ინგლისურის დახვეწაში. ასევე, შევიძინე მნიშვნელოვანი კონტაქტები. რაც შეეხება ანაზღაურებას, კი, ნამდვილად ძალიან კარგი მქონდა. მასწავლებლებსა და პერფორმერებს, ვინც სცენაზე უკრავს, იქ მართლა ძალიან კარგი ანაზღაურება აქვთ და ძალიან რთულია ამაზე უარის თქმა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე მიყვარს მოგზაურობა და მუდმივად მინდა, განვითარებაზე ვიზრუნო, მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, ეს ნაბიჯი გადავდგი.

– და მიუხედავად იმისა, რომ როცა წამოსვლის შესახებ განაცხადე, ხელფასის გაორმაგებაც შემოგთავაზეს, მაინც წამოხვედი…

– კი, ასე იყო. როცა ვთქვი, რომ წამოსვლას ვაპირებდი, ხელფასის გაორმაგება შემომთავაზეს. შემდეგ სხვა ორკესტრისგან მივიღე შემოთავაზება, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. დუბაიში უკვე კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ასეთ მომენტებში, სულ ვცდილობ, კომფორტის ზონიდან გამოვიდე და რაღაც სხვა ვცადო. ეს ნამდვილად იყო კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რადგან მოგეხსენებათ, როდესაც ამერიკაში ჩამოდიხარ, 23 წლის ასაკის ხარ და სრულიად მარტო, ბევრი ბრძოლა გიწევს საკუთარი თავისა და ადგილის საპოვნელად.

– როგორ აცნობ საქართველოს ამერიკელებს?

– აქ პირველი სტუდენტი ვარ საქართველოდან. რომ ვამბობ, ჯორჯიადან ვარ-მეთქი, აუცილებლად უნდა დავაზუსტო, რომ შტატს კი არა, ქვეყანას ვგულისხმობ. ვხსნი რუკას და ვაჩვენებ სად არის საქართველო. ვეუბნები, რომ გვაქვს ჩვენი დამწერლობა და განსაკუთრებული კულტურა. სხვათა შორის, სტუდენტებიც და პროფესორებიც ძალიან დაინტერესებულები არიან ჩვენი მუსიკით, ცეკვით და საერთოდ, ხელოვნებით.

– დედა წლებია ემიგრაციაშია და ბევრ პრობლემასთან მარტოს მოგიწევდა გამკლავება. ალბათ, ახლა უკვე შეჩვეული ხარ სირთულეების დამოუკიდებლად გადალახვას.

– კი, ამერიკაში ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა. სხვათა შორის, მანამდე ორი წელი მარტო ვცხოვრობდი თბილისში და შემდეგ დუბაიშიც, საცხოვრებელს ჩემი სამსახური მიფინანსებდა. დედასთან ერთი საათის სავალზე ვიყავი, მაგრამ დატვირთული რეჟიმის გამო ყოველდღე ვერ ვნახულობდი. აქაც მარტო, უფრო სწორად ოთახის მეზობლებთან ერთად, ანუ ჩემს კოლეგებთან ერთად ვცხოვრობ. დამოუკიდებლობა უკვე ჩემთვის პრობლემასთან აღარ არის დაკავშირებული.

– დედა პოეტია, ესე იგი, ხელოვნების მიმართ შენს დამოკიდებულებას ოჯახისგანაც აქვს საფუძველი..

– დიახ, დედა პოეტია და მამა – მხატვარი. სხვათა შორის, დედაც ვიოლინოს სწავლობდა ბავშვობიდან, მაგრამ ამ მიმართულებით არ გაუგრძელებია საქმიანობა. შემდეგ მწერალი გახდა. ჩემი ორივე მშობელი შემოქმედია. ბაბუს მამაც მუსიკოსი იყო, ანსამბლში უკრავდა და კი, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი ოჯახი ჩემი ინსპირაციაა.