“რაც ეს ადამიანი გავიცანი მას შემდეგ ყოველ დღეს მილამაზებს, ახერხებს ყოველი დღე დღესასწაულად მიქციოს”
ყველასთვის საყვარელი მომღერალი მარიამ ელიეშვილი საყვარელ ადამიანზე დაინიშნა. ვინ არის მისი რჩეული, ამაზე სახალხოდ საუბარი არ უნდა, რადგან პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება არ უყვარს, თუმცა მათი განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიამ ელიეშვილი: ერთმანეთი საერთო სამეგობროს მეშვეობით გავიცანით. თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა. ნიშნობა ახლახან გვქონდა. ძალიან ლამაზი ცერემონია გამოვიდა. მან გადაწყვიტა, რომ ეს დღე ჩვენს ახლო მეგობრებთან ერთად გაგვეზიარებინა. ყველაფერი ულამაზესი გამოვიდა. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. მეგობრების გარემოცვაში მოულოდნელად მთხოვა ხელი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი ეტაპი დაიწყო.
ბევრმა ადამიანმა არ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ეს ჩემი გულშემატკივრებისთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო. მიხარია ის, რომ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენი სიხარული და ყველა წარმატებასა და ბედნიერებას გვისურვებს. წლების განმავლობაში დიდი ინტერესი იყო ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ და ეს დღე რომ დადგა, ვიგრძენი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდა. ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის.
– როგორ მოახერხე, რომ ეს ამბავი ამდენ ხანს არ გაგემხილა?
– რაც პირად ცხოვრებას შეეხება, ჩემთვის ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და უძვირფასესია. ვცდილობ, პირადს მაქსიმალურად მოვარიდო ზედმეტი ყურადღება. ჩემი კარიერა საჯაროა. ჩემმა გულშემატკივრებმა ბევრი იციან ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ და პირადი ცხოვრება არის ის, რაც მინდა, რომ მხოლოდ ჩემი იყოს. ამიტომ როგორღაც მოვახერხეთ და ჩვენი ურთიერთობა ამ ეტაპამდე საკმაოდ მშვიდად მოვიყვანეთ. ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო. ჩვენ ორივეს ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ამიტომ საჯარო სივრცეებში ხშირად გამოჩენისთვის დროც არ გვქონია. ორივეს ჩვენი ცხოვრება და კარიერა გვაქვს.
– ის რას საქმიანობს, პროფესიულად ახლოს არის შენთან?
– არა, ჩემს სფეროში არ არის. ბიზნესმენია. ამ ეტაპზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამერიკაში ცხოვრობს და ალბათ, სამომავლოდ ჩემი კარიერაც იქ გაგრძელდება. ჯერ კონკრეტულად არაფერი დაგვიგეგმავს, მაგრამ საჭიროება როგორც მოითხოვს, ყველაფერს ისე გავაკეთებთ.
– როგორი ადამიანია შენი მეორე ნახევარი? რით მოახერხა შენი გულის მოგება?
– უამრავი სიტყვით შემიძლია, შევამკო. ჩემთვის ის ყველასგან განსხვავებულია. ძალიან ღირსეული და ბევრი კარგი თვისებით დაჯილდოებული ადამიანია. ჩემი უდიდესი და საუკეთესო გულშემატკივარია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერში გვერდით მიდგას და ჩემს ცხოვრებას დიდ პატივს სცემს. განსაკუთრებული ურთიერთგაგება გვაქვს, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობაში.
– რას ამბობს, სანამ პირადად გაგიცნობდა, მანამდეც მოსწონდი?
– თავიდან შორიდან მიცნობდა, როგორც მომღერალს. როცა დავმეგობრდით, მერე სხვა კუთხით გამიცნო და დაინტერესდა. თავიდან, ალბათ, შორეული სიმპათია ჰქონდა, მაგრამ, როგორც მხოლოდ მომღერლის მიმართ.
– სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?
– ყველაფერი თავისდა უნებურად მოხდა. ისე დაემთხვა, რომ ის რომ გამომიტყდა სიყვარულში, მეც მაშინვე ვუთხარი, რომ მიყვარდა. ორივეში ერთდროულად განვითარდა ეს გრძნობა და ამიტომ მეც მაშინვე დავუდასტურე ჩემი გრძნობები.
– მგონია, რომ ძალიან რომანტიკული ხარ.
– კი და ისიც ზუსტად ისეთივე რომანტიკულია, როგორიც მე. ძალიან ბევრი სიურპრიზი გაუკეთებია ჩემთვის. რაც ეს ადამიანი გავიცანი, მას შემდეგ ყოველ დღეს მილამაზებს. ახერხებს, რომ ყოველი დღე დღესასწაულად მიქციოს. ამაში ჩვენი მეგობრებიც ეხმარებიან. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამ ეტაპამდე მოვედით. წლების განმავლობაში ხშირად მეკითხებოდნენ, როდის დაფიქრდები პირად ცხოვრებაზე და როდის გადადგამ მნიშვნელოვან ნაბიჯსო?! ალბათ, ახლა მიხვდება საზოგადოება, რომ ეს ისეთი ადამიანია, რომელთანაც ძალიან ბედნიერი ვარ და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ.
მეც ყოველთვის ვცდილობ, ეს ურთიერთობა განსაკუთრებულად ლამაზი იყოს მისთვის. მგონია, რომ ცხოვრებაში ყველა წუთი და წამი იმდენად ძვირფასია, რომ ძალიან უნდა დავაფასოთ. სიყვარული კი იმდენად მნიშვნელოვანი გრძნობაა, რომ წამი არ უნდა დაკარგო და შენში არსებული გრძნობები საყვარელ ადამიანს უნდა გაუზიარო. ამიტომ, მასავით, მეც ჩემი მხრიდან ვცდილობ მის გაბედნიერებას. ძალიან ლამაზი პერიოდი გავიარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წინაც ძალიან ლამაზი წლები გველოდება.
– რამდენი ხანია, ერთად ხართ?
– უკვე ერთი წელია, ერთად ვართ. ხომ გაგიგიათ, სიყვარულსა მალვა უნდაო და ჩვენც ამდენი ხანია, ვმალავთ (იცინის).
– რადგან ამერიკაში ცხოვრობს, ხშირად გიწევთ განშორება?
– პერიოდულად გვიწევს, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არის საჭირო. რთულია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ესეც ძალიან რომანტიკულია, ყველაფერს აქვს თავისი სილამაზე.
– რას ამბობენ, როგორია შეყვარებული მარიამი?
– თვალებგაბრწინებული, კიდევ უფრო ლაღი და ბედნიერი. სულ გახარებული და გაღიმებული (იცინის). ზოგადად, ეს გრძნობა ადამიანს ძალიან ალამაზებს. მგონია, რომ ყველა შეყვარებული ადამიანი განსხვავებულად ლამაზია. სულ სხვანაირ ბედნიერებასა და სილამაზეს ასხივებს. მეტყველებაც კი იცვლება. ხომ იცით, ჩემს სიმღერაში რომ ფრაზაა, „სიყვარულის თვალებით მზერა“ – აი, ახლა მივხვდი, თურმე, რაზე ვმღეროდი (იცინის). ჩემში რამე ცვლილება თუ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი კუთხით. ამ მდგომარეობაში ყველაფერს სხვანაირი ხალისით აკეთებ.
– ასეთი ლამაზი და წარმატებული საცოლე რომ ჰყავს, რომელიც უამრავ ადამიანს უყვარს, ამაზე რა აზრის არის?
– ძალიან ამაყობს და ძალიან უხარია. როგორც ვთქვი, ჩემი უდიდესი გულშემატკივარია და ყველაფერს დიდი სიყვარულით უდგება. უნდა, რომ კიდევ ბევრი წარმატება მქონდეს და ამისთვის თვითონაც მხარში მიდგას. მეც ვამაყობ მისი საქმიანობით, მისი ყოველდღიურობითა და მისი პიროვნებით.
– ცოტას არ ეჭვიანობს თაყვანისმცემლებზე?
– არა. ჩვენ ერთმანეთის გვჯერა, პატივს ვცემთ ერთმანეთს და ორივეს გააზრებული გვაქვს ყველაფერი. მან იცის, მე რა პროფესია მაქვს და ბოლომდე მენდობა. საქმიანობა სხვა არის, პირადი ცხოვრება – სხვა. არასდროს მიგრძნია მისგან ეჭვიანობის გამო ხელშეშლა, პირიქით. ძალიან შეგნებულად უდგება ყველაფერს და ჩემდამი ხალხის სიყვარულსა თუ პოპულარობაში მხოლოდ დადებითს ხედავს. მან ასეთი გამიცნო, იქამდეც იცოდა, რომ მომღერალი ვიყავი და ეს ყველაფერი რომ არ მოსწონდეს, ალბათ, ჩვენი ურთიერთობაც ვერ შედგებოდა.
– მისთვის თუ მიგიძღვნია სიმღერა?
– ყველა სიმღერას მას ვუძღვნი. რაც ბოლო პერიოდში ჩაიწერა, აბსოლუტურად ყველა სიმღერა მას ეკუთვნის და რაც მომავალში ჩაიწერება, მისი ადრესატიც ის იქნება. ჩემი შემოქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მას მიეძღვნება.