რა სირთულეები გადალახა “თეატრალურის კვარტეტმა“ და რით შეუძლია გაბრაზებული მეუღლის გულის მოგება ირაკლი აბჟანდაძეს

229

3 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „თეატრალურის კვარტეტის“ 20 წლის იუბილე აღინიშნა, მოგვიანებით კი საკონცერტო დარბაზის წინ მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ საპატიო ჯილდოთი გამოწვეულ ემოციებზე კვარტეტის ერთ-ერთი წევრი – ირაკლი აბჟანდაძე გვიყვება.

ირაკლი აბჟანდაძე: ხალხმა უდიდესი პატივი დაგვდო და ჩვენი ვარსკვლავი გაიხსნა. ძალიან დიდ ემოციებში ვართ და სიმართლე გითხრათ, ცოტა გაწითლებულებიც კი. შეიძლება, ცოტა ნაადრევადაც მოხდა, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. გაგვიათკეცა ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი მსმენელის წინაშე გვაქვს ჩვენი კვარტეტის შექმნის დღიდანვე. დაახლოებით ორი წელი „ვუყრუებდით“ ამ თემას (იცინის). რა ვარსკვლავიო, უხერხულად ვგრძნობდით თავს. ჩვენი კვარტეტი თავმდაბალი ბიჭებისგან შედგება და ბევრს ვფიქრობდით, რა და როგორ იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რაც გამოვიდა.

– როგორ იხსენებთ ხოლმე 20-წლიანი ისტორიის დასაწყისს?

– ლაშამ დაურეკა დათო არჩვაძეს, დათო მოვიდა თეატრალურში და დავიწყეთ პირველი რეპეტიცია. ვიმღერეთ მაცაცო სებისკვერაძის „ოცნებად ვიხდი“ და ასე დაიწყო ყველაფერი. მეტროს ბოლო რეისს მივყვებოდით იმის გამო, რომ რეპეტიციისთვის უფრო მეტი დრო გვქონოდა. ერთ ლავაშს და ლიმონათს ვყიდულობდით, რომ ცოტათი მაინც დავპურებულიყავით. ეს ყველაფერი არაფრისგან, მაგრამ ძალიან დიდი გულით დაიწყო.

– რთული პერიოდების გარეშეც არ მოდის წარმატება…

– რა თქმა უნდა. როდესაც დიდ საქმეს იწყებ, აუცილებლად გადიხარ შესამოწმებელ პერიოდს, სადაც იკვეთება, რისი გაძლება შეგიძლია, რისთვის ხარ მზად. გზაზე ყოველთვის გხვდება გამოწვევები, ბევრი სირთულეა. ასე თუ ისე, დაღვინებული ბიჭები ვიყავით, თუმცა, თან ემოციებით სავსე, ჩვენ-ჩვენი ხასიათებით, მაგრამ იმდენად გვიყვარდა ქართული სიმღერა, რომ ვერაფერმა გაგვტეხა და ყველა სირთულე თვითონ გავტეხეთ, დავამარცხეთ. სირთულეები ყველგან არის, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი საქმე ეროვნულია, ეს სცდება ჩვენს პიროვნებებს.

– ოჯახზეც ვისაუბროთ. როგორია თქვენი ისტორია?

– ოჯახი პირველად 23 წლისამ შევქმენი, თუმცა დავშორდით. ახლა მეორე ქორწინებაში ვარ. ოჯახი და შვილები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. როცა ჩემს შვილებზე მიდგება საქმე, სხვა რეალობაში გადავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ჩემს საქმიანობას, ჩემს კვარტეტს ვაყენებ, შვილებთან და ოჯახთან მიმართებაში სულ სხვა ვარ. ეს ლოგიკურიც არის. სამი შვილი მყავს, უფროსი გოგო 15 წლის ხდება, შუათანა ბიჭი მე-12 წელშია და უმცროსი 7-ის.

– რომელიმე არ ჰგავს მამას სიმღერის ნიჭით?

– ნიჭი აქვთ, მაგრამ სიმღერაში ზარმაცები არიან (იცინის). რომ მახსენდება ჩემი ბავშვობა, მამას შეიძლება, გავეღვიძებინე და სიხარულით მემღერა „შავლეგო“, ისინი ამას არ იზამენ (იცინის). მე გიჟი ვიყავი, მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება აწ და მარადის! ჩემი უფროსი გოგო და შუათანა ბიჭი გერმანიაში ცხოვრობენ და გოგომ მითხრა, მინდა, მოსამართლე გამოვიდეო. რადიკალურად სხვა ინტერესები აქვს. შუათანა ბიჭი ჯერ ფიქრობს, დრო აქვს. პატარა კი ძალიან სპორტულია, ძიუდოზე, ფეხბურთზე დადის და ძალიან მოსწონს. დედას ეჩხუბება, ცეკვაზე ნუ დაგყავარო (იცინის). მე იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილიშვილი მაინც იმღერებს (იცინის).

– მეორე მეუღლე როგორ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

– მან ჩემს ცხოვრებაში გამოანათა. პირველი ურთიერთობა დაინგრა, რადგან ერთმანეთს ვერ გავუგეთ და შემდეგი პერიოდი არ იყო მარტივი, ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ შემახვედრა იმ ადამიანს, ვისაც ველოდი და ვინც მჭირდებოდა. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– ჯერ მეგობრობდით, არა?

– კი, ჯერ მეგობრები ვიყავით. ის თავის ცხოვრების ამბებს მიზიარებდა, მე ჩემსას ვუყვებოდი. მერე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით, ამის შემდეგ მყარად ჩავკიდეთ ხელი და აღარც გაგვიშვია.

– მეგობრობიდან სიყვარულმა როგორ იფეთქა?

– ერთ დღეს „ამომივიდა ყელში“ და პირდაპირ ვუთხარი: მომისმინე, მე რომ ვუყურებ ჩვენ ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავს, ან კი მითხარი, ან – არა. ან დავასრულოთ, ან რამე გავაკეთოთ-მეთქი და ჩემდა ბედად, თამარიც თანახმა იყო (იცინის). თვითონ კი არ მითხრა, ელოდა, როდის ვეტყოდი მე (იცინის). ამის შემდეგ მალე დავქორწინდით. როცა მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მინდა, მალე მოვიყვანო სისრულეში და ასეც მოვიქეცი – ძალიან მოკრძალებულად, ხმაურის გარეშე „ვიფსკვენით“ ჯვარი და ფიცი მივეცით ერთმანეთს.

– ოჯახური ცხოვრება როგორია?

– არ არსებობს ოჯახი, სადაც ცოლ-ქმარი არ კამათობს, მაგრამ მე რომ ვიცი, რომ ჩემს მეუღლეს ვუყვარვარ, რაღაცებს „ვატარებ“. იმან რომ იცის, რომ მე მიყვარს, ისიც რაღაცებს „ატარებს“. ერთდროულად ორივეს აფეთქება ომს გამოიწვევს და არ შეიძლება. ყველაფრის თავი და თავი სიყვარულია. როცა იცი, რომ ადამიანს ძალიან უყვარხარ, მასზე ვერ გაბრაზდები ისე, რომ ომი გააჩაღო.

– კონცერტების გამო დიდი დოზით გიწევთ ოჯახის გარეთ ყოფნა, ეს არ არის პრობლემის მიზეზი?

– ასეა და ძალიან რთულია. ქალები, ძირითადად, ეგოისტები ხართ, მაგრამ კოვიდის შემდეგ სახლში მართლა ვერ ვართ. წარმოიდგინეთ, შვილი მირეკავს და მეკითხება, მამა, რამდენ საათში მოხვალ? მამა, ვერ მოვალ დღეს, ვეუბნები და ეს ძალიან რთულია. ცოლსაც ქმარი სჭირდება, ენატრება. მერე ჩვენი კონცერტები და გასვლები შუქდება და ცოლს ჰგონია, რომ შენ იქ ერთობი. ასე არ არის, ჩვენ ჩვენს საქმე ვაკეთებთ, მაგრამ აქ პატარა ეგოისტობა ირთვება. როცა გვერდით არ გყავს საყვარელი ადამიანი, ხან იქ არის, ხან აქ და მერე ათას ფოტოს ნახულობ, მესმის, რომ რთულია.

– ამას როგორ აბალანსებთ?

– ამას ვაბალანსებ მოულოდნელი სიგიჟეებით, სიურპრიზებით. ხან ვითომ ვეჩხუბები ჩემს მეუღლეს და როცა უკვე ძალიან გაბრაზებულია სიურპრიზებით დადებითად ვუქცევ ხოლმე ემოციებს. რაღაცებს ვიგონებ ხოლმე და ვცდილობ, კარგ ხასიათზე დავაყენო. ხანდახან მეც უხასიათოდ ვარ და ვჩხუბობთ კიდეც. ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ბედნიერები ვართ.