თაკო მელიქიშვილის „უცნობი მხარე“
– ვინ არის თაკო მელიქიშვილი?
თაკო მელიქიშვილი: ადამიანი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს ამ ქვეყანაზე. მიხარია, რომ დავიბადე და ვარსებობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი თავია. ეს ასაკთან ერთად ვისწავლე. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა მიყვარდეს იმისთვის, რომ სხვების სიყვარული შევძლო.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– არა, საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ანუ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, თუმცა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, გავმხდარიყავი ექიმი. არ ამიხდა ეს ოცნება (იცინის). ამის გამო დღემდე გული მწყდება და მჯერა, რომ ჩემგან კარგი ექიმი დადგებოდა. ვფიქრობ, ჩემი სახით კარგი ექიმი დააკლდა საქართველოს (იცინის).
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– საკმაოდ და ასაკთან ერთად უფრო და უფრო მეტად გულჩვილი ვხდები. ყველაფერზე მეტირება, იქნება ეს ფილმი, სიმღერა, ვინმეს ისტორია თუ სხვა რამ. არც ვმალავ და ვფიქრობ, რომ არც უნდა დამალო საკუთარი გრძნობები. ადრე შეიძლება, ტირილის მომრიდებოდა, ახლა, პირიქით, მიყვარს ემოციების გულწრფელად გამოხატვა, იქნება ეს ტირილი, სიცილი თუ ბრაზი.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– ო, მილიონერობა ყველას უნდა. რომ ამბობენ ხოლმე, არ მინდა მილიონიო, ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ. ყველა იმით იწყებს საუბარს, რომ უამრავ ადამიანს დაეხმარებოდა, მე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემს პრობლემებს მოვაგვარებდი (იცინის). ყველას ძალიან უპრობლემო და უდარდელი ადამიანი ვგონივარ, არადა, ასე არ არის. თუმცა, კარგია, თუ ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ. ვიზრუნებდი იმაზე, რომ ეს თანხა ნულამდე არ დამეყვანა და შემოსავლის წყაროდ მექცია. მერე აუცილებლად დავეხმარებოდი მას, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება. ბავშვობაში ორი ოცნება მქონდა: მინდოდა, ორი დიდი სახლი ამეშენებინა, ერთი – უპატრონო ძაღლებისთვის და მეორე – მოხუცებისთვის. ალბათ, რეალობად ვაქცევდი ამ ოცნებებს. მოგზაურობაშიც სიამოვნებით დავხარჯავდი ფულს. მიუხედავად იმისა, რომ ფრენის ძალიან მეშინია და თვითმფრინავში რომ ვჯდები, მგონია, რომ ფრთა მოსწყდება, გაფუჭდება, ჩამოვვარდებით და ასე შემდეგ, შიშისგან, გიჟივით, ყოველ წამს სტიუარდესებთან დავრბივარ. აეროპორტში რომ მივდივარ, უკვე სასწაული შიში მიპყრობს, მაგრამ მოგზაურობა კი მაინც ძალიან მიყვარს, ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყვი.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დალევა არ მიყვარს, თამადაც ვყოფილვარ (იცინის). სხვათა შორის, ძალიან კარგად გამომდის და დალევის გარეშეც შემიძლია, კარგად წარუძღვე სუფრას. თუმცა, ეს ისტორია ამაზე არ არის. ერთ-ერთ ღონისძიებაზე წამყვანი გახლდით. იმ პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა. ძალიან ცუდად ვიყავი – ერთი წლის განმავლობაში საშინელი დეპრესია და ნევროზი მქონდა. დახმარებისთვის ფსიქიატრსაც მივმართე და გარკვეულ მკურნალობასაც გავდიოდი. ჩემი მხიარული სამსახურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად შევძელი ამ ყველაფრის დამარცხება. დროდადრო თავს დღემდე მახსენებს, მაგრამ უკვე ვისწავლე ამ პრობლემის მართვა. თუმცა მაშინ ისე ცუდად ვიყავი, რომ ყოველ ორ ნაბიჯზე ვაჩერებდი მანქანას, აფთიაქში შევრბოდი, წნევას ვიზომავდი, სახლში ყოველ საღამოს სასწრაფო მყავდა, მეგონა, რომ ვკვდებოდი. რესტორანშიც ვმუშაობდი და ის ოთხი საათი შეუძლებლად დიდი დრო მეგონა, ვფიქრობდი, რომ სცენაზე დავვარდებოდი. მოკლედ, იმ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცუდი რამ გადავიტანე. ახალი დასრულებული იყო ეს თემა, როცა გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი ღონისძიების წაყვანამდე ცოტა დამელია (იცინის). ერთი ჭიქა გადავკარი და დაიწყო ღონისძიება. ლაპარაკი ძალიან მიყვარს და არაფერი შემშლია, მაგრამ კიბეზე რომ ჩამოვედი, ხალიჩას ფეხი წამოვკარი და გადავგორდი. ერთმა ჭიქამ ისე დამათრო, ვერც მივხვდი, რა ხდებოდა და არც შემრცხვა მომხდარის გამო. რომ დავეცი, ხალხს ამოვხედე, გავიცინე, თითქოს დადგმული იყო ეს ყველაფერი. ავდექი და შარვალი დავიფერთხე. გაოცებულები მიყურებდნენ (იცინის). რომ გამოვფხიზლდი, მერე ძალიან შემრცხვა. ხალხს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მე ძალიან მსმელი და მოქეიფე ადამიანი ვარ. არადა, არის მომენტი, როცა არ გვემღერება, არ ვართ მზად რაღაცებისთვის, მაგრამ ძალ-ღონე უნდა მოვიკრიბოთ. როცა რადიოში მუშაობ, სიმღერებს უსმენ, პოზიტიურად ხვდები მსმენელს, რესტორანში მუშაობ და ასე შემდეგ, ხალხს რჩება შთაბეჭდილება, რომ კარგად ხარ და ფიქრობენ, შენ რა გენაღვლებაო. ამ დროს, ზოგჯერ, შინაგანად იმდენად ცუდად ვართ, რომ გვჭირდება, ეს ჩვენთვისა თუ ოჯახებისთვის გავაკეთოთ. შეიძლება, ძალიან რთულ ვითარებაში მოგვიწიოს მუშაობა, მაგრამ ასეა საჭირო. ასე თუ ისე გავართვი თავი აღებულ პასუხისმგებლობას და სხვათა შორის, მერე, როცა ის ადამიანები სხვა ღონისძიებაზე მხვდებოდნენ, მეკითხებოდნენ: აბა, თაკო, დღეს რამდენს სვამო (იცინის).
– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენია?
– ერთ დღეს ერთ ლოკაციაზე სამი შეხვედრა მქონდა. ორი საქმიანი შეხვედრა იყო, მაგრამ სამივე მამაკაცი იყო და ოფიციანტი გამოშტერდა (იცინის). პირველ ორ შეხვედრაზე კარგად მივირთვი, მესამედ უკვე კერძის ჭამა აღარ შემეძლო და ტკბილზე შევაჩერე არჩევანი.
ერთხელ, ფერადი ლინზები იყო ძალიან აქტუალური და კინოთეატრ „რუსთაველში“ მივედი პაემანზე. ბავშვობიდან თვალის სიმშრალე მაქვს და აღმოჩნდა, რომ ამ ლინზებით კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ ამას ვინ აქცევდა ყურადღებას (იცინის). მივედი პაემანზე, ვერ დავინახე კინოს შუშის კედელი და დავეტაკე. დამინახა იმ ადამიანმა და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. რომ ვერ ვხედავდი, ფილმსაც ვერ ვუყურე.
არ გეგონოთ, ამან ჭკუა მასწავლა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი ამ ლინზებით, ჩემი სადღეგრძელოა და თამადა მიყურებს გაოცებული. საქმე ის იყო, რომ ერთი ლინზა ჩამომივარდა და ერთი თვალი მწვანე მქონდა, მეორე – ყავისფერი (იცინის).
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ჩემი წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია. ეს ძალიან იშვიათად ხდება. თუ გამოსავალს ვეღარ ვხედავ, უსიტყვოდ ვტოვებ ურთიერთობას და ტირილით შემოვიფარგლები. კარს გავიხურავ, რადგან ვხვდები, რომ გაგრძელებას აზრი არ აქვს. წლებთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე. ადრე მეც ვამბობდი, რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი ხარ-მეთქი, მაგრამ დრომ ჩემი ცხოვრებიდან ბევრი ადამიანი გაფილტრა. მადლობელი ვარ ამის გამო. დღეს ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც გულწრფელად ვენდობი, ვისაც ჩემი ბედნიერება უხარია და ცუდი სწყინს. გული მწყდება, არ ყოფილა ეს ცხოვრება ისეთი, როგორსაც ბავშვობაში ჩემი ვარდისფერი სათვალიდან ვხედავდი. ძალიან გავმწარებულვარ, დღესაც შეიძლება, ვიღაცამ მაწყენინოს, გადამაბიჯოს, თქვას ის, რასაც მე არ ვიტყოდი მასზე, მაგრამ მათთან სისასტიკეს არ ვავლენ, კონფლიქტიც არ მინდა, უბრალოდ, ვტოვებ ურთიერთობას. როცა ადამიანს ეშლება, მას, უბრალოდ, ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან, თორემ მას აუცილებლად შეეშლება მომავალშიც.
საერთოდ, რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩემი სევდა-ფართი ორი-სამი წუთი გრძელდება და მერე აღარ მახსოვს. შემიძლია, უცებ ვიმღერო, ვიცეკვო და ეს თავისთავად ხდება. რაც არ უნდა პრობლემა მქონდეს, ხუთი წუთი ვდარდობ და მერე ვცდილობ, პოზიტიური განწყობით პოზიტივი მოვიზიდო. ასეც ხდება – რასაც გაუშვებ სამყაროში, ის გიბრუნდება და ამიტომ, თუ არ გინდა, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდე, ცუდად ყოფნაზე არ უნდა ჩაიციკლო. როცა ადამიანები ცუდს გიკეთებენ, შენ ცოტა მაღლა უნდა დადგე, თორემ შენც თუ იმავე გზას დაადექი, ესე იგი, მათნაირი ხარ.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?
– როცა ჩემი მეორე შვილი დაიბადა და ორივე სიკვდილს ვებრძოდით. არავინ იცოდა, გადავრჩებოდით თუ არა. რა თქმა უნდა, მე ამ მდგომარეობას ვერ აღვიქვამდი, მაგრამ ექიმები ჩემებს ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ შეძლებდნენ თუ არა ჩვენს გადარჩენას. შემდეგი ორი თვე მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი, გამოვიდოდა თუ არა ჩემი შვილი მდგომარეობიდან. ის რეანიმაციაში იყო. პირველი სამი კვირა განსაკუთრებით რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ბევრი ადამიანიც გავისტუმრე ჩემი ცხოვრებიდან. თითქოს გავთავისუფლდი კიდეც ამის გამო.
კიდევ ერთი შიში მახსენდება, ზღვაში ვიხრჩობოდი. წლების წინ, დაქალთან ერთად წავედი ზღვაზე. ჩავედი თუ არა, იმ დღესვე დაიწყო შტორმი. კამერა ვიყიდე და დიდი ამბით შევედი, ცურვა არ ვიცი და ვიფიქრე, ნაპირზე ვიცურავებ-მეთქი. ტალღებმა ამიტაცა და სანაპიროზევე ვიხრჩობოდი. უზარმაზარ ქვებს ვურტყი თავი. ბოლოს ვიღაც ქალმა გადამარჩინა, ამომათრიეს წყლიდან და საავადმყოფოში წამიყვანეს. სერიოზული ტვინის შერყევა მქონდა და დასვენების ათი დღე დაწოლილმა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში გავატარე. ქვებზე რომ ვურტყამდი თავს, ჩემს გოგონაზე ვფიქრობდი. ძალიან მეშინოდა, ნეტა, ჩემს ლიზას ვინ მიხედავს-მეთქი და მერე საერთოდ გავითიშე. როგორც მითხრეს, გონს ნახევარ საათში მოვედი.