რაზე თქვა უარი ელენე კალმახელიძემ პოდიუმისა და სწავლის გამო და როგორ ასახელა მან საქართველო 50 ქვეყანას შორის

207

ელენე კალმახელიძე ახალგაზრდა ქართველი მოდელია მნიშვნელოვანი წარმატებებით, რომელთა შესახებაც თავად მოგვიყვება.

ელენე კალმახელიძე: ორი წელია, ეკა მგალობლიშვილის სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი ვარ. ყოველთვის მაქვს შანსი, მონაწილეობა მივიღო საქართველოს მაღალი მოდის კვირეულებზე, პარალელურად, მიწვევენ, პარიზის, დუბაისა და მონაკოს ჩვენებებზე. აგვისტოში მეორედ ვიყავი დუბაის ფეშენ-ვიქზე. იქიდან ბარსელონაში გავფრინდი, სადაც ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი „model of universe 2023“, რომელშიც 50-ამდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და მე მესამე ადგილი ავიღე. ეს ჩემთვის პირველი კონკურსი იყო და განსაკუთრებული განცდები დამეუფლა. ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა.

საქართველოში რომ დავბრუნდი, აქ ტარდებოდა „მისტერ და მის პლანეტა“, რომელშიც საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი. ძალიან საპასუხისმგებლო იყო – ჩემს ქვეყანაში ვიყავი უამრავი ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად და ჩვენი სამშობლო ღირსეულად უნდა წარმედგინა. ყოველი დღე ემოციებით იყო სავსე. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო „მეგობრობის საღამო“, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ქვეყნები თავიანთ ტრადიციულ სუფრებს წარმოვადგენდით და ერთმანეთის კერძებს ვაგემოვნებდით. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა.

მე სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე ვარ. შვიდი წელი სტუდია „გლორია ფემილიში“ ვცეკვავდი. ცოტა ხნის წინ მომიხდა, სწავლის გამო ცეკვას დავმშვიდობებოდი, რადგან აბიტურიენტი ვარ, მაგრამ ამ კონკურსის ფინალურ საღამოზე მაინც შევასრულე ტანგო ჩემს მეწყვილესთან ერთად. ავიღე „გრანპრი – Miss Planet talant 2023“-ის ტიტული და კიდევ რამდენიმე პრიზი.

– არ ნერვიულობ, როცა ამდენი ქვეყნის წინაშე საკუთარ ქვეყანას წარადგენ?

– კი, ამდენი ქვეყნის გამასპინძლება ძალიან საპასუხისმგებლოა და ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ. ვცდილობ, ემოციებსა და ნერვიულობას არ ავყვე. პირიქით, თავდაჯერებული უნდა ვიყო. თუ თავდაჯერებული ვარ, შემიძლია, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო, ამიტომ ჩემს ემოციებს ყველანაირად ვთოკავ.

– როგორ გადაწყვიტე მოდელობა?

– პატარა რომ ვიყავი და მოდელ გოგონებს ვხედავდი, ძალიან მომწონდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, დედამ მითხრა, რომ ძალიან უნდოდა, მოდელი გავმხდარიყავი. შთამაგონა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ სფეროს გავყვებოდი. დედის ინიციატივითა და ჩემი სურვილით მოვედი აქამდე. 17 წლის ვარ და ჩემს მომავალს სამოდელო სფეროში ვხედავ. ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ თავი დავანებე, რადგან როგორც გითხარით, აბიტურიენტი ვარ და სწავლა დიდ დროს მოითხოვს, თან, უფრო მეტად სამოდელო საქმიანობაში წარმატების მიღწევაზე ვარ ორიენტირებული. მინდა, ძალიან ბევრს მივაღწიო და ამისთვის ძალიან ბევრს ვიშრომებ.

– დედა ახლოს არის ამ სფეროსთან?

– თვითონ ძალიან უნდოდა მოდელი გამხდარიყო. ჰქონდა ამის მონაცემები, მაგრამ მშობლებმა უარი უთხრეს. ამიტომ განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა, მე გავმხდარიყავი მოდელი და იმ ყველაფრისთვის მიმეღწია, რაც მას ძალიან უნდოდა. დედა წარმატების მიღწევაში ყველანაირად მიწყობს ხელს. ის რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდი.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხომ არ ხარ?

– არა, შეყვარებული არ მყავს და არც მყოლია. ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს ჯერ ადრეა. მინდა, წარმატებული კარიერა მქონდეს, წინ წავიდე და მერე ამის დროც მოვა. მინდა, სწავლასაც დიდი დრო დავუთმო, როცა მაღალ მოდაში ხარ, რა თქმა უნდა, სწავლა-განათლებაც არ უნდა გაკლდეს. მერე ვიფიქრებ მეორე ნახევარზე, რომელიც ამ ყველაფერში მხარს დამიჭერს. სამწუხაროდ, ვიცი, რომ მეორე ნახევრებს ხშირად უჭირთ ამ სფეროსთან შეგუება და ისე არ მინდა, რომ საყვარელმა ადამიანმა დაბრკოლება შემიქმნას ამ გზაზე. ამიტომ მირჩევნია, ჯერ კარიერა შევქმნა და მერე ვიფიქრო სიყვარულზე.

– მერე რომ გითხრას, ამ პროფესიას თავი დაანებეო, როგორი იქნება შენი რეაქცია?

– მგონია, რომ სამომავლოდ ისეთ ადამიანს ავირჩევ, რომელიც მხარს დამიჭერს ამ ყველაფერში. თუ უარს მეტყვის, ალბათ, მასთან ურთიერთობას გავწყვეტ.

– საპირისპირო სქესში გარეგნობას არ ანიჭებ უპირატესობას?

– რა თქმა უნდა, გარეგნობასაც ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიჭი მაღალი იყოს, რადგან მე თვითონ მაღალი ვარ. ძირითადად, სპორტული სტილის ბიჭები მომწონს.

– ამბობ, რომ სიყვარული ადრეა, მაგრამ თაყვანისმცემლებს როგორ პასუხობ?

– თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, მყავს, მაგრამ ძალიან მკაცრი ვარ ამ საკითხში. არ მინდა, ვინმე დავაიმედო და ვაფიქრებინო, რომ შანსი აქვს. ყოველ ჯერზე, როცა ინიციატივას იჩენენ, უარს იღებენ. ვაგრძნობინებ, რომ ჯერ არ ვფიქრობ ასეთ საკითხებზე და მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.

– გარდა იმისა, რომ გამორჩეული გარეგნობა გაქვს, კიდევ რა კომპლიმენტებს გეუბნებიან თაყვანისმცემლები?

– კომპლიმენტების უმეტესობა ჩემს ტანსა და ფეხებს უკავშირდება (იცინის). ვაიმე, რამსიგრძე ფეხები გაქვს – ეს ძალიან ხშირად მესმის (იცინის).

– ჰგონიათ, რომ მარტივია შენთან ურთიერთობა?

– დარწმუნებული ვარ, რომ მარტივად მისაწვდომი გოგო არავის ვგონივარ. ისეთი პოზიცია მიჭირავს და ისეთი პასუხები მაქვს ბიჭების მიმართ, კარგად ხვდებიან, რომ ვიცი ჩემი თავის ფასი და ამ ტიპის ურთიერთობაში დისტანციას ვიჭერ, რომ რამე ზედმეტი ვერ გაბედონ. ძალიან სერიოზულად ვუდგები ამ საკითხს და თვითონაც შესაბამისად რეაგირებენ. დარწმუნებული ვარ, იციან, რომ მარტივად ვერ მოახერხებენ ჩემი გულის მოგებას (იცინის). თუ ვინმე ცდილობს, რამე დამაძალოს, ჩემი ცხოვრებიდან ქრება, რადგან ვინც ჩემს აზრს არ ითვალისწინებს, ასეთი ადამიანის ადგილი ჩემს ცხოვრებაში არ არის.