რამდენჯერ გადაურჩა ნიკოლოზ ბარტყულაშვილი სიკვდილს და როგორ აპირებს ის მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლას

173

ნიკოლოზ ბარტყულაშვილი – მოგზაური, მსოფლიო მოქალაქე და ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ინტერესი გააჩნია. მისი მიზანი მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაა და ყოველდღიურად ცდილობს, საკუთარი ქმედებებით ამ მიზანს დაუახლოვდეს.

ნიკოლოზ ბარტყულაშვილი: ამერიკისკენ ძალიან ბევრს მიუწევს გული. ეს ქვეყანა მართავს საინფორმაციო სამყაროს და ყველას უმტკიცებს, რომ იქ ცხოვრება საუკეთესოა. ჩემი მიზანია მსოფლიოს შეცვლა. ამისთვის კი ჯერ უნდა შევისწავლო ის. ამ მიზნით დავიწყე მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. რადგან ამერიკა მთელ მსოფლიოზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მის შესწავლას დიდი დრო დავუთმე და იქ ოთხი წელი გავატარე. ყველა სფერო შევისწავლე: „ჰოლივუდი“, პროდიუსინგი, საინფორმაციო საშუალებები, „ნასა“, სამხედრო სფერო, ტრანსპორტირების და უძრავი ქონების ბიზნესი და ყველა ის სფერო, რაზეც ამერიკა დგას. მოვიარე 50-ვე შტატი და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. ახლაც ამერიკაში ვარ, მაგრამ ამჯერად უკვე სტუმრად. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამერიკა ჩემსავით დეტალურად აქვს შესწავლილი. მინდა, ეს ცოდნა ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის გამოვიყენო. ამის გასაღები ამერიკაში ვიპოვე. როგორც გითხარით, ამერიკიდან იმართება ბევრი რამ, ადამიანების მანიპულირება საინფორმაციო ველების მეშვეობით ხდება. მათგან წამოსული სიგნალების მიხედვით წყვეტს ადამიანი ბედნიერი არის თუ არა. მაგალითად, ადამიანი შეიძლება, სადღაც შორეულ ტომში ცხოვრობდეს, მინიმალურ პირობებში და თავს ბედნიერად გრძნობდეს, მანამ, სანამ არ გაიგებს, რომ თურმე, ბედნიერება წითელ ხალიჩაზე სიარული ყოფილა და ამის მიღწევა ამერიკაში ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი. ამიტომაც მიისწრაფვის ყველა ამ ქვეყნისკენ, ამიტომაც ჰგონია ყველას, რომ იქ ყველა ბედნიერია. არადა, საქართველოში გაცილებით ბედნიერი შეიძლება იყო, ვიდრე იქ. თუმცა, გარეკლამებული მხოლოდ ამერიკის მაცხოვრებელი „ბედნიერი“ ადამიანების ცხოვრებაა და ბუნებრივია, რომ ეს გავლენას ახდენს ადამიანებზე. ამ დროს ამერიკაში ერთ შტატში შეიძლება, ნახო ძალიან მოწესრიგებული და ბედნიერი ოჯახები და გარემო, მაგრამ მეორეგან სრული აღრევაა. იქ შეხვდებით გარემოს, სადაც ნამდვილად ხდება ის საშინელებები, რაც ჩვენ მხოლოდ ფილმებში გვინახავს და ამაზე მეტიც. ზუსტად ამ რეალობის ცხადად აღწერის საშუალებით მივაღწევ მიზანს, რომელიც ზემოთ ვახსენე.

– იქ თქვენც გადაგხდათ სახიფათო ამბები?

– მონტანას შტატში მინუს 22 გრადუსში მივდიოდი ავტომობილით. ნისლი იყო და ფეხის გასამართად და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ავტომობილიდან გადმოვედი. უცებ ხმამაღალი ამოხვნეშისმაგვარი ხმა გავიგონე და ჩემს მარცხნივ შავი ჩრდილი აიმართა. წამებში გავაცნობიერე, რომ გვერდით უზარმაზარი ბიზონი მედგა. მოგზაურობის დროს იმდენი ისტორია გადამხდენია, ეს იმასთან შედარებით არაფერია. კალიფორნიაში დათვებიც შემხვედრია. მე მოტოციკლეტით მიყვარს ტყეში სიარული და უამრავ სახიფათო სიტუაციაში შეიძლება, აღმოვჩნდე. თუმცა, ადამიანებზე სახიფათო მაინც არაფერია. მეორედაც მონტანას შტატში ვიყავი, ინტერნეტი არ იჭერდა კარგად და ნავიგაციით მივდიოდი. რაღაც მომენტში ნავიგაციამ გაჭედა და თოვლში გაკვალულ გზას მივყვებოდი. უცებ ნავიგაციამ დაიჭირა და მიჩვენა, რომ გაყინული ტბის შუაგულში ვიდექი, თან საკმაოდ დიდი მანქანით. თურმე სოფლებში მოკლე გზა ჰქონდათ ტბაზე გაყვანილი გაყინულ ტბაზე. სანამ ტბა ბოლომდე გადავიარე, ვერ ვიტყვი, რომ შიში განვიცადე, მაგრამ საკმაოდ ამაღელვებელი ნამდვილად იყო.

– გამოცდილება ბევრს გასწავლის, ალბათ, ბევრი სახიფათო მდგომარეობა უნდა გამოცადო, რომ ასეთ დროს შიში არ განიცადო და პანიკაში არ ჩავარდე.

– ბევრი შიში ბავშვობაში გადავლახე. საშიშროება ნებისმიერ დროს შეიძლება, შეგხვდეს. ამა თუ იმ ქვეყანაში არაერთხელ შემხვედრია ლომი თუ მგელი და უეცრად, გინდა თუ არა, შემზარავი გრძნობა გიპყრობს, თუმცა, როდესაც იცი, როდის როგორ მოიქცე, გონება მალევე ახდენს მობილიზებას. საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, ძალით ეძებ ხიფათსო. კომფორტის ზონიდან გასვლა და თავგადასავლების ძიება ძალიან მიყვარს. სტანდარტული არაფერი მიზიდავს. ბრაზილიაში მქონია მომენტები, როცა ყაჩაღები პირდაპირ ქუჩაში მესხმოდნენ თავს და ნივთებს მართმევდნენ. ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე საქართველოში ძალიან რთულ დროს გავიზარდე და დედაც ძალიან მკაცრად მზრდიდა, ბევრი შიში გადავლახე და ყველაფერს ჩვეულებრივად ვუყურებ. რაც უფრო ექსტრემალურ მდგომარეობაში ვარ, მით უფრო კარგად აზროვნებს ჩემი გონება.

– სიკვდილისთვის თვალებში ჩაგიხედავთ?

– ძალიან ბევრჯერ. მაგალითად, ერთ-ერთ კუნძულზე დაივინგით ვიყავი ჩასული წყალში, რეკორდის მოხსნა მინდოდა – ვდაივერობ კიდეც. აკვალანგის გარეშე ჩავედი და ამოსვლისას ჰაერი აღარ მეყო. ზემოთ ამოსვლისას მზის სხვი ჩანს და ზედაპირთან ახლოს გგონია თავი. თუმცა, არადა არ გამოჩნდა. წამში ბევრი რამ ვიფიქრე, ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ შევძელი და გავითიშე. საბედნიეროდ, გადამარჩინეს, ბოლო ერთი მეტრი მქონია დარჩენილი. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი სხვანაირად იწრთობი.

ნამქერშიც მოვყოლილვარ. თუმცა, ეს უფრო ბავშვობაში იყო და მაშინ განცდილმა ჩემი ფსიქოლოგია ძალიან გაწვრთნა. მე, მამა და ბიძაჩემი მივდიოდით სოფელ გომარეთში, დმანისის რაიონში და იქ მოვყევით ნამქერში. თოვლმა მთლიანად გადაგვფარა. მამა კავშირგაბმულობის სისტემაში მუშაობდა, რის წყალობითაც, საბედნიეროდ, მობილური გვქონდა და მოასწრო დარეკვა დახმარების სათხოვნელად. ტრაქტორებით მოვიდნენ, მაგრამ ისინიც გაიჭედნენ. შემდეგ სპეციალური ავტომობილით მოვიდნენ, გაყინულები გვიპოვეს და გაგვალღვეს. გადაგვარჩინეს. თოვლის ქვეშ მანქანაში ვიყავით გამომწყვდეულები, მანქანაც ჩაქრა, ბევრი საათი გავიდა და ყველაფერს მთელი სიცხადით ვაცნობიერებდით. მამა ხელებს მიხურებდა, სახეზე ორთქლს მიბერავდა და ცდილობდა გავეთბე.

ბევრჯერ დავკარგულვარ უდაბნოში, ჯუნგლებშიც ვერ გამიგნია გზა. იქ, გინდა არ გინდა, ათასნაირ მწერს ხვდები, ზოგან ბალახიც კი შხამიანია. მსოფლიოს 65-70 ქვეყანას თუ მოივლი, ასე თუ ისე, უსაფრთხოდ ხარ, მაგრამ 80-90 ზე მეტი თუ გაქვს ნანახი, ფსიქოლოგიურად ძლიერი თუ არ ხარ, ამას ვერ შეძლებ. ვერ იმოგზაურებ ისეთ ქვეყნებში, სადაც თითოეული დღე შეიძლება, სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარს ჰგავდეს. მერე უკვე სხვა ძალებს პოულობ საკუთარ თავში და პირველ რიგში, ცხოვრებისა და ადამიანების სიყვარული გეხმარება. ყველაზე რთულ მომენტებში ამას გადავურჩენივარ. ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში პატარა ბავშვები იარაღით დამადგნენ და ჩემი შანსი ნულის ტოლი იყო. წამებში რაღაც გავიფიქრე, სიყვარულით სავსე თვალებით შევხედე მათ და უბრალოდ, შემეშვნენ. ვერ ავხსნი რა მოხდა, ფაქტია, მაგრამ ცოცხალი გადავრჩი.

– მოგზაურობასთან ერთად ბევრი ინტერესი გაქვთ და როგორ გამოდის ყველაფერი ერთად?

– ჩემი აზრით, ყველა ადამიანი აღმომჩენი ვართ, გვინდა, რაღაც შევისწავლოთ. მე მაინტერესებს ადამიანები, ადამიანური კონფლიქტები, რელიგიები, ეზოტერიკა, ასტროლოგია, ფსიქოლოგია, როგორ ხდება ადამიანების მართვა. მე არ ვარ თეორიტიკოსი, მე ვარ პრაქტიკოსი, ვეცნობი ადამიანებს, მათ ცხოვრებას და ვაკვირდები მათ მოქმედებებს. ზუსტად ეს მაძლევს დასკვნების გაკეთების საშუალებას.