“ჰუგოსთვის პირველი ახალი წელია და გადავწყვიტეთ რომ სამშობლოში შევხვედროდით…“

290

მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საქართველოში წინასაახალწლოდ ჩამოვიდა და ახალი წლის დღესასწაულებს სამშობლოში გაატარებს. 31 დეკემბერს ის მეგობრებთან ერთად წვეულებას მოაწყობს, სადაც თავად იმღერებს კიდევაც. წვეულების საპატიო მონაწილე იქნება მისი უსაყვარლესი ვაჟი უგო. სწორედ მის გამო გადაწყვიტეს მშობლებმა, რომ ახალი წლის ღამე სახლში გაეტარებინათ და თავად მოეწყოთ დღესასწაული. ჰუგო მშობლებს ყველგან თან დაჰყავთ. როგორც ნათია ამბობს, შვილის გაჩენის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სტიმული აქვს, რომ კარიერაში ბევრი რამ აკეთოს…

ნათია თოდუა fortuna.ge-მ ექსკლუზიურად ჩაწერა:

რადგან ჰუგოსთვის პირველი ახალი წელია, გადავწყვიტეთ, ახალი წელი სამშობლოში გაატაროს. გვინდა, ოჯახურ გარემოში, სამეგობროში აღვნიშნოთ. ჩვენ თვითონვე შევქმნით საახალწლო განწყობას – ვიქირავეთ აგარაკი, სადაც ყველანი ერთად შევხვდებით ახალ წელს. ყოველ წელს ვფიქრობდით, სად გავსულიყავით, კლუბსა თუ ბარში. წელს დავარღვიეთ ყველანაირი წესი და პატარა ჰუგოს გამო, ჩვენ თვითონვე შევქმნით სახლში საზეიმო განწყობას, კონცერტიც სახლში იქნება (იცინის). მოკლედ, 31 დეკემბერს ვგეგმავთ სახლურ კარნავალს.

ჰუგო ყველგან თან დაგყავთ. ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ზე შედგა მისი ტელედებიუტი. როგორც ვხვდები, ძალიან მშვიდი ხასიათი აქვს და თამამად დაატარებთ თქვენთან ერთად…

თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა ეს ეთერი და მშვიდად იყო. ვფიქრობდი, ლაივია და ტირილი არ დაიწყოს-მეთქი, მაგრამ ჰუგომ ყველა გაგვაოცა. მართლაც ძალიან მშვიდია. ასე მგონია, თავად ხვდება და გრძნობს, როგორ უნდა მოიქცეს. სტუდია, სარეპეტიციო თუ საფესტივალო სივრცე – ჰუგო ყველგან ჩვენთან ერთად არის და არ გვქონია შემთხვევა, რომ მის გამო რაიმე პრობლემა შეგვქმნოდეს. მგონია, ხასიათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამბობენ, რომ თავიდანვე შეჩვევის გამო ხდება ასე, მაგრამ მგონია, ხასიათიც ძალიან უწყობს ხელს.

გარეგნობით, აშკარად დედიკოს ჰგავს და მშვიდი ხასიათი ვისია?

ჩემს მეუღლეს ჩემი ნათესავები ეუბნებიან, რომ ჰუგო მას ჰგავს, დათოს ახლობლები და საერთო სამეგობრო მეუბნება, რომ ბავშვი დედას ჰგავს. ხასიათით ნამდვილად მამას ჰგავს, დინჯი და გაწონასწორებულია. ჩემი ბავშვობის ხასიათს რომ იხსენებენ, ამბობენ, რომ მოუსვენარი და ცელქი ვიყავი. ჩემი მეუღლე თავიდანვე მეუბნებოდა, ეს ბავშვი ძალიან მშვიდი იქნებოდა. სძინავს მშვენივრად, ერთად ვმოგზაურობთ, საქმესაც ვაკეთებთ…

ძიძა, როგორც ვიცი,არ გყავთ…

არა, რადგან ჩვენ თვითონვე გვინდოდა პირველ ორ წლამდე მის გაზრდაში მონაწილეობის მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. რაც შეეხება განვითარებას, გვინდა, ჰუგო შევიყვანოთ ნახევარ განაკვეთზე ბაღში, როცა ერთი წლის გახდება. თუ მოეწონება, დავტოვებთ. ვფიქრობთ, მის განვითარებას შეუწყობს ხელს. ძიძა ჯერჯერობით არ გვინდა, თუ მერე იქნება საჭიროება, ვიფიქრებთ. საქართველოში დამხმარეები არ გვაკლია, ბებია-ბაბუები ისეთ სიყვარულს დებენ მასში… მინდა ვახსენო ჩემი ქართველი სამეგობრო, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს – ისეთი სამეგობრო გვყავს ბერლინში, ვინც ჩვენთვის ოჯახივითაა. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჰუგოს და გვეხმარებიან. უცხოელი მეგობრებიც გვყავს, მაგრამ ქართველი მეგობრების იმედი ოჯახის წევრებივით გვაქვს. თუ კონცერტი მაქვს, იმედიანად ვარ, რომ თუ ჩემი მეუღლე ჩვენთან ერთად არ არის, მეგობარი წამომყვება და ჰუგოს ყურადღებას მიაქცევს.

შემოქმედებითი კუთხით სულ გაქვს სიახლეები, მაგრამ 2024 წელი როგორი იქნება ამ კუთხით?

შემოქმედებაზე რომ ვფიქრობდი, სულ მქონდა კითხვა, როგორ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი ჰუგოს დაბადების შემდეგ და აღფრთოვანებული ვარ, რომ მისი დაბადების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცა. უფრო მეტი სიყვარული და პასუხისმგებლობა გამიჩნდა ჩემი საქმის მიმართ. სხვათა შორის, დედობის შემდეგაც აქტიურად გაგრძელდა ჩემი კარიერული წინსვლა. ჰუგო ორი თვის იყო, როცა პირველი კონცერტი ჩავატარეთ, შემდეგ გავაგრძელეთ საფესტივალო გამოსვლებით, ზაფხული იყო ძალიან აქტიური და კარგი ჩემთვის და ჩემი ბენდისთვის. შემდეგ დავიწყეთ მუშაობა სოლოპროგრამაზე, რომელთან დაკავშირებული კონცერტით 27 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო პირველი კონცერტი, რომელიც პანდემიის შემდეგ განსხვავებული და ახალი რამ შევთავაზე მსმენელს. ამ კონცერტზე მოვიდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ჩემი ახალი შემოქმედებითი ნაბიჯები აინტერესებდა. ძალიან კარგი სტარტი შედგა და 2024 წლის მაისიდან ვიწყებთ ტურნეს გერმანიის რამდენიმე დიდ ქალაქში, მაგალითად, ბაიერნში, შტუტგარტსა თუ მიუნხენში. ვფიქრობ, ქალაების ჩამონათვალი ეტაპობრივად დაემატება. საზაფხულოდ ისევ იგეგმება ფესტივალებში მონაწილეობა.

ჩემი პირველი ახალი სიმღერა ერთი თვის წინ გამოჩნდა. იმ ჟანრს ვქმნი ბენდთან ერთად, რაც დატვირთულია ბლუზის, როკის და სოულის ელემენტებით და ჩემთან ძალიან ახლოსაა. კიდევ ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე და 2024 წელს ალბომის სახით გამოიცემა.

აუცილებლად მინდა გკითხო შენი იმიჯის შესახებ. ხელოვანის ცხოვრების ნაწილია ეს, რა თქმა უნდა. ამჟამად ვარდისფერი თმით ხარ… 

შენ როგორ მოგეწონა?

მომწონს, 80-იან წლებს მაგონებს…

სწორად აღნიშნე. ჩემი ძირითადი სტილი, მუსიკის, ჩაცმულობის, მაკიაჟისა თუ ვარცხნილობის კუთხით, უკავშირდება 70-80-იან წლებს. მუსიკალური ინსპირაციაც სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მიხარია, თუკი მოდაში შემოდის იმ პერიოდის ელემენტები. ვარცხნილობის შერჩევისასაც ამ წლებში ვტრიალებ. დრედების მერე, რაც კი მქონია, ცოტა პანკური იყო, ფერიც, ვარცხნილობაც. ახლა მაჩერებენ ხოლმე გერმანიაში, დევის ბოუის ვარცხნილობა გაქვსო… მიყვარს ექსპერიმენტები. თვენახევარსა ან მაქსიმუმ ორ თვეში, ვარცხნილობაშიც სიახლეს ვეძებ. ახალ სეზონზე ახალი იმიჯით ვევლინები ხოლმე ჩემს გულშემატკივარს. ჩემი მეუღლეც სულ მოლოდინშია, როგორი იქნება შემდეგი თმის ფერი (იცინის).

ახლა როგორ მოსწონს?

კახური პირდპირობით გამოირჩევა. უყვარს პირდაპირ თქმა. რომ არ მოსწონებოდა, აუცილებლად მეტყოდა. ოჯახის წევრებიც აფასებენ ხოლმე ჩემს იმიჯს. ჩემს მეუღლეს ვარდისფერი თმა, როგორც ჩანს, მოეწონა…

fortuna.ge