“ზურასგან ვისწავლე, რომ უნდა ვიყო საკუთარი თავი”

211

ახლახან მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. ამასთან დაკავშირებით მისი შვილიშვილი ნატალია ყიფშიძე გვესაუბრა და საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.

ნატალია ყიფშიძე: რომ გავიგე, ბაბუს ვარსკვლავს უხსნიდნენ, ძალიან გამიხარდა. ბედნიერი ვიყავი იმის გამო, რომ მისი შრომა ფასდებოდა. რაც დაიწყო მოღვაწეობა, იმ წამიდანვე ეტყობოდა, თუ რამდენად იმსახურებდა ამ დღეს.

დღე, როცა ბაბუს ვარსკვლავი გაუხსნეს, უდიდესი ემოციებით იყო სავსე. 33-ედ ვუყურე „მეფე ლირს“ და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ემოცია მაქვს: ვტირი, მიხარია, ვნერვიულობ – ყველაფერს ერთად განვიცდი. ამჯერადაც, სპექტაკლის დასრულებას დარბაზში განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა. ახლა კიდევ უფრო სხვანაირად ულოცავდნენ. ყველას უხაროდა მისი დაფასება. უცხო ხალხისგან იმხელა სიხარული იგრძნობოდა, ვერ აღგიწერთ. მთელი ჩვენი ოჯახი იქ იყო შეკრებილი, სამ ბავშვთან ერთად ვიყავით (იცინის). ბაბუც უზომოდ ბედნიერი იყო და მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა მე კიდევ უფრო მაბედნიერებდა. ამ ემოციებს არაფერი შეედრება. ძალიან მიხარია ეს დღე.

– ბატონმა ზურაბმა როგორ მიიღო ეს ამბავი?

– რა თქმა უნდა, გაუხარდა, მაგრამ არ მიგრძნია, რომ ერთი სული ჰქონდა, სანამ ვარსკვლავს გაუხსნიდნენ. პირიქით, ძალიან ნერვიულობდა ამასთან დაკავშირებით. ნერვიულობდა სპექტაკლის გამოც. „მეფე ლირი“ ერთი წელი არ ჰქონდა ნათამაშები და ვფიქრობ, რომ ყველაფერს ძალიან კარგად გაართვა თავი. ასეთი ემოციები არ არის მარტივად გასამკლავებელი. ყველაფერთან ერთად, იმ დღეს ფეხები სტკიოდა, მაგრამ ამის მიუხედავად სასწაულად ითამაშა. რაც კი ცნობიერება მაქვს, მე ყოველთვის მეამაყებოდა მისი ყოველი ნაბიჯი. საბედნიეროდ, ძალიან დიდ ნიჭთან ერთად, საოცარი თავმდაბლობით არის დაჯილდოებული.

– რას ფიქრობ ბაბუზე, როგორც მსახიობზე?

– ძალიან მომწონს. თეატრში რომ ვუყურებ, სულ სხვაა. ფილმებში და სერიალებში – სულ სხვა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მე მისი შთამომავალი ვარ. როცა სცენაზე ვხედავ, პირველ რიგში, ის ჩემი ბაბუაა და ვნერვიულობ, თან, ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ვამაყობ მის გამო. საოცრად მიყვარს მისი შემოქმედება, სცენაზე რომ დგას სულ სხვანაირად მიყვარს. ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ მის სპექტაკლებს.

– როგორც ვიცი, ბაბუასთან განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებს.

– ასეა. ზოდიაქოთი ორივე ლომები და გველები ვართ. ჩემი მუსიკალური გემოვნება მისი დამსახურებაა. ძალიან მეგობრული და საინტერესო ბაბუაა. უზომოდ მიყვარს მასთან საუბრები.

– შეგიძლია, გაიხსენო მისი რჩევა, რომელიც ცხოვრებაში ძალიან გადგება?

– ალბათ, ის, რომ ვიყო საკუთარი თავი და თავმდაბალი ადამიანი. ეს მისგან ვისწავლე და ყოველთვის მემახსოვრება. თვითონ ძალიან არ უყვარს, როცა მის გარშემო აჟიოტაჟია. უყვარს საკუთარი საქმე და არა ამ საქმით დამსახურებული დიდი ყურადღება. მისგან ძალიან კარგი მაგალითების აღებაა შესაძლებელი.

– გახსოვს, პირველად როდის გააცნობიერე, ვინ იყო?

– სულ ეს მომენტი იყო. ხშირად დავყავდი გადაღებაზე. პირველად რომ წამიყვანა, მგონი, ხუთი წლის ვიყავი. ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა, ვინ იყო ბაბუ. თუმცა, ყოველთვის მიკვირდა ერთი ფაქტი, ვინმესთან ოჯახში რომ მივიდოდი სტუმრად, მისი ბებია ან უფროსი თაობის სხვა წარმომადგენელი მიყვებოდა, როგორ უყვარდა ახალგაზრდობაში ზურა.

– ზოგჯერ უცებ ტალღასავით აგორდება ხოლმე კრიტიკული ტალღა მის შესახებ. ამაზე როგორ რეაგირებთ?

– არ ვფიქრობ ამაზე. ოჯახის რამდენიმე წევრი ფიქრობს, მაგრამ მე მიჩვეული ვარ ამ ფაქტს და გულთან ახლოს არ მიმაქვს. აზრი ყოველთვის ბევრნაირი იქნება, მაგრამ ყველას მოსმენის დრო არ არის, საჭიროც არ არის უარყოფითი აზრების გაზიარება. ზურასაც არასდროს ადარდებს ასეთი რამეები. ალბათ, ეს ჩვენი ზოდიაქოდან გამომდინარეობს.

– მუშაობის პროცესში როგორია?

– ეს მისი პირადი სივრცეა და ამ შემთხვევაში, მე ვერ მოვყვები მისი ნაბიჯების შესახებ. ჩემი მხრიდან, მის მიმართ დიდი თხოვნაა, სერიალ „ცვალებადი ნიშნების“ ახალ სეზონზე დამეხმაროს, პარტნიორობა გამიწიოს, რომ ჩემი როლი უკეთესად ჩამოვაყალიბო. მგონია, რომ თუ ის თავის წვლილს შეიტანს ამ სეზონზე ჩემი როლის განვითარებაში, ეს ძალიან კარგი იქნება ჩემი სამსახიობო ოსტატობისთვის.

– როგორ შეგაფასა ამ სერიალში?

– სამწუხაროდ, ეს სერიალი ჯერ არ უნახავს და ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. ძალიან უჭირს ინტერნეტთან კომუნიკაცია და დაგეგმილი გვაქვს, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე ერთად ჩავუჯდეთ და ვუყუროთ.

– მაყურებლის შეფასებებს თუ ეცნობი სოციალურ ქსელში?

– სამწუხაროდ, რამდენჯერმე წავიკითხე კომენტარები. ხშირად ცუდი გამოხმაურება მხვდებოდა, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამაზე აღარ ვრეაგირებ, არ ვიმჩნევ უარყოფით კომენტარებს. თუმცა, მე თვითონ ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ამ სეზონზე ბევრი რამის შეცვლა მსურს.

– რას უკავშირდება უარყოფითი კომენტარები?

– ჩემს წარმომავლობას. ვერ აიტანეს ის ფაქტი, რადგან მსახიობების ოჯახიდან ვარ, მეც ამ ამპლუაში რომ მოვსინჯე ძალები ამ კონკრეტულ მომენტში. იყო შედარებები და ასე შემდეგ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ეს ყველაფერი დიდად აღარ მადარდებს.

– რას ფიქრობ შენს პერსონაჟზე და თუ გაქვს რამე საერთო მასთან?

– მომწონს ის, რომ შეიცვალა და მიმაჩნია, რომ ცვლილებისთვის გვიანი არასდროსაა. საერთო მასთან მხოლოდ გარდერობი მაქვს (იცინის). მე შეყვარებული ვარ საკუთარ გარდერობზე და გადაღებებზეც ჩემი სამოსი მაცვია. სხვა საერთო ჩემს პერსონაჟთან არაფერი მაქვს (იცინის). ახლა ახალი სეზონისთვის ვიწყებთ მზადებას და სიამოვნებით გეტყვით, რომ წინ ძალიან საინტერესო ამბები გელოდებათ.