რატომ არ გამოსდის ფულის შეგროვება ნანა ლორთქიფანიძეს, როგორ ანაწილებს ის ოჯახის ბიუჯეტს და როდის ანებივრებს საკუთარ თავს, მსახიობი თვითონ მოგვიყვება.
ნანა ლორთქიფანიძე: პირველი ხელფასი კინომსახიობთა თეატრში ავიღე. როგორც მსახიობმა, პირველად იქ დავიწყე მუშაობა, 21 წლის ასაკში. მაშინ 120 მანეთი მქონდა ხელფასი. არა უშავდა, არ იყო ცუდი ფული. 23 წლისამ ოჯახი შევქმენი. ჩემს მეუღლეს ჩემზე ცოტა მეტი ჰქონდა ხელფასი და ასე თუ ისე, ნორმალურად ვცხოვრობდით. გვყოფნიდა-მეთქი, ასე ვერ ვიტყვი, პატარ-პატარა დახმარებები მშობლებისგანაც გვქონდა და არა უშავდა (იცინის).
– გახსოვთ, რაში დახარჯეთ პირველი ხელფასი?
– ჩემი პირველი ხელფასით ოჯახის ყველა წევრს საჩუქარი ვუყიდე. დედას, მამას, ბებიას, ჩემს დებს. ყველა გავახარე და ცოტა კიდევ დამრჩა (იცინის). 120 მანეთი მართლა არ იყო ცოტა ფული. ვერ გამდიდრდებოდი, მაგრამ ნორმალურ შემოსავლად ითვლებოდა.
– ხშირად დავობენ იმის თაობაზე, უნდა გიყვარდეს თუ არა ფული, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ?
– პირადად მე ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს ფულის მიმართ და მინდა ბევრი მქონდეს (იცინის).
– როგორი მხარჯველი ხართ?
– ვხარჯავ იმის მიხედვით, როგორი შემოსავალიც მაქვს. ვცდილობ, ჩემი შემოსავალი კომუნალურ გადასახადებზე, საკვებსა და სხვა აუცილებელ ხარჯებზე გადავანაწილო. ამას არც ისე ცოტა სჭირდება და ამიტომ მე ვერ ვანებივრებ ჩემს თავს სხვა რამეებით და ვერც ჩემს ოჯახს. ხელფასის დღეს მივდივარ და სახლისთვის მარაგს ვაკეთებ. როგორც შემიძლია, ეკონომიურად ვხარჯავ ჩემს შემოსავალს.
– არის რაღაცები, რაშიც მაინც გიჭირთ თავის გაკონტროლება? მაგალითად, სამოსი, თავის მოვლის საშუალებები და ასე შემდეგ…
– არ მინდა წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ მსახიობებს, ზოგადად, არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად გავინებივროთ თავი თავის მოვლის საშუალებებით და სხვა სიამოვნებებით. თუმცა, არის ელემენტარული რაღაცები, რის გარეშეც არ შემიძლია. მაგალითად, არ შემიძლია, არ წავიდე სალონში და არ მოვიწესრიგო თმა და ფრჩხილები. ამაში ფული არასდროს მენანება.
– სიამოვნებით რაში ხარჯავთ ფულს?
– ალბათ, ადამიანი ყველაფერს სიამოვნებისთვის ყიდულობ. თუნდაც გასტრონომიული ხარჯები ავიღოთ. საკვებს ხომ იმისთვის ყიდულობ, რომ შენი ოჯახის წევრებს ასიამოვნო?! ეს აუცილებლობაცაა და სიამოვნებაც. გინდა ის მოუმზადო შვილს და შვილიშვილს, რაც განსაკუთრებულად უყვარს. როცა ოჯახი გაქვს, მერე ბევრს ვეღარ იმეტებ საკუთარი თავისთვის. ტანსაცმლის ყიდვაც მიყვარს, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.
– ყველაზე მეტად რაში არ გიყვართ ფულის გადახდა?
– კომუნალურებში, მაგრამ სხვა გზა არ არის (იცინის). საერთოდ, მიყვარს ფულის დახარჯვა, მაგრამ მაშინ, როცა მისი დახმარებით რამეს ვიძენ. აი, კომუნალურების გადახდა მართლა ძალიან არ მიყვარს. ჩვენ სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს. თუ დამატებითი შემოსავალი გაჩნდა, რეკლამაა, ღონისძიება ან სხვა რამ, მაშინ უფრო მეტად ვანებივრებ თავს. ამ შემთხვევაში, თამამად შემიძლია, ტანსაცმელი ვიყიდო ჩემთვის თუ ჩემი ოჯახის წევრებისთვის. სხვა შემთხვევაში ჩემი შემოსავალი, ძირითადად, საკვებსა და კომუნალურებში მიდის.
– ოდესმე თანხა მოგიგიათ ან გიპოვიათ?
– არა, არასდროს არც მიპოვია და არც მომიგია ფული. თუმცა, იღბლიანი მომენტები მქონია, მაგალითად, უცებ რაღაც გამოჩენილა. არაფერს რომ არ ელოდები, გაჭედილი რომ ხარ, მაშინ გამოჩნდება ხოლმე შემოსავლის წყარო, რომელიც უცებ ამომასუნთქებს. მოგებით ვერც მოვიგებ, იმიტომ, რომ ლოტოს ან ლატარიის ბილეთს არასდროს ვყიდულობ.
– თანხა დაგიკარგავთ?
– ვაიმე, სამწუხაროდ, კი. ერთხელ მანქანიდან ამომაცალეს ჩანთა, მეორედ – ბაზრობაზე. ძალიან ვიტირე. რაც მქონდა, ჩემთვის ის იყო დიდი თანხა და ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ძალიან განვიცადე, მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი.
– ვალი…
– ვალი ძალიან არ მიყვარს. მქონია, დამჭირვებია და მისესხია ფული, მაგრამ მერე ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. ეგ კი არა, ალბათ, არ ვიქნები გამონაკლისი, თუ გეტყვით, რომ ბანკში მაქვს განვადებაც და სესხიც. კონკრეტულ რიცხვში რომ მაქვს შესატანი, რამდენიმე დღით ადრე გავრბივარ შესატანად, ძალიან არ მიყვარს ეს მომენტი. იშვიათად, მაგრამ უბნის მაღაზიაშიც მქონია ვალი. ხუთი ლარიც რომ იყოს, არ მასვენებს. რა ვქნა, არ მიყვარს ვალის აღება. მირჩევნია, საერთოდ არ მქონდეს რაღაც, არ ვიყიდო, ვიდრე ვალით შევიძინო. სამწუხაროდ, ვალის გარეშე ცხოვრება არ გამოდის. დღეს ვალში უფრო სესხი იგულისხმება ან განვადებით ნივთის შეძენა. ცოტა ხნის წინ მაცივარი გამიფუჭდა, მანამდე – მტვერსასრუტი, მანამდე – სარეცხი მანქანა და ამ ყველაფერს განვადების მეშვეობით ვუმკლავდები. საერთოდ, როცა მჭირდება, მირჩევნია, ბანკს მივმართო, ვიდრე ადამიანს.
– თქვენ ხშირად გთხოვენ ფულის სესხებას?
– სხვათა შორის, არა. შეიძლება, ძალიან ახლობელს გავუმართო ხელი, რამდენიმე დღით რომ სჭირდება. ისე, რომ ვინმე რაღაც დიდ თანხებს მთხოვდეს, არა. თუმცა ასეთი შემთხვევაც მქონია რამდენჯერმე: უცნობმა ადამიანებმა მომწერეს, მაგრამ ისეთი თანხა მომთხოვეს, რომ გამეცინა. ნამდვილად არ მქონდა იმდენი ფული (იცინის).
– თანხის დაგროვება შეგიძლიათ?
– გამორიცხულია, შესაგროვებლად ფულს ვერასდროს გადავდებ, ეს, ჩემი შემოსავლის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია. თუმცა, ამის მიუხედავად, აგარაკზე კარგი რაღაცები გავაკეთე. ტერასა მოვაშენე, რემონტი გავაკეთე და ეს კრედიტის დახმარებით შევძელი. ასე მირჩევნია, თორემ ჩვენი შემოსავლით არ გამოდის ფულის გადადება. მე არ მაქვს პატარა ოჯახი. ორი შვილიშვილი და ქალიშვილი მყავს. კი, ქალიშვილი მუშაობს და პატარა შემოსავალი მასაც აქვს, მაგრამ როცა სახლში ორი ბავშვია, ალბათ, ხვდებით რამდენია საჭირო. ამიტომ, რასაც ვიღებთ, სრულად ვხარჯავთ, შენახვა არასდროს გამოგვდის.