“40 წელი გაგრძელდა ჩვენი ცოლქმრობა კი არა, შეყვარებულობა. მის მომავალ მეუღლეზე მე პირველმა ვუთხარი რა ბედნიერებაა შეყვარებული რომ ხარ-მეთქი…“
ცნობილი კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე ჟურნალ „სარკეს“ ცხოვრებისეულ ამბებს უყვება.
„ბედმა გამიღიმა, რომ მიხო კვირიკაძე მყავს ოპერატორი. იმიტომ კი არ ვაქებ, რომ ჩემი შვილია, ჩვენ, უკვე რამდენიმე წელია, ერთად ვმუშაობთ. მან მოასწრო აგნეშკა ჰოლანდთან და ვიმ ვენდერსთან ორ ფილმზე მუშაობა. მიხო არის მამამისის, ირაკლი კვირიკაძის, ,,კოპიო” (ირაკლი კვირიკაძე – ცნობილი სცენარისტი და კინორეჟისორი – რედ.შენ.).
მე და ირაკლიმ ერთობლივი და ძალიან საინტერესო ცხოვრება განვვლეთ. ბევრმა და ირაკლიმაც არ იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრს მუშაობდა და თავს კარგად გრძნობდა, გული სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა. ბედმა გაგვიღიმა, რომ ამერიკაში პრემიერის წინა ღამეს ჯაზკლუბში წავედით. ირაკლიმ შემოგვჩივლა, ცოტა მხარი მქაჩავს და მეძინებაო. დასაძინებლად რომ წავსულიყავით, ალბათ ვეღარ გაიღვიძებდა. ჩვენმა მასპინძელმა აიძულა, საავადმყოფოში წასულიყო (დაზღვევა ჰოლივუდისგან ჰქონდა) და იმავე ღამეს გაუკეთეს ოპერაცია. ახლაც ელექტროსტიმულატორი აქვს ჩადგმული და ასე მუშაობს მეორე წიგნზე.
მე და ირაკლის ერთობლივად არაერთ ფილმზე გვაქვს ნამუშევარი. მე ვუყვებოდი იდეას, ამბავს ის ხელით წერდა, მერე მე ვბეჭდავდი და მისი სცენარის პირველი მკითხველი ვიყავი. ეს იყო ერთობლივი და საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება და ურთიერთობა.
40 წელი გაგრძელდა ჩვენი ცოლქმრობა კი არა, შეყვარებულობა. ყველაფერს დასაწყისი აქვს და ბოლო. მის მომავალ მეუღლეზე მე პირველმა ვუთხარი, რა ბედნიერებაა, შეყვარებული რომ ხარ-მეთქი. არ შეიძლება, გულწრფელ სიყვარულს პატივი არ სცე. ეს ისეთი გრძნობაა, ნებისმიერ ასაკში რომ შეიძლება დაგეუფლოს. მეგობრები ვართ და დღემდე ისევ პირველს მე მაკითხებს ყველაფერს.
ჩემი უფროსი ვაჟი, ბუბა, მსახიობია. ჩემს ფილმში პიანისტის როლს ასრულებს. მის შვილს კინო ნაკლებად აინტერესებს და მათემატიკითაა გატაცებული. უმცროსს, მიხოს, სამი შვილი ჰყავს და მეორე ცოლი. არაჩვეულებრივი რძლები მყავს, ერთი ოჯახი ვართ და ერთი სამყარო გვაქვს. ბუბას გოგონამ წარმატებით დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი, სადაც ობამა (აშშ-ის პრეზიდენტი – რედ. შენ.) სწავლობდა. ახლაც პარალელურად მეღვინეობას და კულინარიას სწავლობს. ისიც გადავიღე ჩემი ბოლო ფილმის ეპიზოდში“.