როგორია მეგი გაბუნიას გამარჯვების გზა სირთულეების ფონზე, როგორ მოახერხა მან, ყოფილიყო მარტოხელა დედა და პარალელურად, გამხდარიყო წარმატებული დიზაინერი, ამაზე თავად მოგვიყვება.
მეგი გაბუნია: ექვსი წლის ვიყავი, როცა დედიკოს კაბა დავჭერი და ყველაფერი იქიდან დაიწყო. ბავშვობიდანვე მე თვითონ ვიკერავდი რაღაცებს. 90-იანი წლები იყო და მაშინ რთული იყო ტანსაცმლის შეძენა, ასე მარტივად არ იშოვებოდა, როგორც დღეს. მე კი ყოველთვის მინდოდა, რომ გამორჩეულად მცმოდა. ამიტომ თვითონ ვკერავდი ძალიან ბევრ რამეს. ასევე, ვქსოვდი და ვქარგავდი.
– თვითონ ისწავლეთ?
– ქსოვას ბებია მასწავლიდა, ქარგვას – მამიდა. რაც დამაინტერესებდა, იმას მასწავლიდნენ ოჯახის წევრები. ჩემზე ძალიან დიდია ჩემი მამიკოს, მხატვარ ზურა გაბუნიას გავლენა. საინტერესო პერიოდი იყო. სახლში გალერეა გვქონდა. ნახატების გარემოში გავიზარდე და ჩემზე ამ გარემომ იმოქმედა. 15-16 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა, ტანსაცმლის დიზაინერი ვყოფილიყავი.
– რადგან სურვილების განხორციელებაში ყველა ხელს გიწყობდათ, ალბათ, სიხარულით შეხვდნენ თქვენს არჩევანს.
– ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ოჯახს გაუხარდა. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, მაშინ მოდის სფერო ისე არ ყვაოდა, როგორც დღეს. განსაკუთრებით არაფერი ხდებოდა ფეხსაცმელების მიმართულებით, მე კი ეს გზა ავირჩიე. მაშინ არცერთი ფეხსაცმლის სალონი არ არსებობდა, არც დიზაინერები იყვნენ აქტიურები და არც მოდის სახლები იყო ასეთი პოპულარული. ეს არ იყო პერსპექტიული პროფესია. თუმცა, მაშინ მე პერსპექტივებზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ, მინდოდა, ის საქმე შემესწავლა, რომელიც ძალიან მომწონდა და ჩემს არჩევანში ძალიან გულწრფელი ვიყავი. გამიმართლა, ჯერ კიდევ ვსწავლობდი, როდესაც თბილისში ფეხსაცმელების სალონების გახსნა დაიწყო, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარე. ფეხსაცმელების ინდივიდუალური კერვის სალონებში საკმაოდ მძიმე შრომა მჭირდებოდა. მეწაღის შრომა ურთულესია. ქალებს მისი შესწავლის სურვილიც კი არ ებადებათ. რთული და „ჭუჭყიანი“ საქმეა. როცა ფეხსაცმელსა და ტყავის აქსესუარებზე მუშაობ, საღებავების, კარგად გალესილი დანებისა და მძიმე ჩაქუჩების გამოყენება გიწევს, მაგრამ მოვინდომე ამის შესწავლა და ამ მიზნისთვის ვიბრძოდი. მინდოდა, დიზაინთან ერთად ტექნიკური შესრულებაც მცოდნოდა. გამომადგა ყველა წამი, რომელიც ამ საქმეს დავუთმე. მე ათი წელი დავყავი ფეხსაცმელების სალონებში და ეს დიდი ცოდნის მომცემი აღმოჩნდა.
– როგორ მოახერხეთ საკუთარი ბრენდის დაარსება და ფართომასშტაბიანი წარმატების მიღწევა?
– მრავალფეროვანი სამსახურები მქონდა. ფეხსაცმელების სალონებიდან ტყავის ქარხანაში გადავედი სამუშაოდ და ტყავის დამუშავება შევისწავლე. იქ გაყიდვებზე ვიყავი ორიენტირებული და სხვა მიმართულებითაც ამუშავდა ჩემი გონება. შემდეგ ისტორიულ ფილმებზე ვმუშაობდი კოსტიუმების მხატვრად. ეს ძალიან დიდი სიამოვნება იყო. შუა საუკუნებიის ფილმებზე მუშაობამ, საბრძოლო კოსტიუმების შექმნამ დიდი კვალი დატოვა ჩემში. ძალიან რთულ მასალასთან მქონდა საქმე, ყველაფერს ჩემი ხელით ვქმნიდი და ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. რვა წელი გავიდა მას შემდეგ და დღემდე ჩემს ყველა კოლექციაში იგრძნობა მებრძოლი ხასიათი. ამას ხალხი აღნიშნავს. ისტორიული, ძველი ხალხური და საბრძოლო ხასიათი თან სდევს ჩემს კოლექციებს.
ფილმებზე მუშაობის შემდეგ, საქველმოქმედო გამოფენაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ამის შემდეგ შემომთავაზეს თბილისის მოდის კვირეულში მიმეღო მონაწილეობა. დავთანხმდი და ყველაფერი იქიდან დაიწყო. მაშინ ბრენდი არ მქონდა, შესაბამისად, არც სახელწოდებაზე მიფიქრია. არადა, მოდის კვირეულზე უკვე ბრენდის სახელი იყო საჭირო. როცა ფაქტის წინაშე დავდექი, ძალიან სპონტანურად, ორ წამში ვიპოვე გამოსავალი – ჩემი სახელისა და გვარის ინიციალები იქცა ჩემი ბრენდის სახელწოდებად. ათდღიან გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ამ დღეების განმავლობაში იმხელა გამოხმაურება და ისეთი ემოციები მივიღე, ვერც აღვწერ. დიდი მასშტაბის გაყიდვები დავდეთ და ათი დღის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ M.G.-ის აუცილებლად უნდა ჰქონოდა შოურუმი და როგორც ბრენდს, ისე დაეწყო მუშაობა. მერვე წელია, რაც ვარსებობთ და ძალიან დიდი ისტორია დაგვიგროვდა.
დიდი ქარ-ცეცხლი გამოვიარე, ბევრი ღამე მაქვს გათენებული, პლუს, ორი შვილის დედა ვარ, უკვე წლებია, მარტოხელა დედა ვარ და ყველაფრის მოტივაციას ჩემი შვილები მაძლევენ. დედებს განსხვავებული ბრძოლის უნარი აქვთ – მე ასე ვფიქრობ.
ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სოციალური პროექტი გვქონდა. ერთს განსაკუთრებულად გამოვარჩევ, რომლის ფარგლებშიც უფროსი თაობის ადამიანები გადავიღეთ, ჩვენი ბებოები. ამ პროექტს ვუწოდეთ „გაუთბე სიბერე“. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ და დღემდე არ მავიწყდება ასაკოვანი ქალბატონების ემოციები, როცა ვუთხარით, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი მოდელები. წლებთან ერთად ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. არაერთი გამოფენა გვქონდა სხვა ქვეყნებშიც. მხოლოდ ამერიკის შვიდ შტატში გვქონდა გამოფენა. შარშან სამჯერ ვიყავი ჩასული ამერიკაში. ძალიან ბევრი მნახველი და მსურველი ჰყავს ჩვენს კოლექციებს. ვიყავით მილანში, ორჯერ – გერმანიაში და ასე შემდეგ. ყველგან გვერდით გვიდგანან ჩვენი ემიგრანტები, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
– შვილები…
– პირველად ადრეულ ასაკში დავოჯახდი. 20 წლის უკვე დედა ვიყავი. ჩემი უფროსი შვილი ახლა 23 წლისაა. დღეს ამერიკაში სწავლობს, კომპიუტერული მეცნიერების მეოთხე კურსის სტუდენტია. საუკეთესო მოსწავლეა, ძალიან მაღალი შეფასებებით მახარებს.
ძალიან საამაყო შვილები მყავს. ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ მიზნამდე მივედით. მეორედ დედა 28 წლის ასაკში გავხდი. თათული ახლახან 14 წლის გახდა. ისიც ძალიან ნიჭიერია. ხელოვნებისკენ არის მიდრეკილი. ხატავს, ძერწავს. ვეუბნები, რომ მომავალში ის იქნება ჩვენი დიზაინერი, რადგან მას უფრო აინტერესებს და გამოსდის ეს თემა. ძალიან მგავს.
– მარტოხელა დედა და წარმატებული დიზაინერი…
– იმ პერიოდში, დაახლოებით, 20 წლის წინ, საზოგადოება არ იყო მზად, მიეღო დანგრეული ოჯახები და განქორწინებული ქალები. დღეს, ამ მხრივ, ცოტა შემსუბუქდა მდგომარეობა, მაგრამ მაინც არის ეს მომენტი. მე ოჯახი ორჯერ დამენგრა. პირველი ოჯახი ძალიან მალე, შექმნიდან სამ-ოთხ წელიწადში დამენგრა. მეორეც, დაახლოებით, ამდენ ხანში. ორი ოჯახის ნგრევა ურთულესი გზის გავლას ნიშნავს. მით უმეტეს, როცა პროფესიულადაც დიდი გამოწვევების წინაშე აყენებ საკუთარ თავს. თუმცა, მინდა, ყველა ქალმა იცოდეს, რომ არ არსებობს გარემოება, როდესაც საკუთარ თავში ფეხზე წამოდგომის ძალას ვერ იპოვი. შვილების გამო იქნება, ოჯახის, საკუთარი თავის თუ სამშობლოს გამო, ამას შეძლებ. ძლიერი სურვილი გაპოვნინებს ძალას საკუთარ თავში. დიდი გამოწვევის შემდეგ ათჯერ ძლიერი ხარ და ათჯერ მეტად მყარი ფსიქიკა გაქვს. არავინ არასდროს არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი და დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს. აუცილებლად გადალახავთ ყველა სირთულეს. თუ დღეს ვინმე, ვინც ამას წაიკითხავს, რთულ მდგომარეობაშია, ძალიან დარწმუნებული ვეტყვი, რომ ყველა სირთულე დაძლევადია. ამ სირთულეების ფონზე შევძელი შვილების გაზრდა, პროფესიულად განვითარებაც, საზოგადოების აზრთან ბრძოლაც და ასე შემდეგ.
– მგონია, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ქმნით სამოსს. მებრძოლი ქალის ნიშა, რაც თქვენს სამოსშია, თქვენი ცხოვრების სტილიცაა.
– კი, ეს ყველაფერი სინთეზია. ეს არის ჩემი ხასიათი. მუშაობისას ძალიან გულწრფელად ვიხარჯები. ვქმნი იმას, რაც მე მინდა, მეცვას, რაც ნამდვილია. ჩემი გარეგნობა, სტილი, ხასიათი, რომელიც ცხოვრებამ მებრძოლად მიქცია, მიღებული გამოცდილებები – ეს ყველა კოლექციაში იგრძნობა. ამას სხვები აღნიშნავენ, მე მიზანმიმართულად არ ამირჩევია ეს ნიშა, მუშაობის პროცესში მივედი ამ შედეგამდე. ვამბობ ხოლმე, მუშაობის დროს „გასვლები“ მაქვს-მეთქი, ამ დროს ჩემზე ვერანაირი ხმა, შიმშილი თუ სხვა ადამიანური გრძნობა ვერ მოქმედებს. თავიდან ბოლომდე ჩემს საქმეში ვარ გადაშვებული და ეს დიდი სიამოვნებაა. რასაც ჩემი თავისთვის ვისურვებდი, იმას ვთავაზობ ჩემს მომხმარებელსაც. ეს არის წარსულისა და მომავლის სინთეზი. ჩვენს სამოსს უცხოპლანეტელების ტანსაცმელსაც ეძახიან (იცინის). რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ხელწერა არავის ჰგავს.