“ამ სერიალში მონაწილეობამ ჩემი თავი სიბნელეს გამოჰგლიჯა და სინათლეზე გამომიყვანა”

235

მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა სერიალში – „სიყვარულს მიღმა“ – კასპერას დედის როლზე ვიხილეთ. ემოციურმა სცენარმა, სადაც დედას შვილი, რომელიც გარდაცვლილი ეგონა, მოულოდნელად გამოეცხადება, გულგრილი არავინ დატოვა.

ხათუნა ბოკუჩავა: სერიალ „სიყვარულს მიღმას“ შესახებ ყურმოკვრით ვიცოდი. არ ვუყურებდი, რადგან ბევრი წელია, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ და არც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ვარ. დედის გარდაცვალების შემდეგ დეპრესია მაქვს და ორწელიწად-ნახევარია, ფაქტობრივად, სახლიდან არ გავსულვარ. უცებ მირეკავს ტელეფონი და ამ სერიალის პროდიუსერი როლს მთავაზობს. მანამდე ყველაფერზე უარს ვამბობდი. ამჯერად ჩემმა გოგომ მომიღერა მუშტები და მანიშნა, ძალიან მაგარი სერიალია და უარი არ თქვაო (იცინის). მერე მეც აღმოვაჩინე, რომ ამ სერიალს ყველა ასაკის მაყურებელი ჰყავდა, ქუჩაში ფეხით რომ მომიწია გავლა, საოცარი სიყვარული ვიგრძენი უამრავი და სხვადასხვა ასაკის ადამიანისგან. ამ სერიალში მონაწილეობამ ჩემი თავი სიბნელეს გამოჰგლიჯა და ცხოვრების ფერხულში დამაბრუნა, სინათლეზე გამომიყვანა. რთული პროცესი იყო, მაგრამ, ალბათ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ამან შემაძლებინა. თან, ასეთი დედის როლი აქამდე არ მითამაშია. არ მეგონა, თუ შინაგანად ასე გამიჭირდებოდა ამ როლის თამაში. მე მსმენია ასეთი ისტორიები. უფრო მეტიც, ჩემს მეგობარს 37 წლის შემდეგ გამოუჩნდა შვილი, რომელიც მკვდარი ეგონა. გარეგნულად იმდენად ჰგავდა ჩემს მეგობარს, რომ დეენემის ტესტიც კი არ გამხდარა საჭირო. მე მახსოვს ჩემი მეგობრის განცდები. ერთ თვეში ინსულტი მიიღო და დღემდე ძალიან ცუდად არის. მადლობა უფალს, ჩემს შემთხვევაში თამაში იყო, სხვის ტყავში ვიყავი შემძვრალი, მაგრამ მაინც ძალიან რთული იყო. ძალიან ბევრი გამწარებული დედა იდგა ჩემი გმირის უკან და ამაზე ფიქრმა, მიუხედავად იმისა, რომ თამაში თამაშია, ძალიან იმოქმედა. გადაღების დროს „ვმაიმუნობდი“, ვცდილობდი, არ შემემჩნია, მაგრამ არ მიშველა, სახლში რომ მოვედი, ორი დღე ვბღაოდი და საწოლიდან ვერ ვდგებოდი. ძალიან იმოქმედა. შეიძლება, ვიღაცამ სასაცილოდ მიიჩნიოს ეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთული იყო. არ მეგონა, თუ ასე გამიჭირდებოდა ამ სცენის თამაში. მას შემდეგ რამდენჯერაც „კასპერას“ვხვდები, სულ მეტირება და ახლაც კი, ამაზე საუბრისას, ცრემლები მახრჩობს. დედა შეუცვლელია, მისით იწყება სამყარო და ყველას ვეტყოდი, გაუფრთხილდით დედებს!

– თქვენ, ალბათ, განსაკუთრებული კავშირი გქონდათ დედასთან.

– მე და დედა ერთად გავიზარდეთ. ჩვენ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობა იყო. ჩვენ ერთმანეთისთვის ყველაფერი ვიყავით: დედა-შვილი, დები, მტრებიც კი, ჩემი ძალიან მაგარი კრიტიკოსი იყო. ის ძალიან მეხმარებოდა ჩემს პროფესიაში. თვითონ ორი ქართული თეატრი გახსნა ქვემო ქართლში, 1990 წელს – დმანისში და 1996-ში – მარნეულში. პროფესიით გეოინჟინერი იყო, მაგრამ თურმე, ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა. ოჯახი წასულა წინააღმდეგი, იმ წლებში ეს პროფესია გულზე არავის ეხატებოდა. ეგ კი არა, მე რომ გამოვაცხადე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პროფესიასთან დაკავშირებით, მაშინაც წინააღმდეგები წავიდნენ. ჩემს საგვარეულოში ყველა წარმატებული ექიმია და უნდოდათ, მეც ამ მიმართულებით წავსულიყავი, თუმცა დედა იყო ის ადამიანი, ვინც აბსოლუტურად ყველაფერში გვერდით მედგა. არ მეგულება დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც შეიძლება, დედის გარდაცვალება არ განიცადოს. ეს ძალიან რთულია.

– რაც შეეხება მსახიობობას…

– ბავშვობიდანვე განებივრებული ვიყავი დიდი მსახიობების კომპანიით. ისინი ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. მამამ ლენინგრადში დაამთავრა სამედიცინო, ვერელი ტიპი იყო და ურთიერთობები არ ეშლებოდა. ხელოვნების სამყაროში ძალიან ბევრ ვარსკვლავთან მეგობრობდა, როგორც პეტერბურგში, ისე საქართველოში. დედა აღმასკომში მუშაობდა და ისიც ბევრ სხვადასხვა წრის ადამიანს იცნობდა. ჩვენს ოჯახში ყოველდღიური სტუმრიანობა იყო. სპექტაკლებს არ ტოვებდნენ, პრემიერებისთვის ახალ კაბებს ყიდულობდნენ სხვა ქვეყანაში და მოკლედ, ქალაქური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, საოცარი ურთიერთობები ჰქონდათ, ძალიან ნამდვილი და გულწრფელი. ჩემს სახლში კონცერტები იმართებოდა. მახსოვს კოტე მახარაძის სადღეგრძელოები, გოგი გეგეჭკორის თამადობა, დოდო აბაშიძის თამადობა კი დღემდე ყურში ჩამესმის. ვერ ვიტყვი, რომ მსახიობობაზე ამის გამო ვოცნებობდი. უბრალოდ, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველა მეუბნებოდა, სუფთა მსახიობი ხარო. ამის მიუხედავად, რატომღაც, მასწავლებლობა მინდოდა. მერე ქართულის მასწავლებელმა თემა მოგვცა „რა მსურს გამოვიდე“ და იქ ვწერდი, რომ მინდოდა, დედა გამოვსულიყავი.

– თუმცა, მსახიობობა აირჩიეთ. რა გამოცდილება დააგროვეთ თეატრში და ეკრანზე?

– დიდ სცენას ქალაქ რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვეზიარე. ძალიან კარგ რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად მიმუშავია. თუმცა, ახლა მთავარი რეჟისორი ვერ მხედავს. იცის, რომ მისი დასის წევრი ვარ და კარგ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს, მეტი არაფერი. პირველად სერიალ „ცხელ ძაღლში“ მოვხვდი. შემდეგ იყო „თენდება გვიან“, პარალელურად, „27 დრაკონი“. მერე – „ყავა და ლუდი“, რის შემდეგაც ზაზა ურუშაძემ დამიძახა ფილმში, ვითამაშე ლევან თუთბერიძის მხატვრულ ფილმშიც. „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ მაქვს ნათამაშები, იყო რეკლამები და მერე უკვე სახლში ჩავჯექი. დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ყველაფერზე უარი ვთქვი, ტელევიზორი გამოვრთე, ვაკეში სახლი გავყიდე და გლდანჰეტენში ვიყიდე, ანუ გლდანში (იცინის). გიორგიწმინდა არის ულამაზესი პატარა სოფელი, აქ ვიყიდე სახლი და მიწა. ულამაზესი ყვავილები გავაშენე, ბევრი ფრინველი მოფრინავს ჩემთან, მყავს ძაღლები, მეზობლების კატებიც მსტუმრობენ. პატარა ბოსტანი მაქვს, რომელზეც ვგიჟდები და ჩემს გემოზე ვცხოვრობ.

– სერიალმა შეცვალა თქვენი ყოველდღიურობა?

– არ მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა ჩემს გმირს და პირადად მე. ეს არის უხერხული სიამოვნება, თან, ძალიან დიდი. ხალხი გეფერება, გწერენ, გგულშემატკივრობენ. მანქანა გამიფუჭდა და ფეხით მომიხდა გავლა, მაჩერებდნენ, ბავშვები გამოცვივდნენ სკოლიდან, ფოტოების გადაღება მთხოვეს. „მაკდონალდსში“ შევედი და იქაც იგივე. მეუბნებიან, რომ ეტირებათ გახსენებაზეც კი. ერთი ქალი მეტროში მოვიდა ჩემთან და ემოციებს ვერ მალავდა. მერე გაოცდა, ცხოვრებაში რა უშუალო ყოფილხართო. ზოგი მომაძახებს ხოლმე, ჯიგარი ხარო (იცინის).