რის გამო გამოეთიშა მირზა მოდებაძე ორი წლით ყველაფერს და როგორ შეცვალა ეკლესიამ მისი ცხოვრება

355

მირზა მოდებაძემ სიმღერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო, პოპულარობა კი 19 წლის ასაკში „ჯეოსტარმა“ მოუტანა, რის შემდეგაც მისი ცხოვრება სირთულეებისა და წარმატებების ფონზე, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

მირზა მოდებაძე: 15 იანვარს მარტვილში გვქონდა კონცერტი. ეს იყო ჩემი და ელენე ფოჩხუას პირველი სოლო კონცერტი, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. წამყვანი ლაშა რამიშვილი გახლდათ. სუსხიანი ამინდის მიუხედავად, უამრავი ადამიანი მოვიდა, ერთად ვიმღერეთ, კარგად გავერთეთ და ერთმანეთს ლამაზი საღამო ვაჩუქეთ.

საერთოდ, საახალწლო პერიოდი ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან დატვირთულია და ასე იყო წელსაც. საახალწლო კონცერტები გვქონდა ლანჩხუთში, ქედასა და ნინოწმინდაში. თუმცა, ამ კონცერტებში მეგობარ მომღერლებთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას, მარტვილში კი კონკრეტულად ჩემი კონცერტი იყო.

– ზუსტად ამ მიზეზით, ალბათ, უფრო მეტად სანერვიულო იყო და სამზადისიც განსაკუთრებული გექნებოდათ.

– წესით, ეს კონცერტი 24 დეკემბერს უნდა გამართულიყო და მარტვილში ნაძვის ხეც ჩვენ უნდა აგვენთო. ჩავედით ყველანაირად მომზადებული და კონცერტამდე ორი საათით ადრე მიმართვაც ჩავწერე მსმენელისთვის. თუმცა, ამ ორ საათში იმხელა თოვლი მოვიდა, ელექტროენერგიაც გაითიშა და იძულებული გავხდით, კონცერტი გადაგვედო. ჩავედით კონცერტის ჩასატარებლად და ნაძვის ხის ასანთებად, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ იმ დღის ნაცვლად კონცერტი 15 იანვარს ჩავატარეთ და ნაძვის ხე, ანთების ნაცვლად, ჩავაქრეთ (იცინის). საბოლოო ჯამში, სანერვიულო იყო ეს ყველაფერი, თუმცა, გამოცდილებაც მოგვცა.

სიამაყით ვიტყვი, რომ ძალიან მაგარ მუსიკოსებთან ერთად ვიდექით სცენაზე, ეს ის მუსიკოსები არიან, რომლებიც მაშინაც სცენაზე იდგნენ და უკრავდნენ, როცა 2007 წელს მე და ელენე „ჯეოსტარში“ გამოვედით. დღეს ეს ადამიანები ჩვენს ბენდში არიან. ვსაუბრობ პაატა ანდრიაძეზე, ირაკლი მენთეშაშვილზე, გიორგი სალაღიშვილსა და ნოდარ ექვთიმიშვილზე.

მე ძალიან გამიმართლა. 19 წლის ასაკში, „ჯეოსტარის“ ქასთინგზე რიგით 8 037-ე ვიყავი. გამიმართლა იმაშიც, რომ 14 საუკეთესოში ამირჩიეს. ასე იყო ელენე ფოჩხუას შემთხვევაშიც. ამის შემდეგ, თუ იღბლიანი ხარ და პროექტის ბოლომდე მიხვედი, ამ ბიჭებთან, მართლა საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად, 14 კონცერტი გექნება, მაგრამ მე ისე გამიმართლა, რომ მე და ეს ოთხეული ბოლო ექვსი წელია, კვირაში ხუთი დღე ერთად ვმუშაობთ, რის გამოც ღმერთის მადლობელი ვარ. ორი წელია, ელენეც შემოგვიერთდა. თიკა მახალდიანიც ხშირად არის ჩვენთან, ასევე, ანი კეკუა და ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან ყველა იმ წლის „ჯეოსტარიდან“ მოვდივართ.

– სატელევიზიო პროექტებმა ცნობადობა მოიტანა, როგორ შეიცვალა ცხოვრება პოპულარობის შემდეგ?

– მე რამდენჯერმე მომიწია რაღაცების დამტკიცება. როცა „ჯეოსტარი 2007“ დასრულდა, მაშინ ძალიან დიდი ბუმი იყო ამ პროექტზე. დღეს ბევრი კონკურსი გვაქვს მომღერლებისთვის, რაც ძალიან კარგია, რადგან ნიჭიერ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, თავი წარმოაჩინონ. მაშინ იყო ერთი ან, მაქსიმუმ, ორი კონკურსი და მასში მოხვედრა ძალიან რთული იყო. მადლობა ღმერთს, რომ ეს შანსი მომცა. მართლა ძალიან პოპულარულები ვიყავით „ჯეოსტარის“ მონაწილეები.

2009 წელს, როცა ძალიან პოპულარული ვიყავი, ბევრ კონცერტში ვმონაწილეობდი და ყველაფერი აქტიურ ფაზაში იყო, ანუ, წესით ბევრი უნდა მემუშავა, ძალიან მძიმე ავარიაში მოვყევი და ორი წლით ყველაფერს გამოვეთიშე. მადლობა ღმერთს, სასწაულებრივად გადავრჩი, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნით დავემშვიდობე სიმღერასაც.

რეაბილიტაციის შემდეგ პრაღაში წავედი, მაგისტრატურაზე სწავლას ვაპირებდი, მაგრამ წინასამაგისტრო ხუთთვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, არდადეგებზე საქართველოში დავბრუნდი და ზუსტად მაშინ დამირეკა ნიკოლოზ რაჭველმა. თურმე, იმ პერიოდში დავით დოიაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი „ქეთო და კოტეს“ დგამდნენ და ქასთინგები იმართებოდა. მითხრა, რომ კოტეს როლზე უკვე დაამტკიცეს მსახიობი და დუბლიორის თამაში შემომთავაზა. ამ სპექტაკლში მონაწილეობას ყველასთვის საყვარელი პროფესიონალები იღებდნენ. მათ შორის: ნინო ანანიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი და სხვები. უარს როგორ ვიტყოდი, ასე აღმოვჩნდი „ქეთო და კოტეში“ და თავიდან მომიწია ადამიანებისთვის თავის შეხსენება.

შემდეგ, სწავლის გამო, დაახლოებით, სამი წლით კიდევ გამოვეთიშე მუსიკალურ სამყაროს. ცოტა სხვა კუთხით წავედი, მაგისტრატურა გავიარე ბუნებათსარგებლობის მიმართულებით. შემდეგ ბიზნესზე ვიყავი გადართული, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რა მიყვარდა ყველაზე მეტად და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბოლომდე იმ საქმეში ვარ, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და ეს მუსიკაა.

– გალობა ტაძარში – როგორც ვიცი, ამასაც დიდი ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში და ეს ზუსტად იმ ავარიას უკავშირდება, რომელიც უკვე ვახსენეთ. რა შეგვიძლია მოვყვეთ ამაზე და შემდეგ ცხოვრების ცვლილებაზე?

– ორ მეგობართან ერთად უნივერსიტეტიდან სასეირნოდ წამოვედი. რუსთაველამდე გზა მახსოვს… იქიდან მარჯანიშვილზე ჩავსულვართ და მეტროს წინ, გადასასვლელზე მწვანეზე რომ გადავდიოდით, მანქანას დაურტყამს ჩვენთვის. არც ეს და არც შემდეგი ერთი თვე არ მახსოვს. ერთი მეგობარი გადარჩა დარტყმას, მეორეს ხუთი თვე დასჭირდა მკურნალობა. მე, როგორც გითხარით, ორი წელი… დაზიანება სერიოზული იყო. სიცოცხლის გადარჩენის ერთი პროცენტი არსებობდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ამის შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი, სასწაულებისაც უფრო მეტად ვიწამე…

ზუსტად ამ ავარიის შემდეგ მივედი სიონის ტაძარში. ეკლესიაში მანამდეც დავდიოდი, მაგრამ მხოლოდ სანთლის ასანთებად. ამჯერად მინდოდა, მგალობელთა გუნდს შევერთებოდი, მაგრამ ჩემი პოპულარობის გამო არ მიმიღეს. მაშინ სიონის რეგენტი ლაშა ზაალიშვილი იყო, როგორც მერე გავიგე, ძალიან კარგი ადამიანი, ის დღეს ჩემი მეგობარია. თუმცა, პირველად რომ მივედი, მითხრა: აქ ასე მოდიან პოპულარული ადამიანები იმავე სურვილით, მაგრამ მერე აღარ დადიან, ამიტომ უარი უნდა გითხრაო. ძალიან მეწყინა, მაგრამ ალბათ, ასეა საჭირო–მეთქი ვიფიქრე. ერთი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ეს ადამიანი შემთხვევით სამარშრუტო ტაქსში შემხვდა.

მომიკითხა და მეუბნება, რატომ არ მოხვედი ჩვენთანო?! გავბრაზდი, თავად არ მიმიღეთ და ახლა ამას როგორ მეკითხებით–მეთქი?! მითხრა: არა, არა, მოდიო. უფლის ნებით, ასე მოვხვდი ტაძარში. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი სურვილი მქონდა.

2009 წლიდან სიონის ტაძრის მრევლი გავხდი, მამა შალვა კეკელიას სულიერი შვილი და მგალობელთა გუნდის წევრი. შემდეგ ჩემი მოძღვარი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადმოიყვანეს და მეც აქ გადმოვყევი. აქ ახალი მგალობელთა გუნდი შეიქმნა და მისი წევრი გავხდი. დღემდე ამ ოჯახის წევრი ვარ და ეს ჩემი მეორე სახლია. ღმერთის წყალობით, ამ გარემოში ძალიან ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი და ჩემში დიდი ტრანსოფრმირება მოხდა – უკეთეს გზაზე დავდექი, ცხოვრება მეტად შევიყვარე, თითოეული წამი დავაფასე და თითოეული დღის გათენება მიხარია. ეს ტაძრის, ანუ ჩემი მეორე ოჯახის დამსახურებაა.

– პირადი ცხოვრება, ოჯახი, სიყვარული – აქ რა ხდება?

– პირადზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა, თუმცა დაოჯახებული ჯერ არ ვარ. ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ოჯახის წევრები უკვე აქტიურად გიწყებენ საუბარს ოჯახის შექმნასა და შვილებზე, რაც ნორმაა, მაგრამ მეორე მომენტიცაა, შენ თვითონ რამდენად გინდა ეს?! მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები, ერთ ადგილას ვერასდროს ვჩერდები. ახალი საზოგადოება და სიახლეები – ეს ჩემი ცხოვრების სტილია. ამასთან ერთად ოჯახური ცხოვრება მარტივად არ გამოვა, თუმცა, ურთიერთობებს არასდროს გავურბივარ. გულის კარი ღია მაქვს. საინტერესო ამბები ხდება, უამრავი ლამაზი გოგო დადის და იღიმის ჩემ გარშემო და მოკლედ რომ ვთქვა, ვიცი, მალე შემხვდება ის გოგო – ჩემი ცალი, რომელიც ჩემთვისაა გაჩენილი. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.