“თუ რამეში ვარ დამნაშავე, იმწუთში ვაღიარებ და ბოდიშს მოვიხდი. საკუთარი შეცდომის აღიარება რატომ უნდა მიჭირდეს?!”

186

მამუკა ღლონტის „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის მამუკა ღლონტი?

მამუკა ღლონტი: ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე – ერთი ჩვეულებრივი ადამიანი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– სიწყნარე, სიმშვიდე და ყველას ჯანმრთელობა, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– სიძულვილით არა, მაგრამ არ მომწონდა. ეს კომუნისტების პერიოდში იყო. მაშინ ადვილად ვერ გააკეთებდი იმას, რაც შენ გსურდა.

– გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხართ?

– არც ძალიან ემოციური ვარ და არც უემოციო. ემოციების შეკავება მხოლოდ მაშინ მიჭირს, როცა მატყუებენ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ვახერხებ.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ალბათ, მამაჩემი რომ გარდაიცვალა.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ვიყიდდი კარგ მოტოციკლეტს და კარგ მანქანას. ცოტა ფულს მოგზაურობისთვის დავიტოვებდი და დანარჩენს მივცემდი ჩემთვის ახლობელ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი იყოთ?

– მსოფლიო მასშტაბით კი არა, საქართველოში რომ მცნობენ, ეს არ მიყვარს. არ ვამბობ, რომ ცუდია, უბრალოდ, მე არ მომწონს. მაღაზიაში რომ შევდივარ და ვერ მცნობენ, მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი. რაც შეეხება გავლენას, განათლებისა და კულტურის სფეროში ვინატრებდი, მხოლოდ ამ ორი სფეროსთვის ხელის შეწყობის მიზნით, იმის შესაბამისად, რისი საშუალებაც მე მაქვს. სხვა შემთხვევაში არა.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…

– სტუდენტი ვიყავი, რუსთაველზე მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვდიოდი და დავინახე, რომ მანანა თოდაძე მოდიოდა. მაშინ ის „ივერიაში“ მღეროდა და ჰიპერპოპულარული იყო. ვერ ვიცანი, როგორც მანანა თოდაძე, აღვიქვი, როგორც ჩემი ნაცნობი. მას ასეთი ბევრი შემთხვევა ექნებოდა და ალბათ, არ ემახსოვრება, მაგრამ გავჩერდი, მივესალმე, მოვიკითხე ოჯახით, იქეთური-აქეთური, ისე რომ ვერ ვხვდებოდი ვინ იყო. ალბათ, ნახევარი საათის შემდეგ მივხვდი, რომ მანანა თოდაძე იყო, რომელსაც სინამდვილეში არ ვიცნობდი და თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი.

– პაემანზე გადაგხდენიათ სახალისო ამბავი?

– ჩემი მეუღლისთვის სიყვარული რომ უნდა ამეხსნა, მაშინ მომინდა ფისი-ფისი და ეს იყო ყველაზე სახალისო თუ უხერხული ამბავი (იცინის).

– რომელმა გრძნობამ აჯობა?

– უკვე ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. გავვარდი, იმასვქენი, მოვბრუნდი, დავეწიე და სიყვარული ავუხსენი. ერთი 15 წუთით გადაიდო ეგ ამბავი (იცინის).

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– ერთხელ ინტერესის გამო მე და ჩემმა მეზობელმა პური მოვიპარეთ. მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი. მაღაზიაში შეჰქონდათ და არ ვიცი, ადრენალინის შეგრძნება გვინდოდა თუ რა, თორემ მშივრები ნამდვილად არ ვყოფილვართ. გამოგვეკიდა პურის მანქანის მძღოლი, მაგრამ ვერ დაგვეწია საწყალი. მეტი, მგონი, არაფერი მომიპარავს.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– უმნიშვნელო ტყუილები შეიძლება, ხანდახან საჭიროც იყოს. მნიშვნელოვან თემაზე თუ იტყუებიან, მაშინ ყველაზე დიდი აგრესია მაქვს.

– ბოლოს რა მოიტყუეთ?

– მნიშვნელოვანი არასდროს მომიტყუებია. სიმართლის თქმა დამიპაუზებია, მაგრამ არა იმ მოტივით, რომ არასდროს მეთქვა. უბრალოდ, გადამიდვია. უმნიშვნელოდ კი რამდენიც გინდათ, იმდენს ვიტყუები. მაგალითად, ბავშვებისთვის ზღაპრის მოყოლა თუ მეზარება, ვეუბნები, რომ თავი მტკივა ან რამე მსგავსი.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ალბათ, უსამართლობის დროს. მე თვითონ სისასტიკე არასდროს ჩამიდენია, მაგრამ უსამართლობა არის ყველაზე რთულად მოსათმენი და ამან შეიძლება, წყობიდან გამომიყვანოს. მით უმეტეს, როცა ამ უსამართლობას ძლიერი ჩაიდენს უძლურის წინააღმდეგ, ან ხელისუფლება მოქალაქეების მიმართ. მაგ დროს ვარ სასტიკი. ამისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შემიძლია, ბევრ პირად რამეზე ვთქვა უარი.

– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელიც საკუთარ თავზე გამოგიცდიათ…

– ეს იყო მაშინ, როდესაც „მაესტროს“ ოფისში ხელყუმბარა შემოგვიგდეს და პოლიცია რომ გამოვიძახეთ და არ მოვიდა. გვერდზე ქუჩაზე იდგა საპატრულო მანქანა და თვითონ მივედით მასთან. ვუთხარით, რომ ხელყუმბარა შემოგვიგდეს, რომელიც აფეთქდა და დალეწილია ფანჯრები, ძლივს გადავრჩით და გვიშველეთო. პოლიციელი ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა. იმიტომ კი არა, რომ შეეშინდა, იმიტომ რომ ასეთი ბრძანება ჰქონდა.

– ასეთ მომენტში ახერხებთ ემოციების გაკონტროლებას?

– კი. სხვათა შორის, ექსტრემალურ სიტუაციაში ბევრად უფრო საღად ვაზროვნებ. მაგ დროს სრულ მობილიზებას ვახდენ და გონება ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობს.

– ამბიციური ადამიანი ხართ?

– რაღაცაში მაქვს ამბიცია, მაგალითად, ჩემს პროფესიაში, ჩემს საქმეში. იმას, რომ ვიღაცაზე მაგარი ადამიანი ვარ, რომ მე უკეთესი ვარ, ვიდრე რომელიმე კბილის ექიმი ან მუშა, მდიდარი ან ღარიბი, ნამდვილად არ ვფიქრობ.

– როცა საქმეს აკეთებთ, მაქსიმუმის მიღებას ცდილობთ თუ ნორმალური შედეგიც გაკმაყოფილებთ?

– თავიდან დამწყები ვიყავი. ანუ, კარგად ვიწყებდი და მერე მბეზრდებოდა. ახლა ყოველთვის ბოლომდე მიმყავს საქმე და ყველაფერი ხარისხიანად უნდა იყოს გაკეთებული. ვერ დავიძინებ, თუ დაწყებული საქმე ბოლომდე ხარისხიანად არ მივიყვანე.

– ბოლოს რა გააკეთეთ ცხოვრებაში პირველად?

– ორი რამ, ერთი – სოფელში წავედი საცხოვრებლად. ამან მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვალა ყველაფერი. ახლა ბევრად უკეთესი ცხოვრება მაქვს, ვიდრე აქამდე მქონდა. მეორე ცოტა უფრო ადრე იყო – მოტოთი მოვიარე ევროპა.

– რა მოისმინეთ ბოლოს საკუთარ თავზე, როგორც კარგი, ისე ცუდი?

– ამას არ ვაქცევ ყურადღებას და ვერც ვიხსენებ. არც ვაძლევ ვინმეს საშუალებას, რომ რამე მსგავსი მომიყვეს. ახლა ნაკლებად საინტერესო ვარ საზოგადოებისთვის, ადრე, მაგალითად, მიშას დროს, მაბრალებდნენ, რომ ფულებს ვაკეთებდი იმ გზით, რომელიც არ არის საკადრისი. გეგმაზომიერად გავრცელებული ჭორები იყო. ახლაც თუ ვინმე რამე ცუდს ლაპარაკობს ჩემზე, ჭორს ავრცელებს ან ფიქრობს, რომ რამე არასწორად გავაკეთე, ეს მისი გაჭირვებაა, ჩემი ნამდვილად არ არის. კარგი კი – რა ვიცი, ვინმეს თუ მოსწონს, ის, რასაც ვაკეთებდი, ამას უკავშირდება. უმეტესად ეს ჩემს წარსულ საქმიანობას ეხება, როდესაც გასართობ ტელევიზიას ვაკეთებდი. ვინმე „ფეისბუქზე“ თუ დადებს ხოლმე ნაწყვეტს, ასობით ათასი მოწონება და ათასობით კომენტარი აქვს, ერთი ცუდიც კი არ წერია. ყველა გვაქებს, გვესიყვარულებიან და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.

– ცხოვრების ამ ეტაპზე რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად მოგზაურობა მიყვარს. მიყვარს ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებ და სახლში საკმაოდ ბევრ რამეს ვაკეთებ. მშენებლობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პროფესია ვიცი. პროფესიით არქიტექტორი ვარ, შესაბამისად, თვითონ ვაპროექტებ, ვაშენებ და მეტლახის დაგებიდან დაწყებული, ღებვით დასრულებული, თითქმის ყველაფერი ვიცი. მერეც, თუ რამის შეკეთება გახდება საჭირო, ამასაც თვითონ ვუმკლავდები და ყველაფერი საკმაოდ ხარისხიანად მაქვს ათვისებული. რისი გაკეთებაც შეუძლია ერთ ადამიანს, მარტო, ყველაფერს ვაკეთებ.

– ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ?

– ჩემი ახლობლები ცოტა გიჟს მეძახიან. თუმცა, ჩემი აზრით, ისეთი მოთხოვნილებები მაქვს, რომელიც გიჟს კი არა, ნორმალური ადამიანს უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ის, რომ ღამის ათის შემდეგ, ჩვენი ხმაურით მეზობელი არ უნდა შევაწუხოთ. ის, რომ დღის განმავლობაში მუსიკას იმხელა ხმაზე არ უნდა ვუსმენდეთ, რომ ის სხვის სახლშიც აღწევდეს. ასეთ რამეებზე რომ ვლაპარაკობ, მეუბნებიან გიჟი ხარო. ამ დროს, არ ვარ გიჟი. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, სხვა ადამიანი არაფრით შევაწუხო, მათ შორის არც ჩემი საჭმლის სუნით, მისი მომზადების პროცესში. ვცდილობ, ეს დამოკიდებულებები ჩემს სამეგობროშიც დავამკვიდრო, თუმცა, რატომღაც, ამას ჩემგან აგრესიად თვლიან.

მაქებენ იმის გამო, რომ ალბათ, მეგობრობა შემიძლია და სამართლიანი ადამიანი ვარ. თუ რამეში ვარ დამნაშავე, იმწუთში ვაღიარებ და ბოდიშს მოვიხდი. საკუთარი შეცდომის აღიარება რატომ უნდა მიჭირდეს?! როდესაც საკუთარი შეცდომის გამო ბოდიშს მოიხდი, პირველ რიგში, შენ თავისუფლდები, შენს თავს უკეთებ სიკეთეს. როდესაც ამას გულში ინახავ და არ აღიარებ, საკუთარ თავს აყენებ ზიანს.

– საკუთარი საქციელი, რომლის გახსენებაზე ახლაც გრცხვენიათ…

– ახალგაზრდობაში, როდესაც სხვა გასართობი არ იყო და ხშირად სუფრასთან ვისხედით ხოლმე, ცოტა ზედმეტი ალკოჰოლი თუ მომივიდოდა, მეორე დღეს მრცხვენოდა. შეიძლება, რაღაც მემაიმუნა, რასაც დღეს არ გავაკეთებდი. თუმცა, თუ რაიმეს ვაკეთებდი, არაფერს ვნანობ, იმიტომ რომ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებდი. შეიძლება, შეცდომა დამეშვა, მაგრამ იმ პერიოდში მჯეროდა, რომ სწორად ვიქცეოდი.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის…

– ჩემი შვილიშვილები.