როგორ გააოცა საშა კალანტაროვმა ნინო ჩოგოვაძე და რა ორიგინალური გზა მოძებნეს მათ ქორწინების დასაკანონებლად
ცნობილმა ექიმებმა, გინეკოლოგმა ნინო ჩოგოვაძემ და პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კალანტაროვმა ქორწინების დაკანონება ძალიან ორიგინალურად – ამერიკაში, ლას-ვეგასში გადაწყვიტეს. დეტალების შესახებ ქალბატონი ნინო თავად მოგვიყვება.
ნინო ჩოგოვაძე: მე და საშას არ გვინდოდა, ჩვენი ქორწინებისთვის ტრადიციული სახე მიგვეცა. ვერ მოვიფიქრეთ რა და როგორ გაგვეკეთებინა. ქორწილზე არ გვიფიქრია, ასეთს არაფერს ვაპირებდით და იმაზე საუბრისას, თუ რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა, ერთხელ ვიხუმრეთ, ლას-ვეგასში ხომ არ მოვაწეროთ ხელიო. საქმე ისაა, რომ საშა ზამთარში ამერიკაში წასვლას გეგმავდა და მასთან ერთად მეც ვაპირებდი გამგზავრებას, ამიტომაც ვიხუმრეთ, ბარემ იქ ვიქნებით და ესეც ხომ არ გავაკეთოთო (იცინის). ეს საუბარი შემოდგომაზე გვქონდა, მაშინ, როცა ბილეთებს ვყიდულობდით და მერე, მართალი რომ გითხრათ, ეს თემა საერთოდ დამავიწყდა. აღმოჩნდა, რომ საშას არაფერი დავიწყებია. პირიქით, ყველაფერი გაურკვევია ლას-ვეგასში ქორწინებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ჯავშანიც გაუკეთებია და ჩვენი მონაცემები და საბუთებიც გაუგზავნია. თურმე, მთელი პროცედურებია გასავლელი იქ დასაქორწინებლად. ისე არ ხდება, როგორც ფილმებშია. წინასწარ რეგისტრირდები, ინიშნება შეხვედრა და ხდება დეტალების განხილვა. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და ამერიკაში წასვლამდე ერთი კვირით ადრე სიურპრიზად მითხრა – დღეს დეტალების დასაზუსტებლად ვუკავშირდები ადამიანს, რომელიც ჩვენი საქორწინო ცერემონიალის კოორდინატორიაო. მართლაც, სასიამოვნო საუბარი გვქონდა ჩვენს კოორდინატორთან და სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ძალიან რომანტიკული აღმოჩნდა (იცინის).
თავდაპირველად ლოს-ანჯელესში ჩავედით, რამდენიმე დღე იქ ვიყავით და შემდეგ გავემგზავრეთ ლას-ვეგასში, სადაც ახალ წელსაც უნდა შევხვედროდით და თან, ჩვენი საქორწინო ცერემონიაც 31 დეკემბერს იყო დანიშნული.
– თარიღიც განსაკუთრებული შეგირჩევიათ.
– სპეციალურად შევარჩიეთ ეს თარიღი. ერთი-ორი დღით ადრე მივედით, რეგისტრაცია გავიარეთ, ფიცი დაგვადებინეს, ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთებზე და ცერემონია 31-ში საღამოს ექვს საათზე დაგვინიშნეს.
ულამაზეს სასტუმროში ვცხოვრობდით, სადაც ცერემონიის დაწყებამდე „ლიმუზინმა“ მოგვაკითხა და წაგვიყვანა. რადგან მარტოები ვიყავით ჩასული, იქაური, ფერადკანიანები მოწმეები გვყავდა, ესეც წინასწარ შევათანხმეთ. ულამაზესი ცერემონია იყო, ყვავილები მოგვართვეს, აგვიხსნეს, თუ რამდენად სერიოზულ საქმეს ჩავდივართ, გვკითხეს, თანახმა ვიყავით თუ არა, ჭირსა და ლხინში ერთად ვყოფილიყავით, მერე დაუკრეს მენდელსონის ცნობილი მარში და დიდის ამბით გამოგვაცილეს უკან ისევ „ლიმუზინით“ (იცინის). საღამოსთვის იქვე ერთ-ერთი ქორწინების სახლი გვქონდა დაჯავშნილი. გარშემო ულამაზესი საახალწლო ცერემონიები იმართებოდა. რამდენიმე რესტორანი პირდაპირ უყურებდა საახალწლო ფოერვერკებს. ახალი წლის ღამის ფოიერვერკი მართლა საოცრება იყო, ნახევარი საათი გრძელდებოდა და მთელი ქალაქი გაბრდღვიალებული იყო. მუსიკა, შადრევნები, მართლა ძალიან ლამაზი ახალი წელი აქვთ და ამ გარემომ ჩვენი განწყობა კიდევ უფრო სადღესასწაულო გახადა.
მართალია, მერე ყველა ახლობელი გაგვინაწყენდა, ჩვენ რატომ არ გვითხარითო, მაგრამ მართალი რომ გითხრათ, ალბათ, ასე ჯობდა. ამ ასაკში, თან, როცა ამდენი საქმე გაქვს და გინდა, განიტვირთო კიდეც, იმავდროულად, არ გინდა, ყველაფერმა ძალიან ტრადიციულად ჩაიაროს, მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გამოსავალია.
– ფაქტობრივად, მთელი ლას-ვეგასი თქვენთან ერთად ზეიმობდა.
– მთელმა ლას-ვეგასმა ფოიერვერკით მოგვილოცა (იცინის). ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ექსპრომტი იყოს. საშას იმდენად ჩუმად მოუგვარებია ყველაფერი, რომ მე მხოლოდ წასვლის წინ მითხრა, როცა მხოლოდ დეტალებიღა იყო დარჩენილი. მართლა ძალიან გავხალისდით. არასოდეს მიფიქრია ასეთ რამეზე. მე მართლა მეგონა, რომ ლას-ვეგასში ისე ხდებოდა ქორწინება, როგორც ფილმებშია, ანუ, ძალიან სპონტანურად. თურმე, ყველაფერი წინასწარ იგეგმება. მართლა ძალიან სერიოზული პროცედურები ყოფილა გასავლელი.
მერე მათი გადმოცემული დოკუმენტი შენს ქვეყანაში მოგაქვს და ოფიციალურ საბუთად არეგისტრირებ.
– და საერთოდ, ქორწინება ლას-ვეგასში, ალბათ, სულ სხვა ადრენალინია.
– კი, კი, ასეა (იცინის). როცა ქორწინებას ოფიციალურად არეგისტრირებ, მერე უკვე შეგიძლია, ქორწინების სახლში გადაინაცვლო, ასეთი იქ ძალიან ბევრია. იქ შეგიძლია ზუსტად ისეთი საქორწინო ცერემონია გქონდეს, როგორიც გინდა. იქნება ეს პომპეზური თუ ძალიან უბრალო – ყველანაირ პირობას გიქმნიან შენი სურვილის შესაბამისად. ამითაც ძალიან ვისიამოვნეთ. შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი საშას დამსახურებაა. აღმოჩნდა, რომ ძალიან რომანტიკული ადამიანია. საერთოდ, უყვარს სიურპრიზების მოწყობა და ამ შემთხვევაშიც ასე მოიქცა. თვითონაც ძალიან გახალისდა და მეც მშვენიერი განწყობა შემიქმნა. ყველაფერი ძალიან ლამაზად მოაწყო. მიუხედავად დაკავებულობისა, ეს შეძლო. მართლა არ ვიცი, როდის სცალია ამ ადამიანს, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად და განსაკუთრებული შემართებით მოუგვარებია. ნამდვილად ორიგინალური გადაწყვეტილება იყო. ეს არის პატარა დღესასწაული, რომელიც შეგიძლია, მოუწყო საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს. ურთიერთობაც ხომ ეს არის – იზრუნო იმაზე, რომ საყვარელ ადამიანს რაღაც გაუხარდეს და მე მართლა ძალიან გამახარა ამ ყველაფერმა.
– მერე როგორ გაატარეთ არდადეგები?
– ახალი წლის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი წარმოდგენა და კონცერტი იყო დაგეგმილი, რომელსაც დავესწარით. მერე სან-ფრანცისკოში გავემგზავრეთ და იქაც ძალიან საინტერესო ექსკურსიები გვქონდა. ძალიან მომეწონა ეს ქალაქი. კალიფორნიაში ძალიან სასიამოვნო და თბილი ზამთარია. თუმცა, ვაღიარებ, ყველაზე მეტად პარკინგების რაოდენობა მომეწონა (იცინის). ყველა კუთხეში ხუთსართულიანი პარკინგი დგას და არ გაქვს ავტომობილის გაჩერების პრობლემა, არც საცობი გაწუხებს. იქ მანქანის გამონაბოლქვს ვერ იგრძნობ. ძალიან ლამაზი საცხოვრებელი უბნებია, პატარა და ფერად-ფერადი სახლებით. მრავალსართულიანი ბეტონის შენობები არ დგას. მხოლოდ ცენტრშია ასე და ისიც ძალიან რაფინირებულად. ყველა ადამიანს აქვს საშუალება, საკუთარი შემოსავლის შესაბამისად და კომფორტულად იცხოვროს. იქ საოცარი თავისუფლების შეგრძნება გაქვს, ყველაფერი კომფორტს გიქმნის, რადგან ძალიან მოწესრიგებული და დავარცხნილი გარემოა.
– ესე იგი, ძალიან ისიამოვნეთ იქაური გარემოთი.
– კი, ასე იყო, ძალიან ვისიამოვნე. სხვაგან კარგია, მით უმეტეს, ასეთ მოწესრიგებულ ქვეყანაში, მაგრამ სადაც ჩვენი სამშობლოა, იქაც ვჭირდებით ადამიანებს და ბუნებრივია, რომ ყველა ვერ წავა და დარჩება სხვა ქვეყანაში. ჩვენც დავბრუნდით შთაბეჭდილებებით დახუნძლული. მომხდარის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ახალი წლის ღამეს, სიურპრიზად, მხოლოდ რამდენიმე ძალიან ახლობელ ადამიანს ჩავუგდე ქორწილის ფოტო. ყველა მეუბნებოდა, რატომ არ გვითხარიო, არადა მე თვითონაც წასვლის წინ გავიგე (იცინის).
– მერე სოციალური ქსელიდან გაიგეს თქვენი ქორწინების შესახებ?
– სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოები არ დამიდევს. მხოლოდ მოგზაურობის ფოტოები გამოვაქვეყნე. მერე „იმედზე“, გადაცემაში – „ჩვენი ოჯახი“, ვიყავით სტუმრად. საშა მიიწვიეს, პიტბულის მიერ დაკბენილი ბავშვისთვის ჩატარებული რეკონსტრუქციული ოპერაციების შესახებ სასაუბროდ. თუმცა, ვინაიდან გადაცემის ფორმატი ოჯახურია და მეც ყველა მიცნობს ტელევიზიაში ტელეწამყვანობისა თუ ჩემი პროფესიის გამო, მოინდომეს, მეც მივსულიყავი. იქ გვკითხეს, როგორ გაატარეთ ახალი წელიო და ვუპასუხე, რომ ქორწილი გვქონდა ამერიკაში (იცინის). აქედან გავრცელდა ინფორმაცია. დასამალი ნამდვილად არაფერია. ვიცი, რომ ბევრს გაუხარდება. შეიძლება, ძალიან ბევრს მოეწონოს კიდეც ეს იდეა და თავადაც განახორციელოს (იცინის).
– ამ იდეის მომფიქრებელ ადამიანს, იდეების ნაკლებობა არ უნდა აწუხებდეს და სხვა დროს რამდენად რომანტიკულია თქვენი მეუღლე?
– მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი რომანტიკული რომ არ იყოს, ამ სფეროში ვერც იმუშავებდა და ამდენ ადამიანს ვერ გაულამაზებდა ცხოვრებას. რომანტიზმი მისგან შორს ნამდვილად არ არის. კი, უყვარს სიურპრიზების მოწყობა, უცებ მოიფიქრებს ხოლმე პატარ-პატარა რომანტიკულ დღესასწაულს.
– თქვენშიც არის ეს თვისება?
– მეც ასეთი ვარ, მაგრამ მე მაინც უფრო ქალის პოზიცია მიჭირავს და ვიღებ ამ ყველაფერს (იცინის). ძალიან ვაფასებ მის დამოკიდებულებას და ესეც კარგია (იცინის).
– როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?
– ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და ადრეც არაერთხელ შევხვედრივართ, რადგან ბევრი საერთო მეგობარიც გვყავს. დაახლოებით, 15 წლის წინ საშას პაციენტიც კი ვიყავი, რადგან ძგიდის გამო სუნთქვის პრობლემა მქონდა. სხვადასხვა მიზეზით კონტაქტი ხშირად გვქონდა და ასე თანდათან აეწყო ჩვენი ურთიერთობა. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონს და მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ. ძალიან დიდი ხანი დასჭირდა ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ლას-ვეგასით დაგვირგვინდა (იცინის).
– ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– საშა ჩემთვის ძალიან კომფორტული ადამიანია, საოცრად სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა, როგორც პროფესიული, ისე ადამიანური თუ ქალური თვალსაზრისით. ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, თუ რამდენად კარგია. რაკი ადამიანთან ვცხოვრობ და ძალიან მიყვარს, ესე იგი, ვთვლი, რომ კარგია, მე საშას კრიტიკის თვალით ვერ შევხედავ. დიახ, ძნელია, ამ ასაკში ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რეალურად, ამ ასაკში უფრო აფასებ იმ ჭეშმარიტ თვისებებს, რაც მართლა მნიშვნელოვანია ადამიანში. ეს არ არის გატაცება, ეს არის დაღვინებული და ჩამოყალიბებული, გააზრებული გრძნობა და ურთიერთობა. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ერთად ყოფნით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ვიცი, რომ ეს ადამიანი ყველანაირად ჩემ გვერდითაა.