გეგე სულხანიშვილის “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის გეგე სულხანიშვილი?
– ერთი ჩვეულებრივი კეთილი კაცი.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ალბათ, ისეთი, როგორც ვცხოვრობ. ხალხს ვუყვარვარ, მეფერებიან, ჯანმრთელად ვარ და ამაზე მეტი რაღა უნდა ინატროს კაცმა?!
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– არა, თუ მძულდა, ვინ დამაძალებდა?! სადღაც არ მიმუშავია, რომ ვინმეს რამე დაეძალებინა. ყოველთვის მეგობრების გარემოცვაში ვიყავი, უფროსი არასდროს მყოლია, რამე რომ დაეძალებინა. ალბათ, იმიტომაც ვარ ჯანმრთელი (იცინის).
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– კი, გულჩვილი ვარ. ზოგს ჰგონია, ინდური ფილმის ყურებისას რომ ეტირება, ეს არის გულჩვილობა. მე ცოტა სხვანაირად მესმის. ბავშვობიდანვე, თუკი ვინმე გაჭირვებულს შევხვდები, უნდა მივიდე და როგორც შემიძლია, მივეხმარო. ეს ასე იყო და იქნება ჩემს ცხოვრებაში, სიბერე ვერაფერს ცვლის. დღესაც შინდისიდან მოვდიოდი და მომეჩვენა, რომ გზისპირას ვიღაც იყო წაქცეული. ჩემი თავი შემზიზღდებოდა, მანქანა რომ არ გამეჩერებინა და მის დასახმარებლად არ მივსულიყავი. ვიფიქრე, რომ მთვრალი იყო ან ცუდად მყოფი. მივედი, ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა. ფხიზელი იყო. მითხრა, შეტევა მომცაო. ვუთხარი, რომ მანქანაში ჩავსვამდი და წავიყვანდი. არა, არა, აქვეა გაჩერება და ავტობუსიც მალე მოვაო, მითხრა. შეშინებული არ იყო, ეტყობა, პირველად არ დამმართვია ასეთი რამ, გამივლისო, ამბობდა. მაინც ვერ მივატოვე და დაველოდე, მომჯობინდა, ავტობუსიც მოვიდა და გაჰყვა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ღამე ვერ დავიძინებდი. კაცი გაჭირვებაში თუ დაინახე, ყურადღება როგორ არ უნდა გამოიჩინო?! შეიძლება, მე მისთვის სასწაულები ვერ გამეკეთებინა, მაგრამ რასაც შევძლებდი, იმას ვიზამდი. ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ქცევა გსიამოვნებდეს. თუმცა, არ ვიცი, მგონი, ვინც ცუდს აკეთებს, ის ისეა მოწყობილი, რომ ცუდი ანიჭებს სიამოვნებას. თუ ადამიანს მე თვითონ წავაწყდები გაჭირვებაში, აუცილებლად გავაკეთებ რამეს მის დასახმარებლად, მაგრამ ტელევიზორში რომ აჩვენებენ მსგავს რამეებს, გადავრთავ ხოლმე. ეკრანზე ჩემი ყურებით მაინც არაფერი შეიცვლება. ეგ კი არა, ქართულ ფილმებსაც კი არ ვუყურებ, სადაც დედის გინება, ჩხუბი და სროლაა. ცუდის ყურებაც კი არ შემიძლია.
– ბოლოს რის გამო იტირეთ?
– ალბათ, უფრო ჩემი ქვეყნის გამო მომდის ცრემლი. გინდაც – ქართულ ცეკვაზე, გინდაც – სიმღერაზე. სიხარულის ცრემლზე მაქვს ლაპარაკი. თუმცა, მტკივნეულ ცრემლსაც ვერ ავცდი, სამწუხაროდ, ცხოვრება არ გაძლევს ამის საშუალებას.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– ვერ ვიტყვი, რომ გავგიჟდებოდი სიხარულისგან. ზოდიაქოთი თევზი ვარ და მოჭარბებული ემოციები არ მაქვს. გამიხარდებოდა, მაგრამ ზომიერად, სიხარულისგან ხტუნვას არ დავიწყებდი. დავჯდებოდი და მერე დავიწყებდი ფიქრს იმაზე, თუ როგორ დავხარჯო. ალბათ, კარგი აზრები მომივიდოდა თავში, მაგრამ ახლა ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ და მოვყვები, რა შეიძლება, გავაკეთო. ეს ძალიან სასაცილო იქნება. თუმცა, ცუდი რატომ უნდა გავაკეთო – ორი ლარი რომ მიდევს ჯიბეში, მაშინ არ ვაკეთებ ცუდს და მერე რატომ გავაკეთებ?
– თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად რა მიგაჩნიათ?
– ამ გადმოსახედიდან, ძალიან არ მომწონს ის ფაქტი, რომ ექვსი ცოლი მყავდა. ეს არ მიხდება, არ ზის ჩემში, მაგრამ ასე მოხდა. თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, მაგ სისულელეს არ გავაკეთებდი. არასდროს მამოძრავებდა ანგარება, მაგრამ მაინც ვერ ვამართლებ ჩემს თავს. ჩემს ყველაზე დიდ მინუსად ეს მიმაჩნია.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილის მიმართ?
– არა მგონია, დედამიწაზე ვინმეს ჩემზე ძალიან სძულდეს ტყუილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ექვსივე ცოლს ყოველდღე რაღაცას ვატყუებდი. პარადოქსია, მაგრამ ასეა. მერე თავს ასე ვიმართლებდი: ეს ტყუილი რომ არ მეთქვა, ალბათ, ამდენხანსაც ვერ ვიქნებოდით ერთად-მეთქი. არაფერი არ შავდებოდა ჩემი ტყუილით, მხოლოდ ჩხუბსა და უხერხულ მდგომარეობას ვიცილებდი თავიდან. ეს ასე იყო, თუმცა, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოატყუო მეგობარი ან ახლობელი. ვაღიარებ, ცოლთან წამის მეათასედში ვიგონებდი ტყუილებს (იცინის). ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი, სანამ შემეძლო (იცინის). ახლაც არის ისეთი ტყუილები, რომელსაც ვამბობ, მაგრამ ვინმეს რომ რამეს დაუშავებს, ასეთი ტყუილი როგორ უნდა თქვა, ვერ წარმომიდგენია. 80 წლის კაცი ვარ და ყველას უნდა ჩემთან ქეიფი. რომ დამირეკავენ და მეტყვიან, გელოდებითო, მითქვამს, თელავში ვარ-მეთქი, როცა თბილისში, სახლში ვარ. ეს ტყუილია, მაგრამ ის არავისთვის მოიტანს ცუდ შედეგს. ასეთი ტყუილი შეიძლება, ხუთ წუთშიც ვთქვა, მაგრამ ადამიანს სერიოზული ტყუილი უთხრა? გამორიცხულია.
– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?
– მგონი, ყველა პაემანი სახალისოა. აბა, უხალისოდ ნორმალური კაცი პაემანზე წავა?! (იცინის). ერთი ამბავი გამახსენდა: ერთ ოჯახში ვქეიფობდი. უსაყვარლესი ლეკვი ჰყავდათ, გავგიჟდი, ისე მომეწონა და მასპინძელმა მაჩუქა. ოქროყანაში ვცხოვრობ და წამოვიყვანე სახლში. არ გაიზარდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, არ იყო ჯიშიანი. გაუგებრობა ძაღლს ვეძახდი (იცინის). ბაბილინა დავარქვი. ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც სულ ჩემ გვერდითაა, ოქროყანაში ხშირად ამოდიოდა. ძაღლისთვისაც მოჰქონდა საჭმელი, ჩემთვის – პროდუქტები და დასალევსაც წამოაყოლებდა ხოლმე. რომ მოვიდოდა, ჯერ ბაბილინას ეძახდა, აჭმევდა და მერე ჩვენ ვიწყებდით ქეიფს. ერთხელაც, ბაბილინა არ დახვდა. არ დახვდა იმიტომ, რომ ერთ გოგოს მოეწონა ჩემი ძაღლი და მკითხა, ხომ არ მაჩუქებდიო? რადგან ბაბილინა ჩემს გულთან ვერა და ვერ მოვიდა, დავთანხმდი და წლინახევრის ნაზარდი ძაღლი გავატანე. გავიდა ორი დღე და მოვიდა ეს ჩემი ძმაკაცი. არ იცის, რომ ძაღლი გავაჩუქე და ყვირის: ბაბილინა, ბაბილინა. ვეძახი, ამოდი, ვერ იპოვი ბაბილინას, გავუშვი-მეთქი. ეგონა, ვხუმრობდი და გააგრძელა ძაღლის ძებნა, ააწიოკა უბანი. ძლივს დავაჯერე, რომ გავაჩუქე. გადაირია, წელიწად-ნახევარი ზრდიდი ძაღლს და როგორ გააჩუქეო, ძალიან განიცადა. ვუთხარი, ექვსი ცოლი გავუშვი და ერთი ხმა არ ამოგიღია, ამ ბაბილინაზე რა ვენები გადაიჭერი-მეთქი (იცინის). არადა, ჩემს ყველა ცოლთან მეგობრობდა და ასე არ გადარეულა, მაგრამ ძაღლის გაშვება არ მაპატია (იცინის).
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– არასდროს. ეგ კი არა, არ არსებობს მე ნერვები მომეშალოს. ბავშვობიდან მოყოლებული ასეთი ვიყავი. შეიძლება, ესეც ზოდიაქოს დამსახურებაა. სიმშვიდე მიყვარს. არ მახსოვს, ძალიან გავბრაზებულიყავი.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვებული ვარ, როცა შეყვარებული ვარ. პირველ რიგში, ამით სიბერეს ვამარცხებ, ის ჩემთან ახლოს ვერ მოდის, არ მცალია სიბერისთვის. კი არ ვთამაშობ, ასე ვცხოვრობ. ბევრს უნდა მომბაძოს, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ, რომ ეს მასში არ არის, ჩემში ბუნებრივადაა. დღესაც შეყვარებული ვარ. ვურეკავ, ვხვდები. ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ქალბატონია და მე გახარებული ვარ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა მიყვარდეს და ისიც პატივს მცემდეს. მისგანაც რომ სითბოს ვგრძნობ, მიხარია.
– კიდევ ერთხელ შექმნიდით ოჯახს?
– არა და რატომ? ცოტა გვიან კი მივხვდი, მაგრამ თუ გინდა, სულ შეყვარებული იყო ცოლი არ უნდა მოიყვანო (იცინის). დარჩეს მეექვსე მეუღლე ჩემს მეუღლედ, მაგრამ მეძინებოდეს და მეღვიძებოდეს საყვარელ ადამიანზე ფიქრით.
მარცხს რაც შეეხება, არ მქონია, ალბათ, წინ მაქვს (იცინის). თუმცა, მარცხის ფასიც ვიცი. 30 წელი ვთამაშობდი კალათბურთს და გამარჯვებაც მესმის და დამარცხებაც, მაგრამ სულიერად დამარცხება არ განმიცდია და ისეთნაირად ვცხოვრობ, რომ ალბათ, არც განვიცდი. არასდროს ვცდილობ, მწვერვალების დაპყრობას, მე რეალური ცხოვრებით ვცხოვრობ, არაფერს ვეპოტინები და აქ მარცხი გამორიცხულია.
– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– მთავარია, ლოგინად არ ჩავვარდე. ხვალვე მოხდეს, ოღონდ ამის გარეშე წამიყვანოს უფალმა. სანთელს ვანთებ და ვლოცულობ ამისთვის. გინდაც, დღესვე წამიყვანოს ხელში გიტარითა და ჭიქით. თუკი რამეს ვნატრობ, ესაა. ახლა 80 წლის ვხდები. ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, 80 წელს რომ გადასცილდები, ყოველი გათენებული დღე მოგებაში ხარო (იცინის). ამიტომ ამის გამო არ დავიჩივლებ. ლოგინად ჩავარდნის შიში მაქვს, სიკვდილის – არა. სიკვდილს დღესვე მივიღებდი, მე მხოლოდ დაჩაჩანაკების მეშინია.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?
– აფხაზეთის ომში რომ ვიყავი. შეტევისთვის გვამზადებდნენ. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი შეტევა იყო. ომში პირველად ვიყავი. 48 წლის მოხალისედ წავედი. მეშინოდა, მაგრამ იცით, რა გავიგე ამ ომში? შიშს მხოლოდ მანამდე განიცდი, სანამ ფრონტის ხაზზე მოხვდები. სანამ იქამდე მიხვალ, ისეთ შიშს გრძნობ, სიტყვით ვერ გამოვცემ, მაგრამ როგორც კი იქ აღმოჩნდები, ხვდები, რომ აქ შიში უკვე სასაცილოა. მერე საოცრება ხდება, შიში სრულიად ქრება. მთელი დღე იბრძვი და არც კი გახსოვს, თუ ასეთი შეგრძნება არსებობს. მერე, როცა ფრონტიდან ბანაკში ბრუნდები, შიშიც ბრუნდება, მერე იწყებ ფიქრს იმაზე, რაც გადაიტანე.
– არის რამე, რისიც გრცხვენიათ?
– ახალგაზრდობაში მრცხვენოდა ჩემი სიმაღლის. ორი მეტრი და ორი სანტიმეტრი ვიყავი, იშვიათობა იყო ასეთი სიმაღლე და ყველგან მე მიყურებდნენ. სულ წელში ვიხრებოდი, რომ სასაცილო არ ვყოფილიყავი. მაშინ ძალიან მოდაში იყო კინო და თეატრი, მაგრამ განათებულ დარბაზში არასდროს შევდიოდი. ძალიან მრცხვენოდა, როცა უცებ ყველა მე შემომხედავდა.
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ქართველობით ვამაყობ და ქართველობით ვარ ბედნიერი. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ქართველი ვარ!