მარიამ ნაჭყებიამ ბოლო პერიოდში ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო და მოგვიყვება როგორ მოსწონს საკუთარი თავი ამ მოცემულობაში. ასევე, გვიამბობს მისი და ოთარ ჯორჯიკიას ოჯახური ცხოვრების შესახებ.
მარიამ ნაჭყებია: ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით წამყვანის ამპლუაში. ამ საქმეში აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი, თუმცა, ძალიან საინტერესოა და შემიძლია ბევრი პარალელი გავავლო სცენაზე დგომასთან. მე უფრო თანაწამყვანი ვარ, თუმცა ხანდახან ცენტრალურ წამყვანად მუშაობაც მიწევს. ზოგჯერ ძალიან კმაყოფილი ვარ ხოლმე და მაყურებლისგანაც კარგ გამოხმაურებას ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ დასაწყისთან შედარებით პროგრესი მაქვს. ძალიან მომწონს ტელევიზიაში მუშაობა, საოცრად საინტერესოა. ხანდახან მიწევს სიმღერა და საესტრადო სიმღერებს ვმღერი. ამ მხრივ, არ მაქვს დიდი გამოცდილება, მაგრამ რადგან საქმეს სჭირდება, უკან არ ვიხევ.
– თავიდან, ალბათ, სანერვიულოც იყო.
– კი, რა თქმა უნდა. პასუხისმგებლობა მაქვს და ყველა გადაცემას თავისებური ღელვა ახლავს. ძირითადად, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ და ბუნებრივია, რომ ასეა. საბედნიეროდ, მიყვარს იმპროვიზაცია და ექსტრემალურ მდგომარეობაში ადვილად ვახერხებ მობილიზებას. მეუბნებიან, რომ გიყურებთ, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს დიდი ხანია, ტელევიზიაში მუშაობო, რაც ძალიან მიხარია.
– როდის ასწრებთ ამდენ რამეს? ოჯახი, სამი შვილი და თან, როცა ეს საქმე დაიწყეთ, მესამე შვილი ახალი დაბადებული იყო.
– მშობლების, ანუ დედაჩემისა და ჩემი მეუღლის დედის დახმარებით ვახერხებ ყველაფერს. ეს ორი ადამიანი ჩემი ანგელოზია. ისინი რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა. ჩემი რეჟიმი, პრაქტიკულად, 24-საათიანია. მინდა, სამივე შვილს თანაბრად გავუნაწილო ყურადღება. ოთო, ჩემი მეუღლე, ცალკე თემაა. მას განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება და მე ამისთვის თავი მაქვს გადადებული. ამას ემატება ჩემი სამსახურები. მე უკვე წლებია, ვოკალის პედაგოგი ვარ და 13 წელია, ვმუშაობ ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში. ასევე, ვმუშაობ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც კლასიკური ვოკალის სტუდიას ვუძღვები. როგორც ვისაუბრეთ, ბოლო პერიოდში ამას ტელევიზიაც დაემატა. ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. ხანდახან მეკითხებიან ხოლმე, ასეთ ფორმაში როგორ ხარ, როცა სამი შვილი გყავს და ამდენი საქმე გაქვსო (იცინის). ეს არის ჩემი ტრენაჟორიც, სპორტდარბაზიც და აბსოლუტურად ყველა მსგავსი საშუალება (იცინის).
– დედამთილთან, ალბათ, ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ.
– არ შეიძლება, გიყვარდეს მეუღლე და არ გიყვარდეს მისი მშობელი, ანუ არ გქონდეს მასთან ნორმალური ურთიერთობა. არ არის აუცილებელი დედაზე მეტად შეიყვარო, ეს ჯანსაღი არ არის, მაგრამ კარგ ურთიერთობას წინ არაფერი უდგას. ჩემი დედამთილი ძალიან მიყვარს. ის ჩემი შვილების ბებია, მეუღლის დედა და ჩემი დიდი მეგობარია. რა თქმა უნდა, გვაქვს ზღვარი და ჩვენ არ ვართ დაქალები, თუმცა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია და მიხარია, რომ მასაც ვუყვარვარ. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.
– დიდი მსხვერპლი გაიღეთ ოჯახისთვის, როცა საოპერო მომღერლის კარიერაზე უარი თქვით. არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება…
– ღმერთი მიჩვენებს ხოლმე გზას. მე ისეთი ადამიანი შემახვედრა უფალმა, ვისაც ჩემი გვერდში დგომა ძალიან სჭირდებოდა. ამიტომ დავანებე თავი ჩემს კარიერას. როცა საჭიროა, ვმღერი, მაგრამ იმ დოზით არა, რომ ოთარს ხელი შეეშალოს. მსხვერპლი გავიღე? გააჩნია, როგორ უყურებ ადამიანი. მე ასე არ ვფიქრობ, მე ასეთი ცხოვრება ავირჩიე და ძალიან ბედნიერი ვარ. ოთარის თითოეული წარმატება იგივე ჩემი წარმატებაა. მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიდგები სცენაზე თუ ოთარი. მე იმხელა სიამოვნებას ვიღებ და იმდენად მაბედნიერებს მისი თითოეული გამოსვლა სცენაზე, რომ ვფიქრობ, ჩემი სიმღერა არ მომანიჭებდა ამხელა სიამოვნებას. მართლა არ ვასხვავებ ჩვენს წარმატებას და ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის მსხვერპლის ტოლფასი. მთელი ჩემი რესურსი ოთოსთვის გავიღე და ოთო მთავარი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში.
ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს საქმიანობა. ერთად ვმღეროდით, ერთად გვქონდა დებიუტები. მე ყოველთვის მის გვერდით ვარ ხოლმე. ერთ-ერთ სპექტაკლზე, როცა ერთად ვმღეროდით, მივხვდი, რომ მე მას დავაკლდი, როგორც გვერდში მდგომი ადამიანი. მან ეს უარყო, მაგრამ მე ვიგრძენი. მე კი არ მიღირდა ჩემი სიმღერა ამად და ამ მომენტიდან გამიჩნდა აზრი, რომ მე კულისებში გადამენაცვლა.
შეიძლება, წელი ისე გავიდეს, რომ ოთარი რვა თვე არ იყოს საქართველოში. ეს ჩვენი ცხოვრების რიტმია, მაგრამ ძალიან რთული. ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი სიტყვა – დედაკაცი. წლებმა მიმახვედრა ამ სიტყვის მნიშვნელობა. როცა ოთარი საქართველოში არ არის, მე ვარ ჩვენი ოჯახის დედაკაცი. ეს არ მირთულდება. დატვირთვა, რა თქმა უნდა, დიდია, ფიზიკურადაც და გონებრივადაც, მაგრამ ჩემი ცხოვრება ასეთია და მე ეს ბუნებრივი მგონია. ასეც უნდა იყოს, ამიტომ არ მიჭირს. ვიღაცისთვის შეიძლება, ძალიან რთული იყოს.
– არანაირი სინანული?
– მე ასეთი დევიზი მაქვს – „ოღონდ ოთომ იმღეროს“. ეს არის მთავარი. მან უნდა იმღეროს, რადგან ოთო რჩეულია. მას უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა და მე ამის გამო სინანული არცერთი წამით არ მიგრძნია. კი, მაყურებლის დანაკლისი მქონდა და ამ მხრივ, ტელევიზიამ გამიკეთა ძალიან დიდი საქმე, რისთვისაც მადლობა პირადად თამარა მაჭავარიანს, ჩვენი გადაცემის პროდიუსერს იმისთვის, რომ ეს საქმე მე მანდო.
– თქვენს მეუღლეს ძალიან გაუმართლა. რას ამბობს ამაზე და როგორ გამოხატავს მადლიერებას, რადგან მთავარი მხოლოდ სიტყვები არ არის.
– დიახ, მთავარი ადამიანის მოქმედებაა. ჩვენ 15 წელია, დაქორწინებულები ვართ და 18-19 წელია, რაც ერთმანეთი გვიყვარს. ცხოვრების ნახევარი ერთად გვაქვს გატარებული და მგონია, რომ რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი. ჩვენც ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, თავის კრიზისებით, კამათითა და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად დიდია პატივისცემა, სიყვარული და ნდობა, რომ ცუდზე არც ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, აფასებს. მისი ცხოვრების წესი, მისი მიდგომები ამაზე მეტყველებს. ბოლოს და ბოლოს, სამი ანგელოზი ვაჩუქეთ ერთმანეთს. ძალიან ერთგული ადამიანია, როგორც მეუღლის, ისე შვილების, მეგობრების თუ საქმისადმი.
– როგორც ვიცი, ძალიან უყვარს საყვარელი ადამიანების სიურპრიზებით განებივრება და ამდენი წლის შემდეგაც გამოსდის ეს?
– კი, ძალიან უყვარს ამის გაკეთება. ისეთ მომენტს შეარჩევს ხოლმე, საერთოდ რომ არ ველოდები. ხუთი თითივით მიცნობს. ამდენი წლის შემდეგაც შეუძლია, გამაოცოს. ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად იზრდება და ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. აზრთა სხვადასხვაობა ბევრ რამეში გვაქვს, მაგრამ ღერძი და ფასეულობები – საერთო. ამიტომ ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გაქვს.
– შვილები ჰგვანან მშობლებს?
– სამივე ძალიან განსხვავებულია, მაგრამ თან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მშობლებსაც ჰგვანან. ბარბარე 14 წლისაა, თამარი – 4-ის და დავითი – წლის. უფროსი ძალიან კარგად მღერის, თუმცა, არ უნდა საოპერო მიმართულება და არც ვაძალებთ. თამარიც ძალიან კარგად მღერის და თან საკმაოდ თამამია. დავითი ძალიან ჯანიანია და ვნახოთ, იმღერებს თუ არა (იცინის). შვილებს ჩემი სამი სტიქია დავარქვი: ბარბარე არის ჩემი სიმშვიდე, თამარი – ენერგია და დავითი – ძალა, იმიტომ რომ მათი ძირითადი თვისებები ასეთია. რა ფასეულებებსაც ხედავენ ოჯახში, ისე იზრდებიან. ერთმანეთს ვეჯიბრებით სიყვარულში და ვხალისობთ. ვამბობ ხოლმე, ბოლო ოთხ წელიწადში, რაც ორი პატარა შემეძინა, უფრო გავახალგაზრდავდი-მეთქი. ოჯახში პატარა ბავშვი მართლა დიდი სიხარულია და მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის!