რატომ იყო 2023 წელი მიშა ავსაჯანიშვილისთვის ძალიან მტკივნეული და რისი შიში ჰქონდა მას მთელი ცხოვრება

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას და როგორია კულინარ მიშა ავსაჯანიშვილის ცხოვრებისეული გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით.

მიშა ავსაჯანიშვილი: ვთვლი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. დიდი ხანი მეგონა, რომ უიღბლო ვიყავი, მაგრამ შემდეგ ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, კონკრეტულად კი ჩემი კარიერა, რომ მივხვდი, თუ რამდენად იღბლიანი ვარ.

– მანამდე რატომ მიიჩნევდით თავს უიღბლოდ?

– იყო პერიოდი, როდესაც ძალიან დიდ კომპანიაში ვმუშაობდი შეფად. ერთ დღეს ძალიან მოულოდნელად, დამიბარეს და მითხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავი. რიგი მიზეზები ჩამომითვალეს და წამოვედი. დაახლოებით, ექვსი-რვა თვე სახლში ვიყავი და ისეთი სტრესი მქონდა, რომ გარეთ გასვლა საერთოდ არ მინდოდა. როგორც ვთქვი, გათავისუფლების მიზეზები მითხრეს, მაგრამ სრულიად უაზრო მიზეზები იყო, ლოგიკას მოკლებული. ამიტომ ჩავთვალე, რომ ჩემი დრო არ იყო. თუმცა მერე გამოვფხიზლდი.

– ამაში რა დაგეხმარათ?

– დავფიქრდი, გავაანალიზე სიტუაცია. უცებ სამსახურის გარეშე დავრჩი და ამან ჩამძირა. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ამ საქმეს საერთოდ აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ მერე ჩემს თავს ვკითხე – ვარ ისეთი ადამიანი, ვინც შეიძლება, ასე, ერთ დღეში გამოუშვან სამსახურიდან? საკუთარ თავს ვუთხარი: თუ ასეთი ხარ, მაშინ გაჩერდი და თავი დაანებე ყველაფერს. თუ არა და მოიკრიბე ძალები და საკუთარ თავს თუ მათ, ვინც შენ მიმართ ასე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, დაანახვე, რომ შენ იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე ეს აქამდე ჩანდა. მე შევძელი და ეს გავაკეთე. პირველ რიგში, საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა. მხოლოდ იღბალს არ მივნდობივარ. მოტივაცია იმაზე მეტი მქონდა, ვიდრე დასაწყისში და ამან შედეგი გამოიღო.

– დღეს რა გაფიქრებინებთ, რომ იღბლიანი ხართ?

– თუნდაც ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი და ცნობილი შეფი ვარ. ადამიანებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ. ქუჩაში თუ სხვადასხვა ღინისძიებებზე ბევრი უცნობი ადამიანი მოდის და ჩემდამი კეთილგანწყობას მიზიარებს – ეს დიდი ბედნიერებაა. ამდენი ადამიანის სიყვარული, მართლა დიდი იღბალი მგონია.

– არის რამე, რაც ბევრჯერ სცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა და თავს ამ საკითხში უიღბლოდ მიიჩნევთ?

– მთელი ცხოვრება დიეტებს ვიცავდი. ძალიან დიდი წონის ვიყავი და ყოველი ორშაბათი დიეტით იწყებოდა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ დასრულდა, იმდენად დავიღალე, რომ მეტი მცდელობის რესურსი აღარ მქონდა. აღარც სწორი კვება მინდოდა, აღარც ვარჯიში. მორალურად დანგრეული ვიყავი, მაგრამ მალე ისევ მოვიკრიბე ძალები და შევძელი მრავალწლიანი მიზნისთვის მიმეღწია – გავხდი.

ისეთი რამ, რომ ძალიან მნდომოდა, ბევრი მეცადა და მაინც არ გამომსვლოდა, არ მახსენდება. ალბათ, იმიტომ რომ ლოგიკური სურვილები მაქვს. ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ჯულია რობერტსი მომეყვანა ცოლად (იცინის). ეს სურვილი რომ რეალობად ვერ იქცეოდა, გასაგებია. თუმცა, ფაქტია, რომ მაშინაც კარგი გემოვნება მქონდა, ახლაც ისევ ისეთი ლამაზია, როგორიც წლების წინ იყო. ამიტომ ვფიქრობ, თუ სწორი სურვილები და მიზნები გექნება, მათ განხორციელებას შეძლებ.

– რის ფასად ხდება სურვილების განხორციელება?

– უდიდესი შრომაა საჭირო. ამაზე ხშირად ვსაუბრობ. თუნდაც, „სამზარეულოს ომები“ ავიღოთ. მაყურებელი 1.20 წუთი უყურებს გადაცემას, რომელიც 12-14 საათი იწერება ძალიან მცირე შესვენებებით. ოთხ საათში ერთხელ, 20 წუთი ვისვენებთ. ავიღოთ ჩემი პროფესია, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხან ქუთაისში ვარ, ხარ რაჭაში, ხანაც ბათუმში და ხანაც სვანეთში. საქმიანი მივლინებები ძალიან ბევრია ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ ვიტყვი, რომ წარმატების მიღწევაში, იღბალთან ერთად, შრომაც ძალიან დიდ როლს თამაშობს. მჭევრმეტყველებას არ ვცდილობ, მხოლოდ ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ, რადგან მე ყველა ეტაპი მაქვს გავლილი. თუ ბევრს არ იშრომებ და საკუთარ საქმეში მუდმივად სწავლის პროცესით არ იქნები დაკავებული, აუცილებლად ჩაქრები და გაქრები, ანუ, ვეღარ იკაშკაშებ ისე, როგორც დღეს კაშკაშებ.

– მომხდარა ისე, რომ წარმატებისთვის ბევრი არ გიშრომიათ, მაგრამ უცებ თქვენს ცხოვრებაში საოცრად კარგი სიახლე გამოჩენილა?

– კი, იყო ასეთი შემთხვევა, მაშინ, როდესაც საქართველოდან უკრაინაში წავედი. იქ ძალიან ბევრი რესტორნის ბრენდ-შეფი გავხდი. ეს მართლა იღბლის დამსახურება იყო. ყველაფერი სულ რამდენიმე წუთმა განსაზღვრა. იქიდან მე სხვაგან მივდიოდი, დროებით ვიყავი ჩასული და რომ არა იღბალი, ის ამბავი მართლა არ მოხდებოდა. ზუსტად ბედის წყალობით „დამეცა თავს“ ეს საოცრება. მახსოვს, რომ ვცდილობდი, არ შემემჩნია, მაგრამ შოკისგან მუხლები ამიკანკალდა მათი შემოთავაზება რომ მოვისმინე. ეს იმ წარუმატებელი და დეპრესიული პერიოდის შემდეგ სამყაროსგან მიღებული ჯილდო იყო.

სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, რომ როცა ცუდი ამბები ხდება და მგონია, რომ აღარაფერი შეიცვლება, მერე უცებ ყველაფერი სასიკეთოდ მიდის და რთულ მომენტში უცებ გამოსავალი გამოჩნდება ხოლმე. ამიტომ თამამად ვიტყვი, რომ მართლა იღბლიანი ვარ.

– ამას იღბალთან ან უიღბლობასთან საერთო ნაკლებად აქვს, მაგრამ გასული წელი რთული ნამდვილად იყო, რადგან ძალიან ძვირფასი ადამიანი დაკარგეთ.

– კი, ასეა. 31 დეკემბერს ბევრი აკეთებს წლის შეჯამებას და სოციალურ ქსელშიც ხშირად შევხვდებით ამ თემაზე პოსტს. მეც მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ 2023 ჩემთვის ძალიან ცუდი წელი იყო. მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა, დედა გარდამეცვალა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველდღე ამაზე ვფიქრობდი. მაგალითად, დედა მაღაზიაში რომ მიდიოდა, ვფიქრობდი, ვაიმე, ან მანქანა არ დაეჯახოს, ან რამე არ დაეცეს-მეთქი. სულ ამის მეშინოდა. ამაზე მე თვითონ არ მინდოდა საუბრის დაწყება, მაგრამ რადგან შევეხეთ, ვიტყვი, რომ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იმდენი საქმიანი და საინტერესო წინადადება გამოჩნდა, რომ მოსადუნებლად და დარდისთვის დრო აღარ მრჩება.

გული ძალიან მტკივა და ემოციურად რთულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ იმდენი საქმეა გარშემო, რომ ჩემს ტკივილზე ბევრს ვეღარ ვფიქრობ. როცა მარტო ვრჩები, ძალიან განვიცდი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ამიტომ სახლში დედაჩემის ფოტოებიც კი არ მაქვს. სადღაც წავიკითხე, რომ ადამიანი გარდაცვლილს კი არა, საკუთარ თავს გლოვობ, რადგან ეგოისტი ხარ და განიცდი, რომ ის შენ აღარ გყავს. ვფიქრობ, რომ მართლა ეგრეა, მაგრამ არ მინდა, ასე იყოს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ამას თავი ავარიდო.

– ყველაფერი უცებ მოხდა?

– კი, ოპერაციას იკეთებდა გულზე. თავის ფეხით შევიდა საოპერაციოში, მაგრამ ვერ გადაიტანა.

– საიდან მოდიოდა მისი გარდაცვალების შიში?

– არ ვიცი, ამის ბავშვობაშიც მეშინოდა. ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც დედაო გახდა, მეუბნებოდა, რომ დედის მიმართ მასაც იგივე შიში ჰქონდა. მამაოსთვის უკითხავს და მას ასე აუხსნია: ღმერთი გაგუებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშს, რომ მერე შენი ქვეცნობიერი ამისთვის მზად იყოსო. არ ვიცი, შეიძლება, ასეცაა, მაგრამ ფაქტია, რომ დღე არ გავიდოდა, დედაჩემის გარდაცვალებაზე არ მეფიქრა. დედა ძალიან მიყვარდა, ის ჩემთვის ყველაფერი იყო.

– დავუბრუნდეთ იღბალს, პირად ცხოვრებაში რამდენად იღბლიანად მიიჩნევთ თავს?

– პირად ცხოვრებაში თავს ბედნიერად არ ვთვლი. იმიტომ რომ ჩემი პირადი ცხოვრება დალაგებული არ მაქვს. ეს ჩემ გარშემო ყველამ იცის. იღბალს რაც შეეხება, არ ვიცი, ამ კუთხით არ მიფიქრია. თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ ამ ეტაპზე მე მარტო უფრო კარგად ვარ. ოჯახზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, მაგრამ ძალიან მეოჯახე ვარ და მგონია, რომ მომავალში აუცილებლად მეყოლება მეუღლე და შვილები.

ასევე იხილეთ