სოჭში, ბავშვთა რიტმული ტანვარჯიშის მე-13 საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა, რომელსაც პუტინის ფავორიტი ქალი, ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევა მასპინძლობდა.
ფესტივალს 14 ქვეყნიდან 350-მდე მონაწილე, ესწრებოდა, მათ შორის, სომხეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, სერბეთიდან, უზბეკეთიდან.
“რა კარგია, როცა სპორტი და ხელოვნება განუყოფელია და ადამიანებს აერთიანებთ. ამ ფესტივალზე ვაჩვენეთ, რომ საზღვრები არ არსებობს, შეუძლებელია ხელოვნება ან სპორტი აკრძალო. ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ. ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ”, – განაცხადა კაბაევამ.
ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინის საყვარელი ქალია, რომელზეც მსოფლიო მედია წლებია წერს, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მისი პერსონის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის შვეიცარიაში შვილებთან ერთად ცხოვრობდა.