“უცხო ქვეყანაში შეტანილი წვლილისთვის ამერიკაში პრიზი გადმომცეს”

288

შოუმენი, არტისტი, მომღერალი და უბრალოდ, კარგი ადამიანი ვლად არამოვი, დიდი ხანია, საქართველოდან წავიდა და ამერიკაში აგრძელებს მოღვაწეობას. მართალია, მის ცხოვრებაში იყო რთული პერიოდები, თუმცა, არასოდეს დაუყრია ფარ-ხმალი, საკუთარი შრომითა და მონდომებით მიაღწია ყველაფერს და მიაჩნია, რომ მის საყვარელ ოჯახის წევრებთან ერთად, გამართლებული ცხოვრება აქვს.

ვლად არამოვი: 19 იანვარს გახდა 13 წელი, რაც ამერიკაში ვარ. დამიჯერეთ, ერთი დღეც არ გასულა, საქართველოზე არ მეფიქრა. ფიქრებით სულ ჩემს საქართველოში ვარ. ადრე ვამბობდი, სულგუნი მენატრება-მეთქი და ახლა ამაზე მეცინება (იცინის). ჩემს პატარა ქუჩაზე გავლა, იმ ბილიკებზე სიარული, სადაც ბავშვობაში დავდიოდი, ჰაერი და სუნიც კი მენატრება. რომ ჩამოვდივარ, ყოველთვის მივდივარ იმ ადგილებში, სადაც ბავშვობა გავატარე და ბავშვობაში ვბრუნდები. მამა და ძმა მანდ ცხოვრობენ და ყოველდღე ველაპარაკები მათაც, სანათესავოსაც და სამეგობროსაც. ფაქტობრივად, ერთი დღეც არ გამიწყვეტია კავშირი საქართველოსთან.

– რამდენი ხანია, რაც საქართველოში არ ყოფილხარ?

– შარშან დედა გარდამეცვალა და ჩამოვედი. დიდი ხნით კი 2018 წელს ვიყავი, პანდემიამდე. ძალიან მინდა, ჩამოვიდე, მაგრამ საქმეებია და ერთი კვირაც კი არ მაქვს თავისუფალი. ქორწილებში და კორპორაციულ საღამოებზე მიწვევენ. თან, ჩემი ბენდი მყავს, არაჩვეულებრივი ბიჭები და ერთად კარგ შოუებს ვდგამთ, ხშირად სხვადასხვა შტატში ვმოგზაურობთ.

– ესე იგი, მოთხოვნა არის?

– ეს ბოლო სამი წელია, ჩემზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა (იცინის). სხვათა შორის, ჩამოვედი თუ არა, მაშინვე დავიწყე მუშაობა, მაგრამ წლები დამჭირდა, რომ ხალხს გავეცნე და ჩემი ნიჭი დაეფასებინათ. ძალიან შრომისმოყვარე ვარ, რასაც ვაკეთებ, გულსა და სულს ვდებ და ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, მაქსიმალურად კარგი გამოვიდეს. მე მარტო არ ვმღერი, არტისტს სცენაზე ყველაფერი უნდა შეეძლოს. ქორწილებიც მიმყავს ინგლისურ ენაზე, თუ ქართველების ქორწილია – ქართულად.

– ამ ცამეტი წლის განმავლობაში შენთვის ყველაზე რთული პერიოდი როდის იდგა?

– ალბათ, პანდემიის პერიოდში, როცა ყველაფერი გაჩერდა და სახლებში ჩავიკეტეთ. ძალიან რთული იყო სახლში უმუშევრად ჯდომა, როცა ძალიან დიდი გადასახადებია. ამერიკაში, ცხოვრება და უსაქმურად ჯდომა ადვილი არ არის, სახლში ფულს არავინ მოგიტანს. მადლობა მთავრობას, რომ კომპენსაციის სახით, ფულადი დახმარება დარიგდა. დიდი არაფერი, მაგრამ დახმარება იყო. ხუთ თვემდე ვიყავი ასე და შემდეგ ნელ-ნელა წამოვიდა კერძო შეკვეთები.

– თავად თუ შეიძინე სახლი?

– კი, შევიძინე, მაგრამ სახლი არა, ბინა, ბრუკლინში, ბრაიტონთნ ახლოს, სადაც ცოლ-შვილთან ერთად ვცხოვრობ. ბავშვები უკვე გაიზარდნენ, ბიჭი 16 წლისაა, გოგო – 11-ის.

– თუ გამოყვათ მამის ნიჭი?

– ზუსტად გუშინწინ, ჩემი გოგოს კონცერტი იყო, ბრაიტონზე, დიდ თეატრში. ცეკვავდა. სიმღერაც ეხერხება, მაგრამ უფრო ცეკვისკენ იხრება. ბიჭი სკოლაში სწავლობს, ჯერ მომავალი პროფესია არ აქვს შერჩეული, თუმცა სპორტი იზიდავს, ბოდიბილდინგი და ძალიან მონდომებულია.

– თქვი, წლები დასჭირდა, ჩემი ნიჭი დაეფასებინათო. ახლახან პრიზი აიღე და იქნებ ამაზეც მოგვიყვე?

– ღონისძიება-დაჯილდოება საქართველოს დიასპორამ გამართა და პრიზი გადმომცეს, როგორც საქართველოდან ჩამოსულს და ამერიკაში მოღვაწე ადამიანს, უცხო ქვეყანაში შეტანილი წვლილისთვის და ქართული კულტურის გავრცელებისთვის. მართლა არ ველოდებოდი, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მართლა მაფასებს აქაური ქართველობა, მათ სითბოსა და სიყვარულს ნამდვილად ყოველწამიერად ვგრძნობ. სხვათა შორის, ორჯერ გავედი ამერიკულ ფესტივალებზე და მაქვს ჯილდოები, თუმცა ეს ჯილდო ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– ალალად მითხარი, არასოდეს გინანია წასვლა?

– როგორ არა. ამერიკაში რომ ჩამოვედი, რამდენიმე თვე უმუშევარი ვიყავი. ვრეკავდი რესტორნებში, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ, უკვე გვყავს მომღერლებიო. მაშინ შემეშინდა, აქ რა უნდა გავაკეთო-მეთქი და დეპრესიაშიც კი ვიყავი. თუმცა, ყველაფერი დალაგდა, მუშაობაც დავიწყე და დეპრესიაც და შიშიც უკან მოვიტოვე. ბევრჯერ მიფიქრია საქართველოში დაბრუნებაზე. ბავშვები რომ გაიზრდებიან, დაოჯახდებიან და დადგებიან თავის გზაზე, მერე, ალბათ, დაბრუნებაზეც დავფიქრდები. სხვათა შორის, რომ ჩამოვდივარ, ამდენი წელი გავიდა და მაინც ვახსოვართ და ყველგან მცნობენ. ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვიდა, ჩემს ქუჩაზე ცხოვრობენ და ქუჩაში რომ გავდივარ და მაჩერებენ და მეფერებიან, ასე მგონია, საქართველოში ვარ. ამას წინათ აეროპორტში მივდიოდი და ტაქსი გავაჩერე. სახელი ეწერა გიორგი და მივხვდი, ქართველი იყო, გარეგნობაზეც ეტყობოდა. გამოველაპარაკე და გადაირია სიხარულით. მსახიობი ყოფილა პროფესიით, პროდიუსერად ვმუშაობდი საქართველოში, ახლობლები მყავდა აქ, ჩამოვედი და ვტაქსაობო. ჩემი ნომერი დავუწერე ფურცელზე, სახელი და გვარი მივაწერე და მივაწოდე: თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე-მეთქი. რომ ჩართო მანქანაში შუქი და დახედა სახელს და გვარს, კინაღამ გაგიჟდა (იცინის). გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ჩამეხუტა. ბევრი ვისაუბრეთ და ბევრი საერთო ნაცნობიც გამოგვიჩნდა. აქ ჩამოსულ ქართველს თუ რამე დასჭირდა, როგორც შემიძლია, ყველას ვეხმარები.

– ვლად, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?

– ცხოვრებაში, ყველაზე მეტად სიყვარულში გამიმართლა. ილონა არის ადამიანი, რომელიც კედელივით მიდგას გვერდით, არაჩვეულებრივი მეუღლეა. ერთად ბევრი რამ გადავლახეთ და ის ჩემი საყრდენი კედელია.

– შენი ამერიკული ოცნება უკვე ახდა, თუ ოცნებების ახდენა ჯერ წინაა?

– რომ ჩამოვედი, ოცნებად მქონდა, სახლი თუ არა ბინა მაინც ვიყიდო-მეთქი და ვიყიდე. საამაყო შვილები უნდა გავზარდო-მეთქი და მგონი, ეს ოცნებაც მიხდება, კარგად სწავლობენ და წინ-წინ მიიწევენ. მეუღლე გვერდით მიდგას და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, მოდიხარ სახლში და საყვარელი ადამიანები გხვდებიან. ეს ამერიკული ოცნება კი არა, ნებისმიერი ქვეყნის მცხოვრები ადამიანის ოცნებაა.