როგორი ურთიერთობა აქვს მარიამ გოგოლაძეს გიორგი ბარბაქაძესთან და რა შეცვალა პოპულარობამ მის ცხოვრებაში
მარიამ გოგოლაძე სერიალ „ჩცდ-ში“ არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ მისი პერსონაჟი უკვე სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირია. მისი და ჯეკოს ურთიერთობა და მათ თავს განვითარებული მოვლენები, ალბათ, მთელმა საქართველომ განიცადა და ბუნებრივია, რომ მარიამის მიმართ ყურადღება ძალიან გაიზარდა.
მარიამ გოგოლაძე: სერიალში ქასთინგის მეშვეობით მოვხვდი. ქასთინგზე მისვლა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ შემომთავაზა, ვიდეო გადავიღეთ და როლზე დამამტკიცეს.
– იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიით მსახიობი არ ხარ, ელოდი დამტკიცებას?
– პროფესიით მსახიობი არ ვარ, მაგრამ პატარა გამოცდილება მანამდეც მქონდა. გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ, უფრო ველოდი, რომ დამამტკიცებდნენ.
– როგორ აღმოგაჩინეს?
– რამდენიმე რეკლამაში მივიღე მონაწილეობა, შარშან ებრაელების ფილმშიც ვითამაშე და მსახიობების ბაზაში ვიყავი. სავარაუდოდ, იქ მნახეს და ამიტომაც დამიძახეს ქასთინგზე.
– გადაღებებს როგორ აუღე ალღო?
– სანამ გადაღებაზე მივიდოდი, ძალიან ვნერვიულობდი, ზუსტად იმიტომ, რომ ვიცოდი, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებდი. ამ სერიალს საქართველოში, ალბათ, ყველა უყურებს, თან, ძალიან ბევრი წელია, ასე გრძელდება და ამიტომაც ვნერვიულობდი. უშუალოდ გადასაღებ მოედანზე არსებული გარემო რომ ვნახე, დავმშვიდდი. იქ ყველა ძალიან მეგობრული დამხვდა და ამიტომაც მომეშვა. მგონია, რომ თავისუფლად შევძელი ადაპტირება, მართლა არ გამჭირვებია.
– ჯეკოს როლის შემსრულებელს, გიორგი ბარბაქაძეს როგორ შეეწყვე, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
– თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ძალიან ლაღი და თავისუფალი ადამიანია, მასთან კომუნიკაცია მარტივია. როცა ერთად გვქონდა გადაღებები ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. რომ ვუყურებდი, რამდენად თავისუფლად თამაშობდა, რაც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ უკვე ბევრი წელია, ამ საქმეს აკეთებს, მეც გადმომედო მისი განწყობა და ეს ძალიან დამეხმარა. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. სერიალიც მიღმაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ.
– თავიდან ფიქრობდი, რომ შენი როლი ასეთი წარმატებული იქნებოდა?
– სცენარი რომ წავიკითხე, გავიაზრე, რომ ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანის როლი უნდა მომერგო. გადაღებების დროს სულ სხვა თვალით უნდა შემეხედა სამყაროსთვის, რაც ძალიან გამიხარდა, სასიამოვნოა ასეთი გამოწვევა. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა, თუ ეს პერსონაჟი ამხელა წარმატებას მიაღწევდა და ასეთ სიყვარულს დაიმსახურებდა მაყურებელში. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა და მომავალშიც თუ ასე გაგრძელდება, გამიხარდება.
– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება სერიალში გამოჩენის შემდეგ?
– ალბათ, ყველაფერი პოზიტიურობისკენ შეიცვალა. პოპულარობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. გულწრფელად ვამბობ, უარყოფითი არავისგან არაფერი გამიგია. არც კომენტარებში წამიკითხავს რამე არასასიამოვნო. ჩემი პერსონაჟის გამოჩენიდან მოყოლებული დღემდე ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებ. ქუჩაში. ხალხი თბილად მიღიმის. სიმართლე გითხრათ, ასეთ პოზიტივს არ ველოდი და ძალიან მიხარია.
– მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ფიქრობდი?
– კი, მთელი ბავშვობა ვამბობდი, რომ მსახიობობა მინდოდა. ძალიან მომწონდა კამერის წინ თამაში, მაგრამ როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, სხვაგან ჩავაბარე. ალბათ, იმ სიტუაციის გამო, რომელიც ამ სფეროშია საქართველოში. ეს არასტაბილურ პროფესიად მიმაჩნდა და გადავწყვიტე, სხვა მიმართულებით წავსულიყავი. თუმცა, ეს ოცნება ჩაუბარებლადაც ამიხდა.
– ახლა რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?
– მართლა ძალიან მომწონს ეს სფერო. ბავშვობის ოცნება რომ ამიხდა, ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა, ჯერჯერობით მაინც არ ვიცი, ბოლომდე ამ საქმეს გავყვები თუ არა. ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ ეს საქმე ჩემი უსაყვარლესი ჰობია.
– რას ფიქრობ საკუთარ პერსონაჟზე, რა მოგწონს და რა არა მასში?
– ჩემს პერსონაჟს ძალიან რთული ცხოვრება აქვს. ყოველდღე ბევრ ყოფით პრობლემაზე უწევს ფიქრი და ზრუნვა. ჩემი აზრით, პატარაა იმ პრობლემებისა და იმ საზრუნავისთვის, რომელიც აქვს. თუმცა, თან ძალიან ძლიერი გოგოა. მიუხედავად იმისა, რომ რთული ცხოვრება აქვს, არ დაკომპლექსებულა. ცდილობს, მაინც ლაღი იყოს. კეთილია, რთულ რეალობას არ გაუბოროტებია, რაც ძალიან მომწონს. არ მომწონს ის, რომ დედას ყველაფერზე თავს უხრის. რა თქმა უნდა, დედას უნდა დაეხმაროს, მაგრამ ზედმეტად დამთმობი ჩანს.
– თვითონ როგორი გოგო ხარ, რამით ჰგავხარ მას?
– ალბათ, ვგავარ იმით, რომ სირთულეები მეც არ მაშინებს. ამაში ვპოულობ საერთოს, თუმცა, მაინც რადიკალურად განვსხვავდები მისგან. ჩემი პერსონაჟი მორიდებული, მორცხვი გოგოა. მე უფრო თამამი ვარ. გარდა ამისა, მე საერთოდ სხვა რეალობაში გავიზარდე.
– რამდენად მოგწონს საკუთარი თავი ეკრანზე?
– ძალიან ბევრი მსახიობისგან გამიგია, რომ ეკრანზე საკუთარ თავს ვერ უყურებს. ამის არ მესმის. მე შეიძლება, ერთ მომენტს რამდენჯერმე ვუყურო იმის დასაფიქსირებლად, თუ რა გავაკეთე სწორად და რა მაქვს გამოსასწორებელი. გულწრფელად რომ გითხრათ, მომწონს, როცა ჩემს თავს ეკრანზე ვუყურებ, მაგრამ ყოფილა მომენტი, როცა მითქვამს, რომ რაღაცის გაკეთება უკეთესადაც შეიძლებოდა. ხშირად მომისმენია, იქ იმდენად სხვანაირი ხარ, ვერ აღვიქვამთ, რომ შენ ხარო და ეს ძალიან მიხარია, ესე იგი, გამომდის ჩანაფიქრის განხორციელება.
– სინამდვილეში ვინ ხარ პროფესიით?
– სოციალური მეცნიერებები მაქვს დამთავრებული. მსახიობობისგან ძალიან შორსაა, მაგრამ რომ ვაბარებდი, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მესწავლა. ძალიან პატარა, 17 წლის ვიყავი და ამიტომ ზოგადი ფაკულტეტით შემოვიფარგლე. სწავლა წელს დავამთავრე, თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მიმართულებით წასვლას არ ვაპირებ. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ვცდილობდი, პრაქტიკა მიმეღო, სტაჟირება გამევლო, მაგრამ საერთოდ სხვა მიმართულებით, ეს მიმართულება იყო მარკეტინგი და დიზაინი. მინდა, მომავალში ჩემი საქმე მქონდეს, ბიზნესის წამოწყებას ვგეგმავ. ამ ეტაპზე ვცდილობ, საჭირო თეორია შევისწავლო და შემდეგ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამ.
– ბავშვობა როგორ გახსენდება?
– ჩემი მშობლები იხსენებენ ხოლმე, რომ კარგი ბავშვი ვიყავი. საკმაოდ აქტიური, თუმცა, არა ზედმეტად. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა სცენაზე დგომა, სიმღერა, სპექტაკლების დადგმა თავისი კოსტიუმებითა და სცენარებით. ოჯახის წერვებს ვაიძულებდი, ჩემთვის მოესმინათ (იცინის). დავდიოდი ყველანაირ ცეკვაზე, სიმღერაზე, ხატვაზე და ასე შემდეგ.
– როგორი ტემპით ცხოვრობ, რა ინტერესები გაქვს?
– ვვარჯიშობ, ყოველ მეორე დღეს დავდივარ დარბაზში და ეს ჩემთვის, სასარგებლოსთან ერთად, დიდი სიამოვნებაა. როგორც გითხარით, დამოუკიდებლად ვსწავლობ მარკეტინგისა და ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით. ძალიან მსიამოვნებს ხატვა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვხატავ. ძალიან მიყვარს ჩოგბურთი, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ჰობია. რეალურად საკმაოდ მხიარული და აქტიური ვარ, თუმცა მგონია, რომ ზედმეტიც არ მომდის.
– სერიალში სიყვარულის ხაზია აქტუალური. რა ხდება ამ მხრივ რეალურად?
– არაფერი, შეყვარებული არ ვარ. სხვათა შორის, არც მინდა, რომ ვიყო. ახლა სხვა საქმეები უფრო მნიშვნელოვანი მგონია.
– როგორი ადამიანები მოგწონს?
– ხასიათით ჩემნაირი ბიჭები მომწონს. არ მომწონს, როცა ძალიან სერიოზულები არიან, გართობაც კი არ შეუძლიათ და სულ მოჭიმული სახეებით სხედან. მიყვარს ლაღი და მხიარული ბიჭები, რომლებიც სიტუაციის შესაბამისად იქცევიან. თუ ვიზუალზე ვისაუბრებთ, ძალიან მომწონს შავგვრემანი ბიჭები, ქერები – არა. ჩემთვის შავგვრემანი ბიჭები უფრო ეშხიანები არიან. დომინანტური ხასიათის ბიჭები მომწონს და მგონია, რომ შავგვრემნები უფრო ასეთები არიან. შეიძლება, სისულელეა გარეგნობასთან თვისებების დაკავშირება, მაგრამ მე ასე ვფიქრობ (იცინის).