“წელს ჩემს დაბადების დღეზე გავიაზრე რისთვის დავიბადე”

მომღერალმა ნინო ბაშარულმა ცოტა ხნის წინ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეაბილიტაციაც წარმატებით გადალახა და საქართველოში ახალი და საინტერესო გეგმებით დაბრუნდა.

ნინო ბაშარული: თურმე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხელახლა დაბადებას. ჩემში მნიშვნელოვანი გარდასახვა მოხდა. ოპერაციის შემდეგ ბევრი რამ სხვა თვალით დავინახე. დღეს კი, ჩემს დაბადების დღეზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა – გავაცნობირე რატომ დავიბადე, რა არის ჩემი ცხოვრების მთავარი დანიშნულება. თურმე, ამის გასააზრებლად ადამიანმა ძალიან ბევრი განსაცდელი უნდა გამოიარო. იშვიათად, რომ ვინმე ამაში მარტივად გაერკვეს. მე 44 წლის ასაკში გავიგე, რომ თანდაყოლილი ფილტვის მანკი მქონდა. მანამდე ძალიან ვწვალობდი, ვიტანჯებოდი ფილტვების ანთებებით. ეს არ იყო შემთხვევითი. ალბათ, უნდა გამევლო ეს გზა, უნდა მემუშავა იმისთვის, რომ ძლიერი ვყოფილიყავი და ჩემი მთავარი დანიშნულება გამეცნობიერებინა. აკვიატებული სურვილები ბავშვობიდან ყველას გვაქვს, მაგრამ ის ხშირად იცვლება, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა სულმა ჯერ ზუსტად არ იცის მისი მთავარი დანიშნულება. მე ეს ამ წელს, ჩემს დაბადების დღეს გავიაზრე. ახლა ნამდვილად ვიცი, რისთვის დავიბადე და რა უნდა ვაკეთო.

– და რა არის ეს?

– პირველ რიგში, კარგი დედა უნდა ვიყო. ჩვენი შვილები ჩვენგან გატყორცნილ საოცარ ენერგიას წარმოადგენენ, რომელსაც გზა უნდა მივცეთ, ვასწავლოთ, როგორ გახდნენ დიდი პიროვნებები და თავიანთი ცხოვრების შემოქმედები. ამის შემდეგ კი აუცილებლად უნდა შევქმნა საკუთარი მუსიკა. როდესაც მომღერალი სხვების ათასჯერ გადამღერებულ სიმღერებს მღერის, ალბათ, თვითონაც არასრულფასოვნების შეგრძნება აქვს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად საკუთარი უნდა შევქმნათ და ყველამ ჩვენი სამღერი უნდა ვიმღეროთ. მე ყოველთვის ჩემს სიმღერებს ვმღეროდი, მაგრამ ახლა ჩემი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სტილისა და ჟანრის მუსიკას უნდა ვემსახურო, კიდევ უფრო ნათელი გახდა ჩემთვის. უკვე ისიც ზუსტად ვიცი, რა ელემენტები უნდა შევიტანო მასში, რომ ჩემი მუსიკა ხალხისთვის საზრდო იყოს. როცა უამრავი მსმენელი გყავს, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია და სამყაროსგან დავალებული ხარ, ადამიანებისთვის სულიერი საკვები უნდა შექმნა. ხელოვანთა დანიშნულება, პირველ რიგში, ეს არის. იყო ხელოვანი – ეს ლამაზი და სევდიანი დაღია, რომელიც სამუდამოდ გემჩნევა – შენ უნდა ემსახურო სამყაროს და ადამიანებს.

– რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემას. როგორც თქვით, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა ბავშვობიდან გქონდათ. ეს დაავადება ახლა როგორ აღმოაჩინეთ?

– ეს იყო თანდაყოლილი დაავადება, რომლის არსებობის შესახებაც 44 წლამდე არაფერი ვიცოდი. მით უმეტეს, არ ვიცოდი თუ მე ეს პრობლემა მქონდა. წლის განმავლობაში 6-8-ჯერ მიხდებოდა ფილტვების ანთების გადატანა. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს პნევმონიით გადაიწვას ადამიანი და სხვა სამყაროში გადავიდეს. მე ვფიქრობ, რომ სიმღერამ გადამარჩინა. მეგობრებიც მეთანხმებიან და მეხუმრებიან კიდეც, რომ არ გემღერა, ალბათ, გადაგვეწვებოდიო (იცინის). სიმღერის დროს ფილტვები აქტიურად მუშაობს, სწორად სუნთქავ და ეს ორგანო თავის ფუნქციას აქტიურად ასრულებს. ფაქტობრივად, ჩემს ფილტვებს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი და ალბათ, ამიტომაც მოვედი 44 წლამდე. თან, მე მხოლოდ სცენაზე კი არა, აბსოლუტურად ყველგან ვმღეროდი. ამიტომ თამამად ვამბობ, რომ სიმღერამ გადამარჩინა.

– 44 წლის განმავლობაში, თან წელიწადში 8-ჯერ ფილტვების ანთება თუ გქონდათ, რაც ექიმის გარეშე ვერ ჩაივლიდა, როგორ მოხდა, რომ ეს პრობლემა აქამდე ვერ აღმოაჩინეს?

– მე, ფაქტობრივად, „არამიანცში“, პულმონოლოგთან ვცხოვრობდი. ანთებების დროს ის მიკეთებდა საჭირო კვლევებს, მაგრამ ეჭვი არასდროს გასჩენიათ, რომ მე ასეთი დაავადება მქონდა. საქმე ისაა, რომ ეს დაავადება უიშვიათესია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის პრაქტიკა არ ჰქონდათ და ამიტომ ვერ ამოიცნეს. ალბათ, სპეციალისტიც არ მხვდებოდა შესაბამისი ცოდნის და არც ტექნოლოგია გვაქვს სათანადო. სრულიად შემთხვევით მომიწია ამერიკულ ჰოსპიტალში მისვლა და ძალიან გამიმართლა. ჩემდა ბედად, იქ აღმოჩნდა უჭკვიანესი აკადემიკოსი ირაკლი ავაზაშვილი, რომელმაც უყურა, უყურა ჩემს რენტგენის სურათს და მითხრა, რომ რაღაც ეჭვი ჰქონდა და კატე უნდა გადამეღო. ეს საბედისწერო მომენტი იყო. ასე გავიგე ჩემი დაავადების შესახებ. გავიგე ისიც, თუ რატომ მქონდა წელიწადში ექვსჯერ თუ რვაჯერ ფილტვების ანთება. თურქეთში მომიწია წასვლა და ოპერაციის გაკეთება. ოპერაცია ფანტასტიკურ კლინიკაში ფანტასტიკურმა ქირურგმა გამიკეთა. რეაბილიტაციაც ძალიან კარგად გავიარე. რეაბილიტაცია ოპერაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სრულიად უსაფრთხოდ უნდა იყო, ინფექცია არ უნდა განვითარდეს, ექთნების მუდმივი ყურადღებაა საჭირო და ფაქტობრივად, ანგელოზებივით დამტრიალებდნენ თავს. ტექნოლოგიებიც ძალიან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, არაჩვეულებრივი პროფესიონალები ჰყავთ და სრულიად განკურნებული და გაჯანსაღებული ჩამოვედი. ახლა ველოდები, როდის გაიზრდება ფილტვი. ის ნაწილი, რომელიც ორგანიზმს აზიანებდა, ამოჭრეს და ფაქტობრივად, ნახევარი ფილტვი დამრჩა, რომელსაც გაზრდისთვის ნახევრიდან ერთ წლამდე სჭირდება.

– ემოციურად როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს?

– ნარკოზის შემდეგ დეპრესიული მდგომარეობა ან ნერვიული გართულებები არ მქონია. ვკონცერტრირდი არა ჩემს მდგომარეობაზე, არამედ იმ ქვეყნის კულტურაზე და არაჩვეულებრივ გარემოზე, რომელშიც ვიყავი. საბედნიეროდ, შევძელი პოზიტიური აქცენტები გამეკეთებინა. როდესაც ექიმმა მითხრა, ბევრი უნდა ისეირნოო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თითქოს კარიბჭე გაიხსნა ჩემ წინ, ერთი სული მქონდა სტამბოლი დამეთვალიერებინა. მინდოდა, ამაზე გადამეტანა მთელი ყურადღება და ტკივილები დამევიწყებინა.

– საერთოდ, როცა ჯანმრთელობის პრობლემებს ეხება საქმე, ემოციური ხართ?

– საერთოდ, საოცრად ამტანი ვარ. მე თვითონაც არ მეგონა, თუ ასეთი ვიყავი, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ისეთი ტკივილის ატანაც კი შემიძლია, მამაკაცსაც რომ გაუჭირდება. ტკივილის მიმართ ძალიან მდგრადი ფსიქიკა მაქვს. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან მოყოლებული არაერთ უსიამოვნო მომენტს გავუმკლავდი, დღეს საკმაოდ გამძლე ვარ. ემოციურობა ჩემგან შორსაა. მოვლენები ძალიან ჯანსაღად აღვიქვი. მდგომარეობაც შესაბამისად შევაფასე – ვერ დაველოდებოდი, სანამ, ეს პრობლემა მთელ ფილტვს არ მოიცავდა და მოქმედებაზე დროულად გადავედი.

ასევე იხილეთ