რატომ გადაწყვიტა მანანა მაისურაძემ სამაჩაბლოში გადატანილ ტკივილზე ხმამაღლა საუბარი და რა ტანჯვა გამოიარა მან მძევლად აყვანის შემდეგ

223

მანანა მაისურაძის შესახებ ალბათ, ბევრმა იცის. მან ორჯერ შეძლო ინტელექტუალურ შოუში საკუთარი განათლებისა და გონიერების გამოვლენა– პირველად, ოცი წლის წინ, „ვის უნდა ოცი ათასის“ გამარჯვებული გახდა, მეორედ კი – ცოტა ხნის წინ, „უპასუხე საქართველოს“ ტრიუმფატორად მოგვევლინა.

მისი ცხოვრება მხოლოდ ამ მიზეზით არ არის საინტერესო. ქალბატონი მანანა სამაჩაბლოდანაა, მან საკუთარ თავზე გამოსცადა ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმტკივნეულესი პერიოდი.

– ქალბატონო მანანა, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე გამოსცადეთ 30 წლის წინანდელი უმძიმესი მოვლენები. როგორ დაიწყო ყველაფერი?

– როგორ დაიწყო ყველაფერი? ეს ერთბაშად არ დაწყებულა. დიდი ხანი ემზადებოდნენ ამისთვის. საბჭოთა პროპაგანდა გამალებული მუშაობდა არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველგან. ფერღანის ამბებმა ძალიან შემაშფოთა, ინტუიციით მივხვდი, რომ მალე ჩვენც მოგვადგებოდა კარს. იმას ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ვინმე ჩვენი ძირძველი მიწიდან გამოგვყრიდა. სხვათა შორის, დიდი წინააღმდეგი ვიყავი და ვარ ეთნიკური დაპირისპირებისა. იქ ერთად უნდა გვეცხოვრა ჩვენც და ოსებსაც. მით უმეტეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი იყო და ახლაც არის. ოსები ქართულ სკოლაში სწავლობდნენ და პირიქით. ყველა ოსმა იცოდა ქართული ენა და ქართველების დიდმა ნაწილმა – ოსური.

– რისი გამოვლა მოგიხდათ იმ დღეების განმავლობაში, რომელიც ტყვეობაში გაატარეთ?

– შეიარაღებული ოსები ღამე მოდიოდნენ ხოლმე სოფელში. რომ დავინახავდით, ზემოდან მანქანა მოდიოდა, სახლის სარდაფში ან ტყეში ვიმალებოდით. ნელ-ნელა ძალიან დაიძაბა ურთიერთობა და სოფლიდან ბავშვები გავიყვანეთ. ღამეს მომზადებული ვხვდებოდით, თბილად ჩაცმულები ველოდით, როდის გამოჩნდებოდნენ, რომ დავმალულიყავით. ერთხელ ძალიან მოულოდნელად დაგვესხნენ თავს. მეზობლის სახლთან ვიდექი და მის სარდაფში შევვარდი. ტომრები გადავიფარე, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად ვერ დავიმალე. ვიღაც შემოვიდა და მითხრა, გამოდიო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მძევლები სოფლის გარეთ, ფერმაში, მოგვაგროვეს. სულ ბიჭები ჰყავდათ და მე რომ დამინახეს, ჩურჩული ატყდა – „ქალი, ქალი“. მძევალი ქალი მხოლოდ მე ვიყავი. მე იმიტომ ვუნდოდით, რომ მასწავლებელი ვიყავი, ყველა მიცნობდა და ფიქრობდნენ, რომ ადვილად გადამცვლიდნენ. ერთმა მეორეს უთხრა, აქვე შევყაროთ ფერმაში, ცეცხლი მოვუკიდოთ და ყველანი დავწვათო. ოსური კარგად არ ვიცი, მაგრამ ეს გავიგე და სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, გულზე მომეშვა, რადგან ზნაურის შტაბში წაყვანას ყველაფერი მერჩივნა. მერე ერთმა თქვა: მორჩა თქვენი ბაირამობა, ახლა ჩვენი დრო დადგაო და დამიზნებით მესროლა თოფი, მაგრამ ბოლო წამს ვიღაცამ ხელი აუკრა. ორმა ავტომატიანმა წამიყვანა. ჩაგვიყვანეს ზნაურში, შტაბში. ოთახი ბოევიკებით იყო სავსე. მე დავჯექი, ბიჭები დააყენეს და სცემდნენ. ეს რომ დაასრულეს, დაიძახეს, აბა, ახლა ქალიო. ერთ-ერთმა პატარა ოთახში შემიყვანა და მითხრა, ახლა მკერდს მოგაჭრიო. ეს თავზარდამცემი იყო ჩემთვის. ვეხვეწებოდი, პირდაპირ მომკალით-მეთქი. არა, ასე უნდა გავაკეთოო. ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეში – ასანთი. ასანთს ანთებდა, თვალებში მიყურებდა და მეკითხებოდა, გეშინიაო? კი-მეთქი, – ვპასუხობდი. ასანთი დაცალა და დერეფანში გამომიყვანა. იქ ქირურგი დავინახე და დავიჯერე, რომ მართლა მომკვეთდნენ მკერდს. ერთ-ერთი ჩვენიანი დაბლა ჰყავდათ ჩაყვანილი და ეუბნებოდნენ, გაიქეცი, გაიქეციო. არ გარბოდა. ცოტა ხანში ამოიყვანეს. მე ვთხოვე, ჩამიყვანეთ, მე გავიქცევი, მესროლეთ და ამით ყველაფერი დამთავრდება-მეთქი. მერე მითხრეს, არა, ჩვენ ქალებს არ ვხოცავთო. არადა, ეს ის მომენტია, როცა სიკვდილს ნატრობ. მერე „ბრიტვა“ ვიპოვე და ამის შემდეგ დავწყნარდი. თუ ცხინვალში ბოევიკებს გადამცემდნენ, რამეს მოვახერხებ-მეთქი, – თავს ვიმშვიდებდი. ეს იყო საშინელი განცდა. იმდენად საშინელი, რომ მეგონა, რეალურად არ ხდებოდა და სიზმარში ვიყავი: აი, გავახელ თვალებს და ყველაფერი გაქრება-მეთქი. მღელვარებისგან პირი გამიშრა და თოვლს ვჭამდი. თავზარდაცემული ვიყავი: არ ვიცოდი, რა მელოდა. ამიტომ გადავწყვიტე, მანქანიდან გადავმხტარიყავი და თავი მომეკლა. დამამცირებელი იყო, რომ მეუბნებოდნენ, ეს შენი მიწა არ არისო და რომ ნებისმიერს შეეძლო შეურაცხყოფის მოყენება. ტყვეთა გადაცვლის დროს ოთხკილომეტრიანი ნეიტრალური მანძილი უნდა გაგვევლო. ორნი მივდიოდით. უკნიდან ტყვიამფრქვევიდან დაიწყეს სროლა.

დამიზნებით არ გვესროდნენ, მაგრამ მთელი გზა ტყვიების ზუზუნში გავიარეთ. ყოველ წამს სიკვდილს ველოდით. ვერც დავიმალებოდით, რადგან ირგვლივ მხოლოდ თოვლიანი მინდორი იყო.

– როგორ დააღწიეთ თავი?

– გვეგონა, ხელისუფლება რამე ღონეს იხმარდა და გამოგვიხსნიდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით გაგვათავისუფლეს ტყვეთა გადაცვლით.

– როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურად?

– ჩემს ძალებს აღემატებოდა. მეშინოდა გარეთ გამოსვლის, ადამიანების დანახვის. მძიმედ განვიცდიდი სამხიდიანი მანქანის დანახვას, რადგან სწორედ ასეთი მანქანით გადაგვიყვანეს შტაბში, ვერ ვიტანდი იარაღიანი ადამიანების დანახვას. წლები დამჭირდა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი. საოცარია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტანდი, ვინმე რომ თანაგრძნობას გამოხატავდა და მეუბნებოდა, ეს რა დაგემართაო. მინდოდა, ჩქარა დამევიწყებინა ყველაფერი.

– ფიზიკურად გადარჩით, თუმცა, ყველაფერი დაკარგეთ. როგორ დაიწყეთ ცხოვრება ნულიდან, როგორ შექმენით არსებობისთვის საჭირო რესურსები?

– 1991 წლის სექტემბერში სახლიც დაგვიწვეს და დავრჩით ღვთის ანაბარად. სახელმწიფოს ჩვენთვის არაფერი შემოუთავაზებია. ჩვენ ვპატრონობდით საკუთარ თავს. კრუხი რომ მოკვდება და წიწილები დაიფანტებიან, ეგრე ვიყავით ყველანი. მადლობა, რომ ნათესავმა, გოგია მინაძემ, თავისი სახლი დაგვითმო აგარაში. აგარაში იმიტომ შევჩერდით, რომ გვეგონა, ორ თვეში დავბრუნდებოდით უკან. მაგრამ ეს ორი თვე უკვე 33 წლად გადაიქცა. მაშინ მშენებლობა მიმდინარეობდა მიწისძვრით დანგრეულ საჩხერის რაიონში და ჩემი მეუღლე იქ წავიდა სამუშაოდ. მე რამდენიმე მოსწავლე მყავდა, ქართულში ვამზადებდი. ხან ვქარგავდი და ვკერავდი. გაჭირვებით გაგვქონდა თავი ისე, როგორც ყველას იმ ავბედით წლებში.

– როგორც ვიცი, ამ თემაზე აქამდე ახლობლებთანაც კი არ საუბრობდით. რამ შეგაცვლევინათ აზრი?

– ერთ მშვენიერ ღამეს ძალიან ცუდად გავხდი. ვიფიქრე, ჩემი დრო მოვიდა და უნდა გავემგზავრო-მეთქი. რატომღაც გადაიდო ეს გამგზავრება და მაშინ რაღაც-რაღაცები გადავაფასე. ვიფიქრე, აი, ადრე თუ გვიან, წავალ და არავის ეცოდინება, რა გადავიტანე იქ. ამიტომ დილით დავჯექი და ყველაფერი დავწერე. მეგონა, ჭრილობები უკვე მოშუშებული იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ასეთი ჭრილობები არ ხორცდება.

– „ვის უნდა 20 000“ – პროექტი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა. გჯეროდათ გამარჯვების?

– არ ვარ ისეთი ადამიანი, ბრმად რომ წავიდე სადმე. თამაშს ვადევნებდი თვალყურს და ვხედავდი, რომ მონაწილეობის მიღება შემეძლო. ბედმაც გამიღიმა და გამომიძახეს. არ მეგონა, ათეულიდან გასვლა თუ ასე რთული იქნებოდა. იმედი მქონდა, რომ ათას ლარს მაინც მოვიგებდი, მაგრამ იქ რომ დავჯექი, ფულზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი. ბუნებრივია, ვერც კი წარმოვიდგენდი, ოცი ათასს თუ მოვიგებდი.

– რა ცვლილებები მოჰყვა ამ გამარჯვებას თქვენთვის?

– ერთია ფულის შოვნა და მეორე – მისი სწორად გამოყენება. ეს უკანასკნელი პირველზე უფრო რთულია. იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. ბიზნესისა არც მე გამეგებოდა არაფერი და არც ჩემს მეუღლეს. ქვეყანა არეულ-დარეული იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, თბილისში ბინა გვეყიდა და შევძელით. ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგით. იცით, როგორ ვგრძნობდი თავს? ღრმა ორმოში ჩავარდნილ ადამიანს რომ სამზეოზე ამოიყვანენ და ფრენის საშუალებას მისცემენ.

– 20 წლის შემდეგ კიდევ ერთ პროექტში – „უპასუხე საქართველოს“ – დაამტკიცეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ამჯერად, 24 000 ლარი მოიგეთ. ეს რა გრძნობაა?

– ამის შემდეგ გავიდა თითქმის 20 წელი და ისევ მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო შოუში – „უპასუხე საქართველოს“. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა უფრო მეშინოდა, ვიდრე ოცი წლის წინ. რაღაც ვალდებულებას ვგრძნობდი ხალხის წინაშე – ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ აუცილებლად უნდა გამემარჯვა. არადა, როგორ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი იცოდეს? რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გავიარე. ეს იყო ერთგვარი საჩვენებელი გამოსვლა. რომ დამირეკეს, თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ ვიცოდი, რომ მაინც წავიდოდი. რომ არ წავსულიყავი, უფრო ვინანებდი. თან, არაჩვეულებრივი მეწყვილე მყავდა – ბადრი დრეიძე. ისიც ჩემსავით წიგნებში იყო თავჩარგული. შესანიშნავი ტანდემი შედგა და გამარჯვებამაც არ დააყოვნა.

– არ ვიცი, კიდევ არსებობს თუ არა ადამიანი ორი ასეთი გამარჯვებით. ამას როგორ ახერხებთ?

– მივიჩნევ, რომ ამ ორი გამარჯვებით ჩემს თავს რაღაც საოცრება მოხდა. რა გითხრათ? ხომ ხდება სასწაულები? მაგრამ მე ხომ ვიცი, რა შრომა იყო ჩადებული ამ გამარჯვებების მიღმა. თუ რამეს წავიკითხავდი, აუცილებლად ვიწერდი იქიდან მოწონებულ ადგილებს და ხშირად ვკითხულობდი. აბსოლუტურად ყველაფერი მაინტერესებდა. ერთნაირი ინტერესით ვკითხულობდი, როგორც ხილის დაკონსერვების ტექნოლოგიას, ასევე „სამ მუშკეტერს“. მაინტერესებდა გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება და ვკითხულობდი მათ ბიოგრაფიებს. ტელევიზიით თვალს ვადევნებდი ნებისმიერ ინტელექტუალურ გადაცემას. მაგალითად, „რა? სად? როდის?”. საინტერესო გადაცემა ჰქონდა იარმოლნიკს საკავშირო ტელევიზიაში – მოგებული 5 კილო ოქროს იღებდა ჯილდოდ. ახლაც რვეულში ვინიშნავ საინტერესო ფაქტებს.

– როგორ ცხოვრობთ დღეს, რით ხართ დაკავებული?

– მეუღლე 2003 წელს გარდაიცვალა და ახლა მარტო ვცხოვრობ. ვკითხულობ წიგნებს, ვავსებ კროსვორდებს. „ფეისბუქის“ ჩემს გვერდზე ხშირად ვაქვეყნებ სააზროვნო კითხვებს, ვაწყობ ვიქტორინებს, მაქვს საკუთარი ეზო და პატარა ნაკვეთი, რომელზეც მომყავს ბოსტნეული, მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება. მაგალითად, ხილისგან სხვადასხვა საწებლების მომზადება. მიყვარს ცომთან მუშაობა. მე და ჩემმა შვილმა გადავწყვიტეთ, საერთო საქმე წამოგვეწყო და ხელნაკეთი სათამაშოების კეთება დავიწყეთ. დავდივარ მუზეუმებში, სხვადასხვა გამოფენაზე. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული ცხოვრება მაქვს.