“როდესაც მამა გარდაიცვალა, თეატრში ვრჩებოდი, რადგან არ მინდოდა, სახლში სიცარიელე მეგრძნო”

395

“რაღაც პერიოდი ვაგზალზე მეძინა. მერიდებოდა, რომ მეთქვა ჯგუფელებისთვის. აუდიტორიაში ვრჩებოდი ხოლმე. როდესაც ყველა წავიდოდა, მაშინ ავდიოდი. სულ ვამბობდი ხოლმე, მშიერი არ ვიყავი და სცენაზე გადავვარდი ერთხელ.

ჩემი ბავშვობა დასრულდა, როდესაც მამა გარდაიცვალა. თეატრში ვრჩებოდი, რადგან არ მინდოდა, სახლში სიცარიელე მეგრძნო. ქირა არასდროს გადამიხდია. თოვლის ბაბუად ვმუშაობდი ხოლმე და ამდენი წვალების შემდეგ ,”რუსთაველის თეატრში” მოხვედრა ჩემთვის სამოთხეში მოხვედრის ტოლფასი იყო”, – ამბობდა მსახიობი პაატა გულიაშვილი “კურიერი Ps”-ის ეთრში. 

“არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს – ნინო ტარიელაშვილი. ორი შვილი გვყავს, გუგა და ნიკუშა. გუგა მორაგბეა, დიდი დიღმის გუნდში, “ლელოში” თამაშობს. ნიკოლოზი “დინამოს” საფებურთო აკადემიის წევრია. იმედი მაქვს, რომ ჩემს გზას არ გაჰყვებიან და ისე არ იწვალებენ და ინერვიულებენ, როგორც მე. ჯერჯერობით მიჯერებენ, მოსწონთ ჩემი შემოქმედება და ამაყობენ. ბიჭებს უკვე ჩამოუყალიბდათ გემოვნება. რაღაცაზე იჯღანებიან და მათ აზრს ვითვალისწინებ, რადგან ახალგაზრდების გემოვნებას თუ ჩამორჩი, წინ ვერ წახვალ.

ჩემი მეუღლე გერმანული ენის სპეციალისტია, მაგრამ თავისი პროფესიით ვერ მუშაობს. ყოველთვის ბავშვების მოვლაში იყო ჩართული. ახლა სურვილი აქვს, იმუშაოს და იმედია, საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენს.

მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ჩვენს პატარა, თბილ ოჯახს ისე ვუვლით, როგორც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, კრიზისი ყოფილა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი და ის ყველაფერი შევქმენით, რაც ჩვენ გარშემოა. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ერთმანეთის გაფრთხილება და პატივისცემაა მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გადალახო, ოღონდ მასთან ერთად. მარტო ვერაფერს იზამ”, – ამბობდა პაატა გულიაშვილი. 

პაატა გულიაშვილი მამამ, თელავის თეატრის მსახიობმა, ავთო გულიაშვილმა, აზიარა ხელოვნებას, თეატრალურ ცხოვრებას. ბავშვობიდან მოხვდა სცენის ჯადოსნურ სამყაროში და იქიდან წამოსვლაზე აღარც უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პროფესიით ოჯახის რჩენა უჭირდა, არასოდეს უნანია, რომ სწორედ ამ გზით წავიდა. ცოლის, ნინო ტარიელაშვილის, გვერდზე დგომით, მისი მხარდაჭერით, სირთულეები უკან მოიტოვა. ახლა რუსთაველის თეატრის მსახიობია და, პარალელურად, ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს.

“მამას არ უნდოდა, რომ მსახიობობა ამერჩია. მითხრა, არ გირჩევ, რადგან ბევრჯერ გეტკინება და ამისთვის არ მემეტებიო. 24 საათი თეატრში ვიყავი და ჩემი არჩევანი ამანაც განაპირობა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის გრძნობა. არ მახსოვს, სადმე დაეგვიანოს. მეც ასე ვარ, ძალიან ადრე მივრბივარ, რომ არ დავიგვიანო. თელავში მამაჩემის სახელობის ქუჩაზე ვცხოვრობ. ვამაყობ, რომ ის იყო მამაჩემი და იმედი მაქვს, ჩემი შვილებიც ასევე იამაყებენ მამით”, – ამბობდა მსახიობი.