“დიდი სურვილი მაქვს რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო”

483

ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის ფეხმძიმობის და შვილის მოლოდინის შესახებ საუბრობს.

ფეხმძიმე მეუღლეს განსაკუთრებული სურვილები აქვს, პრეტენზიული თუ გახდა?

ზუკა ხუციშვილი:

არა, პრეტენზიული ნამდვილად არასდროს ყოფილა და არც ახლაა. ყურადღება კი ყოველთვის საჭიროა, მანამდეც და ახლაც. ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა. ურთიერთობაში ყოფნის დროს, ადამიანს, ორსულად არის თუ არა ის, მე ვფიქრობ, ყურადღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოაკლო. ჩვენ სულ ვცდილობთ, ახლაც და აქამდეც, თუ რამე დასჭირდა, ყველაფერი ჰქონდეს. ახლა, რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შედარებით რთულია, თავს ისე კარგად ვერ გრძნობს, როგორც უნდა, რომ იყოს და ყველანაირად ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია, ეს მდგომარეობა შევუმსუბუქო, რომ დისკომფორტი არ შეექმნას. რამის მოტანა იქნება, დახმარება თუ, უბრალოდ, მის გვერდით ყოფნა და ყურადღების გამოჩენა, ამას არ აქვს მნიშვნელობა – რაც სჭირდება კონკრეტულ მომენტში, იმას ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ოჯახში სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არც არაფერი უნდა იყოს.

ზამთარში რომ საზამთროს და ალუჩას ითხოვენ, ასეთი სურვილებიც არის?

უცნაურია, მაგრამ პირიქით, ნაკლებად ჭამს. თუმცა, რაღაცების მიღება არ შეიძლება და ზუსტად ის ენატრება, რისი ჭამაც ეკრძალება. საერთოდ, როგორც წესი, რასაც გიკრძალავენ ის გინდება (იცინის). თუმცა, ისეთი განსაკუთრებული, რაც არ იშოვება, არ მონდომებია. პირიქით, მე ვაძალებ ხოლმე, რომ რამე ჭამოს ან დალიოს.

მშობიარობაზე დასწრებას ხომ არ აპირებთ?

მეც დიდი სურვილი მაქვს და ჩემს მეუღლესაც, რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო. ეს რთული მომენტია და ამ დროს მამა გარეთ როგორ უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუალურია, ვისაც სურვილი აქვს და შეუძლია, მეუღლის გვერდით უნდა იყოს. მე დიდი სურვილი მაქვს. ძალიან სანერვიულოა, მაგრამ როცა იცი, რის გამოც აკეთებ ამას, შემართებაც გემატება. ქალს ემოციურადაც და ფიზიკურადაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს და ჩემგან რომ მხოლოდ ამას მოითხოვენ, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. მთავარი ქალის ფიზიკური და ემოციური კარგად ყოფნაა. ამიტომ, მეც იქ ვიქნები, რომ ყველანაირად მხარი დავუჭირო.