იაკო ჭალაგანიძეს სოციალური ქსელიდან უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს და მისი ისტორია უკვე ბევრისთვის გახდა სტიმულის მიმცემი. იაკომ პანდემიის დროს შეძლო მრავალწლიანი ოცნება აეხდინა და წონაში უმტკივნეულოდ დაეკლო.
იაკო ჭალაგანიძე: წონა არ განსაზღვრავს არაფერს, გარდა ჯანმრთელობისა. ის ზოგს უქმნის ჯანმრთელობის პრობლემას, ზოგს – არა. მაგალითად, მე არ მქონდა პრობლემები, თუმცა, ასე რომ გაგრძელებულიყო, აუცილებლად შემექმნებოდა. სხვა მხრივ, წონით არ განისაზღვრება არც სილამაზე, არც ხასიათი და არც ადამიანის თვისებები. 140 კილოგრამს ვიწონიდი და ვიყავი ძალიან ხალისიანი ადამიანი. არანაირი კომპლექსი არ მქონდა. სავარაუდოდ, გამიმართლა ადამიანებში და ამან იქონია დიდი გავლენა. ჩემი წონის გამო ირგვლივ არავინ მაკომპლექსებდა. ჭარბწონიანები, ძირითადად, გარშემო მყოფი ადამიანებიდან გამომდინარე არიან ჩაკეტილები და დაკომპლექსებულები. შესაძლოა, მენტალური პრობლემების წინაშეც კი დადგნენ, ისევ და ისევ იმ ადამიანების გამო, ვინც მათ გარშემოა.
ზოგადად, გარშემო მყოფ ადამიანებს ყველაფრის მიუღებლობა აქვთ. კარგად ხარ – მიუღებლობა აქვთ, გამხდარი ხარ – მიუღებლობა აქვთ, მსუქანი ხარ – მიუღებლობა აქვთ. მართლა აბსოლუტურად ყველაფრის მიუღებლობა აქვთ. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებად მივაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფებს, მათ, ვისგანაც ნეგატივს ვიღებთ და არა დადებით ემოციებს, მით უფრო კარგად ვიქნებით. საბედნიეროდ, მე, ამ მხრივ, გამიმართლა. არ მახსენდება არცერთი ფაქტი, რომ ვინმეს უხერხულ სიტუაციაში ჩავეგდე. თან, არ ვარ ისეთი ტიპაჟი, რომ ვიღაცის არასასიამოვნო რეპლიკა პასუხგაუცემლად დამეტოვებინა და თუ მისი მიზანი ჩემი შერცხვენა იყო, პასუხის მიღების შემდეგ მას უფრო შერცხვებოდა, ვიდრე მე.
– რატომ გადაწყვიტე შეცვლილიყავი?
– ყოველთვის მინდოდა, გამხდარი ვყოფილიყავი. სულ ჭარბ წონას ვებრძოდი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე მართლა გავხდებოდი. ჩემთვის ეს იყო ოცნება, რომელიც მიუღწეველი მეგონა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე ჩავიცვამდი შორტს, არამცთუ მუხლს ზემოთ კაბას, საერთოდ, კოჭს ზემოთ, რამეს (იცინის). ეს ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო. ეს გადაწყვეტილება პანდემიის დროს მივიღე. ფსიქოლოგიური პრობლემები რომ არ შემქმნოდა და მენტალური ჯანმრთელობა შემენარჩუნებინა, ვიფიქრე, რომ რაღაც მიზანი უნდა დამესახა. გადავწყვიტე, ეს მიზანი ჩემთვის აუხდენელი ოცნება ყოფილიყო. უბრალოდ, მინდოდა, მეცადა, გამოვიდოდა თუ არა. პირველივე დღეებში მივხვდი, რომ ეს ოცნება მიღწევადი იყო. ამიტომ ჩაკეტილობის პერიოდი ბოლომდე გამოვიყენე ჩემი ოცნების ასახდენად.
– რა გზით მიაღწიე ამ შედეგს?
– ბევრი მითქმა-მოთქმაა ამასთან დაკავშირებით – თითქოს, ბარიატრია გავიკეთე. მივესალმები ამ მეთოდს და ისე რომ არ დამეკლო წონაში, ამ გზას აუცილებლად მივმართავდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ამერიდებინა თავიდან. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ 18-საათიანი ინტერვალით და სწორი კვებით, საკუთარი ორგანიზმის შესწავლით, ჩემს ორგანიზმთან ურთიერთობით და იმაზე დაკვირვებით, თუ რა უნდა და უხდება მას, მივაღწიე ამ შედეგს.
– ძალიან ხშირად ამ პროცესში არასწორ გზებს ვირჩევთ. რა დაგეხმარა სწორი გზის პოვნაში?
– მეც ვიყავი ამ არასწორი გზების მომხმარებელი. ვგულისხმობ შიმშილს და სხვადასხვა გვარებისგან წარმოშობილ დიეტებს. კი, მე ვიყავი ამის მსხვერპლი. მსხვერპლი იმიტომ, რომ ტყუილად ვიტანჯებოდი, მერე ისევ ვიმატებდი წონაში. უბრალოდ, 18-საათიანი ინტერვალით ვცადე და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ტანჯვის გარეშე, მონატრების გარეშე, ყველაფრის მიღებით, ჩემთვის კომფორტული ზონა ვიპოვე და ბოლომდე მივყევი. ამაზე იმდენად აქტიურად ვსაუბრობ, ხალხს ჰგონია, რომ 18-საათიანი ინტერვალით სწორი კვება ჩემი გამოგონილია (იცინის). არადა, ინტერვალური კვების მეთოდი ძალიან ცნობილია.
– როგორ იკვებები?
– 18 საათის ფარგლებში მე დღეში ორჯერ ვიკვებებოდი. 10 და 16 საათზე. შუალედში მხოლოდ წყალს ვსვამდი და ყავას, ჩაის. არ ვსუსნაობდი. ოთხ საათზე კვებისთვის განსაზღვრულ ულუფებს ნელ-ნელა ვამცირებდი. ვცდილობდი, ბოლო კვებაში აუცილებლად ყოფილიყო ცილოვანი საკვები. მეორე კვების შემდეგ თუ მომწყურდებოდა, მხოლოდ წყალს ვსვამდი. პირველი პერიოდი, როდესაც შიმშილი, თავის ტკივილი ან სისუსტე მაწუხებდა, ყავას ან ჩაის მივირთმევდი ხოლმე. მერე უკვე ამასაც ვერიდებოდი, რომ სითხეს შეშუპებაში არ გადავეყვანე და დილით უფრო მეტი საკვები მიმეღო. ეს არის ჩემი გაგებით 18-საათიანი ინტერვალური კვება. ბევრი 10-იდან 4 საათამდე ჭამს რამდენსაც უნდა და რომელ საათებშიც უნდა. მე ვფიქრობ, რომ ხშირ-ხშირი ჭამა ნაკლებად ეფექტურია. ჩემს შემთხვევაში ასე იყო.
რაციონს რაც შეეხება, ვჭამდი აბსოლუტურად ყველაფერს. ყავა არასდროს დამილევია შაქრის გარეშე. პურსაც ვჭამდი, ხაჭაპურსაც, თუმცა, ყოველდღე არა. როდესაც წონის კლება გინდა, ყოველდღე ხაჭაპურს და პურს თუ შეჭამ, რა თქმა უნდა, ეფექტური კლება ვერ გექნება. თუმცა, როცა ვგრძნობდი, რომ ხაჭაპური მენატრებოდა, ვიცოდი, რომ მეორე დილით შევჭამდი. იშვიათად ვჭამდი, მაგრამ მონატრებით არაფერს არ ვინატრებდი. შოკოლადსაც ვჭამდი. ერთი კუბიკი შოკოლადი საღამოსაც მიჭამია. თუ მომნდომებია, თავი არ შემიზღუდავს.
– საერთო ჯამში რამდენი კილოგრამი დაიკელი?
– 9 თვეში 73 კილოგრამი დავიკელი. დღეის მონაცემებით, 80 კილოგრამი მაქვს დაკლებული. ისევ კლების პროცესში ვარ. სამი კილოგრამი მაქვს დარჩენილი და ძალიან რთული ყოფილა. გამხდარი გოგონები, ჩემთან, ანუ 140-კილოგრამიან ადამიანთან რომ ამბობდნენ, ორი კილო მაქვს დასაკლები და ვერ ვიკლებო, მათთვის მინდოდა, საშინელება მექნა, მაგრამ მართლები ყოფილან (იცინის). რაც უფრო ვუახლოვდებით საოცნებო წონას, მით უფრო რთულია დაკლება.
– უკვე ოთხი წელია, ამ პროცესში ხარ. როგორ შეიცვალა ემოციური მდგომარეობა?
– მინდა ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და ასე შემდეგ, მაგრამ ასე არ არის, ჩემი ცხოვრება შეიცვალა იმ მხრივ, რომ ადამიანების მოტივაცია გავხდი. მათი დამსახურებით გავხდი კონტენტ კრეატორი, მეტი დაინტერესება არის კომპანიებისგან, რომ მე კვლავ ვიყო იმ ადამიანების მოტივაცია, ვინც ჭარბ წონას ებრძვის. ასევე, შეიცვალა ტანსაცმლის ზომა. თურმე, შოპაჰოლიკი ვარ. ადრე თუ მხოლოდ ერთ მაღაზიაში ვყიდულობდი ტანსაცმელს და იქაც წელიწადში ერთხელ აღმოჩნდებოდა ხოლმე ჩემი ზომა, ახლა მიხდება თუ არ მიხდება, ყველაფერს ვყიდულობ (იცინის).
რომ ვთქვა, ხასიათი ან მიდგომები შემეცვალა – არა. იმიტომ, რომ ჩემი წონა არასდროს მაკომპლექსებდა. არასდროს არაფერში შემიზღუდავს და შემიბოჭავს ჩემი თავი, ამიტომ ფსიქოლოგიურად არაფერი შეცვლილა, თუმცა საქმიანობის მხრივ, როგორც ვთქვი, ძალიან შეიცვალა.
– ამ მიღწევასთან ერთად, ახალი პროფესიაც შეითავსე, ინფლუენსერი გახდი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცი. ეს როგორია თავის პლუსებითა და მინუსებით?
– ერთი წელია, რაც საჯაროდ გამოვჩნდი და ადამიანები მცნობენ. მინუსს ვერც ვიხსენებ, მხოლოდ ორი ადამიანი მყავს დაბლოკილი „ტიკ-ტოკზე“, არასასიამოვნო კომენტარი ეწერათ და ამიტომ (იცინის). ხალხისგან საოცარ სიყვარულს ვგრძნობ. ეს ძალიან მაბედნიერებს. რომ არა ამ ადამიანების მხარდაჭერა და დაინტერესება, მოვყვებოდი ჩემს ისტორიას და გავჩერდებოდი, მაგრამ იმხელა დაინტერესებაა, ისეთ სითბოს ვგრძნობ, მინდა, ფორმაში ჩასადგომად ყველას ბოლომდე უანგაროდ დავეხმარო, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილებით. მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ენდოკრინოლოგი, ვერავის ვერანაირ რჩევას ვერ მივცემ, მხოლოდ ჩემს გამოცდილებას თუ გავუზიარებ და დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. საპასუხოდ, ძალიან ბევრი მიზიარებს თავის საოცარ შედეგებს და ეს მახარებს. მინდა, ჩემი გოგოებიც გახდნენ სხვების მოტივაცია. ამ მიზნით შევქმენი ფეისბუქჯგუფი, სადაც უკვე 25 ათასი გოგოა გაერთიანებული და ერთმანეთს აძლევენ მოტივაციას. საოცარი ადამიანების გარემოცვაში ვარ.
– ოჯახიც გავაცნოთ ჩვენს მკითხველს.
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. რომელთათვისაც დრო აღარ მრჩება და ალბათ, ეს არის ჩემი ახალი ცხოვრების მინუსი. ვიყავი ჟურნალისტი, ვმუშაობდი ტელევიზიებში, შემდეგ ივენთმენეჯერი გახლდით. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ აღარაფერს ვაკეთებდი. ახლა ახალი ინტერესი გამომიჩნდა და ინფლუენსერობას მივყავი ხელი. ჩემს მეუღლეს ვეუბნები ხოლმე, რომ მეორე ცოლი ჰყავს. ის აბსოლუტურად სხვა იაკო იყო და მე სხვა ვარ.