როგორ გახდა მარიამ გურგენიშვილი გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოდან და როგორ მიიღეს ის მამაკაცმა კოლეგებმა
გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოდან – მარიამ გურგენიშვილი საკუთარი, ძალიან საინტერესო და რთული პროფესიის შესახებ გვიყვება.
– მარიამ, რატომ გადაწყვიტეთ მეზღვაური და კერძოდ, გემის მექანიკოსი გამხდარიყავით?
– დაახლოებით, 13 წლის ასაკში გადავწყვიტე, ამ პროფესიაზე ჩამებარებინა – ოჯახის წევრი მყავს მეზღვაური, კერძოდ, მთავარი მექანიკოსი. ის მიყვებოდა, რას აკეთებდა გემზე, როგორი სამუშაო იყო… ვერ გეტყვით, რომ ეს პროფესია ისე ამიწერა, თითქოს ძალიან ადვილი იყო. პირიქით, მითხრა, რომ ძალიან რთული სამუშაოა. მით უმეტეს, რომ თვეობით გიწევს ოჯახიდან შორს ყოფნა. შემდეგ ინტერნეტში ვნახულობდი ინფორმაციებს, ვიდეოებს ვუყურებდი და ასე გადავწყვიტე, ჩამებარებინა გემის მექანიკაზე. არასდროს გამჩენია სურვილი, რომ კაპიტანი გამოვსულიყავი, რატომ – არ ვიცი, მაგრამ არ მინდოდა, ნავიგაცის სწავლა…
– როგორი რეაქცია ჰქონდა ოჯახს, როცა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გაუზიარეთ?
– გაუკვირდათ, ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთ რთულ პროფესიას შევეჭიდებოდი, მაგრამ ყველანაირად გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ და დღემდე ასეა – არ მაძლევენ დანებების უფლებას.
– სწავლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
– თავიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, შემდგომ მობილობით გადავედი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. ორივე უნივერსიტეტში ძალიან კარგად და თბილად მიდგებოდნენ, ყურადღებას მაქცევდნენ და ვუყვარდი.
– ქალი ხართ და ხომ არ გაგიჭირდათ სამსახურის პოვნა ამ პროფესიით?
– შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ გამიჭირდა. სად აღარ მივედი და სად აღარ დავტოვე საბუთები, მაგრამ არცერთი კომპანიიდან არ დაბრუნდა პასუხი. ზოგან კი, უბრალოდ, ქალი არ უნდოდათ. შემდეგ თურქეთში წავედი და იქ ორ კომპანიას მივაკითხე. ერთ-ერთმა მათგანმა ასეთი რამ განმიცხადა: „ამ პროფესიაში მომავალი არ გაქვს. წადი და სხვა რამე პროფესიას დაეუფლეო”. ხოლო მეორე კომპანიაში შევდგი თუ არა ფეხი, მის შემდეგ იქ ვარ. ყველა გავიცანი, კომპანიაში ყველას ძალიან ვუყვარვარ. ამ კომპანიაშიც პირველი ქალი ვარ, თანაც ქართველი.
– ზოგადად, როგორი რეაქციები აქვთ ხოლმე, როცა იგებენ, რას საქმიანობთ?
– უკვირთ და მე ვერ ვხვდები, გასაკვირი რა არის. ალბათ, ესეც იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი პროფესია და რთულად ვერ წარმომიდგენია. საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა: ერთ ნაწილს დადებითი რეაქცია აქვს – მაქებენ, ამაყობენ ჩემით და მეუბნებიან, რომ სამაყო შვილი ვარ. მეორე ნაწილი კი ნეგატივს ასხივებს, მეუბნებიან ხოლმე: „შედი, ქალო, კუხნაში“, „შვილები გააჩინე და გაზარდე, მაზუთებში რა გესაქმებაო“…
– როგორია თქვენი სამუშაო პროცესი? იქნებ აღგვიწეროთ, რისი კეთება გიწევთ ყოველდღიურად.
– დიზელ გენერატორების მწყობრში მოყვანა, ასევე, მათი გაშვება და გამოყვანა, „ჩეკლისტები“, აღრიცხვები და თავდაცვის საშუალებების შემოწმება, საწვავის მიღება, სლაჯის (ნახმარი ზეთების) გაცემა. მაგრამ ჩემს სამანქანეში ყველა გუნდურად ვმუშაობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე თუ გაფუჭდა, ყველა ერთად ვაგვარებთ ამ პრობლემას.
– რა სირთულეებია ამ პროფესიაში, ზოგადად და რამდენად რთულია ქალისთვის?
– – ყველაზე დიდი სირთულე მეზღვაურისთვის სიშორეა – ყველასგან და ყველაფრისგან შორს ყოფნა. ამაზე დიდი სირთულე არ არსებობს. ამას ვერაფერს ვშველით, დანარჩენს ყველაფერს ეშველება და ყველაფერს ვაგვარებთ.
– ესე იგი, გემზე ქალი მხოლოდ თქვენ ხართ თუ გყავთ „სუსტი სქესის“ წარმომადგენელი კოლეგა?
– მარტო მე ვარ, მაგრამ ეს დისკომფორტს არ მიქმნის. უნივერსიტეტიდან მიჩვეული ვარ კაცების გარემოცვაში ყოფნას. როგორც ვიცი, ჩემ გარდა, კიდევ ორი ქალი იყო ჩემს კომპანიაში – თურქები, მაგრამ გაუშვეს მიზეზებზე არ დავკონკრეტდები.
– როგორ მიგიღეს მამაკაცმა კოლეგებმა?
– ძალიან თბილად. მთავარი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი ხანში შესულები მყავს და როგორც თავიანთ შვილს, ისე მექცევიან, შვილოთი მომმართავენ. დანარჩენ პერსონალთან კი და-ძმასავით ვართ – ეს გემზე, მაგრამ უამრავი მეზღვაური მწერს ხოლმე, კომენტარებსაც არ იშურებენ. უბრალოდ, არ მინდა, ის სიტყვები ვთქვა, რა სიტყვებსაც ისინი მწერენ… და ვერ ვხვდები, რატომ და რისთვის, რას ვაშავებ? ვმუშაობ პატიოსნად. მაგრამ ნათქვამია: „მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო“. მათი საქმეც ასე არის, რა ბინძური გონებაც და ფიქრებიც აქვთ, ჰგონიათ, რეალობაშიც ასე ხდება.
– თავადაც აღნიშნე, სოციალურ ქსელში გწერდნენ, ქალი ხარ და ოჯახი უნდა შექმნა, რა გინდა გემზეო, რას პასუხობთ ხოლმე მსგავს კომენტარებს?
– სადაც ჩემი ადგილია, იქ ვარ და იმ საქმეს ვემსახურები. იმას ვაკეთებ, რაც უზომო ბედნიერებას მანიჭებს. ოჯახის შექმნა ჩემს პროფესიაზე უფრო რთული „პროფესიაა“. ოჯახის შექმნას სჭირდება გამბედაობა და საკუთარ თავში დარწმუნება. დიდი ფიქრი და ასევე, ბევრ რამეზე წასვლა და დათმობა. მე ამისთვის მზად არ ვარ.
– ქალი ხარ და არ შეგეფერება მაზუთი და ათასი სიბინძურე – ესეც ერთ-ერთი კომენტართაგანია. რას ფიქრობთ ამაზე?
– მირჩევნია, მაზუთიანი ვიყო, ამ სიბინძურეში ვიმუშაო, ვიდრე ხმელეთზე, ვინმეს კისერზე ოქროებში ვიჯდე ან ვაკეთებდე იმას, რაც არ გამაბედნიერებს. ჩემი ადგილი აქ არის…
– როგორ ატარებთ დროს გემზე და რა გენატრებათ ყველაზე მეტად ჩვეული ცხოვრებიდან?
– ახლა 6 თვე შემისრულდა, რაც შორეულ ნაოსნობაში ვარ. ყველაზე მეტად ოჯახის წევრები, მეგობრები და მათთან გატარებული დრო მენატრება.
– რა არის თქვენი მიზანი?
– მოგეხსენებათ ჩემი პროფესია საფეხურებად არის დაყოფილი, ჩათვალეთ, კიბეა. ახლა მესამე მექანიკოსი გახლავართ. ახლო მომავალში, ღმერთით, მეორე მექანიკოსი გავხდები. ხოლო მიზნად მაქვს მთავარი მექანიკოსი გავხდე. ჩემი მიზნები ისევ ამ სფეროში ტრიალებს..
– გამორჩეული გარეგნობა გაქვთ და თუ არ ვცდები, მშობლებს უნდოდათ, მოდელი გამხდარიყავით. თქვენ არ გიფიქრიათ სხვა პროფესიაზე?
– მშობლებს არა, მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ, ახლობლებს, მეგობრებს, მასწავლებლებს უნდოდათ, უფრო მირჩევდნენ გარეგნობის გამო. დედაჩემია ადამიანი, რომელიც რაც არ უნდა გადამეწვიტა, სულ უკან მედგა, მამხნევებდა და მეხმარებოდა. მოდელობა ჩემთვის პროფესია არ არის. სხვა პროფესიაზე, ალბათ, ღრმა ბავშვობაში მიფიქრია, არ ვიცი.
– რადგან გემზე დიდ დროს ატარებთ, რეალურად რას ფიქრობთ პირად ცხოვრებაზე?
– პირად ცხოვრებაზე ამჟამად ვერაფერს ვფიქრობ. წინა ფლანგზე მიზნები მაქვს დაყენებული და ამ მიზნებს მივყვები.
– სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, როგორი გოგო იყო პატარა მარიამი?
– დავიბადე თიანეთში, ომარაულში. სამი კლასი ბოჭორმის საჯარო სკოლასში ვისწავლე, შემდგომ გადავედი კახეთში, ახმეტაში, სადაც დავასრულე სკოლა. რეალურად კახეთში გავიზარდე, ვერ ვიტყვი, რომ კარგი ბავშვობა მქონდა. მარიამი იყო გულჩათხრობილი, წყნარი, ზრდილობიანი და მორცხვი ბავშვი. გარკვეულ ასაკამდე მე და ჩემი და-ძმა უდედოდ ვიზრდებოდით, დედა საზღვარგარეთ მუშაობდა. მოგეხსენებათ, დედა ბავშვისთვის რას ნიშნავს, მით უმეტეს, გოგოსთვის. ასევე იყო საცხოვრებელი ადგილის, სკოლის შეცვლა. ბულინგი თითქმის ყველა ბავშვისთვის ნაცნობი სიტუაციაა.
– რამდენად გაგიმართლათ მოლოდინი ახდენილმა ოცნებამ, მეზღვაურობასთან დაკავშირებით?
– წარმოდგენაში რაც მქონდა, ზუსტად ის დამხვდა; ახლა განსხვავება ის არის, რომ მიყვარს ჩემი პროფესია. ყველაფერზე მქონდა წარმოდგენა და უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვიცოდი, გემზე რაც ხდებოდა. ასე რომ, ის დამხვდა, რაც მეგონა.