“ჩემმა შვილმა წლების განმავლობაში არ იცოდა რომ მე და მამამისი გაშორებულები ვიყავით”

177

თამარ კოზლოვა ქუთაისში აყვავებულ მაგნოლიასთან გადაღებული ფოტოებით უცებ გახდა პოპულარული. მის სურათებს სოციალურ ქსელებში მილიონნახევარი ნახვა აქვს. თვითონ ამბობს, რომ ამით გაოცებულია, მაგრამ თვალს არაფერი გამოეპარება – თამარს როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი ხიბლი შლეიფივით დაჰყვება.

საინტერესო გარეგნობის ქალს ცხოვრებაც საინტერესო აქვს – როგორც პირადი, ასევე საქმიანი. გატაცებულია ნეიროგრაფიკით და მუშაობს გიდად. ტურისტებს იმ ქალაქის ისტორიას აცნობს, რომელიც მსოფლიოში ყველა ქალაქზე მეტად უყვარს – ქუთაისს. დანარჩენს ქალბატონი თამარი „სარკეს” თავად უამბობს.

– თამარ, თქვენმა ფოტოებმა სოციალური ქსელი მოიცვა. სანამ უშუალოდ ამ ამბავზე გკითხავთ, გაგვეცანით, მოგვიყევით თქვენი ცხოვრების გზაზე, ოჯახზე…

– ქუთაისიდან ვარ. მიყვარს ეს ქალაქი, ქუჩები, ადამიანები. მამით რუსი ვარ, დედით – ნახევრად უკრაინელი და ნახევრად ებრაელი. მშობლები ქუთაისში იმ დროს ჩამოსულან, როდესაც ინდუსტრია იყო ამ ქალაქში განვითარებული და იმ დროისთვის მათი დასაქმება მოხერხდა. რუსულენოვან სკოლაში ვსწავლობდი და ქართულად წერა-კითხვა სკოლის დამთავრების შემდეგ შევისწავლე. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განხრით მივიღე…

ჯერ დედა გარდამეცვალა, მოგვიანებით – მამა. ამ ტრაგედიებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. რთული იყო ტკივილის შეგრძნება და ძვირფასი ადამიანების დაკარგვა. იმ დროს მეგობრები გვერდით მედგნენ, უფლებას არ მაძლევდნენ, დეპრესიაში ჩავფლულიყავი.

ჩემი ბავშვობა საინტერესო იყო. ყოველთვის გამოვირჩეოდი სხვადასხვა მონაცემებით, ასევე მაღალი ვიყავი და საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. შემდეგ უნივერსიტეტის ნაკრებში გავაგრძელე თამაში.

სხვათა შორის, როგორც ამბობდნენ, საინტერესო გარეგნობა მქონდა, მაგრამ ჩემი სიმაღლე მაკომპლექსებდა. მახსოვს, ერთხელ ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც ინტელიგენცია იყო შეკრებილი, უცხო ადამიანებმა ჩამიარეს და ჩემზე თქვეს, ჯეირანს ჰგავსო. ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი და იქვე მყოფთ დავეკითხე. მათ მითხრეს, რომ ცუდს არაფერს ნიშნავდა და მნიშვნელობა ამიხსნეს.

– ელოდით, რომ მაგნოლიასთან გადაღებულ ფოტოებს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?

– ნამდვილად არ ველოდი. სიმართლე რომ გითხრათ, სოციალური ქსელის, კონკრეტულად კი „ფეისბუქის“, აქტიური მომხმარებელი არ ვარ. მახსოვს, იმ დღეს ბაცი ვარდისფერი ლამაზი მოსაცმელი ჩავიცვი და მეგობრებთან წავედი. როცა აყვავებული და აფეთქებული მაგნოლია შევნიშნე, საოცარი რეაქცია მქონდა, ერთიანად გაშლილი იყო თითოეული ყვავილი. სრულიად შემთხვევით ცნობილმა ფოტოგრაფმა დანტესმა შემნიშნა, მოვიდა, მომესალმა და შემომთავაზა, ფოტოებს გადაგიღებო. ცხადია, დავთანხმდი და რამდენიმე ფოტო გადამიღო.

მეორე დღიდან სრული ბუმი დაიწყო, ყველგან ჩემი ფოტოები იდო, მირეკავდნენ, მწერდნენ. როგორც დანტესმა მითხრა, მილიონნახევარი ნახვა ჰქონდა. საოცარი შეგრძნება დამეუფლა, გავბედნიერდი. უამრავი კომენტარი დაიწერა და თითოეული სიყვარულით იყო გაჯერებული. არც კი მჯეროდა. სურვილი გამიჩნდა, ასეთი სითბო და სიყვარული საქართველოს მიმართაც გაგვაჩნდეს, მაშინ რა ბედნიერები ვიქნებოდით!

ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს. სხვადასხვა ქვეყანაში ბევრს ვმოგზაურობ და უამრავი ფოტო მაქვს სამახსოვროდ. ასე ვარ ბავშვობიდან, ყოველთვის ბევრ ფოტოს მიღებდნენ. მათ შორის ფოტოები გადაუღია ფოტოგრაფ ილოს, ასევე ფოტოგრაფ მიშას, რომელიც ქუთაისის ქუჩებში დადიოდა და იღებდა. მოკლედ, ფოტოები ძალიან მიყვარს. ასევე ვცდილობ, საინტერესოდ და შეხამებულად შევიმოსო.

– როგორ ფიქრობთ, რა არის სილამაზის საიდუმლო?

– პირველ რიგში, შინაგან სილამაზეშია, რაც ძირითადად კეთილშობილებით გამოიხატება. თუ თბილი, საინტერესო, მოსიყვარულე არ ხარ, ლამაზი ვერასდროს გამოჩნდები.

დიდი ხნის განმავლობაში მაკლდა თავდაჯერება, სილამაზის აღქმა. შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ 42 წლის ასაკიდან დავიწყე ჩემი გარეგნობის სათანადო შეფასება და მივხვდი, რომ შინაგანი ჰარმონია არის აუცილებელი.

– პირად ცხოვრებაზე რას გვიამბობთ, მშვენიერ ქალს ამ მხრივ გაგიმართლათ?

– ჩემი მეუღლე გურული იყო. თანაცხოვრების საინტერესო წლები გავატარეთ. შემდეგ მოხდა ისე, რომ გავშორდით. სამწუხაროდ, გარდაცვლილია. მყავს ვაჟიშვილი – რამინ ჯინჭარაძე. ჩემმა შვილმა წლების განმავლობაში არ იცოდა, მე და მამამისი გაშორებულები რომ ვიყავით. თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და რამინს ხშირად ვუშვებდი მამასთან. არ მინდოდა, აგრესია ჰქონოდა მამის მიმართ ან ტკივილი ეგრძნო. თბილ და სიყვარულით სავსე გარემოში ვზრდიდი. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ კარგი მამა ჰყავს.

მეათე კლასში გაიგო ეს ამბავი და, როცა ავუხსენი, რომ მის ფსიქიკას ვუფრთხილდებოდი და ამის გამო არ გავუმხილე ჩემი და მამამისის პირადი ურთიერთობა, გაკვირვებულმა მითხრა, როგორ მოვახერხე და შევძელი ეს ყველაფერი.

მოგვიანებით შვილმა პეტერბურგის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა. იმ დროისთვის მე ქუთაისში ვიყავი, მაგრამ მალე მასთან წავედი და ქართულ ოჯახში ძიძად დავიწყე მუშაობა, სადაც ბავშვებს, პირველ რიგში, ქართულს ვასწავლიდი. ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი.

მეამაყებოდა, რამინი რომ მეუბნებოდა, მინდა, ილიას ნაკვალევზე გავიაროო და მაგისტრატურშიც იქ ჩააბარა, სადაც ილია ჭავჭავაძე სწავლობდა. ჯერ პროგრამირების შესწავლა დაიწყო, შემდეგ კი ფილოსოფია აირჩია და ფსიქოლოგიის შესწავლასაც შეუდგა. იქ ასევე საინტერესო საქმეს მოჰკიდა ხელი – ილიას თერგდალეულთა საზოგადოება აღადგინა. ასევე ქართული ენის შემსწავლელი კურსი ჩამოაყალიბა და ენის შესწავლის მსურველებს, რა თქმა უნდა, უფასოდ შეასწავლა. უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე წარჩინებით დაასრულა.

შემდეგ ამერიკაში გავემგზავრეთ. აღდგომის პერიოდი იყო და ბოსტონში წავედით, მე – დედათა მონასტერში, ჩემი შვილი კი მამათა მონასტერში დავრჩით გარკვეული პერიოდი. ძალიან კარგად მახსენდება იქ გატარებული დრო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარდა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს ვერაფრით ვტოვებდით.

– ამჟამად რას საქმიანობთ?

– ნეიროგრაფიკით ვარ დაინტერესებული. ასევე დაახლოებით ერთწლიანი გიდების კურსი გავიარე და ქუთაისში რუსულენოვან ტურისტებს ვემსახურები. ვსწავლობ, ვვითარდები და ვცდილობ, გავაქტიურდე. ამ სფეროს არჩევაში ჩემი შვილი დამეხმარა. ის ახლა ქართული ენის შესწავლის ონლაინ სკოლას ხელმძღვანელობს, სადაც მსოფლიოს 43 ქვეყნიდან მსურველებს ქართულ ენას ასწავლის. მეამაყება და მიყვარს ეს ქვეყანა.

საქართველო არის ჩემი სამშობლო, სახლი და გული. მიუხედავად იმისა, რომ მამით ვარ რუსი, სულით და გულით ქართველი და საქართველოს შვილი ვარ. ვცდილობ, სამშობლოსთვის ბევრი საამაყო საქმე გავაკეთო.

– ბედნიერება რას მოაქვს თქვენთვის?

– ბედნიერებაა ჩემი შვილი. მადლობელი ვარ უფლის, ასეთი ღირსეული შვილი რომ მყავს.

– დაბოლოს, რას ეტყვით მკითხველს?

– გეცხოვროთ გალაღებულ საქართველოში და იყავით ბედნიერები. ასევე მინდა, ვთქვა, რომ ჩემი ძმა უკრაინაში ცხოვრობს, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს. ჩემი ძმისშვილი წინა ხაზზე იბრძვის. ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. მინდა, ყველას ვთხოვო: ილოცეთ უკრაინისთვის, იქ მყოფი ადამიანებისა და მშვიდობისთვის!

„სარკე“